სტალინი: "ჩერჩილი ისეთია, თუ არ გაფრთხილდი, ჯიბიდან კაპიკსაც ამოგაცლის" - "დიდი ბელადის" ფარული ოპერაციები - კვირის პალიტრა

სტალინი: "ჩერჩილი ისეთია, თუ არ გაფრთხილდი, ჯიბიდან კაპიკსაც ამოგაცლის" - "დიდი ბელადის" ფარული ოპერაციები

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ისტორიაში არ არსებობდა დიქტატორი, რომელიც იოსებ სტალინის დარად იყენებდა სპეცსამსახურების შესაძლებლობებს. ჯაშუშობა, დეზინფორმაციის გავრცელება, ფარული მოსმენები და პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაცია – ეს ყველაფერი საბჭოთა დიქტატორის ძალაუფლების გამყარებას ემსახურებოდა. საარქივო დოკუმენტები ადასტურებენ, რომ სტალინი ყველაზე რადიკალური გადაწყვეტილების მიღების დროსაც ცინიკურად რეალისტი რჩებოდა. ის ყოველთვის ოსტატურად მალავდა თავის ფარულ ზრახვებს, რაშიც კარგი სამსახიობო ნიჭი უწყობდა ხელს. სტალინისთვის მიზნის მისაღწევად არ არსებობდა რაიმე სამართლებრივი ან მორალური დაბრკოლება. “მიზანი ამართლებს საშუალებას“ – ამგვარი იყო მისი ცხოვრებისეული კრედო.

დღეს მოგითხრობთ „დიდი დიქტატორის“ ერთი „ჩვეულებრივი“ დავალების შესახებ, რომელიც იუგოსლავიის ლიდერის - იოსიპ ბროზის (1892–1980) ლიკვიდაციას ითვალისწინებდა. იოსიპ ბროზის მამა ხორვატი იყო, დედა – სლოვენიელი. „ტიტო“ პარტიული ფსევდონიმია, რომელიც მოგვიანებით შეუერთდა მის გვარს, ამიტომ, ჩემი აზრით, მართებული იქნება, მისი სრული გვარი ამგვარად დაიწეროს: იოსიპ ბროზი (ტიტო).

მისი ბიოგრაფია ძალზე საინტერესოა, დღეს მხოლოდ ერთ, თუმცა ძალზე მნიშვნელოვან მონაკვეთზე (1945-1953 წლებზე) შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ტიტო ახალგაზრდობის პერიოდიდან შეუერთდა „კომუნისტურ მოძრაობას“: იყო იუგოსლავიის კომპარტიის წევრი, შემდეგ მუშაობდა მოსკოვში „კომინტერნში“, 1937 წელს დაბრუნდა სამშობლოში, სადაც იუგოსლავიის კომპარტიის ხელმძღვანელად აირჩიეს. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ტიტო სათავეში ჩაუდგა გერმანელების წინააღმდეგ პარტიზანულ მოძრაობას, ომის დამთავრების შემდეგ გახდა იუგოსლავიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. ბუნებრივია, იმ პერიოდში მას ხშირი კონტაქტები ჰქონდა „საბჭოთა ბელადთან“, რომელიც საკმაოდ კარგად იყო განწყობილი მისდამი.

picture4-1729232857.jpg

იოსიპ ბროზი (ტიტო) 1940-იანი წლების მეორე ნახევარი

თავად განსაჯეთ: სსრკ-ის უმაღლესი სამხედრო ჯილდო - „გამარჯვების ორდენი“ (რომელიც სტალინის გადაწყვეტილებით ყველაზე გამოჩენილ მხედართმთავარს ენიჭებოდა) მიღებული აქვს სულ ხუთ უცხოელს: ამერიკელ გენერალ ეიზენაჰაუერს, ბრიტანელ ფელდმარშალ მონტჰომერის, რუმინეთის მეფე მიხაის, პოლონეთის მარშალ მიხალ როლია-ჟიმერსკის და იუგოსლავიის მარშალს – იოსიპ ბროზს (ტიტოს). მას ეს ორდენი 1945 წლის 8 სექტემბერს მიანიჭეს და, რა თქმა უნდა, პირადად სტალინის გადაწყვეტილებით.

