რატომ აირჩიეს გერმანელებმა საქართველო "განკითხვის დღის" იარაღის შესაქმნელად?! - უნიკალური ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის - კვირის პალიტრა

რატომ აირჩიეს გერმანელებმა საქართველო "განკითხვის დღის" იარაღის შესაქმნელად?! - უნიკალური ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის

"...ბერიამ საბჭოთა სპეციალისტებთან ერთად ოთახი დატოვა და ცოტა ხანში არდენეს შეუთვალა, რომ მის წინადადებას დათანხმდა. გერმანელ მეცნიერებს სამუშაო ადგილის ასარჩევად შესთავაზეს მოსკოვი, ყირიმი და საქართველო. არდენემ საქართველო აირჩია და ითხოვა, ისეთი ადგილი გამოეყოთ, სადაც კავკასიის ქედი მაქსიმალურად უახლოვდებოდა შავ ზღვას. ასეთ ადგილად სოხუმი შეირჩა, სანატორიუმი "სინოპი". დაიწყო მისი გადაკეთება ლაბორატორიად, არდენეს ხელმძღვანელობით..." - უნიკალურ ცნობებს მკვლევარი თენგიზ თხილავა გვაწვდის.

- 1943 წლის 11 თებერვალს სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იოსებ სტალინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საბჭოთა ატომური იარაღის შესაქმნელად პრაქტიკული სამუშაოების პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის ხელმძღვანელობა სტალინმა თავის მოადგილეს, ვიაჩესლავ მოლოტოვს დააკისრა. მან, თავის მხრივ, პროგრამის სამეცნიერო ხელმძღვანელად იგორ კურჩატოვი დანიშნა. 1944 წლის 3 დეკემბრიდან კი, სტალინის ბრძანებულებით, "ურანის სამუშაოების განვითარებაზე ყურადღების მიქცევა" ბერიას დაევალა. ამის შემდეგ საბჭოთა ატომური პროექტის განხორციელებას უკვე ლავრენტი ბერია მეთაურობდა... 1945 წლის გაზაფხულზე, ჯერ კიდევ ომის დამთავრებამდე, შეიქმნა შინსახკომის საგანგებო კომისია ავრამი ზავენიაგინის მეთაურობით. ამ კომისიას დაევალა ატომურ იარაღზე მომუშავე გერმანელი მეცნიერებისა და მათი აპარატურის მოძებნა და საბჭოთა კავშირში გადაყვანა.

გერმანელ მეცნიერებს ატომურ ფიზიკაში მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდათ. 1938 წლის დეკემბერში გერმანელმა მეცნიერებმა ოტო ჰანმა და ფრიც შტრასმანმა მსოფლიოში პირველებმა შეძლეს ურანის ატომის ბირთვის ხელოვნური გახლეჩა. გერმანიის ხელმძღვანელობამ 1939 წლის სექტემბრის ბოლოს ატომური იარაღის შექმნის ვადად 9-12 თვე დაასახელა. ეს არარეალური ვადა იყო. მით უმეტეს, რომ ჰანი და კიდევ რამდენიმე მეცნიერი ნაცისტებს მხარს არ უჭერდნენ და მაინცდამაინც არ ჩქარობდნენ მათთვის ახალი იარაღის დამზადებას. 1942-1943 წლებიდან გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ახალ იარაღზე და საბრძოლო ტექნიკაზე მუშაობა შეეჩერებინა, თუ ის გარანტირებულად 6 თვეში შედეგს ვერ იძლეოდა. ამგვარად, საუკეთესო მეცნიერების ყოლის მიუხედავად, გერმანელებმა ატომური იარაღი ვერ შექმნეს. ომის შემდეგ საბჭოთა მხარეს ცნობილი მეცნიერები და კვლევითი დაწესებულებები დარჩა. მათ შორის იყო მანფრედ ფონ არდენეს კერძო ლაბორატორია ბერლინის მახლობლად, ლიხტერფელდეში. ომის დროს ლაბორატორიას ესესის საგანგებო შტანდარტი იცავდა.

გუსტავ ლუდვიგ ჰერცი უკვე 1945 წლის 14 მაისს ბერია, სტალინსა და პარტიის ცეკას მდივან გეორგი მალენკოვს, გერმანიის ტერიტორიაზე შინსახკომის კომისიის მუშაობის შესახებ მოახსენებდა: "მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერ ბარონ ფონ არდენეს კერძო ინსტიტუტი მთლიანად შენახულია. ფონ არდენემ გადმომცა განცხადება საბჭოთა კავშირის სახკომსაბჭოს სახელზე, რომ მხოლოდ რუს ფიზიკოსებთან სურს მუშაობა და ინსტიტუტსა და საკუთარ თავს საბჭოთა მთავრობის განკარგულებაში გადასცემს. საბჭოთა კავშირისთვის ზემოთ ჩამოთვლილი აღჭურვილობისა და მასალების განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, გთხოვთ თქვენს თანხმობას აღჭურვილობის დემონტაჟსა და საბჭოთა კავშირში გადატანაზე".

