"საინტერესოდ ამიხსნა აფხაზმა ბიჭმა: აფხაზებს რუსების, სომხების და არც სხვების ეშინიათ, აი, ქართველებისა კი ეშინიათ. რატომ? ისინი აფხაზებზე ძლიერები არიან და გრძნობენ, რომ ქართველებს ვერ ერევიანო"
"პარადოქსია, რომ ზიზღი ქართველების მიმართ აფხაზების მხრიდან არ მოდიოდა..."
რა პირადი დაკვირვებები გაუზიარა მიხეილ ცაგარელს აფხაზმა ბიჭმა
სოხუმთან ბევრი რამ აკავშირებს მიხეილ ცაგარელს. საინტერესოა მისი მოგონებები ქალაქზე, იქაურ მეზობლებზე, უბნის ბავშვებთან მეგობრობაზე, ომამდელ ატმოსფეროზე... გაეცნობით, რა მოსაზრებები ჰქონდა აფხაზ ახალგაზრდას, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ ჯერ კიდევ 80-იან წლებში. ასევე გაიგებთ, რა მოლოდინი და განწყობა აქვს ამ საკითხზე ბატონ მიხეილს.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"სკოლაში შესვლამდე სოხუმში ვცხოვრობდი, ჩემს ბებია-ბაბუას (დედის მშობლებთან ვიზრდებოდი) პარკის პირდაპირ, ორჯონიკიძის ქუჩაზე ჰქონდათ სახლი. იქვე ესტაკადა გადიოდა, სადაც მატარებლები მოძრაობდნენ. ბაბუა რკინიგზელი გახლდათ. ის იყო სადგურის უფროსი, ამიტომ ცალკე მისცეს ორსართულიანი სახლი თავისი ეზოთი და ბაღ-ვენახით. ჩვენი ეზო საერთო, უზარმაზარ ინტერნაციონალურ ეზოში გამოდიოდა, სადაც, ალბათ ოცზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა და ქართველებთან ერთად იყვნენ ბერძნები, აფხაზები, რუსები, უკრაინელები, ებრაელები, სომხები, აზერბაიჯანელები... არ მახსენდება მათ შორის ჩხუბი, აყალმაყალი, შეურაცხყოფის მიყენება და მით უმეტეს, მეზობლებს შორის კამათი ან წყენა ეროვნულ ნიადაგზე, წარმოუდგენელი იყო. ბავშვები სულ ერთად ვთამაშობდით ეზოს შუაგულში..."
"კარგი და თბილი ურთიერთობა მქონდა თამაზ ლაკერბაიასთან. აფხაზ-ქართველი იყო, ძირითადად რუსულად ლაპარაკობდა. ერთი პერიოდი ბებია-ბაბუას სახლში მდგმურები გვყავდა, აფხაზური ოჯახი პირველ სართულზე ცხოვრობდა. ძალიან კარგები იყვნენ, მათგან არაფერი გვწყენია, პირიქით, ხან აფხაზი ქალბატონი მოგვართმევდა თავის გაკეთებულ კერძს, ხან ბებიაჩემი ჩაუტანდა. თავიდან არ იყო ხალხში კატეგორიული ანტაგონიზმი. ის, რაც აფხაზეთში მოხდა, ეს იყო გამიზნული პოლიტიკური ზეგავლენის შედეგი. დაიწყო ხალხის იდეოლოგიური დამუშავება, რომელშიც მონაწილეობდა აფხაზეთის მთავრობა, რასაკვირველია რუსეთის მთავრობის ზეგავლენით. ნელ-ნელა ძლიერდებოდა აფხაზური სეპარატიზმი და 80-იან წლებში პირადად გადავაწყდი რაღაც მომენტებს..."
"გაგრაში მქონდა შემთხვევა, შევედი გასტრონომში და ქართულად ვიკითხე რაღაც. გამყიდველმა მიპასუხა: რუსულად ისაუბრეთ... მალე ქართველები აქ აღარ იქნებითო, პირდაპირ ასე მომახალა. შევედი გასტრონომის დირექტორთან და ვუთხარი, რაც მოხდა. მეგრელი კაცი იყო, მაგრამ რუსულად ლაპარაკობდა. ძალიან გაბრაზდა, გამოვიდა თავისი ოთახიდან, გამყიდველს რუსულად რაღაც უსაყვედურა და ბოლოს რაც გავიგე, უთხრა: თუ ასე გააგრძელებთ, თქვენ დატოვებთ ამ სამუშაოსო, - და ამით დამთავრდა..."
"საინტერესოდ ამიხსნა: აფხაზებს რუსების, სომხების და არც სხვების ეშინიათ, აი, ქართველებისა კი ეშინიათ. რატომ? ისინი აფხაზებზე ძლიერები არიან თავისი ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, ხასიათით და აფხაზები გრძნობენ, რომ ქართველებს ვერ ერევიან. როგორც, ვთქვათ ქართველი და აფხაზი ბანდიტი, ქურდი, გინდა მაფიოზი რომ ავიღოთ, ქართველი უფრო ძლიერია, ვიდრე აფხაზი, ჰოდა, ამიტომაც ეშინიათ ქართველების. ისინი თვლიან, რომ თუ ქართველებს მოიშორებენ, დანარჩენებს მოუვლიან და თავად ისხდებიან ქურდადო. ასეთი პირადი დაკვირვებები და ხედვა გამიზიარა, მსგავსი ღია დიალოგი აფხაზთან არასოდეს მქონია..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 17 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.
ნანული ზოტიკიშვილი