ამ ორი პიროვნების ურთიერთობებში თავიდანვე ყველაფერი ნათელი იყო: სტალინი „მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი“ და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უკვე მსოფლიოს ახალი პოლიტიკური წესრიგის მთავარი შემოქმედი გახლდათ, ტიტო კი ბალკანეთის ერთი პატარა, მთაგორიანი ქვეყნის „ახალგამომცხვარი“ პრემიერ–მინისტრი იყო, რომელიც ომის შემდეგ მთლიანად საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ დახმარებაზე იყო დამოკიდებული. „გოლიათი“ და „დავითი“ – ამგვარი შედარებაც უპრიანია. მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როდესაც 1945 წლის 11 აპრილს, სტალინის ინიციტივით

picture3-1729232857.jpg

ტიტო ხელს აწერს ხელშეკრულებას, სტალინი კმაყოფილებას არ მალავს.

მოსკოვში ხელი მოეწერა სსრკ-სა და იუგოსლავიას შორის მეგობრობის, ურთიერთდახმარების და ომისშემდგომი თანამშრომლობის ხელშეკრულებას. 1945 წლის ბოლოს სტალინს უკვე მოფიქრებული ჰქონდა ბალკანეთის ტერიტორიული და პოლიტიკურ–ეკონომიკური მოწყობის გეგმა, რომელიც ამ ქვეყნების „პოლიტიკურ გაწითლებას“ და ეკონომიკის საბჭოთა მოდელის თავს მოხვევას გულისხმობდა. ამ „დემოკრატიულ რეფორმებთან“ დაკავშირებით თავად ბალკანეთის ქვეყნების ხელისუფლებისა და მოსახლეობის აზრი „დიდი დიქტატორისთვის“ ყურადღების ღირსიც კი არ იყო. სტალინი ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ყოველ ნაბიჯზე პატარ–პატარა „მახეებს“ უგებდა და სულ უფრო და უფრო ითრევდა „საბჭოთა ჭაობში“. ვინც უარზე იყო საეჭვო ვითარებაში იღუპებოდა. თუნდაც ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა მინისტრი იან მასარიკის „თვითმკვლელობა“ გავიხსენოთ, რომელიც 1948 წლის 10 მარტს საკუთარი კაბინეტის ფანჯრიდან „გადმოხტა“.

სტალინის მეგობრული დამოკიდებულება ტიტოსთან თავიდან არავითარ ეჭვს არ იწვევდა: ის იმდენად უშუალო და მზრუნველი იყო „იუგოსლაველი ამხანაგების“ მიმართ, რომ ისინი აღტაცებული ბრუნდებოდნენ სამშობლოში და „დიდი ბელადის“ ადამიანური თვისებების შესახებ ლეგენდებს ყვებოდნენ. მაშინ სტალინი ტიტოს უსაფრთხოებაზეც ზრუნავდა.

სტალინმა 1944 წლის მაისში მ ოსკოვში იუგოსლაველ პოლიტიკოსს მილოვან ჯილასთან საუბარში სიკორსკის სიკვდილში დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური დაადანაშაულა. მილოვან ჯილასი მოგონებებში წერს: „ . . .მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ტიტო სადაზვერვო სამსახურების მზაკვრობას, განსაკუთრებით ინგლისურის, უნდა უფრთხილდეს: - ბოლოს და ბოლოს, მათ მოკლეს გენერალი სიკორსკი, ... . .. რა არის მათთვის ტიტოსთვის ორი-სამი კაცის გაწირვა - საკუთარს არ ზოგავენ! სიკორსკის შესახებ კი - ბენეშმა მითხრა: სიკორსკი ჩასვეს თვითმფრინავში და მშვენივრად ჩამოაგდეს - არანაირი მტკიცებულება, არავითარი მოწმე. . . . . სწორედ მათ მოკლეს გენერალი სიკორსკი თვითმფრინავში, შემდეგ კი ოსტატურად ჩამოაგდეს თვითმფრინავი - არც მოწმეები, არც კვალი. . . თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ ჩვენ, თუ ბრიტანელების მოკავშირეები ვართ, დაგვავიწყდა ვინ არიან ისინი და ვინ არის ჩერჩილი? მათ არ აქვთ იმაზე დიდი სიხარული, ვიდრე მოკავშირეებს ავნონ. პირველ მსოფლიო ომში ისინი გამუდმებით ღალატობდნენ რუსებსაც და ფრანგებსაც, და ჩერჩილი? ჩერჩილი ისეთია, თუ არ გაფრთხილდი, ჯიბიდან კაპიკსაც ამოგაცლის. . . . და რუზველტი? რუზველტი ასეთი არ არის - ის მხოლოდ უფრო დიდი ფულისთვის გაირჯება . . .– სტალინმა რამდენჯერმე გაიმეორა ეს გაფრთხილებები “ (ციტატის დასასრული).

