26. 10.24 - „ოცნება“, ოპოზიცია, „ტექნიკური მთავრობა“, დასავლეთი და რუსეთი - კვირის პალიტრა

26. 10.24 - „ოცნება“, ოპოზიცია, „ტექნიკური მთავრობა“, დასავლეთი და რუსეთი

არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. როგორ მიდის წინასაარჩევნო პროცესი, რა შეიძლება მოხდეს ამ დღეებში და რაც მთავარია, როგორი იქნება არჩევნების შედეგები და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, ამ საკითხებზე კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესა და პოლიტიკის ანალიტიკოს მირიან მირიანაშვილს ვესაუბრეთ.

ვახტანგ ხმალაძე: - ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ არჩევნებზე უნდა გადაწყდეს, საქართველოს საგარეო ორიენტაციის საკითხია - ანუ საქართველოს ექნება დემოკრატიულ დასავლეთთან ინტეგრირების შესაძლებლობა, ეს კარი დარჩება ღია და ჩვენი სწორი მოქმედების შემთხვევაში, მოხდება საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირთან, თუ კარი დაიხურება ძალიან დიდი ხნით და ფაქტობრივად, სხვა არაფერი დარჩება, გარდა რუსეთთან, რუსულ სამყაროსთან ინტეგრირებისა. ამის ორსაუკუნოვანი მწარე გამოცდილება კი გვაქვს და კარგი არაფერი მოუტანია. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საკითხი, რომელიც ამ არჩევნებზე უნდა გადაწყდეს. ამაში არ იგულისხმება მხოლოდ საგარეო ურთიერთობები, არჩევნების შედეგზე არის დამოკიდებული, საქართველოს ექნება თუ არა განვითარების შესაძლებლობა, თუ იქნება რეგრესი.

ასეთი მნიშვნელობის 1990 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნები იყო, რითაც, ფაქტობრივად, გადაწყდა საკითხი, საბჭოთა კავშირთან ერთად თუ დამოუკიდებლად.

1990 წელსაც დარწმუნებული ვიყავი, რომ კომუნისტები არჩევნებს ვერ მოიგებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იყო მხოლოდ ერთი, სახელმწიფო ტელევიზია, რომელსაც მაშინდელი კომუნისტური ხელისუფლება აკონტროლებდა. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი კომუნისტური იყო, მაგრამ საზოგადოების განწყობა აშკარად დამოუკიდებლობის მხარეს იყო და ამიტომ ვიყავი დარწმუნებული, რომ კომუნისტები ვერ მოიგებდნენ არჩევნებს. ახლა რასაც ვუყურებ, რასაც ვისმენ, რასაც ვკითხულობ, საქართველოში არიან რუსეთუმეები, ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი, მაგრამ არის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი პირებისა, რომლებიც "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერენ შიშის გამო, რუსეთი დაგვარტყამსო.

არავისგან არასოდეს მომისმენია, რომ ან ამერიკის, ან გერმანიის, ან საფრანგეთის, საერთოდ, ევროპის რომელიმე ქვეყნის დარტყმის ეშინოდეთ, რუსეთის შიში კი არის. ამიტომ ფიქრობენ, თუკი "ოცნებას"“დაუჭერენ მხარს და ის დარჩება ხელისუფლებაში, ჩვენ გადავრჩებით.

ასეთი ნაწილი, ჩემი აზრით, მაინც მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ საფრთხე სწორედ რუსეთთან დაახლოებით გველის და არა ევროპასთან ბევრი მიზეზის გამო.

კიდევ ერთსაც დავამატებდი - გავითვალისწინოთ, რომ "ოცნების" ძველი მხარდამჭერების ძალიან დიდ ნაწილს ისევე უნდა ევროპასთან დაახლოება, როგორც "ოცნების"“ოპოზიციაში მყოფ საზოგადოების ნაწილს. შესაბამისად, მმართველმა პარტიამ თავისი ამომრჩევლების ნაწილი უკვე დაკარგა პრორუსული პოზიციის გამო. ახლა რამდენიც არ უნდა იძახოს "ევროპისკენ ღირსებითო" და კიდევ რაღაცები, ჟარგონის ენაზე ვიტყვი, ბევრი ამას უკვე აღარ ჭამს.

- "ოცნება" შეეგუება წაგებას? და რა შეიძლება გააკეთოს?

- ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და ბევრი ჩვენგანი იყო მოწმე იმისა, თუ რა მოხდა მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. მხედველობაში მაქვს 2003 წლის არჩევნები, რომელიც დამთავრდა იმით, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ არა მარტო ხელისუფლება დაკარგა, არამედ ეს პარტია დაიშალა და დღეს ბევრს აღარც ახსოვს, რომ "მოქალაქეთა კავშირი" არსებობდა და დიდი ხნის განმავლობაში მმართველი პარტია იყო. რაც შეეხება იმას,

აღიარებს თუ არა "ოცნება" არჩევნების შედეგებს, თუკი წააგებს, ვფიქრობ, თუ აპირებს საქართველოში არა მარტო ცხოვრების, არამედ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებასაც, მაშინ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე.

მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა "ქართული ოცნება", მისი წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და მათაც არ ვუსურვებ ცუდ პერსპექტივას, ისევე, როგორც საქართველოს არც ერთ მოქალაქეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უმეტესობა ასე ფიქრობს. ჩვენს ბუნებაში არ არის გაბატონებული შურისძიების მოთხოვნა. საკმარისია, ის, ვინც ზიანი მოგაყენა, წესიერად მოექცეს და მაშინვე გული ულბება დაზიანებულს. ამიტომ სწორი იქნება, თუ დღევანდელი ხელისუფლება არჩევნების შედეგებს აღიარებს. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ შეიძლება დაიწყოს არეულობა - ეს ერთი ვარიანტია. მეორე ვარიანტი კი ის არის, რომ არ დაიწყოს არეულობა, მაგრამ გაძლიერდეს ქვეყნიდან ემიგრაცია, რადგან აქ პერსპექტივას ვეღარ დაინახავენ. თუ წარმოვიდგენთ, რომ არეულობაც დაიწყება და თან გაძლიერდება ემიგრაციის ტალღა, ეს უფრო მძიმე შედეგებს მოუტანს ქვეყანასაც, დღევანდელ ხელისუფლებასაც და თითოეულ ჩვენგანსაც. ამიტომ, როდესაც ასეთი არჩევანი უდგას ხელისუფლებას და თითოეულ ჩვენგანს, ყველა კარგად უნდა დავფიქრდეთ, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ, და უნდა შევეცადოთ, ეს ნაბიჯი იყოს ისეთი, რაც ქვეყანას პროგრესს თუ არ მოუტანს, ზიანი მინიმალური მაინც იქნება.

- თეორიულად რომ დავუშვათ, თუ "ოცნებამ" გაყალბების გარეშე მოახერხა უმრავლესობის მოპოვება, ოპოზიცია და საზოგადოების ოპოზიციური ნაწილი, რომელთაც ხელისუფლების შეცვლის მოლოდინი აქვს, შეეგუება ამას და აღიარებს?

- თუკი არჩევნები ჩატარდა კანონის დაცვით და შესაბამისად, არჩევნების ოფიციალური შედეგები შესაბამისობაში იქნება ამომრჩეველთა ხმებთან, მაშინ ოპოზიციამ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მოქმედება გასცდა განცხადებებს, ეს არა მარტო უკანონობა იქნება, არამედ მძიმე შედეგს მოიტანს და საქართველო ძალიან დიდი ხნით მოექცევა დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაში.

- ამ სიტუაციაში სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას დაასახელებს, როგორ აფასებთ, რისი გაკეთება ან გაფუჭება შეუძლია?

- მე ვერ ვხედავ, რომ მთავრობის შემადგენლობის წინ წამოწევის საკითხი ამჟამად იყოს აქტუალური და იყოს რაციონალური. მე ერთი რამ ვიცი და არა მარტო წიგნებიდან, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დაკვირვებიდან, რომ არჩევნების შემდეგ კოალიციურ შეთანხმებამდე მისვლა და შესაბამისად, მთავრობის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე ამის გაკეთება არჩევნებამდე. ამიტომ არჩევნებამდე მთავრობის შემადგენლობაში კონკრეტული გვარების დასახელება არ მოუტანს სარგებელს საარჩევნო პროცესს. უნდა დაველოდოთ არჩევნების დასრულებას და შედეგებს. არჩევნების დასრულებიდან შედეგების გამოცხადებამდე დაახლოებით 3 კვირა გავა და ეს საკმარისი იქნება დღევანდელი ოპოზიციური პარტიებისთვის, რათა მიაღწიონ კოალიციურ შეთანხმებას.

