USAშველოები - „ყველა პერსონაჟი უსაშველოა... გარშემო ყველას გვყავს თითო ეგეთი“
"იუთუბზე" ახალი ქართული სერიალი "უსაშველოები" გამოჩნდა, რომელსაც უკვე 2 კვირის თავზე 900 000-მდე ნახვა აქვს. სერიალის სცენარისტი, რეჟისორი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი რეპერი ზაზა ნოზაძეა. მასში დამწყებ მსახიობებთან ერთად ზურა ყიფშიძეს, გიორგი გურგულიას, ჯანო იზორიასა და სხვა ცნობილ მსახიობებსაც იხილავთ. თუ ვინ არიან "Uუსაშველოები", ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
"მინდოდა ეს ფილმი ცხოვრებიდან ამოგლეჯილი რეალისტური სცენებით ყოფილიყო სავსე, თუნდაც ბილწსიტყვაობით, რომელიც არავის ეგონოს, რომ მოგვწონს..."
ზაზა ნოზაძე: - ამ სერიალში გადმოცემულია ჩემი შეგრძნებები, სამყარო, რომელიც ჩემი ნაწილია. მისი პერსონაჟები ჩემ გარშემო არიან. ძალიან მინდოდა მესაუბრა ამ სამყაროზე იმ ფორმით, რა ფორმითაც ვსაუბრობ - შავ იუმორს ვგულისხმობ.
- თითქოს პერსონაჟები დროში ჩარჩენილები არიან...
- გააჩნია, როგორ მივუდგებით, თვითონაც სათაური, "უსაშველოები", იმიტომ ჰქვია ფილმს, რომ ყველა პერსონაჟი უსაშველოა. ამას წინათ, ერთ გადაცემაში ისე გამოიყვანეს, თითქოს მე ამ ხალხს ვაკრიტიკებ, ასე არაა - ისინი ჩვენი დები და ძმები არიან, უბრალოდ, მე ასეთი ფორმით დავანახე მათ საკუთარი თავი. ვიღაც სერიალის ნახვის შემდეგ ხომ იფიქრებს, მოდი, ამას აღარ ვიზამ, იმიტომ, რომ სასაცილოა, ასე რომ ვიქცევიო.
მინდოდა ეს ფილმი ცხოვრებიდან ამოგლეჯილი რეალისტური სცენებით ყოფილიყო სავსე, თუნდაც ბილწსიტყვაობით, რომელიც, არავის ეგონოს, რომ მოგვწონს...
- ასეთი კომენტარიც წავიკითხე, შეიძლება ამ სერიალში ბევრმა ამოიცნო თავისი უბნის რეალობა, კარგი იქნება, ასეთ ყოფას წერტილი დაესვას და ახალგაზრდებმა განათლებაზე, პიროვნულ ზრდაზე იფიქრონო.
- მინდოდა ეს სამყარო მეჩვენებინა. გარშემო ყველას გვყავს თითო ეგეთი....
- რა არის ამ პერსონაჟებისთვის ამერიკა, უფრო სწორად USA? რეალობისგან გაქცევა?
- მათ ცხოვრებაში ამერიკა მაშველ რგოლს ჰგავს, არანაირი იდეა და გეგმა არ აქვთ, ამბობენ, "ლიჟბი იქამდე ჩავიდეო". მათთვის მთავარი ის კი არ არის, იქ რას იზამენ... რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში დიდი სარკაზმი დევს. ბევრს ჰგონია, მთავარია, იქ მოხვდნენ და ყველაფერი თავისით დალაგდება.
- სერიალში ერთი პერსონაჟი, ვატო, პირიქით, ბრუნდება სამშობლოში აბსოლუტურად გამოცვლილი მენტალიტეტით, მაგრამ აქაური რეალობის მიმართ პროტესტი უჩნდება, უკვე აღარც აქეთაა და აღარც იქით...
- თუ მისი მეგობრები ამერიკაში უიდეოდ მიდიან, ვატო არის ადამიანი, რომელიც სამშობლოში ჩამოდის იდეით. ვატო ის პერსონაჟია, რომელსაც გაუმართლებს. სულ კონფლიქტშია, სულ შარში ხვევენ და სულ ბრძოლა უწევს, იბრძვის ახალი "მე"-სთვის, რათა შეურიგდეს ოჯახს, პროფილაქტიკა გახსნას... როდესაც სცენარს ვწერდი, ვატო ჩემთვის ერთ-ერთი დადებითი პერსონაჟი იყო. ის არ კარგავს სახეს, იცის, რა უნდა, რისთვის იბრძვის.
- არის კიდევ პერსონაჟი, რომლის მსგავსიც ბევრი გვინახავს - მორჩილი ბიჭი არჩილი.
- "მორჩილი არჩილები" უამრავია ჩვენ გარშემო... მე მორწმუნე ადამიანი გახლავართ და ეს თემა ჩემთვის სენსიტიურია და ამიტომ ბევრს ვფიქრობდი სწორად მეჩვენებინა, თითქოს ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს მსგავს საკითხთან შეხება. ის ფილმში ყველაზე კეთილი და პატიოსანი პერსონაჟია, ჰყავს ბრიყვი მრევლი, რომელსაც ცდილობს ჭკუა დაარიგოს, გამოასწოროს.
- მამა-შვილი ზაკა და ლადო... კი გვეცინება, მაგრამ გულსატკენია ასეთი მამა-შვილები რომ რეალობაშიც გვხვდება. მათ შორის არ იგრძნობა ასაკობრივი სხვაობა, ორივე მეთორმეტე კლასში ჩარჩენილს ჰგავს...
- ასეა... თავიდან ვფიქრობდი, რომ ქართველი რეპერის ცხოვრება გადამეღო. სცენარზე მუშაობისას პირველი პერსონაჟები სწორედ ეგ მამა-შვილი იყო. ლადოსა და ზაკოს მსგავსი ურთიერთობა ხშირად მინახავს და გამკვირვებია კიდეც.
- გოგიტა ჟღენტზეც მიამბეთ.
- ასეთი აფერისტები არცთუ იშვიათად შეგვხვედრია და კიდევ არსებობენ ბრიყვები, რომლებიც მაინც ენდობიან. გოგიტა ჟღენტს ვითომ მექსიკიდან ამერიკაში გადაჰყავს ხალხი... ძალიან მაგრად მოირგო კახა სამუშიამ ეს როლი. ის არაჩვეულებრივი მსახიობია.
- ზურა ყიფშიძის გმირზე რას იტყვით?
- როგორც რეჟისორისთვის, უდიდესი გამოცდილება იყო ამ შესანიშნავ მსახიობებთან მუშაობა: ზურა ყიფშიძესYთან, გიორგი გურგულიასთან, ჯანო იზორიასთან. ბატონი ზურასთვის მთავარი იყო მოსწონებოდა როლი. როგორც კი ვუამბე, რომ უნდა ეთამაშა "მომავალი", რომელსაც ხანდაზმულობის გამო უკვე ყურში აღარ ესმის და კოჭლია, ბევრი იცინა. მინდა მას დიდი მადლობა მოვახსენო ნდობისთვის.
- გადაღებები სად მიმდინარეობდა?
- მე თემქაზე დავიბადე და გავიზარდე. თავიდან იქ ვფიქრობდი გადაღების დაგეგმვას. მინდოდა ფილმში ყოფილიყო პირობითი "ღამის უბანი". მინდოდა მენახებინა გარეუბნის ცხოვრება, მაგრამ მაყურებელი ვერ მიმხვდარიყო, ეს თემქაა თუ ვარკეთილი... დიდხანს ვეძებდი ადგილებს და საბოლოოდ ვაზიანის დასახლება და ძველი რუსთავი შევარჩიეთ...
ჩვენი პირველი სეზონი 6 სერიისგან შედგება. უკვე დაწყებული მაქვს მეორე სეზონის სცენარის წერა. მაყურებელი მას ახალი წლის დღეებში ნახავს ერთ ტელეარხზე.
- ზაზა, რა პროფესიის ხართ?
- შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ბუბა ხოტივარის ჯგუფში ვსწავლობდი რეჟისურას. ბატონი ბუბა ძალიან მიყვარს. ჩემი იმედი ძალიან ჰქონდა და მგონი, ვუმართლებ. მან ჩემზე უდიდესი კვალი დატოვა როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების მხრივ.
- ელოდით, რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა "უსაშველოებს"?
- არა. იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა უცხო ადამიანები ისე გვხვდებიან, როგორც ოჯახის წევრს. მეგონა, მხოლოდ ჩემი თაობა გაიგებდა ამ ფილმს, მაგრამ როცა გულით გაცინებული ბებიაჩემი და დედაჩემი დავინახე, გამიკვირდა. ვფიქრობ, ჩემს მიზანს გარკვეულწილად მივაღწიე, რაც მახარებს...
"ადრე ქუჩაში მოკრძალებით მესალმებოდნენ, ტრეზორა მოდისო, ახლა კი სიცილს იწყებენ, კომიკური პერსონაჟი გავხდი..."
გიორგი გურგულია, მსახიობი, ძია ლადოს როლის შემსრულებელი: ჯერჯერობით არსად, გარდა ინტერნეტისა, არ დადებულა UშAშველოები. დეკემბერში ტელევიზიითაც ნახავთ, ალბათ, ღამის საათებში, ბილწსიტყვაობის გამო. სხვანაირად არ გამოდის, "ასეთ ენაზე" ლაპარაკობს იმ კატეგორიის ხალხი, რომელთაც ვასახიერებთ. ბოდიშს ვიხდი საზოგადოების წინაშე ამისთვის.
- თქვენს გმირზე მიამბეთ, ძია ლადო კერვალიშვილზე.
- ძია ლადო 80-90-იანებში ჩარჩენილი კაცია. აქეთ "მომავალი" ძმაკაცი მყავს, ზურა ყიფშიძე რომ ასრულებს.
ყველაფერი ასე დაიწყო: ჩემთან მოვიდნენ რეპერი ზაზა ნოზაძე და მისი ბავშვობის მეგობარი ნიკა მეშველიანი, სცენარი გვაქვსო, და ძალიან ეშინოდათ, რომ არ დავთანხმდებოდი მათ ფილმში მონაწილეობას. წავიკითხე სცენარი და მომეწონა. ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო ახალგაზრდებს. ბევრი სტუდენტის სადიპლომო ფილმში მითამაშია უსასყიდლოდ. მერე ზურა ყიფშიძეს შევხვდით, მერე პანჩოს და ასე ნელ-ნელა შეგროვდნენ ამ სერიალის პერსონაჟები.
- დღეს არიან ასეთი ადამიანები?
- ჩარჩენილების მეტი რა არის?! ისეთი მამა-შვილიც არაერთია, როგორიც ლადო და ზაკა კერვალიშვილები არიან...
- რას ვამბობთ ამ ფილმით?
- ჩემი ფილმი "კომენტარის გარეშე" ანტინარკოტიკული დატვირთვის იყო. სამარცხვინო გავხადეთ ის მდგომარეობა, რაც ჩვენ დროს იყო რომანტიზებული... ამ სერიალითაც ეს რომანტიზებული მდგომარეობა გვინდა ჩამოვშალოთ.
მიხარია, რომ სპონსორები გამოჩნდნენ და სურთ გაგრძელდეს სერიალი. ადრე ქუჩაში მოკრძალებით მესალმებოდნენ, ტრეზორა მოდისო, ჩაილაპარაკებდნენ ხოლმე, ახლა კი სიცილს იწყებენ, კომიკური პერსონაჟი გავხდი, მიძახიან, ძია ლადო, შეიძლება შენთან ფოტო გადავიღოთო...
"ასეთები, როგორიც ამ სერიალის პერსონაჟები არიან, არ უნდა ვიყოთ"
კახა სამუშია, მსახიობი, გოგიტა ჟღენტის როლის შემსრულებელი: - გოგიტა ჟღენტს თავისი გაჭირვება აქვს, ვისაც როგორ შეუძლია, ისე გააქვს თავი არსებულ რეალობაში. აფერისტი და "გადამგდებების" მეტი რა არის უბანში, სამეზობლოში, შესაძლოა სანათესავოშიც, ყველგან შევხვდებით მსგავს ტიპებს.
- მეტსახელიც შესაბამისი აქვს...
- ამ პერსონაჟს უხდება, იმსახურებს კიდეც...
- ამ თქვენს პერსონაჟს ცხოვრებაში ვინმე თუ გაუშვია საზღვარგარეთ?
- მგონი, არავინ.... სცენარს ნელ-ნელა ვეცნობი, გადაღების დროს, ასე რომ, მეც არ ვიცი, რა მოხდება ბოლოს, მაგრამ გული მიგრძნობს, ტოლიკაც არ უნდა იყოს კარგი კაცი... ასეთები, როგორიც ამ სერიალის პერსონაჟები არიან, არ უნდა ვიყოთ. სანამ ასეთები ვიქნებით, მანამდე არაფერი გვეშველება. ამიტომაც ჰქვია ფილმს "უსაშველოები", იმიტომ, რომ ყველა ან გაქცევაზეა, ან მოტყუებაზე... ზოგი ამბობს, ამ ფილმს ახალგაზრდები რომ უყურებენ, მათთვის ასეთი ქცევა პროპაგანდააო! არა! ეს ფილმი ზუსტადაც ანტიპროპაგანდაა. იმის პროპაგანდაა, როგორ არ უნდა მოიქცნენ. მამა-შვილის ცხოვრება ისეთი არ უნდა იყოს, როგორიც ამ სერიალშია, მეგობრების ურთიერთობაც... ეს არის პროპაგანდა როგორი არ უნდა ვიყოთ.