მკითხველს შევახსენებ, რომ 1939 წლის 23 აგვისტოს, მოსკოვში, საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის გაფორმებული საიდუმლო შეთანხმების (ე.წ. „მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტი“) შემდეგ პოლონეთის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო: მისი ტერიტორია სტალინმა და ჰიტლერმა გადაინაწილეს. თუმცა პოლონელები ბრძოლას განაგრძობდნენ და მათი მეთაური ცნობილი პოლონელი მხედართმთავარი და საზოგადო მოღვაწე ვლადისლავ სიკორსკი გახდა. პოლონეთის დამარცხების შემდეგ საფრანგეთში მან დაიწყო ემიგრაციაში მყოფი პოლონეთის არმიის ფორმირება.

1939 წლის 30 სექტემბერს სიკორსკიმ ემიგრაციაში მყოფი პოლონეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, ხოლო 7 ნოემბერს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, სიკორსკი დაინიშნა შეიარაღებული ძალების გენერალურ ინსპექტორად (მხედართმთავარად). გერმანიის საფრანგეთში შეჭრის შემდეგ ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდნენ პოლონელები, ფრანგებთან და ბრიტანელებთან ერთად. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ კი, გადარჩენილი პოლონური ნაწილები გადავიდნენ ინგლისში და შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს.

picture2-1729232857.jpg

სიკორსკი და ჩერჩილი

სსრკ-ში გერმანიის შეჭრის შემდეგ, 1941 წლის 30 ივლისს, სიკორსკიმ დიდ ბრიტანეთში საბჭოთა კავშირის ელჩ ი. მაისკისთან გააფორმა ხელშეკრულება სსრკ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ხოლო 1941 წლის 4 დეკემბერს მოსკოვში ხელი მოეწერა მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დეკლარაციას სსრკ-სა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივ ბრძოლას "გერმანელი ბარბაროსების" წინააღმდეგ.

picture1-1729232857.jpg

სტალინი, მის უკან დგას სიკორსკი.

გერმანელების მიერ 1943 წლის აპრილში „კატინის სამარხის“ აღმოჩენისა და ფოტოდოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, სიკორსკიმ მოითხოვა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას ჩაეტარებინა კატინში პოლონელი სამხედროების მასობრივი დახვრეტის ფაქტის დამოუკიდებელი გამოძიება.

კატინის ტრაგედია 1940 წელს მოხდა: საბჭოთა კავშირმა დაატყვევა 20 000 ზე მეტი პოლონელი ოფიცერი და ჯარისკაცი, რომლებიც 1940 წელს დახვრიტეს ყოველგვარი ბრალდების გარეშე. საბჭოთა კავშირი შეეცადა კვალის დამალვას და ეს გერმანელებს გადააბრალა. გერმანელები ლოგიკურად ამტკიცებდნენ, რომ ამას ვერ გააკეთებდნენ, რადგანაც 1940 წელს იმ ტერიტორიებს საბჭოთა კავშირი აკონტროლებდაო. 1943 წლის აპრილში გენერალმა სიკორსკიმ განაცხადა, რომ მას არ სჯეროდა კატინის ამბებში გერმანიის მონაწილეობა. ამას მოჰყვა სტალინის უმწვავესი რეაქცია. მან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა სიკორსკის მთავრობასთან და ჩერჩილთან და რუზველტთან საიდუმლო მიმოწერაში ძალზე ნეგატიურად მოიხსენიებდა სიკორსკის. 1943 წლის 21 აპრილს სტალინი აშშ–ის პრეზიდენტ რუზველტს წერდა:

„ის გარემოება, რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მტრული კამპანია ერთდროულად დაიწყო გერმანულ და პოლონურ პრესაში და ერთი და იმავე გეგმით მიმდინარეობს – ეს გარემოება ეჭვს არ ტოვებს, რომ მოკავშირეთა მტერ – ჰიტლერსა და ბ–ნ. სიკორსკის მთავრობას შორის, არსებობს კონტაქტი და შეთქმულება ამ მტრული კამპანიის წარმართვისთვის. . . .ყოველივე ამის საფუძველზე საბჭოთა ხელისუფლება მივიდა ამ მთავრობასთან (იგულისხმება სიკორსკის მთავრობა – ბ.ა.) ურთიერთობის გაწყვეტის აუცილებლობამდე“. იმავე დღეს ანალოგიური შინაარსის წერილი გაუგზავნა სტალინმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ჩერჩილსაც.

