UEFA-მ ალბანეთის ნაკრები საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის დააჯარიმა - რამდენის გადახდა მოუწევს ჩვენს მეტოქეს?
UEFA-ს ეთიკისა და დისციპლინის კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია საქართველოსთან და უკრაინასთან გამართული მატჩების დროს მომხდარი ინციდენტების გამო, ჯამში, 41 250 ევროთი დააჯარიმა.
უშუალოდ საქართველოს ჰიმნის მიმდინარეობისას სტვენისთვის, ალბანელები 12 500 ევროთი დაჯარიმდნენ.სტადიონის ტრიბუნებზე არეულობის შექმნისა და გადაადგილების შეფერხებისთვის, დამატებით 18000 ევროს გადახდა მოუწევთ, მოედანზე ნივთების სროლისთვის 4750 ევროს, ხოლო მოედნის ნაწილის დაკავებისათვის 6000 ევროს — ჯამურად ჯარიმამ 41250 ევრო შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ალბანეთის მატჩი 10 სექტემბერს გაიმართა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მაშინ ერთადერთი გოლი მატჩში გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ალბანელი გულშემატკივარი, რომელიც "ჯოჯოხეთის" მოწყობით გვემუქრებოდა, სტადიონზე საკმაოდ არაეთიკურად მოიქცა - ჯერ საქართველოს ჰიმნის შესრულებისას უსტვინეს, მარცხის შემდეგ კი ქართველი გულშემატკივრის მისამართით ნივთების სროლა და შეძახილები დაიწყეს.
რამდენიმე დღის წინ ალბანელებს ჩვენს სტადიონზე ვუმასპინძლეთ. მათი ჰიმნის დროს ქართველმა ქომაგებმა პატივისცემის ნიშნად ტაში დაუკრეს. ამ ჟესტის გამო ალბანელების მთავარმა მწვრთნელმა ქართველ ქომაგებს მადლობაც გადაუხადა.
"გულშემატკივრების მხრიდან ალბანეთის ჰიმნზე ტაშის დაკვრა ძალიან კარგი ჟესტი იყო. ეს დასაფასებელია" - თქვა მწვრთნელმა.