„თუ გულში ჩარჩენილი წყენით ვიცხოვრე, სადღა დამრჩება ცხოვრების დრო?“ - კვირის პალიტრა

„თუ გულში ჩარჩენილი წყენით ვიცხოვრე, სადღა დამრჩება ცხოვრების დრო?“

მებრძოლი, ბობოქარი ხასიათის გამო ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. არასოდეს ნებდება და სწორედ ამიტომ ქართულ კულტურაში გამორჩეული ადგილი უკავია. წლების განმავლობაში არაერთი შედევრი შექმნა თეატრსა თუ კინოში, თავგამოდებით იბრძოდა საქართველოს კეთილდღეობისათვის. გაჰქონდა და დღესაც გააქვს ჩვენი კულტურა მსოფლიოში. სულ ახლახან დაბრუნდა პოლონეთიდან და მზადებას იწყებს ახალი სპექტაკლისთვის, რომელიც მისი შემოქმედებითი ცხოვრების მთავარ სათქმელს იტყვის. 3 ნოემბერს კი ფესტივალ "საჩუქრით" გახსნის 27-ე სეზონს. ჩვენი სტუმარი რეჟისორი ქალბატონი ქეთი დოლიძეა.

- ქალბატონო ქეთი, თქვენ არაერთი სპექტაკლი დაგიდგამთ. როგორც ვიცი, ახლაც უმნიშვნელოვანეს პიესაზე მუშაობთ.

- დიახ, ასეა. ალბათ, დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები, რომ რაღაც გამოდის, რაღაც არა, თუმცა ყველა სპექტაკლი შვილივით გიყვარს. მათ შორის არის ისეთიც­, რომლითაც სულ ვიამაყებ! ვგულისხმობ "სერობას". ის რაღაც ძალამ დამადგმევინა ზევიდან. ნამდვილად ასეა, ყოველგვარი მისტიკის გარეშე, და რადგან ვერ აღვადგინე­, ესე იგი, არ უნდა აღდგეს. ბატონი მიშა თუმანიშვილის გარდაცვალების შემდეგ იყო პირველი პრემიერა თეატრში. მის სიცოცხლეში, მისივე ხელდასხმით განა­წილდა როლები. მახსოვს, გია როინიშვილი­ რომ ავიყვანე პეტრეს როლზე­, ბატონმა მიშამ მითხრა, რას ამბობთ, გია კომედიური მსახიობია, სახასიათოა და პეტრეზე რამ დაგა­ნიშნინათო? ვუთხარი, ბატონო მიშა, დაგიმტკიცებთ, რომ გია ძალიან საინტერესო დრამატული არტისტია-მეთქი. გია ამ სპექტაკლში დაიბადა როგორც დრამის არტისტი. 40 დღის განმავლობაში არავინ გავსულვართ თეატრიდან. რამაზ იოსელიანი ხომ თეატრში დასახლდა. მახსოვს დავიჩემე, თუ 10 სპექტაკლის განმავლობაში ტაშს ვერ გაბედავს მაყურებელი, ჩათვალეთ, ეს სპექტაკლი შედგა-მეთქი. ასეც მოხდა, 10 სპექტაკლზე ტაში არავის დაუკრავს, უხმოდ გადიოდნენ დარბაზიდან.

- უწმინდესმა ნახა სპექტაკლი?

