"ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის შეფასებაა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია" - გიორგი გახარია კითხვაზე, რამდენად განიხილავენ სალომე ზურაბიშვილის პრემიერობას
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რომელიც მაგიდაზე განსახილველად აუცილებლად უნდა იყოს.
როგორც გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ამ მიზნის მისაღწევად კი დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა.
„ჩვენი მთავარი პოლიტიკური ხაზი არის, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი მთავრობა, რომელიც არ იქნება არც „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი და არც „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლირებადი, რომლის მთავარი მანდატი უახლოესი წლების განმავლობაში იქნება ის, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გახსნას. სალომე ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია მსგავსი ამოცანის მისაღწევად. თვითონ ეს პროცესი, ქარტიიდან დაწყებული და პატრონაჟი, რომელსაც ის უწევს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვას, ის რესურსი, რომელიც მან ამ პროცესში დააგროვა ბოლო რამდენიმე წლის განმავალობაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში გამოსაყენებელია“, - განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, რამდენად განიხილავენ სალომე ზურაბიშვილის პრემიერობას, გახარიამ განაცხადა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია.
„ეს საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა. მოგეხსენებათ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით. ასე მარტივად არ ხდება, მისი ნებაც გასათვალისწინებელია. არ ვიცი, მას უნდა თუ არ უნდა, მაგრამ [ოპოზიციაში] ამ იდეაზე მსჯელობა არ ყოფილა. ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის შეფასებაა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია.
საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ზუსტად წელიწად ნახევარში როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. მთავარი ესაა. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
IPN