"დღეს ჩვენი პატარა ელენე გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე..." - რას წერს ნიკა გვარამია?
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
ავარიისას გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილი, რომელიც კოალიცია "ცვლილებებისთვის" შტაბის წევრი გახლდათ, დღეს დაკრძალეს.
"დღეს ჩვენი პატარა ელენე გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე. გარდაცვლილიც კი იღიმებოდა თავისი განსაკუთრებულად კეთილი და თბილი გამომეტყველებით.
ასე დაგვემშვიდობა. წავიდა და დაგვიტოვა დიდი ტკივილი და გულისწყვეტა. ჩემო კეთილო და უსაყვარლესო გოგო, ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენ აქ ვიზეიმებთ და შენ იქ, კეთილთა სასუფეველში! გვიყვარხარ და არასდროს არ დაგვავიწყდები" - წერს ნიკა გვარამია.