ჭიმღას ბოლო იმედი ფუძეს გამოემშვიდობა
სოფელ ჭიმღის უკანასკნელი მოჰიკანი არხოტს ემშვიდობება... გიგლა ოჩიაურმა მშობლიურ სოფელს 44 წელი მიუძღვნა, ჭიმღაში 24 წლისა ავიდა და მას შემდეგ "სამშობლოს კართან იდგა დარაჯად", თან ლექსებით უძღვნიდა სიყვარულს და ამასობაში კაცსაც და სოფელსაც ერთმანეთით გაჰქონდათ წუთისოფელი. მარტოკაცი წლების განმავლობაში სასაზღვრო სოფლისთვის ელემენტარულ ყურადღებას ითხოვდა, საიმისო პირობებს, გასახლებული ხევსურები რომ დაბრუნებულიყვნენ. მისი არავინ შეისმინა, არხოტისკენ “არავინ გაიხედა. სანამ შეეძლო, მთებში გამოკეტილმა საკუთარი მხრებით ზიდა წლები, სოფელიც და ბევრი მკაცრი ზამთარიც. ახლა ჭიმღას ბოლო იმედი ერთ კვირაში სოფლის კარს გამოკეტავს.
- თითქმის ნახევარი საუკუნე ერთ სოფელში რომ ხარ, ის შენს იმედად როა, შენ - მისი, თითქოს ცოცხალია, სულდგმულია, შენი მეგობარიცაა, მშობელიც, ახლობელიც, სამშობლოც. მიჭირს მიტოვება, 44 წელი ცოტა არაა, ბავშვები დაფრთიანდნენ, ყველანი წავიდნენ, მე რაღაცნაირად ვერ შეველიე. ფეხს ვითრევდი, ველოდი, იქნებ ხელისუფლება მოვიდეს ისეთი, ცოტა ყურადღება მოგვაქციოს-მეთქი. ქვეყანას, პირველ რიგში, კარგი ხელისუფლება სჭირდება, თორემ ერთი ადამიანი ვერაფერს გახდება. შუქი თითქოს არხოტის სამივე სოფელს უნდა ჰქონოდა: ამღას, ჭიმღას და ახიელს, თუმცა ვიღაცამ ფული მოიპარა და წავიდა... ჭიმღა ყველაზე ახლოსაა საზღვართან, სადღაც 5 კილომეტრში რუსეთია. ახლა მესაზღვრეებიც მიდიან - ოქტომბერში წავლენ ბარად, გათბებიან და მაისში ისევ ამოვლენ. სულ 2 დღის სამუშაოა, ჩვენამდე გზა რომ გააკეთონ, სამანქანო გზიდან ჭიმღამდე 500 მეტრია გამოსაყვანი.
დავიღალე, 12 წელია ვლაპარაკობ, ველოდები, კაცი არაა პატრონი და შემსმენი. წინა ხელისუფლების დროს თვეში ერთი სამოქალაქო ვერტმფრენი მაინც დაფრინავდა. აქ ვერაფერს მოიტან, პენსიონერი კაცი მანქანას ვერ დაიქირავებ, ერთი ათასი ლარი მაინც დაგიჯდება, თუ მეტი არა. მერე სამანქანო გზაზე უნდა ჩამოტვირთო და სოფლამდე ხელით აიტანო. თუ წვიმამ მოგისწრო და ფქვილიანი ტომარა დასველდა, უნდა გადააგდო. ადრე ვერტმფრენს სახლამდე მოჰქონდა პროდუქტი, მაშინ ბიუჯეტში ჩვენთვის დახმარებას ამტკიცებდნენ, ახლა აღარაფერი გვეკუთვნის... ვის რაში აინტერესებს ხევსურეთი, არხოტი, საზღვარი! 12 წელი მარტო ზურგჩანთის ზიდვამ დამღალა. 68 წლის რომ გახდები და დამლაპარაკებელიც არავინ გყავს... წელს არც მომიხნავს, არც დამითესავს, აღარც მომითიბავს, როცა მიდიხარ, ხელს იღებ ყველაფერზე...
ამ ხელისუფლების ხსენებაც აღარ მინდა, აქ მათ არავინ ახსენებს 2 რეინჯერის და 2 მასწავლებლის მეტი, ისინიც ხელისუფლებას სამსახურის დაკარგვის შიშით შეჰყურებენ. ახლაც აქ 10 ტრაქტორი დგას უქმად. 20-კილოვატიანი ჰესი უნდა აშენებულიყო და 17-იანი აშენდა, ვინ შეამოწმა? - არავინ, გამოყოფილი ფული წაიღეს. გამსახურდიას აშენებული მოქმედი ჰესის გენერატორი და წყლის შემკრებიც გადაჭრეს, ახალი დააყენეს და მორჩა, მილები იგივე დარჩა, ისიც ნაგვითაა სავსე, ერთი პეშვი წყალი არ გადის და რა ენერგია უნდა გამოიმუშაოს? 2019 წელს ჰესის აშენება განზრახ ფულის მოსაპარად წამოიწყეს, იცოდნენ, აქ მილებს ვერ ამოზიდავდნენ, ეს არც არავის უფიქრია. ამისთვის ევროპულმა ბანკმა 2.600.000 დოლარი გამოყო, ამათმა კი წაიღეს ფული და არჩევნები დააფინანსეს...
