„კოლონიური“ შეთანხმება - რუსები ბიზნესს ისე დაიწყებენ, რომ აფხაზებს ერთი რუბლის სარგებელიც არ ექნებათ - კვირის პალიტრა

„კოლონიური“ შეთანხმება - რუსები ბიზნესს ისე დაიწყებენ, რომ აფხაზებს ერთი რუბლის სარგებელიც არ ექნებათ

აფხაზეთის სრული კოლონიზაციის რუსული გეგმა უკვე გააქტიურდა. ერთი თვეც არ გასულა, რაც აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, დიდი პროტესტის მიუხედავად, მაინც დაამტკიცა რუსეთის პირველი მოთხოვნა ეკონომიკურ საკითხებზე სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარების შესახებ, მაგრამ მოსკოვი სულ უფრო მეტს ითხოვს. ამჯერად სურს დამტკიცდეს შეთანხმება, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის უპრეცედენტო შეღავათების დაწესებას გულისხმობს. პროექტის დამტკიცებიდან 8 წლის განმავლობაში რუსული ბიზნესი გათავისუფლდება საბაჟო, ქონების და მოგების გადასახადებისგან. ამ ბიზნესს მოემსახურება რუსული ბანკი, რომლის სათავო ოფისი რუსეთში იქნება და არც ის გადაიხდის გადასახადებს აფხაზეთში. გამოდის, რუსები აფხაზეთში ბიზნესს ისე დაიწყებენ, რომ აფხაზებს ერთი რუბლის სარგებელიც არ ექნებათ. შეთანხმებაზე აფხაზებს ხელი მოწერილი აქვთ, საკითხი ე.წ. კომიტეტის სხდომაზე დახურულ ფორმატშიც განიხილეს ისე, რომ არც მომიტინგე ჟურნალისტები შეუშვეს და არც ოპოზიცია. ახლა დე ფაქტო პარლამენტში იგეგმება დოკუმენტის რატიფიცირება და კვირაზე მეტია ოპოზიციურ ტელეგრამ-არხებზე არ წყდება ოპოზიციისა და აქტივისტების განცხადებები, რომ ეს არის "კოლონიური" შეთანხმება, რომელიც მალე აფხაზეთში ბიზნესს გააქრობს უთანაბრო პირობების გამო. აფხაზების მრისხანება კი მხოლოდ "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიასკენაა მიმართული, რომ მან ქვეყანა გაყიდა და ეს გარიგებაა რუს ოლიგარქებთან. ჯერ ვერავინ ბედავს კრემლის გაკრიტიკებას და საჯაროდ აღიარებას, რომ ეს დირექტივა პირდაპირ კრემლიდან მოდის.

მოსკოვი აფხაზებისგან სულ უფრო მეტს ითხოვს

აგვისტოს ბოლოს ტელეგრამარხებზე გავრცელდა კოზაკ-ბჟანიას შეთანხმების ასლი, სადაც არის კრემლის 3 მოთხოვნა და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში დაანონსებული 3 სასჯელი. 25 სექტემბერს, დიდი პროტესტის მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტმა დაამტკიცა პირველ ნომრად გაწერილი მოთხოვნა ე.წ. სასამართლოების შესახებ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ აფხაზეთში რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებულ ეკონომიკურ დავებს განიხილავს არა სოხუმის, არამედ რუსეთის საარბიტრაჟო ან რუსული სასამართლო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კი ვალდებულია ის აღასრულოს. ოქტომბრის დამდეგს ასლან ბჟანია მეორე მოთხოვნის შესრულებასაც შეუდგა.­ "აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ" დოკუმენტი რუსი ბიზნესმენებისთვის უპრეცედენტო პრივილეგიებს გულისხმობს. პრივილეგიებით სარგებლობისთვის ინვესტიციების ოდენობა უნდა იყოს 2 მილ­იარდი რუბლი (დაახლოებით 2 მილიონი დოლარი). ინვესტორი თავისუფლდება: საბაჟო გადასახადისგან; დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ), ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან; აფხაზეთის მთავრობა იღებს ვალდებულებას, ინვესტორს საინვესტიციო პროექტებისთვის მიაწოდოს საჭირო მიწის ნაკვეთები და მუშახელი სხვა ქვეყნებიდან; გარდა ამისა, აფხაზეთში გაიხსნება რუსეთის ბანკის ფილიალი, რომელიც მოემსახურება ინვესტორს. აფხაზი ეკონომისტების თქმით, აფხაზი­ მეწარმეები კონკურენციას ვერ გაუწევენ მსხვილ რუსულ ბიზნესს და ყველაფერს რუსი ოლიგარქები ჩაიგდებენ ხელში.

