ზელენსკი ომის დასრულებას 2025 წელს გეგმავს: როგორია უკრაინის "გამარჯვების გეგმა" - ამასობაში კუპიანსკს ალყის საფრთხე ემუქრება - კვირის პალიტრა

ზელენსკი ომის დასრულებას 2025 წელს გეგმავს: როგორია უკრაინის "გამარჯვების გეგმა" - ამასობაში კუპიანსკს ალყის საფრთხე ემუქრება

ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ (The New York Times) ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის პარლამენტში რუსეთზე „გამარჯვების გეგმის“ პრეზენტაციას და 17 ოქტომბრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ზელენსკიმ უკრაინელ დეპუტატებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა - ოვაციები სკეპტიციზმის თანხლებით“ (ავტორი - კონსტანტ მეუთი). „გეგმა ქაღალდზე კარგად გამოიყურება, მიმართულია უკრაინელთა გასამხნევებლად, მაგრამ მისი რეალიზება პრობლემატურია“, - ასეთი აზრია გატარებული პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტი, დიდი ხნის არყოფნის შემდეგ, პირველად გამოჩნდა ვერხოვნა რადაში (პარლამენტში), სადაც მან დეპუტატებს რუსეთზე „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა - ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, გეგმის რეალიზება ომს მომავალი წლის დადგომამდე დაასრულებს. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ კიევის მოკავშირეებმა გეგმის მიმართ საკმაოდ გულგრილი დამოკიდებულება გამოხატეს.

პრეზიდენტის გამარჯვების გეგმის გარკვეული თეზისები ორიოდე კვირის წინ გახდა ცნობილი. პარლამენტისადმი მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ დოკუმენტი წარმოადგენს სტრატეგიას - „მშვიდობა ძალის გამოყენებით“. ბევრმა უკრაინელმა მისი მიმართვა აღიქვა მოსახლეობის დამშვიდების მცდელობად, რომელიც შეშფოთებულია რუსეთის არმიის წინსვლით და დაქანცულია ორ წელზე მეტი ხნის განუწყვეტელი ომის შედეგად.

გეგმის მიზანია, აგრეთვე, განამტკიცოს უკრაინის პოზიცია ბრძოლის ველზე ისეთნაირად, რომ მოსკოვი იძულებული გახდეს, მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, უკრაინისთვის მოგებიანი პირობებით. ამ სტრატეგიის წარმატება ბევრად არის დამოკიდებული დასავლეთის მხარდაჭერაზე. „თუ ჩვენ გამარჯვების გეგმის შესრულებას ახლავე დავიწყებთ, შევძლებთ, რომ ომი, არაუგვიანეს მომავალი წლისა, დავასრულოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვერხოვნა რადაში გამოსვლის დროს, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა ტელეკომპანიების მიერ, - "ამ გეგმის რეალიზება სავსებით შეიძლება, მაგრამ ხაზს ვუსვამ - მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით“.

მაგრამ დაუჭერენ თუ არა მხარს კიევს მისი მოკავშირეები - ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ამას წინათ ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონსა და რიგ ევროპულ დედაქალაქებს ეწვია (რომი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი...), რათა იქაური ლიდერებისათვის თავისი ახალი გეგმა ეჩვენებინა, მაგრამ რეაქცია საკმად თავშეკავებული აღმოჩნდა. აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა ჩარლზ ბრაუნ-უმცროსმა ეჭვი გამოხატა უკრაინული გეგმის მიმართ და აღნიშნა, რომ ბევრი რამ გეგმაში ახალი არ არის - კერძოდ, მასში ისევ მეორდება უკვე ადრე გაჟღერებული მოწოდებები სამხედრო დახმარების გაფართოების თაობაზე.

ექსპერტები თვლიან, რომ კონტექსტის გათვალისწინებით, პარლამეტში ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა, როგორც ჩანს, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია მოსახლეობის დასამშვიდებლად და უკრაინელებისათვის იმ იმედის ჩასანერგად, რომ მთავრობას ჯერ კიდევ შეუძლია სიტუაციის პოზიტიურად შეცვლა, შეუძლია, გარდატეხა მოახდინოს და რუსებზე გაიმარჯვოს. ბოლო თვეებში უკრაინის არმია ნელა, მაგრამ პერმანენტულად უკან იხევს და მოწინააღმდეგეს ქალაქებსა და სოფლებს უთმობს. უგლედარის დაკავების შემდეგ კრემლის ჯარები ამჟამად ქალაქ პოკროვსკის კედლებთან დგანან, კუპიანსკს კი ალყის საფრთხე ემუქრება - ხელისუფლება უკვე მოსახლეობის იძულებით ევაკუაციას ახორციელებს.

„რასაკვირველია, ასეთი ნეგატიური ფონის დროს ყოველი ქვეყნის ხელისუფლება თავისი მოსახლეობის გამხნევებას და მათთვის იმედის შთაბერვას ცდილობს“, - ამბობს გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ კორესპონდენტთან საუბრისას ალექსი გარანი, უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტის კიევ-მოგილის აკადემიის პოლიტოლოგიის პროფესორი, - "ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა ქვეყნის მოსახლეობისათვის პოლიტიკური და ფსიქოლოგიური სიგნალის გაგზავნას ემსახურება“.