ასე, რომ სტალინის პოლონელებისადმი ისტორიულ ანტიპათიას დაემატა ისიც, რომ სიკორსკიმ დაიჯერა გერმანული ვერსია და კატინის ტრაგედიაში ხელი დაადო საბჭოთა კავშირს. გარდა ამისა არსებობდა რეალური შანსი იმისა, რომ გერმანიის დამარცხების შემდეგ პოლონეთის ხელისუფლებაში სიკორსკი მოვიდოდა და სტალინი ვეღარ შეძლებდა პოლონეთის „გაწითლებას“.

სტალინი ხედავდა: ჯერ ერთი, სიკორსკი დიდ ბრიტანეთში იყო და რუსეთის გავლენას ნაკლებად დაემორჩილებოდა; მეორე, – მას ექვემდებარებოდა პოლონეთის არმია და, ფაქტობრივად, სიკორსკი ომის შემდეგ იქნებოდა ძალა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა “ევროპის გაწითლების” სტალინისეული გეგმისთვის. ასე რომ სიკორსკის საკითხი გადასაწყვეტი იყო.

1943 წლის 4 ივლისის ღამის თერთმეტ საათზე გიბრალტარზე მდებარე ბრიტანეთის კუთვნილი სამხედრო ბაზიდან მძიმედ აფრინდა ბრიტანეთის სამხედრო–საჰაერო ძალების კუთვნილი სატრანსპორტო თვითმფრინავი “ B-24 Liberator AL 523”. 25 ტონიანი გიგანტი სიბნელეში გაუჩინარდა. ბორტზე იმყოფებოდნენ: პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, გენერალი სიკორსკი, პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი თადეუშ კლიმეცკი; პოლონეთის არმიის ოპერატიული სამმართველს უფროსი პოლკოვნიკი ანდჟეი მარეცკი; სიკორსკის ქალიშვილი და მდივანი სოფია ლესნევსკა; სიკორსკის ადიუტანტები ლეიტენანტი ადამ კულაკოვსკი და ლეიტენანტი იოზეფ პონიკევსკი; ასევე დიდი ბრიტანეთის არმიის წარმომადგენლები. პოლონეთის პრემიერ–მინისტრი გიბრალტარის გავლით კაიროდან ლონდონში ბრუნდებოდა. გიბრალტარის აეროდრომიდან აფრენიდან ერთი წუთის შემდეგ თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. ეკიპაჟის 6 წევრიდან დაიღუპა ხუთი.

თვითმხილველთა გამოკითხვით გაირკვა, რომ აეროდრომზე თვითმფრინავი ორი საათის განმავლობაში დაცვის გარეშე იყო მიტოვებული. ასაფრენ ზოლზე დარჩა რამდენიმე ნივთი, მათ შორის, საფოსტო ბარგი და არის ვერსია, რომ ეს ნივთები ვიღაცამ შეცვალა იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის სანაცვლოდ, რომელიც თვითმფრინავზე აიტანეს. ავიაკატასტროფის გამოძიებამ ნათელი ვერ მოჰფინა ამ ტრაგედიის მიზეზებს. ვერსიები საკმაოდ ბევრი იყო: თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა, მფრინავის შეცდომა, დივერსია. განიხილებოდა სიკორსკის და მისი მხლებლების ხმელეთზე ლიკვიდაციის შესაძლებლობაც კი. ლონდონში მყოფმა პოლონეთის მთავრობამ უარი თქვა გამოძიების შედეგების აღიარებაზე, რადგანაც ავიკატასტროფის მიზეზი არ იყო დადგენილი. ამ ტრაგედიის შედეგად, როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად მოგებული ისევ საბჭოთა კავშირი და მისი ბელადი დარჩა.

(მეოთხე ნაწილის დასასრული)