"ოცნების“ აქტივისტები კერძო სექტორში მომუშავე პირებს ემუქრებიან, თუ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმას არ მისცემენ, სამსახურების დატოვება მოუწევთ - ვასახელებ ამ ადამიანებს" - კვირის პალიტრა

"ოცნების“ აქტივისტები კერძო სექტორში მომუშავე პირებს ემუქრებიან, თუ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმას არ მისცემენ, სამსახურების დატოვება მოუწევთ - ვასახელებ ამ ადამიანებს"

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცდილობენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამოიღონ, ასევე, კერძო სექტორში მომუშავე მოქალაქეებს ემუქრებიან, რომ თუ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არ მისცემენ ხმას, სამსახურების დატოვება მოუწევთ.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ანა წითლიძემ ბრიფინგზე გააკეთა და დაასახელა „ქართული ოცნების“ის მხარდამჭერები, რომლებიც მისვე თქმით, სამეგრელოში მოქალაქეებისგან პირადობის ამოღებას იძულებით ცდილობენ.

„ზუსტად რვა დღე დარჩა „რუსული ოცნების“ დამარცხებამდე და ზუსტად რვა დღე დარჩა საქართველოს უპირობო გამარჯვებამდე. როგორიც არ უნდა იყოს ამ რვა დღეში „რუსული ოცნების“ მცდელობა საქართველო აუცილებლად იქნება გამარჯვებული. როგორი მცდელობაც არ უნდა ჰქონდეს „რუსულ ოცნებას“ დააშინოს ან პირადობის მოწმობები წაართვას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს ვერ შეძლებენ მათ დაშინებას, რადგან ჩვენმა ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, რომლისთვისაც მიცემული ხმა არის მთავარი ინსტრუმენტი ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. ბოლო რვა დღეში გრძნობენ წაგებას, განსაკუთრებულად გაშმაგებული არის „ქართული ოცნება“ და ზუგდიდში, სამეგრელოში ტოტალურად ცდილობს პირადობის მოწმობების ამოღებას საქართველოს მოქალაქეებისგან, ადამიანებისგან, რომლებიც არიან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები. დღეს, მე დავასახელებ ამ ადამიანებს. სოფელ ოქტომბერში, ზაალ გეგეჭკორი, აფხაზეთის პოლიციის მაღალჩინოსანი, ადიკო ივანიშვილის ნათლული. პავლე გეგეჭკორი, სოფელ ოქტომბრის რწმუნებული. ასმათ უბილავა, „ქართული ოცნების“ აქტივისტი და დათო ქირია, „ქართული ოცნების“ აქტივისტი და ასმათ უბილავას მეუღლე, რომლებიც სოფელ ოქტომბერში მიუვარდნენ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს და ცდილობდნენ მათგან პირადობის მოწმობების ამოღებას. ამომრჩეველმა და ადგილობრივებმა მათ პირადობის მოწმობები არ მისცეს, რის შემდეგაც ზაალ გეგეჭკორი მათ დაემუქრა და უთხრა, რომ ისინი პასუხს აგებდნენ და მათ გაუსწორდებოდა.

ვასახელებ ასევე, სოფელ რიყის რწმუნებულს, გიორგი ჯოჯუას, რომელიც ცდილობს პირადობის მოწმობების ამოღებას ადგილობრივი მოსახლეობისგან, რომელზეც იცის, რომ ოპოზიციურად არის განწყობილი. გიორგი ჯოჯუა ადამიანებს, რომლებიც კერძოს სექტორში მუშაობენ ემუქრება, რომ მათ სამსახურს დაატოვებინებს, თუ ისინი ხმას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არ მისცემენ ან არ მისცემენ პირადობის მოწმობას. მოვუწოდებ ჩემს მიერ დასახელებულ ადამიანებს, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებსაც გადავცემთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. ეს არის აუდიო ჩანაწერები, თუ როგორ ცდილობთ თქვენ ადამიანებს წაართვათ პირადობის მოწმობები. უნდა იცოდეთ, რომ თქვენი თითოეული ნაბიჯის შესახებ ჩვენ ვიცით და უნდა იცოდეთ ისიც, რომ ვერცერთი ასეთი მცდელობით ვერ დააშინებთ ამომრჩეველს და ვერ შეძლებთ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს წაართვათ უფლება, არჩევანი თავისუფლად გააკეთონ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.