რა თქმა უნდა, უკრაინის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შენარჩუნებული აქვს ურყევი სიმტკიცე, ისინი იმედოვნებენ, რომ მტერზე გაიმარჯვებენ და მკაცრად უარყოფენ მცირე ტერიტორიულ დათმობებსაც კი, მაგრამ რუსეთის არმიასთან ორწლინახევრიანი განუწყვეტელი სისხლისმღვრელი ბრძოლების, საჰაერო დაბომბვებისა და უამრავი მსხვერპლის შედეგად უკრაინულ საზოგადოებაში დაღლილობის სიმპტომები ძლიერდება.

აგვისტოში გამოქვეყნებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებით, რომელიც კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ჩაატარა, უკრაინელთა 57% თვლის, რომ დროა, კიევმა მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტში გამოსვლისას თავის გეგმას „მომავალი მშვიდობიანი ცხოვრების გასაღები“ უწოდა. მისი თქმით, მიზანი გამოიხატება იმაში, რომ რუსეთისათვის შეუძლებელი გახდეს ომის გაგრძელება და კრემლმა საკუთარ თავზე იგრძნოს ისეთი ზეწოლა, რომ იძულებული გახდეს, მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, უკრაინისათვის სასარგებლო პირობებით.

გეგმის თანახმად, პირველი - მოკავშირეებმა უკრაინა ნატოს წევრად უნდა მიიღონ; მეორე - მოკავშირეებმა ასევე უნდა გააუქმონ ის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის მიერ დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების დაბომბვას კრძალავს; მესამე - მოკავშირეებმა უკრაინა უნდა უზრუნველყონ თანამედროვე იარაღისა და ტექნიკის უწყვეტი მიწოდებით. ზოგადად, როგორც უკვე ზემოთ ითქვა, ამ მოთხოვნებს კიევი ადრეც აყენებდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე სურს, რომ მოკავშირეები თავიანთი ტერიტორიიდანაც დაეხმარონ უკრაინას, რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებაში, თუმცა ამ მოთხოვნას ნატოს წევრებმა ადრეც უარით უპასუხეს.

პრეზიდენტი შეეცადა, თავისი გეგმა ურთიერთსარგებლიანად (ურთიერთმოგებიანად) წარმოეჩინა: ერთი მხრივ, უკრაინა მოკავშირეებისაგან იღებს სამხედრო დახმარებას, მეორე მხრივ კი - მოკავშირეები უკრაინისაგან იღებენ მდიდარ რესურსებს, რომელსაც კიევი ფლობს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ბრძოლებში გამოწრთობილ უკრაინის არმიას შეუძლია, დასავლეთი რუსეთის შემდგომი აგრესიისაგან დაიცვას.

პარლამენტის დარბაზში მყოფი დეპუტატები, მინისტრები და არმიის სარდლობის წარმომადგენლები ოვაციებით შეხვდნენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ „ტერიტორიებითა და სუვერენიტეტით ვაჭრობას მისი გეგმა არ ითვალისწინებს“ (აქვე ვიტყვით, რომ გეგმაში არის საიდუმლო პუნქტები, რომლებიც პრეზიდენტმა საჯაროდ არ გაამჟღავნა).

ოპოზიციური დეპუტატები სკეპტიკურად უყურებენ პრეზიდენტის გეგმას და ოპტიმიზმს ნაკლებას იზიარებენ. ალექსი გონჩარენკომ - ზელენსკის მოწინააღმდეგე მთავარი პარტიის „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატმა - „გამარჯვების გეგმას“ „არარეალისტური“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი შესრულება დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე. „დოკუმენტში ნაჩვენები არაა, თუ რას გააკეთებს თვით უკრაინა სიტუაციის გასაუმჯობესებლად. გეგმიდან გამომდინარეობს, რომ ვიღაცამ ყველაფერი ჩვენს ნაცვლად უნდა გააკეთოს“, - დაწერა ალექსი გონჩარენკომ სოციალურ ქსელში.

ბევრი კიეველი პრეზიდენტის მიერ შემუშავებულმა „გამარჯვების გეგმამ“ გამარჯვებაში ვერ დაარწმუნა: „გამარჯვების გეგმა ქაღალდზე ძალიან კარგად გამოიყურება, ძალიან მოდურია, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს რეალურად განხორციელდება. თანაც რუსეთმა უკვე იცის გეგმის შინაარსი და კრემლი ყველანაირად შეეცდება, ხელი შეუშალოს მის განხორციელებას“, - თვლის 25 წლის ანტონ სოკოლი, რომელიც მოხსენების თეზისებს ტელეფონის მეშვეობით გაეცნო, - „მოკლედ, ჟღერს, მაგრამ - იმავდროულად არარეალისტურია“.

28 წლის ეგორ კურიჩენკო ამბობს, რომ გეგმა ძალიან ჰგავს უფრო უკრაინის მოთხოვნების ჩამონათვალს, დასავლელი პარტნიორების მიმართ, ვიდრე - ომში გამარჯვების სტრატეგიას. „მასში პრინციპულად ახალი არაფერი არ არის“, - თქვა მან, - "უბრალოდ, ყველაფერი ერთად არის შეკრებილი იმ სურვილით, რომ იქნებ ახლა მაინც გადაიდგას სწრაფი გადამწყვეტი ნაბიჯები“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო