"დიახ, მე რუსებს ვესროდი": ორბანის მძიმე ინტერვიუ უკრაინის ომზე - "ჩვენ წაგებულის მხარეს ვდგავართ ანუ ჩვენც ვაგებთ"
გერმანიის ყოველკვირეულ ჟურნალ „ფოკუსში“ (Focus) სათაურით: „რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს, ძალიან გაკვირვებული ვარ გერმანიის პოზიციით ერთ საკითხში...“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელსაც უნგრული წარმომავლობის მქონე ჟურნალისტი გაბორ შტაინგარტი ესაუბრება.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს პუბლიკაციიდან:
- თქვენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის ერთადერთი ბრძანდებით, რომელსაც გჯერათ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს. რატომ?
- დიახ, ჯერჯერობით მე ერთადერთი ვარ, ვინც ღიად გამოხატავს ასეთ იმედს. რადგანაც ეს არცთუ ისე პოპულარული პოზიციაა, სხვა პოლიტიკოსებს თავიანთი თვალსაზრისის გამჟღავნების ერიდებათ.
- თვლით თუ არა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპისათვის სასარგებლო იქნება?
- შევხედოთ ფაქტებს: არის მხოლოდ ორი კანდიდატი. ორივეს ჰქონდა ოთხი წელი, რომ რაღაც გაეკეთებინა: ერთი - პრეზიდენტის პოსტზე იყო, მეორე - ვიცეპრეზიდენტია. თუ ჩვენ მათი დამსახურებების სიას გადავხედავთ, აშკარად შევამჩნევთ, რომ დონალდ ტრამპი უფრო წარმატებით მოქმედებდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მის საქმიანობას ევროპული კუთხით შევხედავთ - იგი ხელს უწყობდა კონფლიქტების დასრულებას. მას არ დაუწყია არც ერთი ომი და ცდილობდა, მშვიდობა მთელ მსოფლიოში დაემყარებინა, ახლო აღმოსავლეთშიც კი, რომელიც ყველაზე რთული და ფეთქებადსაშიში რეგიონია. ევროპული თვალსაზრისით, დონალდ ტრამპი ყველაზე საუკეთესო კანდიდატს წარმოადგენს.
- რა მოხდა თქვენსა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ურთიერთობაში? ევროკომისიის პრეზიდენტს ბრალს იმაში სდებთ, რომ მან თქვენს წინააღმდეგ „ერთგვარი ინტიფადა“ (აჯანყება) წამოიწყო?
- პრობლემა მას შემდეგ წარმოიქმნა, როცა ნათელი გახდა, რომ ევროკომისიის მისეული კონცეფცია ჩემსას არ დაემთხვა. ადრე კომისია განიხილებოდა ხელშეკრულებების ერთგულ სტრუქტურად და, შესაბამისად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესების დამცველად. ევროკომისია პოლიტიკურად ნეიტრალური რჩებოდა. ახლა ყველაფერი სულ უფრო მეტად პოლიტიზებული ხდება. მისი თავდასხმები ჩემს წინააღმდეგ ამის მკაფიო დადასტურებას წარმოადგენს
- თქვენ ყველაზე მეტი უთანხმოება უკრაინის საკითხში გაქვთ. ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ანუ თქვენ - მზად ხართ, კიევი რუსეთს ჩააბაროსო და ჰგონია, რომ ამით მშვიდობა დამყარდებაო. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, „არც ერთ ევროპულ ენაზე სიტყვა „მშვიდობა“ არ ითვლება „კაპიტულაციის“ სინონიმად, ხოლო „სუვერენიტეტი“ – „ოკუპაციად“. როგორ უპასუხებდით თქვენს პოლიტიკურ მეტოქეს?