- პირველად ჯერ კიდევ 80-იან წლებში ვაჩვენე. ბატონმა მიშამ და უწმინდესმა,­ ორივემ, ერთმანეთთან მოულაპარაკებლად მითხრეს, ჯერ არ არის ამ პიესის დადგმის დრო საქართველოში, ახლა ვერ გაიგებენო. ბატონი მიშას გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მივიღე გადაწყვეტილება­ და დავიწყე ამ პიესაზე მუშაობა. რეპეტიციებზე მამა მიქაელი (ქადაგიშვილი) დადიოდა და მეუბნებოდა, ქეთი, ნუ გეშინია,­ ყველაფერი კარგად არისო, და როდესაც გამოვუშვით სპექტაკლი, უწმინდესი დაახლოებით ერთი წელი შორიდან ადევნებდა­ თვალს. შემდეგ პირადად მე ვთხოვე, ცალკე ბატონმა რეზო ჩხეიძემ და მობრძანდა. ეს იყო 6 თებერვალი, ბატონი მიშასა და მამაჩემის დაბადების დღე. დაიწყო სპექტაკლი და ატირდა უწმინდესი. შემდეგ ბრძანა, ეს სპექტაკლი ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი საოცრებააო, დასძინა: "მაცხოვრის სკამი, რომელიც სპექტაკლის ბოლოს ნათდება, შემეშინდა, მის როლში ვინმე მსახიობი არ გამოჩენილიყო. როგორც დაამთავრეთ, მართლაც დიდი მიგნებაა. ეს სპექტაკლი რეპერტუარში სულ უნდა იყოს. არასოდეს არ მოხსნათ". შემდეგ, როდესაც აღდგენა დავაპირე, მივხვდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა და კატეგორიულად ვთქვი, არ აღვადგენ ერნესტ ბრილის "სერობას" იმ ადამიანებთან, ვინც ჩემი თეატრიდან წასვლას მოაწერა ხელი-მეთქი. რა ვქნა, არა ვარ ასეთი კარგი ქრისტიანი, რომ ამის პატიება შევძლო. შენ შეგიძლია ქეთი დოლიძე არ გინდოდეს, მაგრამ, შენი გულისათვის რომ თავი მოვიკალი და ლომის წილი მაქვს ამ თეატრის გახსნაში მიღებული, ამის ღირსი ვარ? შენ რომ ამ თეატრში მოხვედი და წლების მერე მაგდებ, მეტი რა უნდა გამიკეთო უარესი? იცით, რამდენიმე ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, რომლებსაც სულ შურდათ ჩემი: ქეთის აქვს ფესტივალი, ქეთი დადის ბოდბეში, ქეთი აკეთებს ამას და მეც მინდაო და ასე შემდეგ. არ შეიძლება ადამიანის დუბლიკატი იყო. მაგრამ მე მაინც ვცდილობ ყველას ვაპატიო, და ეს მამაჩემისა და ბაბუის დამსახურება.

8bcf1609-c074-4796-9f09-af337774f9e5-1729435506.jpg

- თქვენი ბაბუა, ბესარიონ დოლიძე, ცნობილი მღვდელი იყო აჭარაში...

- ჩვენი ოჯახის 14 თაობაში იყვნენ მღვდლები, მხოლოდ მამაჩემი იყო სხვა პროფესიის. ბაბუას 1924 წელს ბოლშევიკებმა წვერი დააგლიჯეს და ანაფორა შემოახიეს. აჭარა რომ შემოვიერთეთ, პირველი ქართული ეკლესია ხულოში ბაბუამ გახსნა.­ შემდეგ გაიხადა ანაფორა და თქვა, იქ, სადაც ბოლშევიკები აკონტროლებენ ეკლესიას, მე არაფერი მესაქმებაო. მერე ცოტა ხანს მასწავლებლობდა, როგორც ბებო. მთელი სანათესავო, მახინჯაურში, ბებია-ბაბუასთან გავიზარდეთ. მაისის ბოლოს ყველას ჩაგვ­სხამდნენ საერთო ვაგონში და რომ გავივლი­დით მწვანე კონცხის ბოლო გვირაბს, ვკანკალებდით სიხარულისაგან, რომ იქ ბაბუ დაგხვდებოდა. მერე ფეხით მივდიოდით ორი კილომეტრი მთაში. თუკი რაიმე კარგი მაქვს, ჩემი ბებია-ბაბუისგან. მამაჩემი ხასიათით ძალიან ჰგავდა ბაბუას და როგორც წესი, ყველას ყველაფერს პატიობდა. დღეს ხშირად მეუბნებიან ჩემი შვილები, დედა, დაგავიწყდა, ამ კაცმა თუ იმ ქალმა რა გაგიკეთაო. ჰო, დამავიწყდა. თუ გულში ჩარჩენილი წყენით ვიცხოვრე, სადღა დამრჩება ცხოვრების დრო?

რაც შეეხება ახალ სპექტაკლს, ეს იქნება ჩემი ცხოვრების ამ ეტაპის რეზიუმე. შეიძლება მერე უამრავი რამ დავდგა, მაგრამ ეს სულ სხვა იქნება. ერთი უცნაური რამ გადავწყვიტე - პიესა დაიწერება რეპეტიციებზე. მე მსახიობებს თემას მივცემ და იქვე გაკეთდება იმპროვიზაცია, რაც მოგვეწონება, ჩავწერთ. სულ 50-წუთიანს ვფიქრობ. მთელი ჩემი სათქმელი ამ სპექტაკლში გამოიხატება.

- მანამდე ფესტივალი "საჩუქარი" ელოდება მაყურებელს...

