"ძალიან ცუდად გამოეჩხირა ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც არაერთი სისულელე ეწერა, მიშათი დაწყებული და სტალინით დამთავრებული" - 9 დღე არჩევნებამდე: რას უნდა ველოდოთ
გთავაზობთ ეპიზოდს ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 14 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა.
- ხელისუფლებას იმდენად ცუდი კამპანია აქვს, უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ოპოზიცია რას იზამდნენ. პრაქტიკულად შეჯიბრება იყო, ვინ უფრო ცუდად მოიქცეოდა და ხელისუფლებამ ცუდად მოქცევასა და წინასაარჩევნო კამპანიის ცუდად ჩატარებაში რეკორდი მოხსნა. ოპოზიცია ამ საქმეში ვერ შეედრებოდა, თორემ კარგად საქმე მასაც არ ჰქონია. თუნდაც ქარტიის გარშემო ვერ ჩამოყალიბდნენ ერთხელ და სამუდამოდ. გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკება ჩაიშალა და ახლა მიდის რაღაც შეხვედრები, ვიღაც იყოს თუ არა საერთო პრემიერი. ზოგი წინააღმდეგია, ზოგიც არა და ზოგიც პირიქით, ძალიან მომხრეა. არ ვარგა ასეთი რყევები წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ოპოზიციას რაც შველის, ივანიშვილი და მისი გუნდია - ისეთ რაღაცებს აკეთებენ და ისეთ რამეებს ამბობენ, ოპოზიციის შეცდომები აღარავის ახსოვს.
- იყო მოლოდინი, რომ ევროკავშირისა და ამერიკის რეაგირება მოახდენდა ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზაციას. ევროპარლამენტის რეზოლუცია კი გამოქვეყნდა, მაგრამ ფიქრობთ, რომ ეს ამ როლს შეასრულებს?
- ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორი იყო და ძალიან ცუდად გამოეჩხირა ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია, სადაც არაერთი სისულელე ეწერა, მიშათი დაწყებული და სტალინით დამთავრებული. თუმცა "ოცნება" ისეთ რაღაცებს ატრიალებს, რომ ესეც კი აღარავის ახსოვს. ასე რომ, ოპოზიცია როგორ მოიქცევა, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, დიდი სისულელე არ ჩაიდინონ. ისე, ვერც ჩაიდენენ, რადგან ამაშიც ვეღარ აჯობებენ "ოცნებას".
- ქარტიის ამბავზე რატომაა ამდენი გაუგებრობა? ჯერ რატომ თანხმდებიან და მერე უარს რატომ ამბობენ? დარწმუნდნენ საკუთარ გამარჯვებაზე და ახლა პერსპექტივაში ხელისუფლება აღარ ეთმობათ?
- ჩვენთან პოლიტიკაში მიჩვეული არიან ყალთაბანდობას, აი, კი მოვაწერე ხელი, მაგრამ მერე რაო. ერთია, რომ სალომე ზურაბიშვილი სერიოზულად აპირებდა ამ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას, მაგრამ მეორეა, რომ მთავარი იყო ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიანობა. თავიდან გახარიამ არ მოაწერა ხელი და თავის პირობებს აყენებდა. ოპოზიციისთვის მთავარი იყო ერთიანობის დაფიქსირება, გახარიასთვის კი ეს მნიშვნელოვანი არ იყო და რაღაცებს არ ეთანხმებოდა. იმას, რასაც გახარია არ ეთანხმებოდა, მაინცდამაინც არც სხვები ეთანხმებოდნენ, მაგრამ მაინც მოაწერეს ხელი. ალბათ, უფრო იმ იმედით, რომ ეს არ იქნება აქტუალურიო, მაგრამ, როგორც ჩანს, ზურაბიშვილი არ აპირებდა საქმის მიტოვებას, რამდენჯერმე წამოაყენა ეს საკითხი და კვლავაც აყენებს. ამისი არსი ის არის, რომ დროებით იყოს ტექნიკური მთავრობა, პრემიერად კი კომპრომისული ფიგურა, რომელსაც პრეზიდენტი დაასახელებს. თუ ამაზე ყველა თანხმდებოდა, ეს უკვე უნდა იყოს გაკეთებული, თუკი ვერ ხერხდება შეთანხმება, ჯობს, ამ თემას შეეშვან, რადგან რაც უფრო მეტხანს იქნება ეს წინააღმდეგობა, როდესაც ერთი ერთს ამბობს და მეორე - მეორეს, უფრო აირევა სიტუაცია. ოპოზიცია ერთი კლასტერია, ბოლოს ამას გახარიაც მიხვდა და მოაწერა ხელი. თავად ხელისუფლებამ გააკეთა ისე, რომ მოახდინა პოლარიზება დასავლეთსა და იზოლაციას, ანუ რუსეთს შორის. ამ არჩევანში პარტიათა შორის პრობლემები, რომლებიც შეიძლება იყოს ოპოზიციაში, როგორც ჩანს, მეორეხარისხოვანია. "ოცნება" კი ამბობს, ევროპაში მივდივართო, მაგრამ მათი მომხრეები და მათი ტროლები ღიად მოიხსენიებენ ევროპას და ამერიკას მხოლოდ უარყოფით კონტექსტში. "ფეისბუკზე" მათი ორი "გენიალური", ასე ვთქვათ, ნაღვაწი შემხვდა - ერთი იყო ტერმინი "ევროაგენტი", ვიღაც მაგათ მხარდამჭერს სალომე ზურაბიშვილზე დაუწერია, და მეორე, გვერდი გაუკეთებიათ: "უსამშობლო", ოღონდ "უსა" ინგლისური ასოებით წერია. ანუ აშკარად ჩანს დასავლეთის მიმართ დამოკიდებულება, ცალსახად ანტიამერიკული და ანტიევროპული.
ვისაც დასავლეთი უნდა, ის არის დღეს ოპოზიცია - ეს არჩევანი თავად "ოცნებამ" დააყენა. როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ოპოზიციის საქმე ვერ იყო კარგად და ხელისუფლებას, შეიძლება ითქვას, არაფერი ემუქრებოდა, ვთქვი, რომ პოლარიზების შემთხვევაში ის პოლუსი წააგებს, ვინც რუსეთი იქნება-მეთქი, და ხელისუფლებამ თავისთვის იჩალიჩა, რომ რუსეთის მხარე ყოფილიყო. როგორც ჩანს, ეგონათ, არჩევანი იქნებოდა "ნაცებსა" და "არანაცებს," ომსა და მშვიდობას შორის, მაგრამ მაინც ევროპა და რუსეთი გამოუვიდათ.
წაიკითხე ვრცლად: "ოპოზიცია ერთი კლასტერია, ბოლოს ამას გახარიაც მიხვდა და მოაწერა ხელი“