სასიკვდილო სავარძელი: როგორ მოკლეს "ჰამასის" ლიდერი - რა ხდება ღაზას სექტორში, სადაც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

სასიკვდილო სავარძელი: როგორ მოკლეს "ჰამასის" ლიდერი - რა ხდება ღაზას სექტორში, სადაც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს

„ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაციით ისრაელი ღაზას სექტორის პრობლემას ბოლომდე მაინც ვერ გადაწყვეტს...

ისრაელის „ცახალის“ მებრძოლებს ძალიან გაუმართლათ, როდესაც ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, რაფაჰში მათმა „მერკავამ“ ზუსტი გასროლით ერთი სახლი დააზიანა, ხოლო დანგრეულ ოთახში შეფრენილი დრონის ვიდეოკამერამ სავარძელში მჯდარი დაჭრილი პალესტინელი აღმოაჩინა, რომელმაც ჯოხი მოუქნია დრონს, ააცილა, მაგრამ სამაგიეროდ, არ ააცილა ისრაელელმა სნაიპერმა...

ლიკვიდირებული პალესტინელი, არც მეტი და არც ნაკლები... თვით იაჰია სანვარი აღმოჩნდა, „ჰამასის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და ის პიროვნება, ვინც ისრაელის დაზვერვის მტკიცებით, ხელმძღვანელობდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან „ჰამასის“ დივერსიულ-ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის კიბუცებზე და იქ ჩადენილ არაადამიანურ ქმედებებს...

62 წლის სანვარზე ისრაელის ყველა სპეცსამსახური გამალებული ნადირობდა, მაგრამ მისი შემთხვევით აღმოჩენისა და განადგურების „პატივი“ მაინც უბრალო ისრაელელ ჯარისკაცებს ერგოთ...

არადა იაჰია სანვარი 16 წლის წინ, 2008 წელს, სიკვდილს სწორედ ისრაელელებმა გადაარჩინეს, კერძოდ კი - ისრაელელმა ქირურგმა, რომელმაც ციხეში მყოფ სანვარს თავის ტვინის რთული ოპერაცია გაუკეთა...

სხვათა შორის, სწორედ ამ ოპერაციის დროს აღებული იაჰია სანვარის დნმ-ის მონაცემები ძალზე გამოადგათ ისრაელის გამომძიებლებს, რომ ოპერატიულად დაედასტურებინათ -16 ოქტომბერს სნაიპერის ტყვიით თავის არეში მოკლული პალესტინელი, რომლის სახე ძლიერად იყო დაზიანებული, სწორედ იაჰია სანვარი გახლდათ...

1988 წლიდან 2011 წლამდე იაჰია სანვარმა ისრაელის ციხეებში 22 წელი გაატარა, მას 12 მკვლელობის ჩადენაში ედებოდა ბრალი და იგი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ძმამ, მოჰამედ სანვარმა, სხვა პალესტინელებთან ერთად, 2006 წელს გაიტაცა ისრაელის თავდაცვის არმიის „ცახალის“ ჯარისკაცი გილად შალიტი.

2-ham-1729241999.png
ისრაელელი ჯარისკაცები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ შენობის „გასუფთავებისას“ „ჰამასს“ პირველ პირს გაუნადგურებდნენ...

შალიტი „ჰამასს“ 2011 წლამდე ჰყავდა ტყვეობაში და ისრაელის მოსახლეობის დიდი ნაწილის ზეწოლის შედეგად, თელ-ავივი იძულებული გახდა, თავის ერთ დატყვევებულ ჯარისკაცში გაეცვალა ისრაელის ციხეებში მჯდარი 1 022 პალესტინელი პატიმარი, რომელთაგან 280-ს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ტერორიზმის მუხლით...

ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებულ ათასზე მეტ პალესტინელში პირველი სწორედ იაჰია სანვარი გახლდათ, რომელიც რამდენიმე თვეში „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრად აირჩიეს, ხოლო 2017 წელს ამ პოლიტბიუროს ლიდერი გახდა ღაზას სექტორში, ჩაანაცვლა რა მისი ყოფილი ლიდერი ისმაილ ჰანია, სწორედ ის ჰანია, რომელიც ისრაელის სპეცსამსახურებმა სულ ახლახან, 2024 წლის 31 ივლისს ირანის დედაქალაქ თეირანში მოკლეს...

ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედროებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში მართლაც შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწიეს, „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების ლიკვიდაციის სახით, რამაც, ბუნებრივია, ძალზე მძიმე დარტყმა მიაყენა ისრაელის დაუძინებელ მტრებს, როგორც ღაზას სექტორში, ისე - ლიბანის სამხრეთში, მაგრამ ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ მზე საბოლოოდ ჩაესვენა და ისინი შეწყვეტენ შეიარაღებულ ბრძოლას ისრაელის, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ?

რა თქმა უნდა, არა -„ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ სათავეში სხვა პოლიტიკური და საველე მეთაურები მოვლენ, რომელთა ნაწილის ლიკვიდაციას ისრაელის სპეცსამსახურები ისევ შეძლებენ, მაგრამ მოკლულ ლიდერებს სხვა პალესტინელები ჩაანაცვლებენ...

ისრელ-პალესტინის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ფესვები ბევრად უფრო ღრმაა, რადგან ისრაელი წინააღმდეგია ერთიანი პალესტინური სახელმწიფოს შექმნის, ხოლო პალესტინელები ისრაელს, როგორც სახელმწიფოს, არ აღიარებენ და ოცნებობენ მის ხმელთაშუა ზღვის ტალღებში „ჩაძირვაზე“...