"ველოდები არჩევნებს. სულ მეკითხებიან, როდის დავბრუნდები ტელევიზიაში, ზუსტად ვიცი, რომ დავბრუნდები, ოღონდ ეს ხელისუფლება რომ წავა, მაშინ" - რას ამბობს მაია ასათიანი?
მაია ასათიანი ამბობს, რომ ბოლო სამმა წელმა, რაც ტელევიზიაში აღარ მუშაობს, მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. როგორც ტელეწამყვანი ჰყვება, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო, რომელმაც დაანახა, ვინ არის რეალურად მისი მეგობარი.
"ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" სტუმრობისას ასათიანი ამბობს, რომ აპირებს ტელევიზიას დაუბრუნდეს, თუმცა მხოლოდ მაშინ, "თუ მოქმედი ხელისუფლება წავა".
"სულ ვამბობ, რომ რადგან ცუდად არ ვარ, ეს უკვე კარგია და ცუდად არ ვარ. მომწონს ჩემი თავის ახლებური ვერსია და ზოგადად, მიკვირს ადამიანების, რომლებიც არ იცვლებიან. მგონია, რომ მე შეცვლილი ვარ. მე შემცვალა ამ სამმა წელმა და ამაზე რთული დრო არ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია. რა მიქმნიდა სირთულეს? ტელევიზიას ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ჰქონდა. ტელევიზია განსაკუთრებით დამეხმარა, როცა ნუცა გარდაიცვალა, ტრაგედიის გადატანაში. რადგან დრო აღარ მრჩებოდა დეპრესიისთვის, მთელი ენერგია მიჰქონდა ტელევიზიას და როცა ეს კარი დაიხურა, მე დავრჩი სიცარიელეში. მთელი ცხოვრება რომ მუშაობ და უცებ აღმოაჩენ, რომ წასასვლელი აღარსად გაქვს და მთელი ცხოვრება ერთადერთი საფლავია.
დილა თენდება და კლასიკური უმუშევრის დილა გაქვს, აღარსად გეჩქარება. სულ მისვამენ ამ შეკითხვას - რატომ წამოხვედი? ტელევიზია ჩემი სახლია. როგორიც არ უნდა იყოს ის. საჯაროდ მე ჩემს ოჯახზე ცუდს არ ვიტყვი. შეიძლება დადგეს დრო და ამაზე საჯაროდ ვილაპარაკო, მაგრამ ახლა არა.
თითოეული დილა ძვირად მიჯდება, რომ ბედნიერმა გავიღვიძო. ამაზე ვმუშაობ და ეს შედეგს იძლევა. კომპლექსი მაქვს, რომ მძიმე თემებთან ვასოცირდები, რადგან ყველაზე ხშირად მეკითხებიან, როგორ გადავრჩი. ტრაგედიის შემდეგ უნდა გააცნობიერო, რომ ეს ტვირთი არ წავა და უნდა ატარო, ის მსუბუქი არ გახდება. უბრალოდ, შეეჩვევი ამ ტვირთით სიარულს. ერთ მშვენიერ დღეს თავს დააძალებ, რომ ბედნიერმა გაიღვიძო.
მე არ ვცხოვრობ წარსულით. გადაცემა "პროფილსაც" კი არ ვიხსენებ ხოლმე, არავის ვუყვები რა რეიტინგის და მასშტაბის გადაცემა მქონდა. მე ვცხოვრობ ხვალინდელი დღით. ასეთი მაია უფრო საინტერესოა. მე "რუსთავი 2"-დან რომ წამოვედი, მაშინ სხვა მაია ვიყავი და ახლა - სხვა.
მე ყოველთვის წესებით მოთამაშე ვიყავი. ველოდები არჩევნებს. სულ მეკითხებიან, როდის დავბრუნდები ტელევიზიაში, ახლა ძალიან მინდა დაბრუნდება, ზუსტად ვიცი, რომ დავბრუნდები, ოღონდ ეს ხელისუფლება რომ წავა, მაშინ. ზუსტად ვიცი, რა გადაცემას გავაკეთებ, როგორ გადაცემას გავაკეთებ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო იქნება ევროპის ნაწილი", - ამბობს ასათიანი.