განქორწინების შემდეგ როგორ იყოფა მეუღლეთა ქონება - კვირის პალიტრა

განქორწინების შემდეგ როგორ იყოფა მეუღლეთა ქონება

ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ იურისტი, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.

ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში და შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემს კაბინეტში დამონტაჟებულია ხმისჩამწერი მოწყობილობა. აქვთ თუ არა ასეთი მოწყობილობის ფარულად დამონტაჟების უფლება და რა უნდა გავაკეთო, რომ აქეთ არ დამადანაშაულონ ამის გამკეთებლებმა?

- თუ მსგავსი მოსასმენი აპარატურა დამსაქმებელმა დაამონტაჟა, მასზე ვრცელდება `პერსონალურ მონაცემთა შესახებ~ კანონი, რომლის თანახმად, დამსაქმებლის მსგავსი ქმედება ექვემდებარება დაჯარიმებას. რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად შესაძლებელია იმის დამტკიცება, რომ ეს სხვამ გააკეთა და არა იმ პირმა, ვინც კაბინეტით სარგებლობს, ეს არსებულ ფაქტებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული.

nugbara-advokati-1699644231.jpg

ვაპირებ ბინის გაქირავებას და შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულებაში ისეთი პუნქტის ჩადება, რაც პრობლემის შემთხვევაში მდგმურის გაყვანას გააადვილებს? ვაპირებ საშემოსავლოც გადავიხადო.

- მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ მდგმური ან და ნებისმიერი პირი ფლობს სხვა პირის ქონებას, ანუ თქვენს შემთხვევაში არ იხდის ქირას და არც ბინიდან გადის, უნდა მიმართოთ სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოხმობის მოთხოვნით, სხვა გამოსავალი არ არის. კანონპროექტი, რომლის თანახმადაც რეგისტრირებული ქირავნობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მდგმურის გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ჯერ არ დამტკიცებულა.

ჩემმა მეგობარმა, რომელსაც კარგი ხელფასი ჰქონდა, თავდებობა მთხოვა და ბანკიდან კრედიტი გამოიტანა, ასე იყიდა ბინა. მე ვარ მისი თავდები, მეორე კი მისი და. ახლა გავიგე, რომ თურმე რამდენიმე თვეა ვერ იხდის სესხს. დღეს დამიკავშირდნენ და მომთხოვეს მისვლა. მე ხომ არ მომთხოვენ ამ თანხის გადახდას?

- საქართველოში მოქმედ საბანკო-საფინანსო დაწესებულებებში, ძირითადად, აფორმებენ სოლიდარულ თავდებობებს, რაც ნიშნავს, რომ სოლიდარული თავდები ისევეა პასუხისმგებელი კრედიტზე, როგორც ძირითადი მსესხებელი. თუ თავდები გაისტუმრებს სესხის თანხას, თავდებს შეუძლია შესრულებული ვალდებულების ანაზღაურება მოსთხოვოს ძირითად მსესხებელს.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის იჯარით აღება მინდა, რათა წამოვიწყო ბიზნესი, რაშიც დიდი თანხის ჩადება მომიწევს. რა რისკებს შეიცავს ასეთი გარიგება?

- გაუგებარია, კითხვა რა სახის რისკებს ეხება, ბიზნესრისკებს თუ სამართლებრივს. თუ სამართლებრივს, ალბათ, მხოლოდ იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს ნაგულისხმევი და კონკრეტული ხელშეკრულების შეფასება რომ შეძლო, მისი პირობები მაინც უნდა იცოდე.

ბინა, რომლის გაყიდვასაც ვაპირებ, ორ პირზეა რეგისტრირებული თანაბარი წილით, ჩემი და კატეგორიული წინააღმდეგია ქონების გაყიდვის, არც იმის შესაძლებლობა აქვს, რომ შეისყიდოს ჩემი კუთვნილი წილი. მე კი სასწრაფოდ მჭირდება ამ ქონების გაყიდვა და მყავს რეალური კლიენტიც. შესაძლებელია თუ არა სასამართლოს გზით გაიყიდოს ბინა და შემდეგ ჩემმა დამ მიიღოს კუთვნილი თანხა?

