„სხვისი აზრის მოსმენისა და სწორი გადაწყვეტილების ერთად მიღების უნარი დავკარგეთ“
ალფრედ ჰიჩკოკის თქმით, "მხატვრულ კინოში რეჟისორია ღმერთი, ხოლო დოკუმენტურ კინოში - თავად ღმერთია რეჟისორი". კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა საზოგადოებას თავი არაჩვეულებრივი დოკუმენტური და მხატვრული ფილმებით დაამახსოვრა. "კვირის პალიტრა" დაინტერესდა, რას ფიქრობს ცნობილი რეჟისორი ქართული კინოსა და ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე.
- თანამედროვე საქართველოში იმდენი პრობლემაა, სიტყვით ვერ გადმოსცემ, ამიტომ იმას ვაკეთებ, რაც კარგად ვიცი: ჩემი ფილმებით ვცდილობ ხალხის სატკივარზე ვისაუბრო. მიუხედავად იმისა, რომ მარტში 90 წელი მისრულდება, სულ ვფიქრობ და ვმუშაობ... ბოლო ფილმის გადაღება სამი თვის წინ დავასრულე და მას "თერზო მონდო" დავარქვი, რაც ქართულად "მესამე სამყაროს" ნიშნავს. ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, სად უნდა აჩვენონ? - საქართველოში კინოთეატრებიც კი არ არის, სადაც კლასიკური ქართული ფილმების ჩვენება შეიძლება. რაც არის, იქაც მასებზე გათვლილ ფილმებს უშვებენ. ამ ფილმს ხუთი წლის განმავლობაში ვიღებდი და ამის მიზეზი თანამედროვე ქართული კინოს მწირი დაფინანსებაა და ეს ხუთი წელიწადი ისე გაიჭიმა, ნორმალური გადამღები ჯგუფიც კი ვერ შევინარჩუნე. როდესაც მიზერული დაფინანსებით მუშაობ, გადამღები ჯგუფის წევრები ხშირად იცვლებიან და იქ მიდიან, სადაც უკეთესი პირობებია. ამის გამო კინოგადაღების სისტემა ჩვენთან მოშლილია. ქართულ კინოზე გაცილებით ნაკლები თანხა იხარჯება, ვიდრე საქართველოსავით პატარა ქვეყნებში, ფინეთი იქნება, ლიეტუვა, ლატვია თუ ესტონეთი. მაგალითად, ლიეტუვაში, კინოზე სამჯერ მეტი თანხაა გამოყოფილი, ვიდრე საქართველოში. ამ სახსრებით კარგი ფილმების გადაღება შეუძლებელია.
- იქნებ ამიტომაა, რომ დღევანდელი ქართული კინო აღარ არის იმ დონისა, როგორიც 40-50 წლის წინ იყო?
- ქართული კინო არა მარტო 1960-1980-იან წლებში იყო ზენიტში, არამედ 1920-იანი წლების ბოლოსაც, როცა კლასიკური მუნჯი ფილმები შეიქმნა. "ქართული კინოს ფენომენი" - ასე უწოდეს მას მსოფლიო დონის კრიტიკოსებმა. ამ ფენომენს საფუძველი 1912 წელს ჩაეყარა, როცა პირველი ქართული ფილმი გადაიღეს და დიდ პოეტს მიუძღვნეს: "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც კლასიკად დარჩა. ასე დაიწყო ქართული კინოს ისტორია, რომელიც მერე დიდმა რეჟისორებმა გააგრძელეს: ნიკოლოზ შენგელაიამ, თენგიზ აბულაძემ, ლანა ღოღობერიძემ, მიშა კობახიძემ, ელდარ შენგელაიამ, გიორგი შენგელაიამ, ოთარ იოსელიანმა, რეზო ჩხეიძემ და სხვებმა. ეს საოცარი რეჟისორები უმკაცრესი ცენზურის პირობებშიც კი ახერხებდნენ სიმართლის თქმას. ბედნიერი ვარ, როცა ამ უნიჭიერესი ხალხის ფილმებს ვუყურებ. იმედია, ქართული კინო 21-ე საუკუნეშიც იტყვის თავის სათქმელს. ახლაც ბევრი ნიჭიერი რეჟისორი გვყავს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ თანამედროვე კინო იმ დონისა აღარ არის. მაღალი დონის ფილმებს განათლებული, დიდი კულტურის მაყურებელი სჭირდება, ჩვენი თანამედროვეები ამ მხრივ ძალიან მოიკოჭლებენ. კინო ხელოვნების ერთადერთი დარგია, რომელიც მაყურებელთან თვითონ მიდის და ცუდია, რომ დღევანდელ საქართველოში მას სათანადოდ ვერ იყენებენ. ჩვენს კინოთეატრებშიც, ძირითადად, კომერციულ ფილმებს აჩვენებენ, რომელიც კინოს ჭეშმარიტ მოყვარულებზე არ არის გათვლილი.
- ვიცით, რომ პოლიტიკაზე ლაპარაკი არ გიყვართ... ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში?
- პირდაპირ ვიტყვი: არ შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ ერთადერთი, ურყევი ჭეშმარიტების მცოდნე მხოლოდ ისაა. არ შეიძლება სწორად იარო, თუ სხვებს არ უსმენ და მარტო შენს ცოდნასა და გამოცდილებას ეყრდნობი. სამწუხაროდ, ჩვენი სამშობლო ვერ გამოვიდა იმ სისტემიდან, როცა ყველას ერთპიროვნული მართვის სურვილი აქვს. ყველა დემოკრატიაზე ლაპარაკობს, მაგრამ ნამდვილი დემოკრატია სულ სხვა რამეს ნიშნავს: უნდა შეგეძლოს სხვებსაც მოუსმინო და გადამწყვეტი ნაბიჯები მხოლოდ ამის შემდეგ გადადგა. ალბათ, ამის გამო ვერ ვაღწევთ იმას, რის მიღწევასაც ამდენი ხანია ვცდილობთ - ნამდვილ დემოკრატიას და თავისუფლებას.
ყველაფერში მართალი ვერ იქნები, თუ სხვების აზრსაც არ მოუსმინე. თუმცა ეს ბავშვობიდან უნდა მოდიოდეს - ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან და სკოლიდან. სწორედ ამიტომ უნდა მივაქციოთ ყურადღება მომავალი თაობის სწორად აღზრდასა და განათლებას. კინოს შეუძლია ამ საქმეში უდიდესი როლი შეასრულოს. სკოლა, მშობლები, საზოგადოება - ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკოსები კი არა, ღირსეული ექიმები, პედაგოგები, იურისტები - მოკლედ, ღირსეული მოქალაქეები გვყავდეს. ეს ადვილი არ არის, რადგან უახლესი ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, ბავშვს ჯერ კიდევ ეტლით მიაგორებენ, მას კი ხელში ტელეფონი უჭირავს და თვითონ ირჩევს, რის ნახვა და მოსმენა ურჩევნია. დღევანდელი მოზარდები ტელევიზიით ყოველდღე ხედავენ ძალადობას, სროლას და ათასგვარ საშინელებას... ამის ნაცვლად მაღალი დონის ანიმაციურ და საბავშვო ფილმებს თუ მივაწვდით, გაცილებით უკეთეს ნაყოფს მოვიმკით. ბავშვმა სიკეთე უნდა დაინახოს, ხოცვა-ჟლეტა, ბოროტება და სიძულვილი კი არა.
ინტერნეტის გარეშე დღევანდელი სამყარო ვეღარ იარსებებს, მაგრამ უახლესი ტექნოლოგიებიც სიკეთისთვის უნდა გამოვიყენოთ. ამაში დიდი წვლილი უნდა შეიტანოს მედიამ - ტელევიზიებმა, გაზეთებმა და ინფორმაციის საშუალებებმა.
სანატრელი გაგვიხდა ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგაგება, სხვისი აზრის მოსმენა და სწორი გადაწყვეტილების ერთად მიღების უნარი. ყველა იმას ქადაგებს, რაც თავად მოსწონს. ასე ვერ აშენდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც თაობებს უოცნებიათ. ცხადია, მეც ვნატრობ, რომ ბედნიერ და თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვრო, მაგრამ ეს დიდი შრომისა და ძალისხმევის გარეშე არ გამოვა. როგორც გითხარით, დღესაც არ ვჩერდები: ცოტა ხნის წინ მოგონებების წერაც დავიწყე. ჩემი სურვილია, ის რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრება, რომელიც გავიარე, ყველას გავუზიარო. იმედი მაქვს, რომ ქართველ საზოგადოებას ჩემი "თერზო მონდოც" მოეწონება და ახალი წიგნიც.
ხათუნა ჩიგოგიძე