ოპოზიციის ლიდერის, ადგურ არძინბას აზრით, ეს ცალკეული რუსი ოლიგარქების მოთხოვნაა, რომელთა ინტერესებს აფხაზეთში ასლან ბჟანია ლობირებს.

ოპოზიციამ გაავრცელა ინფორმაცია, როგორ დაინაწილეს აფხაზი მეწარმეებისთვის გამოყოფილი რუსული მილიონები აფხაზმა "მინისტრებმა" "დეპუტატებმა" და მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებმა.

შეღავათიანი დაკრედიტების პროგ­რამა 2015 წელს ამოქმედდა, 2022 წლიდან კი დაიწყო დაფინანსების გაცემა და მეწარმეებს შორის რატომღაც აღმოჩნდნენ­ აფხაზი­ "ჩინოვნიკები"“ და "პარლამენტის" წევრები, რომლებსაც კანონით ეკრძალებათ­ ბიზნესსაქმიანობა. საუბარია 5,1 მილიარდი რუბლის გადანაწილებაზე. 1,2 მილიარდი რუბლის სესხი გადაეცათ სოხუმში ბინების ასაშენებლად "დეპუტატ" ტიმურ ბეის, ალხას ბარციცსა და იუსტიციის მინისტრ ანრი ბარციცს; 600 მილიონი რუბლი - გუდაუთაში ლუდსახარშის, ხოლო 500 მილიონი ახალ ათონში სასტუმროს ასაშენებლად ე.წ. პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბს, ე.წ. ეკონომიკის მინისტრ ქრისტინა ოზგანსა და მის მოადგილე ასლან ლაკობას; 1,1 მილიარდი რუბლი - სოხუმში ბინების ასაშენებლად ე.წ. ვიცე-პრეზიდენტ ბადრა გუმბას; 1,2 მლრდ ბინების ასაშენებლად გალის რაიონის გამგეობის უფროსს კონსტანტინე ფილიას და ასლან ბჟანიას სიძეს, ომარ ავიძბას; 500 მილიონი გაგრაში სასტუმროს ასაშენებლად "დეპუტატ" ალისა გულარიას. სესხის მიმღებთა შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც სესხი არ დაფარეს და გამოიყენებენ პირამიდას“- დაფარვის სქემა ახალი სესხის აღებით.

დე ფაქტო ხელისუფლება რუსი ბიზნესმენებისთვის შეღავათების დაწესების­ აუცილებლობაზე ლაპარაკობს, თუ შეთანხმება არ დამტკიცდება, ეს ანტირუსულ აქტად აღიქმება და შეთანხმების მოწინააღმდეგეებს რუსეთის მოქალაქეობა­ ჩამოერთმევათ.

davie-acquires-helsinki-shipyard-hu151da148f4cc25f49842c6221cacf9c0-330699-1800x0-resize-q50-box-42-1729429497.jpg

სასჯელი - რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა

თუ სამი მოთხოვნა არ შეასრულეს აფხაზებმა, გათვალისწინებულია სასჯელებიც­. მათ შორის, ხელფასების შეჩერება უკვე ამოქმედდა. მეორე იყო ანტირუსულად განწყობილი აფხაზი ოპოზიციონერებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის მუქარაც. რამდენიმე ტელეგრამარხმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა ტაიფუნ არძინბას რუსეთსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებაში შეფერხების გამო. ის ყოფილი "დეპუტატია", ტყვარჩელში ქვანახშირის ბიზნესი და 50 მილიონი დოლარის კაპიტალი აქვს. აქვს თურქეთისა და აფხაზეთის მოქალაქეობა და თანამშრომლობს თურქეთის რესპუბლიკის სადაზვერვო სამსახურებთან, ლობირებს აფხაზეთის თურქეთთან დაახლოებას.