ნადავლი მნიშვნელოვანი იყო - ინსტიტუტის ცენტრიფუგა მთელი დოკუმენტაციითა და რეაქტივებით, ფოტორეგისტრატორების ფირებისა და თვითჩამწერების ქაღალდის დიდი მარაგი, ოპტიკა, ელექტროტრანსფორმატორები და სხვ. აქვე იყო ბერლინის კაიზერ ვილჰელმის ინსტიტუტის აღჭურვილობა და 15 ტონა ლითონური ურანი, რომელიც გერმანელებმა 1940 წელს ბელგიაში ჩაიგდეს ხელთ. ამ უკანასკნელს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა - საბჭოთა კავშირი მაშინ საკუთარ ურანს არ აწარმოებდა, ხოლო სადაზვერვო-გეოლოგიური სამუშაოები ახალი დაწყებული იყო. გერმანიიდან წაღებულმა ურანმა საბჭოთა ბირთვულ პროექტს სულ მცირე, ერთი წელიწადი მოაგებინა.

ოტო ჰანითავის მემუარებში ფონ არდენე წერს, რომ ივნისის ბოლოს მოსკოვში გაიმართა თათბირი, რომელიც ბერიამ გახსნა და პირდაპირ გამოუცხადა მას, რომ ინსტიტუტს, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, საბჭოთა ატომური ბომბის შექმნაზე უნდა დაეწყო მუშაობა. პასუხი დაუყოვნებლივ იყო საჭირო. რა თქმა უნდა, არდენემ კარგად იცოდა, რისთვის გადაიტანეს მისი ინსტიტუტი მოსკოვში და წაიყვანეს ის და მისი თანამშრომლები. იგი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ადრე თუ გვიან ბერიასგან მიიღებდა შეთავაზებას, რომელზეც უარს ვერ იტყოდა. უარი მისთვის, მისი ოჯახისთვის, თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის საბედისწერო იქნებოდა. ამიტომ ფონ არდენემ უპასუხა, რომ ეს წინადადება და აღმოჩენილი ნდობა მისთვის ერთობ საპატიო იყო. მოთათბირეები მაშინვე საქმეზე გადავიდნენ. არდენეს თქმით, ამოცანა ორი ნაწილისგან შედგებოდა - ერთი მხრივ, ურან-235 იზოტოპის მიღების ტექნოლოგიის შემუშავება და ამ იზოტოპის მიღება, მეორე მხრივ - თვით ბომბის დამზადება. პირველი ნაწილი მეორეზე მეტად მაღალტექნოლოგიური და შრომატევადი გახლდათ და მის შესრულებას გერმანელები კისრულობდნენ, ხოლო ბომბი საბჭოთა მეცნიერებს უნდა დაემზადებინათ.

ბერიამ საბჭოთა სპეციალისტებთან ერთად ოთახი დატოვა და ცოტა ხანში არდენეს შეუთვალა, რომ მის წინადადებას დათანხმდა. გერმანელ მეცნიერებს სამუშაო ადგილის ასარჩევად შესთავაზეს მოსკოვი, ყირიმი და საქართველო. არდენემ საქართველო აირჩია და ითხოვა, ისეთი ადგილი გამოეყოთ, სადაც კავკასიის ქედი მაქსიმალურად უახლოვდებოდა შავ ზღვას. ასეთ ადგილად სოხუმი შეირჩა, სანატორიუმი "სინოპი". დაიწყო მისი გადაკეთება ლაბორატორიად, არდენეს ხელმძღვანელობით.

ამავე დროს არდენესთვის ცნობილი გახდა, რომ საბჭოთა კავშირში ჩაიყვანეს ნობელის პრემიის ლაურეატი - გუსტავ ლუდვიგ ჰერცი თავისი თანამშრომლებით. ჰერცი ჰალესა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი იყო. ნაცისტების დროს, როგორც მონათლული ებრაელის შთამომავალს, გამოცდების მიღების უფლება ჩამოართვეს და პროფესურაზე უარი თქვა, თუმცა, საპატიო პროფესორად დარჩა. ამის შემდეგ ჰერცი "სიმენს და ჰალსკეს" კომპანიაში მუშაობდა, სადაც სპეციალური ლაბორატორია შეუქმნეს. აქ ჰერცი მსუბუქი იზოტოპების დიფუზიური განმაცალკევებელი დანადგარების შექმნით იყო დაკავებული. იზოტოპების დიფუზიური განცალკევება მოგვიანებით ურანის გამდიდრების ძირითად ხერხად იქცა. არდენემ საბჭოთა მთავრობას შესთავაზა, ჰერცის ჯგუფიც სოხუმში, მისი ლაბორატორიის მახლობლად განეთავსებინათ, რადგან ამ ჯგუფების მეცნიერების ურთიერთთანამშრომლობა აუცილებელი იყო. მართლაც, ჰერცი და მისი ხალხი "სინოპიდან" 8 კილომეტრზე, აგუძერაში დააბინავეს...

წაიკითხე ვრცლად