ისრაელმა სავარაუდოდ, “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარე იაჰია სინვარი მოკლა
ისრაელმა სავარაუდოდ, “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარე იაჰია სინვარი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ისრაელის უშიშროების კაბინეტთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გაავრცელა, რომ ამ მომენტისთვის ამოწმებენ, არის თუ არა ღაზას სექტორში დაბომბვის შედეგად მოკლულ სამ ტერორისტს შორის “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარე, იაჰია სინვარი. განცხადებაში აღინიშნება, რომ სახლში, სადაც მათ ტერორისტები მოკლეს, მძევლები არ იმყოფებოდნენ.
იაჰიას მოკვლის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა “ტვიტერის” პირად გვერდზე დაწერა: “ყველა ტერორისტს მივწვდებით და მათ გავანადგურებთ”. მან ასევე გამოაქვეყნა “ჰამასის” სამხედრო ხელმძღვანელის, მუჰამად დეიფის და “ჰეზბოლას” ლიდერის, ჰასან ნასრალას ფოტოები, რომლებიც ისრაელმა უკვე მოკლა.
"ინტერპრესნიუსი"