ამღაში ერთი მოხუცი კაციღაა, ხნიერი რეინჯერი, ზეზვა წიკლაური. სანდუა იყო მოსახლე და ორი თვის წინ წავიდა, ვეღარ გაუძლო, მოხუცდა ქალი. ახიელში ორი მოხუცი ცხოვრობს - ერთი ჩემი უფროსი ძმაა, 72 წლის შიოლა ოჩიაური, მეორე - გოჩა ჯაბუშანური, ღმერთმა არ ქნას, ვინმე მოკვდეს, სოფელიც მოკვდება, აღარ იქნება...
თავის დროზე გამსახურდიამ სამივე სოფელში 22 ოჯახი დაგვასახლა, სავსე და ცოცხალი იყო აქაურობა. კრედიტი გამოგვიყო, აბა, რითი აგვეშენებინა თავშესაფარი? გამსახურდიამ მოგვაქცია ყველაზე დიდი ყურადღება, ჩვენ იქით ხო ქართული მიწა აღარ არი, მას კი კარგად ესმოდა სასაზღვრო სოფლების მნიშვნელობა. ტაქსი დაგვინიშნა, რომელიც ყოველკვირა ამოდიოდა. ჩვენ სოფლის ნობათი მიგვქონდა გასაყიდად და იმ ფულით საჭირო პროდუქტებსა და ნივთებს ვყიდულობდით. ახლა სამი კაცი დაეპატრონა ქვეყანას და მარტო ოპოზიციის ლანძღვაში არიან, სახელმწიფოსთვის სცალიან?!
დუშმანი თუ შემოვიდა, ხელისუფლება ამას ივნისში გაიგებს, "ვერტალიოტი" მესაზღვრეებს ჩამოიყვანს და დაინახავენ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე სხვას უკიდია დროშა, შეშფოთდებიან და წავლენ?! ამ უშუქობაში ლამპის კვამლის და სუნის წარმოდგენაც კი მზარავს. აცივდება და, ზამთარს შეშით უნდა დახვდე, ტყიდან მხრებით როგორ ვზიდო მოხუცმა კაცმა შეშა? ჯობია წავიდე თბილისში ან დუშეთში, სადაც ჩვენები ცხოვრობენ.
ამბულატორიაც ტყუილად აგვიშენეს. ამხელა ტერიტორიას სამი ადამიანი იცავს და ექთანი ვერ იპოვეს. მოგვხედეთ და, ვინ ოხერი, ტაშსაც დაგიკრავთ და გადაგყვებით ზედ. როცა სახელმწიფოს ხალხისთვის არ სცალია, ნახნავს ბოლოში ვერ გაიტან, ასე ყოფილა.
24 წლისა ამოვედი არხოტს და წელს 17 ივლისს 44 წელი შესრულდა, ამათგან ყველაზე გრძელი ეს 12 წელი იყო, აი, ისეთი, ბრაზსა და ზიზღს რომ გაგიჩენს. ხომ გაიძახოდნენ, ამღა უნდა გადავარჩინოთო, მაგრამ ეს ნაცრის შესაყრელად და ხმების მოსაზიდად სჭირდებოდათ.
მარტო ხევსურისთვის კი არა, ნებისმიერი ქართველისთვის შეურაცხმყოფელია, რომ უჩიჩინებ, დედა დედაა და მამა მამაო. მთის ხალხს რომ უთხრა, მამა მამაა, დედა დედაო, მისთვის ღირსების აყრაა, კაცო. არხოტია აქ, არხოტი. ჩვენ აქ თამარ მეფის ნაკურთხი სამარე გვაქვს, თამარ მეფის ნაკურთხ მიწაში ვიმარხებით. ჩვენი წინაპარი მე-12 საუკუნიდან ვიცით, პაპათა პაპას ვის რა ერქვა, ყველამ ვიცით. თამარმა სადაც დაისვენა, წყალი დალია, ყველაფერს მისი სახელი ჰქვია. აქ ყველა გვარს თავისი სასაფლაო აქვს, საფლავში მარტო ერთი კაცი კი არ მარხია, ჩემი გვარის საფლავს რომ ამოთხრი, 5-6 სასაფლაო უნდა ამოანგრიო. ეს რას ნიშნავს, იცით? როცა მტერს ჩემი გვარიდან 20 კაცი აკვდებოდა, იმათ ერთ საფლავში მარხავდნენ. ახლა მე ომით მაშინებ, ბიჭო? იმ ჩემს წინაპარს ღირსება ჰქონდა, უამრავი მტერი ჰყავდა, მამულის დაცვას აკვდებოდა, ის მეამაყება, რომ ხმალი დამიტოვა და მე ომით მაშინებ? რა ვქნათ, აბა, მოვიკუზოთ, თუ რას მთავაზობ? რა ბოდიში უნდა მოვუხადო მტერს, ეს ხომ იმას ნიშნავს, წაწვე და ფეხები აულოკო?! საკვირველება ის არის, საქართველოში, მეომრების ქვეყანაში ვინც ამას ეთანხმება. მტერს საქართველომ ბოდიში მოუხადოსო, გაგიგონიათ ასეთი რამე?!
