"რომას ბავშვობაში უშუქობა, გათბობის გარეშე ცხოვრება იყო. გონიერი ბავშვი იყო, ხელს ვუწყობდით. მისი მეუღლე ამერიკელია, ძალიან კარგი გოგონაა, ბავშვებს ჯანსაღად ზრდის" - რას ჰყვება ქართველ მებრძოლზე მისი მამა?
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ მორიგი ბრძოლა ჩაატარა
და კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. "რომას დედა მის შეხვედრებს ვერ ესწრებოდა, არ შეეძლო, შვილის ბრძოლა ენახა. დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა მეუღლის ნერვიულობა მეც გადმომედო და ბოლო ბრძოლების ნახვა მეც ვეღარ შევძელი", - მეუბნება რომან დოლიძის მამა, ბატონი ნოდარი და მაშინ, როცა მისი შვილი ამერიკიდან სამშობლოში მოემგზავრება, მის განვლილ ცხოვრების გზაზე, წარმატებებსა და პიროვნულ თვისებებზე გვესაუბრება.
- ბატონო ნოდარ, გილოცავთ რომას მორიგ წარმატებას. ემოცია გამიზიარეთ, თქვენთვის ეს რა განცდაა? მიამბეთ, რომას ბრძოლის დროს რა ხდებოდა თქვენს ოჯახში?
- ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის. თავდაპირველად, როდესაც რომამ შერეულ ორთაბრძოლებში დაიწყო ასპარეზობა, მის ყველა ბრძოლას ვესწრებოდი, მიუხედავად იმისა, სად იმართებოდა. ეს ხშირად იყო კიევში, პანდემიის დროს ამერიკაშიც ჩავედი. მეგონა, რომას გვერდით თუ ვიქნებოდი, მას ამით რაღაც ფორმით დავეხმარებოდი, მის ემოციას პირველი გავიზიარებდი. ყველა შეხვედრა ძალიან კარგად მახსოვს. რომას დედა მის შეხვედრებს ვერ ესწრებოდა, არ შეეძლო, შვილის ბრძოლა ენახა. დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა მეც გადმომედო მეუღლის ნერვიულობა, ბოლო ბრძოლების ნახვა მეც ვეღარ შევძელი. როდესაც ბრძოლა აქვს, ამ დროს ოჯახი ვცდილობთ მოვერიდოთ ზედმეტ ურთიერთობებს, წყნარად ყოფნას ვამჯობინებთ. ახლაც ყველანი საირმეში ვიმყოფებოდით, რომას შვილიც გვახლდა, მეუღლეც. გვეგონა ხალხს გავერიდეთ, მაგრამ ზოგიერთმა იქაც გვიცნო, გაგვამხნევა. რა თქმა უნდა, ოჯახში იმ ღამეს არც ერთს არ გვიძინია. გამთენიისას ჩემმა ბიძაშვილმა მამცნო რომას წარმატება და მას შემდეგ მოლოცვებს ვიღებ და ვიღებ. ძალიან გახარებულები ვართ. ის ნერვიულობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა გამოვიარეთ, რომამ თავისი გამარჯვებით გაანეიტრალა, ყველანი გაგვაძლიერა და გაგვახარა.
- რომასთან დალაპარაკება მოახერხეთ?
- თავად დაგვირეკა, ცოტა ხანს გველაპარაკა. ამ დილით კი უკვე ნიუ-იორკში იყო, თვითმფრინავში ჯდებოდა, ის ახლა საქართველოსკენ მოფრინავს. ტრადიცია აქვს, ყოველი ბრძოლის შემდეგ სამშობლოში ჩამოდის.
- როგორია აქ მისი ყოველდღიურობა? ერთ-ერთ ინტერვიუში ვუსმენდი, თქვა, რომ მშობლიურ სოფელს ყოველთვის სტუმრობს.
- ეს ის სოფელია, სადაც მე დავიბადე. თავად ბათუმში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ სოფელი ძალიან უყვარს, ბავშვობაში იქ ყველა ხეზე ერთხელ მაინც არის ამძვრალი. მდინარე ჩამოდის, სადაც ბანაობაზე გიჟდება. რომას უყვარს ბუნებაში განმარტოება, ტყეში კოცონთან ღამის მარტო გატარება, ხიფათსაც არ უფრთხის, საამისოდ ხშირად ლას-ვეგასის გარშემო მთებში გადის. იქ ვერ ვაკონტროლებთ და როცა აქ არის, რა თქმა უნდა, სულ ვცდილობ, ის მარტო არ იყოს. მახსოვს, ერთხელ სვანეთში ერთად წავედით, უკრაინელი მეგობრები ახლდნენ, შხარაზე მიმავალ გზაზე, მყინვარის ძირში, იქ, სადაც მდინარე ენგური "იბადება", იმ დამდნარ ყინულში იბანავა, ვერც ერთმა მისმა მეგობარმა ეს ვერ შეძლო.
- იმ სამზადისზეც მიამბეთ, რაც ახლა თქვენს ოჯახშია.
- წლებია, რომა ოჯახისგან მოშორებით ცხოვრობს. მოგეხსენებათ, სანამ ამ სპორტში მოხვდებოდა, ფეხბურთს თამაშობდა. ჯერ ტრაპიზონის ახალგაზრდულ ნაკრებში იყო, იქვე ცხოვრობდა, მერე ანკარაში გადავიდა, შემდეგ რუსთავის "ოლიმპიკში", სიმაღლე ხელს უწყობდა და კარში იდგა. 2008 წლიდან დაიწყო სტუდენტობა ოდესაში, ახლა ამ სპორტშია, სულ ოჯახისგან შორს ყოფნა უწევს... მისი ყოველი ჩამოსვლა ჩვენთვის დღესასწაულია. სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე, თავისებურად იკვებება, მაგრამ დედამ იცის, რა მოუმზადოს. აეროპორტში დახვედრის შემდეგ, ყველანი ოჯახში ვიკრიბებით, მოდიან ნათესავები, მეგობრები და რომა ერთ საღამოს გვითმობს. მას არ უყვარს ხალხმრავალი ღონისძიებები. სუფრასთან ვერ ერთობა, მისთვის გაუთავებელი სადღეგრძელოები ცოტათი მოსაწყენია.
- რას უმზადებს დედა, მისი საყვარელი კერძი რომელია?
- ბადრიჯანი ნიგვზით, ხაჭაპური უყვარს და ყველი, განსაკუთრებით - სულგუნი. ცომეულს ერიდება, მაგრამ დედისგან მომზადებულ ერთ ნაჭერ ხაჭაპურს მაინც მიირთმევს.
- რომას ბავშვობაში გადავინაცვლოთ. როგორი იყო, რა თვისებებით გამოირჩეოდა?
- რომას ბავშვობაში უშუქობა, გათბობის გარეშე ცხოვრება იყო. მაქსიმალურად ვცდილობდით, მისი განვითარებისთვის ხელი შეგვეწყო. გონიერი ბავშვი იყო, ლექსებს ადრეული ასაკიდანვე კარგად იმახსოვრებდა. მაშინ ჩვენთან სასულიერო გიმნაზია იყო, სადაც ბავშვები პირველ კლასში მისაღები გამოცდებით ხვდებოდნენ. მათ თავიანთი კრიტერიუმები ჰქონდათ, რომელიც ბავშვს უნდა დაეკმაყოფილებინა. რომა ამ გიმნაზიაში წარჩინებით სწავლობდა. იმ წლებში თავად ძალიან დაკავებული ვიყავი, თანამდებობაზე ვმუშაობდი, შემდეგ ბიზნესი მქონდა და რომას განვითარებაზე თავიდან ბოლომდე ჩემი მეუღლე ზრუნავდა. დაჰყავდა ნორჩ ტექნიკოსთა კლუბში, შემდეგ ტანვარჯიშზე შეიყვანა, მაგრამ იქ გაიგო, კარატეს სექცია რომ იყო და მიმართულება შეიცვალა. სწავლობდა ინგლისურ ენას. მას ბავშვობიდან მოყოლებული, თავისუფალი დრო საერთოდ არ ჰქონდა. მაშინ ჩვენი ეზო ავტოფარეხებით იყო მოფენილი. ზოგჯერ შინ რომ ბრუნდებოდა, რამდენიმე წუთს თუ გამონახავდა, სახურავიდან სახურავზე დაძვრებოდა. სტუმრად სადაც წავიდოდით, ყველას გულს უხეთქავდა, ყველგან რაღაც სიმაღლეზე უნდა ასულიყო.
- თქვენ ამას უკვე მიჩვეულები იყავით?
- დიახ, ერთხელ ბაკურიანში ვისვენებდით, იქ იყო ერთი დასაშვები ზოლი, სადაც მხოლოდ ძლიერი სპორტსმენები ბედავდნენ დაშვებას. რომა გაგვეპარა და იმ ტრასაზე თხილამურებით დაეშვა. წყალში თუ ბანაობდა, ყველაზე მაღალი სიმაღლიდან უნდა გადამხტარიყო. ასეთი სხარტი და მოუსვენარი იყო, მაგრამ მავნებელი არასდროს ყოფილა. მეზობლებს მძიმე ჩანთით თუ დაინახავდა, ჩამოართმევდა და სახლამდე მიატანინებდა. ადამიანების დახმარება უყვარდა. სასულიერო გიმნაზიის შემდეგ, რომა რუსულ სკოლაში სწავლობდა. ჩემს მეუღლეს მოსკოვის #1 სამედიცინო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. დაგეგმილი გვქონდა, რომას სწავლა მოსკოვში გაეგრძელებინა, მაგრამ 2008 წელს განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო, რუსეთში წასვლაზე ვინღა იფიქრებდა?! რომა ოდესაში გაემგზავრა, სადაც დაამთავრა ოდესის ნაციონალური საზღვაო უნივერსიტეტის ეკონომიკა, მენეჯმენტი, საპორტო საქმე, წარმატებით დაასრულა მაგისტრატურაც. სწორედ უკრაინაში ყოფნისას დაიწყო ჭიდაობა წესების გარეშე, გრემპლინგი, რაშიც მაშინ დიდად ვერ ვერკვეოდი. დროდადრო გვატყობინებდა, რომ გახდა ოდესის ჩემპიონი, უკრაინის, მსოფლიოს გრემპლინგის და ევროპის ჩემპიონი. ძალიან გავლენიანი მებრძოლები აფასებდნენ რომას გამოსვლებს. ოჯახში ვერც ჩვენ ვითავისებდით, ვერც ვიღებდით ისე, როგორც უნდა მიგვეღო, თურმე როგორი ბიჭი გაგვიზრდია. ახლა UFჩ-ში არის. თავად აქვს ნათქვამი, არასდროს მეგონა, ამ სპორტში თუ მოვიდოდიო. შინაგანად ის ჩხუბისთავი არასდროს ყოფილა.