- როდესაც ვერ ხერხდება მხარეთა შეთანხმება, საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე სასამართლოს უნდა მიმართოთ. თუ თითოეული წილის ინდივიდუალურად არსებობა-ფუნქციონირება შეუძლებელია, ბინის გაყოფა შეუძლებელია, მაშინ დადგება საკითხი ბინის რეალიზაციისა და წილების გაყოფის.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 2 თვეა არ გავსულვარ სამსახურში. თავიდან ბიულეტენი გამიფორმეს. ახლა მეუბნებიან, რამდენიმე დღით გამოსვლა უნდა დაფიქსირდეს და მერე ისევ შეიძლება ბიულეტენით სარგებლობაო. ამას მე ვერ შევძლებ, რადგან გადაადგილება მიჭირს. ექიმი მეუბნება, რომ მომცემს ცნობას და გამიგრძელებს ბიულეტენს, მაგრამ კომპანიაში ამბობენ, რომ თუ გამოსვლა ვერ დაფიქსირდება, ვერ ამიგაზღაურებთ ბიულეტენსო. როგორ რეგულირდება კანონით ეს საკითხი?

- ხანგრძლივი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს არის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი - ეს კანონით დადგენილი წესია, თუმცა შეიძლება ხელშეკრულებით სხვაგვარად იყოს განსაზღვრული.

ჩემს ნაქირავებ ბინაში ჩემთან შეთანხმების გარეშე მიწერა გაუკეთებიათ უცხოელ მდგმურსა და მის მეგობარს. ეს შემთხვევით აღმოვაჩინე, როცა არჩევნებთან დაკავშირებით გადავამოწმე ჩაწერილები. მდგმურმა ვადაზე ადრე დატოვა ბინა, თუმცა ხელშეკრულებით კიდევ ერთი წელი შეეძლო ყოფნა. ახლა მინდა მისი ბინიდან ამოწერა. ეს ხელშეკრულება ხომ არ იქნება შემაფერხებელი? თავად მას ვერ ვუკავშირდები.

- იმისათვის, რომ პირი ამოწეროთ რეგისტრირებული მისამართიდან, საჭიროა ერთი განმცხადებელი პირი, რომელიც არ იქნება იმ ბინის მეპატრონე, რომელზეც კეთდება განაცხადი, და ასევე ორი მოწმე, რომლებიც დაამოწმებენ, რომ პირი აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.

მშობელს აქვს თუ არა უფლება მთელი ქონება ერთ შვილს აჩუქოს და დანარჩენებს არ მისცეს არაფერი?

- მშობელს შეუძლია ქონება აჩუქოს მას, ვისაც უნდა, იქნება ეს შვილი თუ ნებისმიერი სხვა ვინმე. რაც შეეხება მემკვიდრეობას, ამ შემთხვევაშიც შეუძლია უანდერძოს სრული ქონება ერთ შვილს ან სხვას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შვილი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრედ ითვლება, შვილს, პირველი რიგის მემკვიდრეს, შეუძლია მოითხოვოს სავალდებულო წილი. სავალდებულო წილი კი უნდა იყოს იმ ქონების ნახევარი, რასაც მემკვიდრე მიიღებდა, მემკვიდრეს სრული ქონება ერთი პირისთვის რომ არ ეანდერძებინა.

სასამართლოში შევიტანე საჩივარი და ვითხოვ განქორწინებას და ქონების გაყოფას. მაინტერესებს, სასამართლო გაყოფს ორად თანასაკუთრებაში მიღებულ ქონებას?

- განქორწინება სასამართლო წესით, ძირითადად, იმ დროს ხდება, თუ ერთ-ერთი მეუღლე თანახმა არ არის განქორწინებაზე. თუ დავა მიდის ასევე ქონების გაყოფაზეც, სასამართლო ვალდებულია განიხილოს მეუღლეთა ქონების გაყოფის საკითხიც. გაიყოფა ის ქონება, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. საერთო საკუთრება არის ის ქონება, რაც მეუღლეთა მიერ შეძენილია ქორწინების შემდგომ პერიოდში. მაგალითად, თუ ქორწინების პერიოდში ერთ-ერთ მეუღლეს აჩუქეს ან მემკვიდრეობით გადასცეს რაიმე სახის ქონება, ის განქორწინების დროს არ იყოფა; მაგრამ თუ ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს ბინა, ეს ქონება აუცილებლად გაიყოფა.

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს. Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები