"2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით და ჩვენ ამაყად, თავაწეულნი შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში"
2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით და ჩვენ ამაყად, თავაწეულნი შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველვყოთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა საჭირო.
„მივესალმები ქუთაისს, ჩემს მშობლიურ იმერეთს და უსაყვარლეს იმერლებს! მივესალმები განსაკუთრებული სიტყვა-პასუხით და სტუმარ-მასპინძლობით განთქმულ ხალხს! მივესალმები ერთ-ერთ უძველეს, ევროპულ ქალაქს, ქუთაისს, რომელიც თავად არის ისტორია, კულტურა, საქართველო! ჩვენი ქვეყნისთვის ქუთაისი მთავარი დასაყრდენი იყო ოდითგან! სწორედ ქუთაისში ეკურთხა მეფედ დავით აღმაშენებელი, სწორედ ქუთაისიდან დაიწყო ჩვენმა უდიდესმა წინაპარმა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და სწორედ ქუთაისი იყო ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა!
გელათის აკადემია და ქუთაისის კლასიკური გიმნაზია; აკაკი წერეთელი, ზაქარია ფალიაშვილი, ცისფერყანწელები და რა თქმა უნდა გალაკტიონი! თითქოს მეტი რა უნდა მისცეს ქართულ კულტურას ერთმა კუთხემ, ერთმა მხარემ, მაგრამ ქუთაისმა და იმერეთმა გაცილებით, გაცილებით მეტი შეძლო. ბოლოს და ბოლოს, ხომ ვიცით, რომ სულ რაღაც საუკუნის წინ, სწორედ ქუთაისმა შესძინა თბილისის კულტურულ ცხოვრებას ახალი სიცოცხლე!
ამ ქალაქის საამაყო შვილი, დიდი რეზო გაბრიაძე ამბობდა - „მაშინაც კი, როდესაც პარიზზე ვწერ, მაინც ქუთაისზე დაწერილი გამომდის... ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან, მათი გრძნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია“... დავამატებდი, რომ როდესაც საქმე სამშობლოს, ღირსებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ამ ქალაქისა და კუთხის შვილები ყოველთვის განსაკუთრებული პრინციპულობით და სიმკაცრით გამოირჩევიან!
ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც საქართველოს და ზოგადად, ქართველების ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდებოდა, როდესაც ქვეყანაში ჯოჯოხეთური ტერორი იყო გამეფებული და ადამიანებს აზრის გამოთქმისა და პროტესტის გამოხატვის კი არა, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ.
დღეს აქ უამრავ ჩვენს ძველ და უკვე ახალ თანამებრძოლს ვხედავ, რომელთაც, ისე, როგორც ჩვენს ხალხს, არ სჭირდება იმის ახსნა, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, თუმცა ახალგაზრდების ნაწილს, რომელთაც შესაძლოა აფიქრებინონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასება გადაჭარბებულია, მოკლედ შევახსენებ:
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ძალაუფლება გარედან მართული რეჟიმის ხელში იყო კონცენტრირებული, საზოგადოებაზე წნეხი და ძალადობა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძო საკუთრების წართმევა და მითვისება, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა საქართველოს ყოველდღიურობად იყო ქცეული!
იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ღირსება წაართვა, ციხე და მართლმსაჯულების სისტემა წამების ინსტრუმენტად აქცია, ხოლო თუკი ვინმეს განსხვავებული პოლიტიკური აზრი ჰქონდა, უკანონო პატიმრობითა და ჯოჯოხეთის გამოტარებით სჯიდა!
მკვლელობა და წამება რომ არ აკმარეს მოსახლეობას, 2008 წელს უარესი ტრაგედიაც დაატრიალეს, ქვეყანას უღალატეს და საქართველო ომში ჩაითრიეს, რასაც დამატებით ტერიტორიების დაკარგვა, ათეულობით ათასი დევნილი, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ასობით გმირი მებრძოლისა და მშვიდობიანი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
2012 წლის 1-ელ ოქტომბრის შემდეგ კი, ამ ხალხმა კვლავ გააგრძელა ანტიეროვნული პოლიტიკა და ახლა უკვე საზოგადოების გახლეჩის, არეულობისა და გადატრიალების მოწყობის მუდმივი მცდელობებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით!
ქართველი ხალხის მიერ ძალაუფლებაჩამორთმეული „ნაციონალური მოძრაობა“ დამოუკიდებლად, ამას, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდა... მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა, დღეს უკვე - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, რეალურად, უსამშობლოებისა და კრიმინალების უკანასკნელი თავშესაფარია, იქცა საქართველოს გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად. დაჯგუფებად, რომელიც ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესებისა და უცხოელი პატრონების დავალებების გათვალისწინებით, მზადაა საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას. დაჯგუფებად, რომლის გამოც ქართული პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება ვერ ხერხდება და უკვე წლებია, ჩვენს მოქალაქეებს არა კარგსა და უკეთესს, არამედ კარგსა და ცუდს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება!
