"არ უნდა დავუშვათ, საქართველო ისევ ეულად დარჩეს. როგორც მარტოსული ადამიანია ცოდო და შესაბრალისი, ასევეა განცალკევებით მყოფი ქვეყანაც" - კვირის პალიტრა

"არ უნდა დავუშვათ, საქართველო ისევ ეულად დარჩეს. როგორც მარტოსული ადამიანია ცოდო და შესაბრალისი, ასევეა განცალკევებით მყოფი ქვეყანაც"

"ჩვენი ქვეყნის მომავალს იმედით ვუყურებ და ეს თაობა - "ჯენზიც" ძალიან მომწონს"

13 ოქტომბერს, ცნობილ რეჟისორს, ლანა ღოღობერიძეს, 96 წელი შეუსრულდა. "ჩემს ასაკს საერთოდ ვერ აღვიქვამ. ასაკი თითქოს, ცალკე აბსტრაქციაა, რომელიც ჩემგან დამოუკიდებლად არსებობს, მე კი, ჩვეულებრივად ვაგრძელებ ცხოვრებას" - ამბობს ხელოვანი, რომლის კინოშედევრებს ბევრჯერ გაუოცებია ქართველი მაყურებელი და არაერთი საერთაშორისო ჯილდოც მოუპოვებია. ქალბატონი ლანა კვლავაც ჩვეული ენერგიით ემსახურება საყვარელ საქმეს და ჩვენი ქვეყნის სატკივარს მთელი არსებით განიცდის.

ვულოცავთ საყვარელ რეჟისორს და გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მასთან ჩავწერეთ:

- სრული სიმართლე ყოფილა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. მეც, უნდა ვაღიარო, რომ ჩემს ასაკს სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ეს ციფრი - 96 წელი - იმდენად წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ზოგჯერ ვერც ვიჯერებ. ამას ისიც ხელს უწყობს, რომ ვცდილობ, ჩემს პროფესიას არ მოვწყდე და ხელოვნებას ძველებურად ვემსახურო.

- ალბათ, თქვენთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის, რომ იაპონელებმა თქვენი წიგნი გამოსცეს...

- ეს ჩემთვის, მართლაც სიურპრიზი იყო, რომელმაც ძალიან გამახარა. ჩემი წიგნი, რომელიც იაპონიაში გამოსცეს, 1980-იან წლებშია დაწერილი. მისი სახელია "რაც მაგონდება და როგორც მაგონდება". ულამაზესი გამოცემაა - სქელტანიანი წიგნი, რომელიც იაპონური იეროგლიფებითაა დაბეჭდილი. ამ წიგნის გამოცემით იაპონელებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ უცხო კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი და ამაღლებული დამოკიდებულება აქვთ. საინტერესოა ისიც, რომ ამ წიგნის გამოსვლა ტოკიოში გამართულ, ქართული კინოს რეტროსპექტივის დღეებს დაემთხვა. ამავე დღეს, ტოკიოში გამოვიდა კიდევ ერთი წიგნი, სახელწოდებით, "ქართული კინოს ისტორია" და ის დღე მთლიანად საქართველოს მიეძღვნა. ტოკიოს კინოფესტივალი განსაკუთრებით სამახსოვრო იყო ჩემთვის!

- ქალბატონო ლანა, კიდევ რა მოხდა ამაღელვებელი და საინტერესო ამ კინოფესტივალზე?

- ფესტივალის ბოლო დღეს აჩვენეს ჩემი ფილმები - "ვალსი პეჩორაზე" და "დედა-შვილი", ამასთან ერთად დედაჩემის ორი ფილმი - "ბუბა" და "უჟმური". საოცარი განცდაა, როცა ამდენი წლის წინ გადაღებულ ფილმებს უყურებ და იცი, რომ ეს კადრები დედამ გადაიღო. დედაჩემის - ნუცა ღოღობერიძის ისტორია ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველამ იცის. დედა პირველი ქალი რეჟისორი იყო, რომელმაც საბჭოური წყობის სისასტიკე საკუთარ თავზე გამოცადა. სწორედ მისი და ჩემი ცხოვრებაა ასახული ფილმში - "დედა-შვილი", რომელიც ახლახან, ლონდონშიც აჩვენეს. ერთი კვირის წინ დავბრუნდი ამ საოცარი ქალაქიდან, სადაც ქართული კინოს ფესტივალი გაიმართა. იქ, რამდენიმე ფილმის ჩვენება გაიმართა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ჩემი "დედა-შვილი" იყო.

- ბევრი ფიქრობს, რომ თანამედროვე კინოში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, რომანტიზმი გაქრა და დაიკარგა, ამ მოსაზრებას თქვენც ეთანხმებით?

- რას ნიშნავს რომანტიზმი დაიკარგა? ზოგიერთი ადამიანი სამყაროს უფრო რომანტიკულად უყურებს, ზოგი - უფრო სკეპტიკურად. ვერავინ იტყვის, ამ ორ მოვლენას შორის, რომელია უფრო საინტერესო და მიმზიდველი, რადგან სკეფსისსაც თავისი ხიბლი აქვს. კრეატიული ადამიანი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება განმსაზღვრელი კაცობრიობის ისტორიისა. მეც, თუ რაიმესი მჯერა, ეს კრეატიული და გონიერი ადამიანია, რომელსაც რაღაც ახლის შექმნა შეუძლია, განსაკუთრებით, ხელოვნებაში. ასეთი ხალხი არსებობდა, დღესაც არსებობს და ყოველთვის იარსებებს.