ვინ შეიძლება აღმოჩნდეს შემდეგი? დასჯის მთავარ კანდიდატად დასახელდა ლევან მიქაა. როგორც ამბობენ, ის დგას მოძრაობა "ხარახ პიცუნდას" უკან, რომელიც ბიჭვინთის აგარაკებისა და შემდეგ აპარტოტელების საკითხზე მსჯელობებში ძალიან აქტიურობდა. დასჯის მეორე კანდიდატად დასახელდა "დეპუტატი" კან კვარჩია, მისი სახელი დაუკავშირდა სოხუმის მუზეუმში არსებული შამილ ბასაევის პორტრეტის სკანდალს, დაიწერა, რომ რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, ის ფოტოს ჩამოხსნის წინააღმდეგი იყო. შესაძლოა ამ სიაში აღმოჩნდეს ადგურ არძინბაც, რომელიც აპარტ-ოტელების თემაზე აქტიურობდა.

"რუსებმა აფხაზეთის კოლონიად გადაქცევა დაიწყეს"

მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - აფხაზებმა თვითონ დათესეს ქარი, რასაც ქარიშხალი მოჰყვა. აქტიურობა აეროპორტის თემაზე დაიწყო. მის აღდგენაზე 10-მა რუსმა ინვესტორმა უარი თქვა იმიტომ, რომ მწარე ინფორმაცია ჰქონდათ, თუ რა დღეში ჩააგდეს აფხაზებმა რუსი ინვესტორები.

მოსკოვი უკან დამხევი არ არის, აფხაზეთის "პარლამენტს" ინვესტიციების დოკუმენტსაც დაამტკიცებინებს და აპარტ-ოტელების კანონსაც. გეოსტრატეგიულად აფხაზეთი უმნიშვნელოვანესი სივრცეა, ბომბორას აეროპორტი სტრატეგიული ბომბდამშენების განლაგების ადგილია საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული. ეშერაში არის სხვადასხვა ტიპის, მათ შორის წყალქვეშა­ ნავების ბაზა, ასევე ელექტრონული დაზვერვის რამდენიმე საიდუმლო სამხედრო ობიექტი, რომელიც შავ ზღვას მთლიანად მოიცავს. აფხაზების განუწყვეტელი ხტუნვის გამო შეიძლება ყოველივე ამას საფრთხე შეექმნას. ამიტომ რუსეთმა გადაწყვიტა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმოქმედოს არა როგორც პარტნიორმა, არამედ დაისაკუთროს ის, რაც სჭირდება - სამხედრო ტერიტორიები და ყველა ის ობიექტი, რასაც ააშენებს. მოსკოვში კარგად ესმით, რომ სოხუმის აეროპორტი საერთაშორისო ვერ იქნება, მაგრამ ის სჭირდებათ როგორც პლაცდარმი, რომელსაც გამოიყენებენ სამხედრო-პოლიტიკური დანიშნულებით. ცოტა ხანში დაიწყება ლაპარაკი ოჩამჩირის პორტზეც. მიუხედავად იმისა, რომ იქ სამხედრო პორტის აშენება არარენტაბელურია, რადგან ღრმაწყლოვანი სივრცე არ არის, მიმდებარე ტერიტორიების დასაკუთრებაზე ლაპარაკი აუცილებლად დაიწყება, რადგან ხვალ-ზეგ შეიძლება გამოაცხადონ, რომ პორტის ჩაღრმავებასაც იწყებენ.

პრაქტიკულად, რუსებმა აფხაზეთის კოლონიად გადაქცევა დაიწყეს. კრემლს სურს აფხაზეთში თავისი ყოფნა სამართლებრივად გაამართლოს. საკითხი ასე დგას - რუსეთი თავის ტერიტორიაზეა. საქართველომ რომ დაიბრუნოს აფხაზეთი, რუსულ მხარეს ექნება საფუძველი, რომ თქვას, ამ ტერიტორიაზე ეს და ეს რუსეთისაა, დანარჩენი შეიძლება საქართველომ წაიღოსო.

- აფხაზეთში ანტირუსული განცხადებები რატომ არ ისმის?

- რიგითი ხალხი ლაპარაკობს რუსეთზე, ოპოზიცია - არა. ოპოზიციის ყველაზე ხმაურიანი ლიდერი ადგურ არძინბა მოსკოვში გამოიძახეს და ყური აუწიეს. ყველა მათგანს ეშინია, იმ სამი ოსი პოლიტიკოსის ბედი არ გაიზიაროს, რომლებსაც რუსეთმა მოქალაქეობა მოუხსნა. მათ რუსეთისთვის ისეთი არაფერი დაუშავებიათ, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ სხვებისთვის მაგალითი ყოფილიყო. კოზაკ-ბჟანიას ტექსტში იყო ეს მუქარაც, რუსეთმა მოითხოვა იმ ოპოზიციონერების გვარების გადაცემა, ვინც რუსეთის მოქალაქეები არიან და რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან. ამან დააფიქრა აფხაზი ოპოზიციონერები. ამიტომ ლაპარაკობენ ზოგადად ვიღაც რუს ოლიგარქებთან გარიგებაზე და არა კრემლის ზეწოლაზე.

- რამდენიმე ტელეგრამარხმა გაავრცელა­ ცნობა, რომ რუსეთმა ტაიფუნ არძინბას შეუჩერა რუსეთის მოქალაქეობა.

- ტაიფუნ არძინბა აფხაზური წარმოშობის თურქია. თურქები ამუშავებენ ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოებს. როგორც ჩანს, რუსებმა ისარგებლეს მომენტით და ტაიფუნ არძინბა, რომელსაც განსაკუთრებული დანაშაული არ მიუძღვის, სამაგალითოდ დასაჯეს. ამით ორი კურდღელი მოკლეს - დასაჯეს ვითომ იმიტომ, რომ რუსეთის წინააღმდეგ თქვა რაღაც და მეორე იმიტომ, რომ თურქული ინტერესებით ლობირებს აფხაზეთში. დასჯიან თუ არა ვინმე სხვას, ვნახოთ. ჯერ დაბალი ფენებიდან იწყებენ. ლევან მიქაა, კან კვარჩია და ნატალია სმირი ის ხალხია, ვინც ხელს უშლიან რუსული თემების წინ წაწევას. ადგურ არძინბას, ალბათ, არა, რადგან ის ყურებით ჰყავთ გამოჭერილი. არძინბას ტიპის ადამიანები ყოველთვის ცდილობენ მოსკოვი კი არ დაადანაშაულონ იმ უბედურებაში, რაც სჭირთ, არამედ ადგილობრივი "მთავრობა" და ვიღაც მითური რუსები. გაზაფხულზე დე ფაქტო არჩევნებია და მერე უფრო სწრაფი ტემპით დაიწყება აფხაზეთის სრული კოლონიზაცია.

- აფხაზები იტყვიან კი, რომ კრემლი ცდილობს აფხაზეთის კოლონიად გადაქცევას?

- აი, როგორც კი, მაგალითად, კან კვარჩიას მოუხსნიან რუსეთის მოქალაქეობას, იმ წუთში დაიწყებს ამაზე ლაპარაკს, იმიტომ, რომ დასაკარგი არაფერი ექნება. რუსეთის მოქალაქეობაშეზღუდული აფხაზი ოპოზიციონერი, თან ისეთი, რომელსაც საზოგადოებაზე გავლენა აქვს, ხვალ როგორ მოიქცევა, კაცმა არ იცის. გამორიცხული არ არის, თბილისშიც კი გამოიქცეს. ამიტომ რუსები ძალიან ფრთხილად მოქმედებენ, რათა თავიდან აიცილონ განცხადებები, რუსეთია ყველაფერში დამნაშავე, რუსეთმა გაგვყიდაო და ა.შ.

1990-იან წლებში აფხაზებს ხელში ეჭირათ ლოზუნგები: "რუსებო, შეწყვიტეთ ჩვენი ბლოკადა და ჩვენი აპარტეიდი". მაშინ ეს არ იყო ორგანიზებული მასა. ახლა პოლიტტექნოლოგიები აქტიურია და აფხაზი ოპოზიციონერის ბოლომდე გაწირვა ბევრ პრობლემას შექმნის.

ეკატერინე ბასილაია