- რომა ამ სპორტში პირველი ქართველი აღმოჩნდა, რომელმაც ნოკაუტით მოიგო, ამით ისტორიაში უკვე შევიდა.
- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სპორტში იყვნენ და არიან ჩვენი საამაყო ბიჭები გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი დიდი მიღწევებით, ნოკაუტით მოგება პირველად რომას გამოუვიდა.
- დღეს რომა საუკეთესო ათეულში შედის, არა?
- დიახ, ის ორ (84 და 93) წონით კატეგორიაში შედის საუკეთესო ათეულში. ორივე წონაში აქვს ნაბრძოლი. ჩვენს ქართველ ჩემპიონებს პირადად ვიცნობ, მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბიჭები ერთმანეთთან მეგობრობენ, რაც მახარებს. რომა და მერაბი ერთად ცხოვრობენ. მერაბს სახლი აქვს ლას-ვეგასში, გიგა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და რომას ბრძოლაზე იყო ჩამოსული. პირველად ის ამერიკაში ვნახე, შემდეგ - თბილისსა და ბათუმში. მართლა საუკეთესო ბიჭები არიან.
- ადვილი არ არის, დიდ წარმატებას მიაღწიო. თქვენი აზრით, რომას რა პიროვნული თვისებები ეხმარება ამ ყველაფერში?
- შრომის სიყვარული, მაგრამ მარტო სიყვარული არაფერია, შრომის უნარიც თუ არ გაქვს. როცა ის ამ სპორტში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ოდესაში ხელს ძალიან უწყობდნენ, უყვარდათ, ქალაქის ცენტრალურ უბანში საკუთარი დარბაზი ჰქონდა. იქ რომ ჩავედი, ვესწრებოდი, როგორ ავარჯიშებდა ბავშვებს იმ დარბაზში. უნდა გენახათ, როგორი დისციპლინა ჰქონდა, მეცადინეობაზე ვერავინ აგვიანებდა. ვინმე შემთხვევით თუ დაიგვიანებდა, კუთხეში უნდა დამდგარიყო და აზიდვები გაეკეთებინა; სანამ რომა არ ეტყოდა, არ უნდა გაჩერებულიყო. იმ ბავშვებს მაგალითს თავად აძლევდა, რომა პირველ რიგში მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ.
- რომას მეუღლეზე, შვილებზე მიამბეთ.
- ორი ბიჭი ჰყავს, ამირანი და დევი. ამირანი და დევი რომ შეებმებიან, მერე ბაბუა აშველებს ხოლმე (იცინის). რომას ძალიან უნდა, 4 შვილი ჰყავდეს, ერთი კი გოგონა იყოს.
- რომას მეუღლე ქართველია?
- არა, მეუღლე ამერიკელია. მას ძალიან უყვარს ბათუმი, აქედან წასვლა არ უნდა. მაშინაც კი ბათუმში რჩება, როცა რომა ამერიკაში მიდის. ძალიან კარგი გოგონაა, კარგი თვისებების მქონე, ბავშვებს ჯანსაღად ზრდის.
- ქართული ენა ისწავლა?
- სწავლობს.
- არის რაიმე დეტალი, რაზეც ყურადღება არ გაგვიმახვილებია და გსურთ გვითხრათ?
- ინტერნეტში ყველა კომენტარს ვეცნობი. ხშირად ვფიქრობ, არ წავიკითხო, მაგრამ თვალი მაინც გამირბის. მახარებს ის, რომ წარმატებულ სპორტსმენებს სამშობლოში დიდ მხარდაჭერას უცხადებენ. ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გგულშემატკივრობენ შენს ქვეყანაში. ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება წარმატებული სპორტსმენების მიმართ ატარებს, სწორია. ეს ახალგაზრდებისთვისაც უდიდესი სტიმულის მიმცემია.
- მადლობა ინტერვიუსთვის, გისურვებთ, თქვენი შვილის გამარჯვებით გამოწვეული სიხარული არაერთხელ განგეცადოთ!
- უღრმესი მადლობა თქვენს ჟურნალს გამოჩენილი ყურადღებისთვის!
თამუნა კვინიკაძე