- საქმე ისაა, ჩაბმული ვართ თუ არა ისეთ ომში, რომელიც წინასწარვე წამგებიანია და არა - მოგებიანი... ამჟამად ჩვენ ვაგებთ, ამიტომ ვიღაცამ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ჩვენ ისე ვიქცეოდით და ვმოქმედებდით, რომ თითქოსდა უკრაინის კონფლიქტი ჩვენი საკუთარი კონფლიქტი იყო, ახლა კი, რადგან მასში მეტ-ნაკლებად ვართ ჩაბმული, ჩვენ ამ ომს ვაგებთ.
- და რის საფუძველზე ასკვნით, რომ დასავლეთი ომს აგებს? ამჟამად უკრაინის არმიას რუსეთის ტერიტორიაც კი აქვს დაკავებული და ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა, კურსკის ოლქიდან ასეულ ათასობით თანამოქალაქის ევაკუაცია განეხორციელებინა...
- მე ძალიან მიკვირს, რომ გერმანიაში ჩვენს წაგებას ვერ ამჩნევენ. თუ ფრონტზე შექმნილ სიტუაციას ობიექტურად შევხედავთ და ორივე მოწინააღმდეგის ბრძოლისუნარიანობას შევაფასებთ, აშკარა გახდება, რომ ჩვენ წაგებულის მხარეს ვდგავართ ანუ - ჩვენც ვაგებთ (...).
- მინდა, თქვენი და ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის არსი გავიგო. მამაჩემი 1956 წელს იმ სტუდენტებთან ერთად იდგა, რომლებიც აჯანყებაში მონაწილეობდნენ, უნგრეთის დამოუკიდებლობის დასაცავად. როგორ აუხსნიდით მას და იმდროინდელ სხვა სტუდენტებს, რომ თქვენ ამჟამად ვლადიმერ პუტინთან მეგობრობთ და უკრაინასთან ერთად თავისუფლების სახელით არ იბრძვით?
- მე არ მსურს ეს ორი სხვადასხვა თემა ერთმანეთში ავურიოთ, ზოგადად კი ჩემს აზრს გეტყვით: 1956 წლის ამბები უნგრეთის ისტორიაში ყველაზე გაბედული და ბრწყინვალე მომენტი იყო - იმის მიუხედავად, რომ დასავლეთმა ჩვენ გვიღალატა...
- მხედველობაში გაქვთ ის, რომ დასავლეთი დახმარების გაწევას დაგვპირდა, მაგრამ რაიმე მსგავსი ნაბიჯი არ გადაუდგამს?
- დიახ, მაგრამ უკრაინის საკითხს სრულიად სხვა ხასიათი აქვს.
- უნგრეთისა და უკრაინის გამაერთიანებელ ელემენტს ხომ თავისუფლებისათვის ბრძოლა წარმოადგენ?! რატომ მიგაჩნიათ, რომ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან?
- იმიტომ, რომ უნგრეთი არასოდეს შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ჩვენს ტერიტორიაზე არასოდეს ყოფილა მილიონობით რუსულენოვანი მოსახლეობა. უკრაინა ისეთი რეგიონია, ისეთი ტერიტორიაა, რომლის კონტროლსა და კუთვნილებას ერთმანეთს ბევრი ასეულობით წლების განმავლობაში ედავებოდა. ამაშია ჩვენი განსხვავება. და მაინც, ერთ უდავო ფაქტს ვაღიარებ: რუსეთმა საერთაშორისო სამართლის პრინციპი დაარღვია: რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, რუსეთის არმია შეიჭრა უკრაინაში, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
- თქვენ რომ 1956 წელს ბუდაპეშტში ყოფილიყავით, იბრძოლებდით რუსეთის არმიის წინააღმდეგ?
- რა თქმა უნდა, მებრძოლთა წინარიგებში ვიდგებოდი.
- და თქვენ, ისევე, როგორც მამაჩემი, ინტერვენტებისგან თავს დაიცავდით და რუსებს სროლას დაუწყებდით?
- რასაკვირველია, ვესროდი რუსებსაც, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ჩვენ თავს არა მარტო რუსები გვესხმოდნენ. ამ მხრივ უნგრელებს ფართო გამოცდილება გვაქვს (...).
მოამზადა სიმონ კილაძემ