დიმიტრი ხუნდაძე რომ აქეთ იხედება და ამბობს, აი, საზღვრის პირი და ბოლო წერტილიაო, იმაზე დაფიქრდი, ამ საზღვრის პირზე შენი გაკეთებული რა არის? როგორ იარსებონ ამ სოფლებმა, ამ მოხუცებმა. მშვიდობას თვითონ მოუვლის ის კაცი, ხუნდაძის და“"ოცნების" დასაცავია არხოტი? ამას თვითონ არხოტი გადაწყვეტს. ღმერთმა არ ქნას, თორემ მტერი თუ მოვა, მას აქ ყველა ნანგრევის ხელახლა აღება მოუწევს. აქ ყველა ნანგრევს თავისი პატრონი ჰყავს, ვერც ერთ ქვას ხელს ვერ მოჰკიდებს, ვერც შინაური და ვერც გარეშე, ყველას ასაღებად სისხლის დაღვრა მოუწევთ.
ერთხანს ახალგაზრდები კი მობრუნდნენ, მაგრამ მოტყუებულები დარჩნენ. კრედიტებს მოგცემთო, ხომ დაჰპირდნენ? მერე ყველა უკან გაბრუნდა. სახელმწიფო თუ არ დაგეხმარა, ამ პირობებში სახლი როგორ ააშენონ, როგორ გაიტანონ თავი? ეს ხომ ფასანაური არაა, არხოტია, საზღვარი! ახალგაზრდა იმდენს რომ გაბედავს, აქ ჩაიკეტება, იანვრის თოვლში ბავშვის საფენს გაფენს, იმას ცოტა პირობები ხომ სჭირდება? სახელმწიფოს საზღვარია და მას სახელმწიფოებრივად უნდა მივუდგეთ!
ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, სად რამდენი მოქალაქე ჰყავს და იმათ რა სჭირდებათ. ხაშურს იქნებ სჭირდება ყინულის მოედანი, მაგრამ ჩვენ ერთი სამოქალაქო "ვერტალიოტი" გვინდა ზამთარში, ან ზაფხულში თვეში ერთი საბარგო მანქანა მაინც დადიოდეს. ამ პირობებს ეროვნული ხელისუფლება შექმნის, სხვა არავინ.
გული მაქვს გატეხილი... ცოტა რამ საიმედო რომ ყოფილიყო, აქედან რა წამიყვანდა? გამოვემშვიდობები ფუძეს და დაიცლება სოფელი. ვინმე რომ რჩებოდეს, დავლოცავდი, ვეტყოდი, გაუძელი-მეთქი. იქნებ უფალმა ასეც ინებოს. აქ როცა ვიყავი, რაღაც ზებუნებრივი ძალა მეხმარებოდა, თითქოს ჩემ გვერდით ვიღაც ცხოვრობდა. სანადიროდ ან სადმე თუ წავიდოდი და მოვბრუნდებოდი, თითქოს ვიღაც მელოდა, სიმარტოვეს ვერ ვგრძნობდი. ახლა, როცა ჭიმღას აღარავინ იქნება, იქნებ იმ ზებუნებრივმა ძალამ, რომელმაც იქ 44 წელი გამაძლებინა, სხვაც დააბრუნოს... იქნებ იმ ვიღაცამ ვინმე წამოიყვანოს, ჩემს სახლს დავუთმობ, სულ ჩემი ხელით ნაკეთებია ყველაფერი, მხრებით ვზიდე მასალა. სახლს უსასყიდლოდ მივცემ, ოღონდ კვამლი არ ჩააქროს. იმედია, ვიღაცას დააბრუნებს უფალი.
მოვკიდებ ხელს ჩემს ძაღლებს და ერთად გავუყვებით გზას. სამი დიდი ძაღლი მყავს - სუფთა ჯიშის კავკასიური და ქართული ნაგაზები, მესამეს მათიას ვუძახი, ყურებმოკაუჭებულია და საყვარელი. გზაზე ვიპოვე - შუაღამეს არაგვისპირში მოვდიოდი მანქანით და გზაზე დავინახე, ზღარბი მეგონა, მიყვარს ზღარბები, ვიფიქრე, წავიყვან, ეზოში გავუშვებ-მეთქი და თურმე ლეკვია, ვიღაცას გზაზე დაუგდია.
მტკივანი გულით წავალთ, ძალიან ძნელია, ჭიმღას ვერაფერი რომ ვერ გავუკეთე, მაგრამ სხვა გზა არ არის... როცა აქ ამოვედი, მინდოდა საუკუნისთვის ნახევარი მაინც წამერთმია ჭიმღისთვის, 50 წელი მაინც გამეძლო, მაგრამ ვეღარ გავძელი. ასეა, დამთავრდა ჩემი ცხოვრება არხოტში...