კამიკაძე-დრონი ამჯერად თავად ნეთანიაჰუს „ესტუმრა“ სახლში...
ისრაელის დაზვერვამ და საჰაერო ძალებმა ბოლო პერიოდში მართლაც დიდი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით გაანადგურეს „ჰეზბოლასა“ თუ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერები და საველე მეთაურები, მაგრამ ამჯერად პასუხი თავად ისრაელელებს დაუბრუნდათ და თავად... პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს...
19 ოქტომბრის დილას სამხრეთ ლიბანიდან „ჰეზბოლამ“ სამი კამიკაძე-დრონი გაუშვა სამხრეთით, ისრაელის ცენტრისკენ. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ მართალია შეძლო ორი დრონის ჩამოგდება, მაგრამ მესამე ხელიდან დაუსხლტა, რომელმაც გააგრძელა ფრენა და ისრაელ-ლიბანის საზღვრიდან სამხრეთით დაახლოებით 70 კმ-ის სიღრმეში,კეისარიის რაიონში შენობას დაეცა და აფეთქდა...
აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ამ მორიგ საჰაერო თავდასხმას ნაკლები ყურადღება მიექცეოდა, რომ არა ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება - ის სახლი, რომელსაც „ჰეზბოლას“ კამიკაძე-დრონი დაეცა და აფეთქდა, არც მეტი და არც ნაკლები... თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პირად საცხოვრებელ რეზიდენციას წარმოადგენდა!
ისრაელის სამხედრო ცენზურამ მაშინვე დაბლოკა ამ წერტილოვანი საჰაერო თავდასხმის დეტალები, თუმცა ის გახდა ცნობილი, რომ ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე საჰაერო თავდასხმის მომენტში სახლში არ იმყოფებოდნენ...
ეჭვს გარეშეა, რომ ეს იყო შურისმაძიებელი საპასუხო საჰაერო შეტევა ისრაელის ლიდერზე მას შემდეგ, რაც ისრაელის გაშვებულმა კამიკაძე-დრონებმა, რაკეტებმა თუ მართვადმა ბუნკერსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბებმა „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ არაერთი ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინეს შენობებსა თუ ბუნკერებში...
ამით „ჰეზბოლამ“ და ალბათ, მის უკან მდგარმა ირანმაც ისრაელს და მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ მათაც შესწევთ უნარი, რომ მოწინააღმდეგე ქვეყნის ლიდერების სახლებზე წერტილოვანი საჰაერო იერიშები მიიტანონ, რაზეც მეტყველებს თუნდაც ცოტა ხნის წინ ირანიდან სტარტაღებული ბალისტიკური რაკეტის ჩავარდნა ისრაელის „მოსადის“ შტაბ-ბინის სიახლოვეს...
საგულისხმოა, რომ თვითმხილველებმა მოასწრეს დაეფიქსირებინათ საინტერესო კადრები - ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე შედარებით დიდი სიჩქარით შემოფრინდება თვითმფრინავის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონი,რომელიც გვერდზე ჩაუქროლებს ისრაელის საჰაერო ძალების „აპაჩის“ ტიპის საბრძოლო შვეულმფრენს, რომლის ეკიპაჟი ვერ ასწრებს რეაგირებას...
არსებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს პირად რეზიდენციაზე თავდასასხმელად გამოყენებული იქნა ირანული წარმოების კამიკაძე-დრონი Ziyad 107, სწორედ ისეთი, რომლის საშუალებითაც 14 ოქტომბრის დილას „ჰეზბოლამ“ მოახერხა ზუსტი საჰაერო დარტყმის მიყენება ბინიამინში (ისრაელ-ლიბანის საზღვრიდან სამხრეთით 66 კმ-ში) მდებარე „ცახალის“ სამხედრო ნაწილის სასადილოს შენობაზე, რასაც ოთხი ისრაელელი სამხედროს დაღუპვა და 51 დაჭრა მოჰყვა...
არცერთი ქვეყნის და მათ შორის, არც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემას არ შეუძლია 100 %-იანი უსაფრთხოების გარანტიის მიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანი „ჰეზბოლას“ ხელით კვლავ ეცდება გაიმეოროს ამგვარი წერტილოვანი საჰაერო იერიშები ისრაელის სხვა მნიშვნელოვან სტაციონარულ ობიექტებზეც...