- ის, რომ ახლა ლაპარაკია არა კოალიციურ, არამედ ტექნიკურ მთავრობაზე, რომელიც ოპოზიციასთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული, როგორც ქარტიით იყო გათვალისწინებული, რეალობას არ ცვლის?

- როდესაც ვთქვი, რომ დრო საკმარისი იქნება კოალიციური შეთანხმებისთვის, ეს შეთანხმება შეიძლება იყოს მთავრობის პოლიტიკურ შემადგენლობაზე - ანუ არა ტექნიკური, არამედ კოალიციაში შემავალი სუბიექტების მიერ თავ-თავიანთი წარმომადგენლების მიერ მთავრობის შედგენაზე. პრემიერი შეიძლება იყოს პარტიული ან ნეიტრალური, არაპარტიული წარმომადგენელი, მინისტრების ნაწილი უპარტიო, ნაწილი - პარტიების წარმომადგენელი, მთლიანად პარტიული ან მთლიანად უპარტიო. როდესაც ნეიტრალური ანუ არაპარტიული წარმომადგენლებისგან კომპლექტდება მთავრობა, მას "ტექნიკურს" უწოდებენ - ანუ ვარიანტი შეიძლება იყოს ნეიტრალური, მაგრამ მთავარია შეთანხმება, თუ რაზე თანხმდებიან. კოალიციური შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. რაზე შეთანხმდებიან, ვერაფერს მოგახსენებთ. შეთანხმება ნიშნავს, რომ ყველა მონაწილე იმთავითვე მზად უნდა იყოს კომპრომისისთვის. სხვანაირად გვექნება რიგგარეშე არჩევნები და ვინ რა შედეგს მიაღწევს, ეს კიდევ საკითხავია. სხვათა შორის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა, ყოველთვის გამოიკვეთება ის სუბიექტი თუ სუბიექტები, რომელთა გამოისობითაც ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული და მინდა ყველა დავარწმუნო, რომ რიგგარეშე არჩევნების დროს აი, ასეთი სუბიექტები, ვინც ხელს შეუშლის შეთანხმებას, დაკარგავენ ამომრჩეველთა ხმებს და შესაძლოა საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაშიც აღმოჩნდნენ.

"ივანიშვილისთვის დასავლეთთან კულუარული მოლაპარაკების დრო დადგა, სხვა შანსი აღარ არის"

მირიან მირიანაშვილი: - ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩვენს სოციუმში ახლა ის არის, თუ რომელ ოპოზიციურ პარტიას მისცენ ხმა. საზოგადოების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით თბილისის და დიდი ქალაქების, ოპოზიციურად არის განწყობილი, მაგრამ მათში მაინცდამაინც დიდ სიმპათიას ვერ იწვევს ჩვენი ოპოზიციის შემადგენლობა. ამიტომაც ოპოზიციური ამომრჩეველი დღეს დგას დილემის წინაშე, რა ფორმით გამოხატოს თავისი ოპოზიციური განწყობა. აქვე უნდა ითქვას, რომ დღეს ოპოზიცია მოიაზრება, როგორც ივანიშვილთან ბრძოლის ინსტრუმენტი - ანუ ოპოზიციისთვის მიცემულ ხმას ოპოზიციის სიმპათიად ნუ ჩათვლით. ეს გარემოება მხედველობაში რომ მიეღოთ გაცილებით ადრე, სხვანაირი პოლიტტექნოლოგიების გამოყენებაც იქნებოდა შესაძლებელი.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" პერსპექტივებს, როდესაც ამბობენ, რომ მინიმუმ 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ და საკონსტიტუციო უმრავლესობას შექმნიან, ავიწყდებათ მთავარი - 60%-იანი მხარდაჭერა მაშინ არ ჰქონიათ, როცა ამ პარტიის რეიტინგები ზენიტში იყო. დღეს, როდესაც მაჟორიტარული სისტემა გაუქმებულია, და თან "ოცნებამ" ძალიან უცნაური პრინციპი მოიფიქრა, რომ გაუნაწილებელი მანდატი ყველა ბარიერგადალახულზე განაწილდება, ძალიან სათუოა მათთვის სასურველი შედეგის მიღება. ამ პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა თეორიულადაც კი შეუძლებელია. ამიტომაც ამ პოლიტიკური მოცემულობების მიხედვით ჩამოყალიბდება შედეგები. ივანიშვილის პრობლემა ოპოზიციური პარტიები კი არა, ოპოზიციური ელექტორატი და ის პერსპექტივაა, თუ გარე კონტურიდან როგორი იქნება ოპოზიციური ელექტორატის მხარდაჭერა. თუმცა ამ გარე კონტურიდან ისეთი გაუგებარი სიგნალები მოდის, იმის თქმა, რომ ამერიკული პოლიტელიტა 26 ოქტომბრისთვის გამოთავისუფლებული იქნება თავისი საარჩევნო პრობლემებიდან, გადაჭრით არ შეიძლება. 26 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე, სანამ ამერიკელები გათავისუფლდებიან თავიანთი საარჩევნო პრობლემებისგან, ივანიშვილს რჩება მანევრირების საშუალება და ამიტომაც დღეს გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია.

- ამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას "ოცნება" ვერ აიღებს, აიღებს ჩვეულებრივ უმრავლესობას, ოღონდ სამართლიანად ჩატარებული არჩევნებით, გაყალბებისა და მანიპულაციების გარეშე?

- სიმართლე გითხრათ, ერთი რამ ძალიან მაღელვებს - ამომრჩეველთა რაოდენობა იმდენად დიდია საქართველოში, რომ რეგისტრირებულს დიდად არ ჩამორჩება. ეს როგორ დაითვალა და რანაირად მოხდა, რომ საქართველოში 18 წლამდე მოსახლეობა ცოტაა, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. მე ისიც მიკვირს, რომ ამ თანაფარდობას ოპოზიცია არ აპროტესტებს.

- წელს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის არჩევნების დროს იყო.

- მოსახლეობის რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 3 მილიონ 700 ათასია და როგორ ხდება, რომ 18 წლამდე ასაკის ადამიანი იმდენად ცოტაა, რომ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა უტოლდება მოქალაქეთა სრულ რაოდენობას. გარდა ამისა, თავად საარჩევნო პროცედურაში ისეთი აუწყობელი მოდელი შემეჩეხა, რომ ძალიან უცნაურ განცდასა და მოლოდინს ბადებს. ასეთი უცნაურობები ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა ისეა გაზრდილი და თან არა ხელისუფლების სასარგებლოდ, რომ პირადად მე ძალიან ბევრ კითხვას მიჩენს.

- რას გულისხმობთ?

- ამომრჩევლისთვის უცნობია მექანიზმი, თუ როგორ ხდება ხმების კოდირება და დათვლა, როგორ მუშაობს გადამცემი სისტემები, როგორია მონაცემთა ასახვის ელექტრონული კოდები. როგორ მოქმედებს თავად ელექტრონული არჩევნების მექანიზმი. გარდა ამისა, კანონში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ხელით გადათვლის შედეგები როგორ აუქმებს ელექტრონულს. იქ მხოლოდ დადასტურებაზეა ლაპარაკი. ამიტომ მგონია, შესაძლოა ესეც პრობლემა გახდეს.

კითხვებს მიჩენს ისიც, რომ 18 სუბიექტი მონაწილეობს, საიდანაც გასვლის მეტ-ნაკლები შანსი 4-ს აქვს. ვინმემ იკითხა, რატომ მოხდა, რომ მაინცდამაინც ამ არჩევნებში ასე შემცირდა საარჩევნო სუბიექტების რიცხვი, როდესაც მათი რაოდენობა 60-მდე იყო ხოლმე, ხოლო მოქმედი პარტიების რაოდენობა კი ორასამდეც არის?

- გაქვთ რამე ვერსია, რატომ?

- ვერსიები კი მაქვს, მაგრამ ფაქტები არა მაქვს და კონსპიროლოგიაში ხომ არ გადავვარდები?! მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ - ამ ბევრი უცნაურობის უკან ხელისუფლების ინტერესების რეალიზების მოდელს ვერ დაინახავ. საერთოდ,

ამ საარჩევნო პროცესში ხელისუფლებას ძალიან ბევრი უცნაურობა აქვს ნაკეთები და მათი ჯამი როგორ შემოტრიალდება, არ ვიცი, მით უმეტეს, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული შემთხვევითობაზე, ოპოზიციის ენერგეტიკასა და დასავლეთის ოპოზიციისთვის მხარდაჭერაზე ან პირდაპირ ვთქვათ, დასავლეთის არჩევნებში ჩარევის ხარისხზე.

ამიტომ ეს უცნაურობები, რაც შეიძლება ისევ ხელისუფლებას შემოუტრიალდეს ცუდად, რატომ გააკეთეს, არ მესმის.

- დასავლეთის ჩარევაში რას გულისხმობთ?

- არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი საშინაო ფაქტორებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკის არჩევნებს. ერთხანს ტრამპის შანსი ნულამდე იყო დასული. ბოლო სამი კვირის განმავლობაში კი, რაც მიხვდა, რომ აგებდა არჩევნებს, ტრამპი გაურიგდა რესპუბლიკური ფრთის კონსერვატიულ ნაწილს, ვისთანაც აქამდე დაპირისპირებული იყო და მათ მისცა პოსტსაბჭოთა სივრცეზე ზემოქმედების ბერკეტები. შესაბამისად, ის, რომ ტრამპი მოვა, პუტინთან გარიგებას დადებს და საქართველოში დარჩება სტატუს-კვო, რისი იმედიც ჰქონდა ივანიშვილს, ეს იმედიც მოკვდა. ფაქტობრივად, თუ ტრამპი მოვიდა და ამის შანსი ამ გარიგების შემდეგ გაიზარდა, დიდი ალბათობით, რუსეთთან გარიგების იდეა მოკვდა, რადგან ეს საკითხი პუტინის მტრების ხელში აღმოჩნდა. ამიტომაც საგარეო კონტურზე ჩვენს ხელისუფლებას ძალიან ნეგატიური პროცესები ჩამოუყალიბდა. ამას ემატება ისიც, რომ "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა სურდა, რათა კონსტიტუციაში ცვლილება შეეტანა ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შესახებ. წლების განმავლობაში ეს რუსეთს უნდოდა, მაგრამ ახლა კრემლი რადიკალურად წინააღმდეგია. გავიხსენოთ მათი განცხადებები. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში იმავეს გაკეთების საფრთხე გაჩნდა. ამიტომაც არის წინააღმდეგი კრემლი, მას სულ არ აწყობს ჩრდილოეთ კავკასიაში ამის გაკეთება. ასე რომ, ივანიშვილს პოლიტიკური რეალობის გადაწყვეტის ეს კოზირი ხელიდან გამოეცალა. მიმდინარე რეალობაში კი რა არის "ქართული ოცნების" სტრატეგიული ამოცანა ამ არჩევნების შემდეგ, არ ვიცი...

უკვე რამდენიმე თვეა, ვამბობ და რატომღაც ყურადღებას არავინ აქცევს, რომ ამ ყველაფრის შედეგი იქნება არჩევნების ლეგიტიმურობის არცნობა. ხელისუფლების განწყობა ასეთია - არ ცნობენ და ნუ ცნობენ, დროთა განმავლობაში იძულებული გახდებიან, ცნონო. ეს რეალობის გამაოგნებლად არაკომპეტენტური შეფასებაა, რადგან ისტორიაში არ მომხდარა, რომ ამერიკას არჩევნების ლეგიტიმურობა არ ეცნო და მერე დროთა განმავლობაში ეცნო. არალეგიტიმურად ცნობა იმას ნიშნავს, რომ ჩატარდა უკანონოდ და უკანონობა დროთა განმავლობაში კანონიერი ვერ გახდება. ამიტომაც "ოცნებას" ამ ფორმულაში კორექტივი აქვს შესატანი, თანაც სწრაფად. რაც მთავარია, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამ სტადიამდე არ მივიდეთ, რომ არჩევნები ცნონ არალეგიტიმურად. ამის გაკეთება შესაძლებელია, ამის ბერკეტები ივანიშვილს აქვს. თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავ, რომ ეს არ მოხდება. თუმცა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის კავშირის გამო განსაკუთრებით მიუღებელი ხდება რუსეთის ბანაკში ყოფნა. სხვათა შორის, ყველა ქვეყანაში ტრამპისტული ბანაკი ანტირუსულად არის განწყობილი, მხოლოდ საქართველოშია ეს ბანაკი პრორუსული და მათგანაც კი მომივიდა ხმა, რომ კიმ ჩენ ინი მხარდაჭერის სანაცვლოდ რუსეთს სთხოვს ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გაერთიანებას და ეს იმდენად სკანდალური ალიანსია, რუსეთისთვის და რუსეთის მოკავშირეებისთვის იმდენად ცუდ პერსპექტივებს ხატავს, რომ ჩვენთვის ძალიან არასახარბიელო სიტუაცია იქმნება. ამიტომაც ხაზგასმით ვაკეთებ მინიშნებას - ივანიშვილისთვის დასავლეთთან კულუარული მოლაპარაკების დრო დადგა, სხვა შანსი აღარ რჩება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ აქ საკმაოდ მშფოთვარე პერიპეტიები გველის.

- პრეზიდენტს ნათქვამი აქვს, რომ არჩევნებამდე დაასახელებს ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას.

- ვიღაც-ვიღაცებზე გავიგე, რომ განიხილავენ ამ მთავრობაში, მაგრამ ვერ ვიტყვი.

- გილაური, ბეჟუაშვილი, ყიფიანი. ამათ გარდა, არის კიდევ ვინმე?

- ხომ გითხარით, ვერ ვიტყვი ვერაფერს კონკრეტულ კანდიდატებზე. ერთი რამ არის მთავარი - ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა არ მოდის დასავლეთიდან, მასთან შეთანხმებული არ არის.

ძალიან უცნაურიც იქნება, რომ ჯერ არჩევნების შედეგები არ არის დამდგარი და სალომე ზურაბიშვილმა დასავლელ წრეებთან დაიწყოს შემადგენლობის შეთანხმება. იმისთვის, რომ ეს საკითხი აქტუალური იყოს, ჯერ არჩევნებში ოპოზიციისთვის პოზიტიური შედეგი უნდა დადგეს. ამიტომაც ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ არა პირადი შემადგენლობის თვალსაზრისით, არამედ როგორც მოცემულობაზე. რაც შეეხება იმას, თუ არჩევნების წინადღეებში შემადგენლობის გაცხადება რა გავლენას იქონიებს, ნამდვილად არ ვიცი. ჩემი აზრით, ჯობდა, ეს არ გაკეთებულიყო.

როგორც ჩანს, ამ მთავრობაში ზურაბიშვილს ნავარაუდევი ჰყავს "ნაცმოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნები და როგორც ვხვდები, მთავრობაში დაახლოებით მესამედი სწორედ ისინი იქნებიან. ეს ფაქტი კი საზოგადოების ოპოზიციური ელექტორატისთვის სერიოზული დამაბრკოლებელია.

ეს არანაცურ ოპოზიციურ ამომრჩეველს აყენებს დილემის წინაშე, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის მხარდაჭერით მხარს უჭერს "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში რაიმე ფორმით დაბრუნებას. ამიტომაც, ჩემი შეფასებით, ეს არ არის ჭკვიანური იდეა.

- ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციონერი ლიდერი, განსაკუთრებით კი ხაზარაძე, პრემიერის პოსტზე მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს. ეს კოალიციის შექმნას არჩევნების შემდეგ არ გაართულებს? იქნებ მართლაც ტექნიკურ მთავრობაზე შეთანხმება უღირდეთ?

- დასავლურ პოლიტტექნოლოგიურ სტრუქტურებს პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული, მათ შორის, მედიებსაც. ოპერატიული პაუზა აიღეს და ელოდებიან მითითებებს, რომლის ცენტრი, ვაშინგტონი, ჯერ შიდა არჩევნებზეა გადართული - ანუ დასავლეთს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს და, თუკი გადაწყვიტა "ქართული ოცნებისთვის" სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდება, როგორი შედეგიც არ უნდა მივიღოთ არჩევნებში, კატეგორიულად მოსთხოვს ერთი წლის განმავლობაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას. სალომე ზურაბიშვილის აქტიურობას მეც ზუსტად ასე ვხედავ - მას პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ სურს ოპოზიციის ლიდერი გახდეს და ერთი წლის თავზე არჩევნებში სწორედ ის იყოს პროცესების სათავეში. მე როგორც ვიცი, ეს იდეა მაკრონთან, საზოგადოდ, დასავლეთთან უკვე შეთანხმებულია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ხაზარაძის აზრი იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს ოპოზიციის ლიდერი ამ არჩევნების შემდეგ, ვერ იქნება თუნდაც მაკრონზე უფრო წონადი. შესაბამისად,

მე ხაზარაძის ოპოზიციის ლიდერობას და მით უმეტეს, პრემიერმინისტრობას, ამ ეტაპზე სერიოზულად არ ჩავთვლიდი. ერთადერთი, რაც რჩება, არის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, რომელსაც დასავლეთთან აქვს სერიოზული კონტაქტები და მისი ლობითაც სარგებლობს. ოპოზიციისთვის კი ეს სერიოზული ზურგის ქარია, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც ოპოზიციას დასავლეთში ასეთი ძლიერი ლობი არა ჰყავს.

მე დღეს სხვა ალტერნატივის იდეას ვერ ვხედავ.

რუსა მაჩაიძე