- დიახ, ფესტივალი 3 ნოემბერს იხსნება. სამწუხაროდ, სულ ორი სპექტაკლი ჩამოგვაქვს, მეტის საშუალება არ არის, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი კულტურის მინისტრის ხელში "საჩუქარი" დაიბრუნებს თავის ბრწყინვალებას და რაც მთავარია, ისევ ჩაჯდება სახელმწიფო ბიუჯეტში. სხვათა შორის, ჩემივე უფროსმა კოლეგებმა ამოიღეს ბიუჯეტიდან. ვერ აიტანეს, თუმანიშვილის სახელობის რომ არის. ერთმა ისიც კი თქვა, როგორ, ერთი წელი არ გასულა და ქეთი დოლიძემ და ნიკო ლეკიშვილმა უკვე წამოჭიმეს მიშა თუმანიშვილის ძეგლიო. დიახაც, ბატონ მიშას ეკუთვნოდა ძეგლი და ის დღეს ერთ-ერთი ცნობილი და გამოჩენილი ხელოვნების ნიმუშია. 1997 წელს ამ ფესტივალით გავაცოცხლეთ მკვდარი თბილისი.

ახლა თქვენთან ექსკლუზიურად ვიტყვი. როდესაც პირველად ვნახე თეა წულუკიანი (ორი დღის შემდეგ კულტურის მინისტრად დაინიშნა), მოსალმების მერე მკითხა, ქალბატონო ქეთი, რამე რომ იყოს, ნინელის არ შეურიგდებითო? ჯერ ერთი, მე და ნინელი ნაჩხუბრები არა ვართ. 20 წელი მივუძღვენით ერთმანეთს და ახლა იმას ცალკე უნდა რაღაცების კეთება და მე კიდევ ცალკე, რა თქვენი საქმეა-მეთქი. და ამ საუბარს მოაყოლა, თუ დამპირდებით, რომ აღარასოდეს გაიხედავთ თუმანიშვილის თეატრისკენ, მე ამას გაგიკეთებთ, იმას გაგიკეთებთ, ამდენ ფულს მოგცემთ, იმდენ ფულს მოგცემთო. მაშინვე ვუპასუხე, თქვენ კი არა, მამაზეციერის გარდა, ვერავინ მომაცილებს თუმანიშვილის თეატრს-მეთქი.

გასაგებად ავუხსენი, რომ ყველაფერს ვაკეთებდი, რაც სამხატვრო ხელმძღვანელს ეკუთვნოდა, მე შემოვატარე ამ თეატრს მთელი მსოფლიო. ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა პირადმა კონტაქტებმა გააკეთა ეს ყველაფერი-მეთქი... აქ 2008 წელს ბომბები რომ სკდებოდა, ანჩისხატის გუნდი ედინბურგის ერთ-ერთ ცენტრალურ ეკლესიაში მღეროდა ქართულ საგალობლებს-მეთქი. დავიღალე, ზოგის ბამბა­ ჩხრიალებს და ჩემი კაკალიც არასოდეს გაჩხრიალდა და იცით, რატომ? "შური არს მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა". ახლა, პოსტ-ფაქტუმ ვიხსენებ, ვინ რა გამიკეთა.

ჩემი გაშვება ასე მოხდა (ამასაც პირველად ვამბობ): დიდი ხანია ქეთის გაშვება უნდათ თეატრიდან, მაგრამ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილთან არის კარგად (თუმცა ბატონი ბიძინა სულ ხუთჯერ მყავს ნანახი), ამიტომ ხმას ვერ იღებენ! როდის იყო, ბატონი ბიძინა რომელიმე თეატრის საქმეში ჩარეულიყოს? ერთხელ თურმე ჰკითხეს და გაკვირვებულმა უპასუხა, მე რა შუაში ვარ, რატომ მრევთ ამაში ან რატომ მატყობინებთ ეგეთ რამეს, რაც გინდათ, ის ქენითო.