- ქალბატონო ლანა, როგორ დაახასიათებთ ეპოქას, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება?

- მეტისმეტად ტურბულენტურ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ამავე დროს, ეს ძალიან დიდი წინსვლის და პროგრესის ეპოქაა. ყველაზე სერიოზული მოვლენა, რაც მე-20 საუკუნეში დაიწყო და 21-ე საუკუნეშიც გაგრძელდა, მსოფლიოს გაერთიანებაა. შეუდარებელია შეგრძნება იმისა, რომ მთელ მსოფლიოს ერთი, საერთო მაჯისცემა აქვს. თავდაპირველად, ეს გამოიხატა იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები შეიქმნა - გაეროთი დაწყებული, ჰააგის სასამართლოთი დამთავრებული. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ერთიანი ფასეულობები და ღირებულებები, ერთიანი სამართალი აქვთ, რაც ჩემი აზრით, უდიდესი მოვლენაა. ამ ამბავმა გადაფარა ის ბოროტებები, რომელიც კაცობრიობას მე-20 საუკუნემ მოუტანა - ფაშიზმით დაწყებული, საბჭოთა კომუნიზმის ჩათვლით. მე სპეციალურად არ ვამბობ კომუნიზმს, რადგან საბჭოთა კომუნიზმი სულ სხვა - ძალიან აგრესიული და დაუნდობელი რამ იყო.

- სამწუხაროდ, რუსეთის აგრესია მეზობელ ქვეყნებზე ახლაც გრძელდება. თქვენც ფიქრობთ, რომ ამ ქვეყნის მეთაურებს საბჭოთა წყობის აღდგენა სურთ?

- სამწუხაროდ, ყოველთვის არსებობს იმ მოვლენების განმეორების საფრთხე, რომელიც გასული საუკუნის საქართველოში დატრიალდა. ასეთია ჩვენი რეალობა მანამ, სანამ მეზობლად ასეთი აგრესიული და ავტორიტარული ქვეყანა გვყავს, სადაც უკვე დიქტატურაა გამეფებული. ვიდრე მსოფლიოში ასეთი შეუპოვარი, იმპერიული ამბიციებით სავსე ქვეყნები არსებობს, ადამიანი მშვიდად ვერ იქნება, თუმცა, დღეს ჩვენ კიდევ ერთი საშიშროება გვემუქრება - მეგობრები არ დავკარგოთ. ჩვენი ისტორია მაგალითია იმისა, რომ უნათესავო და უმეგობრო ერი ვიყავით. მთელი ჩვენი წარსულის განმავლობაში მარტო ვიყავით და მხოლოდ მე-20 საუკუნეში გახდა საქართველო გაეროს და ევროსაბჭოს წევრი. საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაახლოება და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც უდიდესი ნაბიჯი იყო, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა. ამის შემდეგ, მე მქონდა განცდა, რომ ქართველი ერის სიმარტოვე დასრულდა და მარტო აღარასდროს ვიქნებოდით. ახლა ეს საშიშროება აშკარაა და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო ისევ ეულად დარჩეს. როგორც მარტოსული ადამიანია ცოდო და შესაბრალისი, ასევეა განცალკევებით, მარტო მყოფი ქვეყანაც. მით უმეტეს, პატარა ქვეყანა, რომელიც ამხელა იმპერიებითაა გარშემორტყმული, თანაც, ასეთი აგრესიული იმპერიებით.

- ამ იმპერიებს შორის, რომელია ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის?

- დღეს, ჩვენთვის, ყველაზე მთავარი და დიდი ბოროტება რუსეთია - ამაში დარწმუნებული ვარ. სამწუხაროა, რომ განგებამ ასეთი მეზობელი გვარგუნა, მაგრამ საქართველოს მაინც ძალიან დიდი შანსი აქვს, აგრესიულ მეზობელს თავი დააღწიოს. როგორ? - თუნდაც, იმიტომ, რომ გეოპოლიტიკურად მიმზიდველ ადგილას ვცხოვრობთ: შავი ზღვა, დერეფანი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, განახლებული "აბრეშუმის გზა"... - ეს ყველაფერი ჩვენი დამაკავშირებელი ხიდია გარე სამყაროსთან და ამ სამყაროს ყველაზე უფრო ცივილიზებულ ნაწილთან - დასავლეთთან.

- ქალბატონო ლანა, როგორ უყურებთ ახალ თაობას, რომელიც უკვე ამბობს თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში, კულტურასა და ხელოვნებაში?

- ჩვენი ქვეყნის მომავალს იმედიანად ვუყურებ და ეს თაობაც ძალიან მომწონს. "ჯენზი", რომელიც ასე უეცრად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, მგონი, თითოეული ჩვენგანის გულს იმედით და სიხარულით ავსებს. ჩვენს დღევანდელობას სწორედ ასეთი - მედგარი და შეუპოვარი ახალგაზრდობა სჭირდება. ამ თვისებებს ისიც ემატება, რომ ეს საოცრად ხალისიანი, იმედიანი და სიხარულით სავსე თაობაა. მათგან წამოსული იმედი და პოზიტივი მთელ საქართველოს ეფინება და მე მჯერა, რომ ამ ბავშვებთან ერთად, სიხარულით, ღიმილით და სიმღერით შევაბიჯებთ ევროპაში. ცხადია, იმისიც მჯერა, რომ ქართული ხელოვნება, კინო და თეატრიც საიმედო ხელშია.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)