მათ კრიმინალურ და ანტისახელმწიფოებრივ ბუნებასა და დანაშაულებზე კიდევ დიდხანს, დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა, მათ რაობაში ბრძენი ქართველი ხალხი უკვე დიდი ხანია დარწმუნდა. სწორედ ამას მოწმობს ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანია!“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში ვერავინ - ვეღარასოდეს შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას.
„ალბათ გახსოვთ, რომ 12 წლის წინ, თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ქუთაისში, საქართველოს მამა-ქალაქში, დავდეთ პირობა, რომ ერთად ვიბრძოლებდით ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის...
პირადად მე სიტყვა მოგეცით, რომ იმ უთანასწორო ბრძოლაში, ბოლომდე თქვენ გვერდით ვიდგებოდი!
ჩვენი ერთობით, სიმართლით და ერთმანეთის რწმენით გავიმარჯვეთ და შევძელით ყველასთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი ადამიანების სამშობლო, დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა, სადაც ვერავინ - ვეღარასოდეს შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას!
ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავაშენეთ სახელმწიფო, რომელიც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის ღირსებას ეფუძნება, განურჩევლად მისი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ტიპის კუთვნილებისა.
შედეგად, ვცხოვრობთ დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებულ ქვეყანაში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აზრისა და სიტყვის თავისუფლება; გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი... ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში.
„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ გააზრებული პოლიტიკით, კარგად გათვლილი რეფორმებით, საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, განათლება თუ სხვ.
მოგეხსენებათ, 7 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას უკვე გააცნო ჩვენი გუნდის მიღწევები და ამბიციური, თუმცა რეალისტური პროგრამა, რომელიც საოცრად შთამბეჭდავია და უზომოდ სასიხარულოა საქართველოს თითოეული პატრიოტისთვის!
მაგრამ, თუკი მავანი „ქართული ოცნების“ პროგრესს არ ხედავს, ან ჩვენს სტატისტიკას და მონაცემებს არ ენდობა, შეუძლია გადახედოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებს, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს. ამაზე ბათუმსა და ზუგდიდში გამართულ შეხვედრებზე უკვე დეტალურად ვისაუბრე; საქართველოს მოსახლეობა ამას საკუთარი თვალით ხედავს და უკიდურესად მიკერძოებული ოპონენტიც კი ვერ გაბედავს ჩვენი გუნდის მიერ 11 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის უარყოფას, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც უმაგრებს ზურგს. ამ კვლევების მიხედვით კი, საქართველო ხან საუკეთესო ქვეყნების ხუთეულშია, ხან სამეულში, ზოგჯერ კი სულაც საუკეთესოა მსოფლიოში!“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „სწორედ „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია წარსულის შთამბეჭდავი მიღწევები და მსოფლიო სავალუტო ფონდის ის სამომავლო პროგნოზი, რომლის თანახმადაც, ათწლიანი ზრდის სამი მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია!“
„ეს იმას ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით და ჩვენ ამაყად, თავაწეულნი შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში.
რაც ყველაზე მთავარია, ამ პროგრესის მთავარი წინაპირობა გახლავთ ის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ერთადერთ პოლიტიკურ ძალად საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც კი, რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, ქვეყანას ასე სანუკვარი რამ - 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა!
ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამალვას, დამახინჯებას და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა ქართველი ხალხი ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, 26 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღე, რომელსაც ისეთივე ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია, რომელზეც არა მხოლოდ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მათ უცხოელ პატრონებს, საბოლოო ჯამში კი მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთხმად ირჩევს არა ომს, არამედ მშვიდობას; არა ფსევდო-ლიბერალურ, თავსმოხვეულ ღირებულებებს, არამედ ოჯახურ ფასეულობებს, რწმენას და ტრადიციებს; არა სხვა ქვეყნების უპირობო მორჩილებას, არამედ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას; არა ცალ ფეხზე დგომას - არამედ ღირსეულ ევროპულ მომავალს; არა საკუთარი ქვეყნისთვის ომის ტრაგედიის თავს დატეხას, არამედ ურთიერთშერიგების, საკუთარი ქმედებების გააზრებისა და ერთმანეთისთვის ხელის გაწვდენით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!
იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველვყოთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა საჭირო!
საზოგადოების მხრიდან მონიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს!
ამას გარდა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტის დონეზე ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ომის დანაშაულის გამო, კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, „26 ოქტომბერს, სამუდამოდ დავასრულოთ ცრუ ქართველების ბოგინი ჩვენს საქართველოში“.
„ქუთაისში ვიმყოფებით და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქალაქის შვილებს, რომლებიც ქართულ კულტურას უკვე საუკუნეებია ამდიდრებთ, არ გესწავლებათ, რომ ერის მთავარი დასაყრდენი ის ღირებულებები და ფასეულობებია, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში შემოგვინახეს.
საქართველოში მოქმედ „არასამთავრობო ორგანიზაციებსა“ და პოლიტიკურ პარტიებში გაბნეული ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიის მქონე აგენტურის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეც სწორედ ეს არის - მათ ზუსტად იციან, რომ ერის დაკნინება და მარტივად დამორჩილება მხოლოდ საკუთარი წარსულის დავიწყებით, ისტორიის გაუფასურებითა და მორალური პრინციპების გაბუნდოვანების გზით არის შესაძლებელი.
ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება, რათა არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხი კონსტიტუციის დონეზე გავამყაროთ!
ბუნებრივია, ის ხალხი, ვინც ჩვენს ტრადიციებს ებრძვის, განსაკუთრებულ აგრესიას იჩენს ჩვენი თვითმყოფადობის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენის - მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. არადა, ჩვენი ქვეყნის ევროპულობა, მნიშვნელოვანწილად, სწორედ იმან განსაზღვრა, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა! მჯერა, რომ განსხვავებულის მიმღებლობა და ტოლერანტობა, ასე კარგად რომ ახასიათებს ჩვენს ერს, ქართველი კაცის ხასიათთან ერთად, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენში ღრმად გამჯდარი ქრისტიანული რწმენის დამსახურებაა.
ამიტომაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და ამ საკითხს კონსტიტუციაში ავსახავთ! თუმცა, რა თქმა უნდა, ამით საქართველოში მოქმედი არცერთი რელიგიური კონფესიის უფლება მინიმალურადაც კი არ შეიზღუდება, რისი გარანტიც იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
დასასრულს კი, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც არჩევნებზე ქუდზე-კაცი უნდა გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“ დავუჭიროთ მხარი - რეგიონში და მთლიანად - მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნებისმიერ მომენტში შესაძლოა გაჩნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა!
ამიტომაც, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ საჭირო დროს, წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მშვიდობიანი გზით გამთლიანებისთვის არის აუცილებელი, რადგან თავადაც კარგად იცით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოსთვის სასარგებლო თითოეულ საქმეს ეწინააღმდეგება, ყველაზე დიდ აგრესიას კი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთმიტევების გზით აღდგენის წინააღმდეგ გამოხატავენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 26 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობას მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი - ან კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, სადაც თავმოყრილნი არიან უსამშობლო მოღალატეები, რომელმაც საკუთარი თავი ომის, არეულობის, ძალადობის, ტყუილისა და უცხო ინტერესების მორჩილების სიმბოლოდ აქციეს - ან „ქართული ოცნება“, ეროვნული პოლიტიკური ძალა, რომელიც წლებია ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და არის კეთილდღეობის, სტაბილურობის და ღირსეული ევროპული მომავლის გარანტი.
ქართველებს, ამ ქვეყნის შვილებს, არაფრის გვეშინია. არც წარსულის, იმიტომ, რომ სახელოვანი წინაპრები და ისტორია გვიმაგრებს ზურგს და არც მომავლის, იმიტომ, რომ ეს მომავალი ჩვენს ხელშია!
ვფიქრობ, განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში, მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ სტრატეგიული სიფრთხილე, იმერული გონიერება, შევძლოთ მობილიზება და კიდევ ერთხელ გადავარჩინოთ საქართველო, შემდეგ კი ჩვენივე დაწყებული საქმე ერთად მივიყვანოთ ბოლომდე და ღირსეულად, თავაწეულებმა შევაბიჯოთ ევროპის ღირსეულ ოჯახში! დაბოლოს, თქვენ წინაშე გამოსვლა ჩემი კუთხის შვილის, ყველასათვის უსაყვარლესი მუხრან მაჭავარიანის სიტყვებით მინდა დავასრულო:
„სულს მივცემ ჩემსას
მე იმას მარტო,
ვინც საქართველოს
ესწრაფვის ქართულს!
არა ცრუქართულს!
ნამდვილად ქართულს!
სიტყვითურთ ქართულს!
საქმითურთ ქართულს!“
ჩემო იმერლებო - 26 ოქტომბერს, სამუდამოდ დავასრულოთ ცრუ ქართველების ბოგინი ჩვენს საქართველოში. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან და გაბრწყინებულ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - განაცხადა ივანიშვილმა.