კულტურის სამინისტროში რამდენიმე ჩინოვნიკმა გადაწყვიტა ჩემი ბედი. თეა წულუკიანმა რამდენჯერმე მიხსენა სიტყვა "ხანდაზმული", ვინ არის ხანდაზმული-მეთქი, ვკითხე. რობიკოს გაუბედავთ ამას-მეთქი?! თემურ ჩხეიძე ცოცხალი რომ იყოს, გაუბედავდით, მედეა კუჭუხიძეს გაუბედავთ-მეთქი? "არა, იცით რა..." და იმ წუთიდანვე მივხვდი, რომ ეს ქალი არასოდეს იქნებოდა ჩემს მხარეს. მაშინ ვუთხარი, კულტურის მინისტრი ხართ და ნუ აჰყვებით ჭორებს-მეთქი და წამოვედი. იცით, რატომ არის დამნაშავე? ყველგან ციხიდან წამოყვანილი კადრები დანიშნა. კულტურაში ვინც იყო, აღარავინ მუშაობს. მუზეუმებს, ბიბლიოთეკებს რა უქნა? კინოს წარმომადგენლებს? სამართალდამცავებმა უკეთ იციან, კულტურაში რა ხდება? იმედია, იმავეს არ გააკეთებს პარლამენტში. ვინც ჩემს კოლეგებს­ ებრძვის, ვინც მათი ფასი არ იცის, ის ჩემთვის ავტორიტეტი არ არის. ვინ არის ჩემთან შედარებით თეა წულუკიანი?! დადეთ მისი ბიოგრაფია და დადეთ ჩემიც. ფაქტია, რაც გავაკეთე, ვიღაცას შეშურდა, ვიღაცა გაგიჟდა, ვიღაცა შეიშალა...

- თავისთავად მივედით პოლიტიკასთან...

- ისევ "ოცნება" მოვა. ოპოზიციას ჰგონია, რაც უფრო შეაგინებს მოწინააღ­მდეგეს, მით უფრო აიწევს მათი რეიტინგი. არ აიწევს, გინდა რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ, გინდა მთავრობის სახლის წინ. როდესაც ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად დაინიშნა, მეც მიმიწვიეს საგურამოში. ერთ ნომერ პირველ ადამიანს ვუთხარი, ეს ქალი რამ დაგანიშნინათ, ეს ხომ ლიბერალების დედოფალია-მეთქი. ბევრ შეცდომას უშვებს ხელისუფლება, ამიტომ უნდა დაფიქრდნენ, არჩევნების წინ ვის მოიაზრებენ თავიანთ გუნდში. ახლა ვისიც მჯერა, ირაკლი კობახიძე და მისი ძალიან ნათელი გონებაა. რაც მთავარია, ძალიან მომწონს, რომ ჩემი ხელისუფლება არ გაუწვა დასავლეთს, თითის ქნევას არ აჰყვნენ. ვინ უნდა დამიქნიოს თითი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას? რამდენიმე წლის წინ ვიყავი რიგაში. თეატრის დირექტორმა მითხრა, როგორც კი ევროკავშირს შეუერთდა ჩვენი ქვეყანა, ყველა დასავლეთში გაიქცა და მუშაობენ ახლა სასტუმროებში, რესტორნებში და ასე შემდეგო. არ მჭირდება ასეთი ევროპა. არც მასზე ნაკლები კულტურის და ნაკლები ისტორიის ქვეყანა ვართ.

- რას უსურვებთ ჩვენს ქვეყანას?

- მშვიდობას, რასაც ძალიან ცდილობს ჩვენი ხელისუფლება, თორემ ახლა უკრაინასავით ომის ქარცეცხლში ვიქნებოდით. პრაქტიკულად, უკრაინა, როგორც მონოლითური ქვეყანა, აღარ არსებობს. მე ტრამპისტი ვარ. თუ ტრამპი არ მოვიდა, ეგ ქვეყანა დაიღუპება, ლიბერალები დაახრჩობენ. ფრთხილად იყვნენ, თორემ რამდენიმე წელიწადში შტატები შეწყვეტს არსებობას. ერთხელ უწმინდესს ვკითხე, უწმინდესო, ძალიან მაინტერესებს, წყევლას აქვს ენერგეტიკა-მეთქი? რა თქმა უნდა, ძალიან დიდიო, მითხრა. თუ გინდა ადამიანი დაწყევლო, ავსტრალიაშიც შეგიძლია მიაწიო წყევლა. იმას კი გაუჭირდება, მაგრამ შენც ბუმერანგად მოგიბრუნდება და გაგანადგურებსო. ყველაფერი უფლისგან, კოსმოსიდან მოდის. მე, ვისაც ორი შვილი, შვილიშვილები, ძმისშვილები და დისშვილები მყავს, როგორ შეიძლება ვინმეს ცუდი ვუსურვო? იმიტომ, რომ ვიცი, უკან მომიბრუნდება. ამიტომ ღმერთმა აპატიოს, რაც ჩაიდინეს.

რუსუდან შაიშმელაშვილი