"უსმენენ ყველას და ყველაფერს... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ხელისუფლება, რომელიც მოვიყვანეთ, იმას გაიმეორებდა, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა" - კვირის პალიტრა

"უსმენენ ყველას და ყველაფერს... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ხელისუფლება, რომელიც მოვიყვანეთ, იმას გაიმეორებდა, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა"

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ზვიად ძიძიგური ისევ აქტიურ პოლიტიკას დაუბრუნდა და დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია "ქართული ოცნების" დამარცხებას შეძლებს. "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე, "გახარია - საქართველოსთვის" პარტიას შეუერთდა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"კონფიდენციალობის თვალსაზრისით ყველაზე დაცული არჩევნებია წელს და ვერავინ ვერაფერს გაიგებს, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ელექტრონულად არის დაცული, არანაირი ვიზუალიზაცია არ ხდება ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის. არ არის იმის საშუალებაც, სურათი გადაუღონ საკუთარ არჩევანს; კაბინეტიც ისეა მოწყობილი, რომ ეს შეუძლებელია. პირველად ხდება საქართველოში ელექტრონული არჩევნები და ეს არის ოპოზიციის უპირატესობა. 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში, მაშინ ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამა, აგროპროგრამა, სოციალური პროგრამები ჰქონდა, ბევრი რეფორმის იდეა იყო, ახლა კი ფაქტობრივად, ხელისუფლება არ იწუხებს თავს, რომ მოსახლეობას უთხრას, რატომ უნდა მისცენ ხმა..."

„"ქართულ ოცნებაში" რამდენიმე წელი ვიყავი და იქიდან იმიტომ წამოვედი, რომ რაც იქ ხდებოდა, ჩემთვის მიუღებელი იყო. სწორედ ამიტომ წამოვიდა გიორგი გახარიაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. აქედან გამომდინარე, ერთნაირი შეხედულებები გვაქვს თემებსა და სიტუაციებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ისეთი პოლიტიკური ძალით დააკომპლექტდება მთავრობა, რომელიც არც დღევანდელი და არც წინა ხელისუფლების შემადგენლობით არ იქნება - ეს საუკეთესო ვარიანტია...“

"არის პროგრამული დაპირებები და მინდა პენსიონერებს ვუთხრა, არიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ მათი არჩევის შემთხვევაში პენსია იქნება 1.000 ლარი. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი და კარგი მიმართულება. "გახარიას პარტიასაც" აქვს თავისი შეთავაზება პენსიონერებთან. ეს გამოიხატება იმაში, რომ ყოველ წელიწადში, როდესაც ქვეყანაში იქნება ეკონომიკური ზრდა, ამის პროპორციულად გაიზრდება პენსია და ეს იქნება მუდმივად. ის ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ თავის ქვეყანას და მათი პენსიის რაოდენობა აშკარად არ შეესაბამება იმ დამსახურებას, რაც აქვთ, არის ცუდი პრაქტიკა. მათ ეცოდინებათ, რომ პენსიების ზრდა ყოველ წელიწადს იქნება პერმანენტული და ეს თანხა შეიძლება 1.000 ლარი ან უფრო მეტიც იყოს. ოღონდ ეს იქნება მიბმული საბიუჯეტო მონაცემებზე და არ იქნება ხელისუფლებებზე დამოკიდებული..."

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ხელისუფლება, რომელიც მოვიყვანეთ ჩვენ, იმას გაიმეორებდა, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა. მოსმენების ნაწილში უკვე გადააჭარბა სააკაშვილის ხელისუფლებას: უსმენენ ყველას და ყველაფერს. ვერ წარმოვიდგენდი, რომ სასამართლოს "ჯიბეში ჩაიდებდა" ეს ხელისუფლება; ვერ წარმოვიდგენდი, რომ თავისი "ჯიბის" ტელევიზიები ეყოლებოდა. გახსოვთ მოდელირებული ქრონიკები და ა.შ. ერთი-ერთში იმავეს აკეთებს ივანიშვილიც. არჩევნების გაყალბების ნაწილშიც გადააჭარბა სააკაშვილს. 12 წლის წინ, ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ავტორიტარულ რეჟიმს და ერთპიროვნულ მმართველობას, მაგრამ 12 წლის შემდეგ სახეზე გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი ანგარიშვალდებულია არა ქართველი ხალხის, არამედ ერთი კაცის წინაშე..."

„ჩემი შვილები გაიზარდნენ კონსერვატიულ ოჯახში, სადაც სტუმარი, მასპინძელი, დედა, მამა, ქალი, კაცი, ცოცხალი, წასული ადამიანი, ჩვენთან არის ყველაფერი ტრადიციულად. ოღონდ არასდროს ვლაპარაკობდი სახლში პოლიტიკაზე, უბრალოდ ისინი ხედავდნენ როგორ ვცხოვრობდი, როგორი იყვნენ ჩემი მეგობრები. გადაწყვეტილება მათი მისაღებია, ყველანი არიან ზრდასრული ადამიანები. 22-21-20 წლისები და მათ გადაწყვეტილებებში თუ რა უნდათ ხვალ და ზეგ, არ ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები, იმიტომ რომ ვფიქრობ, ისეთი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, როგორიც არიან ჩემი შვილები, ძალიან კარგ და პოზიტიურ როლს ითამაშებენ ქართულ პოლიტიკაში. მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მე არ ვერევი მათ გადაწყვეტილებაში და არც მომავალში ვაპირებ მაგის გაკეთებას...“

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 17 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა