ორი სცენარი, ანუ როგორ გადავიტანთ 26 ოქტომბერს?! - კვირის პალიტრა

ორი სცენარი, ანუ როგორ გადავიტანთ 26 ოქტომბერს?!

მთავარია, 26 ოქტომბერს ისე ჩაიაროს ყველაფერმა, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა, დაჩქარდეს წინსვლა ევროინტეგრაციისკენ თუ ეკონომიკური განვითარებისკენ. ყველა არჩევნები გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, თუმცა 26 ოქტომბრის არჩევნებს ის ახასიათებს, რომ პოლარიზაციამ და შეურიგებელი პოზიციების დაფიქსირებამ პიკს მიაღწია. თუმცა, ალბათ, პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ უნდა იცოდეს, რომ დესტაბილიზაცია მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

მმართველი პარტია არჩევნებს დიდი თავდაჯერებით ხვდება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს, ოპოზიცია კი არანაკლები რწმენით, რომ "ოცნება" ოპოზიციაში გადავა და მთავრობას, ტექნიკურს თუ არატექნიკურს თავად დააკომპლექტებს. დასავლეთი კი საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოზიციით ხვდება, რასაც ზოგ შემთხვევაში ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის სუნიც დაჰკრავს (იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა "ოცნების" პოზიცია).

მთავარი 26-27 ოქტომბერს ის იქნება, რომ ორივე მხარეს უნდა ეყოს პოლიტიკური ნება არჩევნების შედეგების აღიარებისთვის. შესაბამისად, ცესკოს ქმედება დღეს კრიტიკული მნიშვნელობისაა. მაქსიმალურად ისე უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომ არავის დარჩეს კითხვის ნიშნები - არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ.

როდესაც ჩვენ მოვესწრებით იმას, რომ ორივე მხარე არჩევნების შედეგებს აღიარებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიტიკური სისტემა, ბოლოს და ბოლოს, შედგა. ისიც ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ცხოვრება გრძელდება და ქვეყანას გარდა პოლიტიკური საკითხებისა, უამრავი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი - ეკონომიკური თემებით დაწყებული და ჯანდაცვის საკითხებით დამთავრებული.

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ სამშობლო ყველას ერთი გვაქვს და ამ ქვეყანაში ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ - იმ მხარემაც“ და „ამ მხარემაც.“

რა მოხდება, თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა?!

ქართველი ექსპერტები ხშირად განიხილავენ ვერსიას, თუ რა გზას დაადგება „"ქართული ოცნება"“ იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა, რომ ოპოზიციური პარტიები ჯამურად მეტ მანდატს აიღებენ - გადააბარებს ძალაუფლებას თუ ბოლო მომენტში ცესკოს მეშვეობით მოვლენები მძიმე სცენარით განვითარდება. ჩვენი ექსპერტები ხშირად ახსენებენ ბელარუსიზაციის გზასაც, აქედან გამომდინარე ყველა უარყოფითი შედეგით.

ბელარუსი ხალხის დიდი პატივისცემის მიუხედავად, თქვენი მონა-მორჩილი მსგავსი სცენარის განმეორებას არ ელოდება, ქართველები არ არიან ბელარუსები, რომ გაბრძოლების შემდეგ გაჩუმდნენ. პირიქით, რაც უფრო ძლიერი იქნება ზეწოლა, მით მეტი იქნება წინააღმდეგობა. ასევე, წაგების შემთხვევაში, "ოცნებას"“ არ ეყოფა არანაირი რესურსი, რომ ძალაუფლების უზურპაცია შეძლოს. ჯერ ერთი, საჯარო უწყებებში, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებშიც, ისეთივე ქართველები მუშაობენ, როგორიც ჩვენ ყველანი ვართ. მეორეც, დარწმუნებული ვარ, "ოცნების"“ ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების არაღიარება, ადრე თუ გვიან, ბილეთია ერთი მიმართულებით - პასუხისმგებლობა, იურიდიული თუ ისტორიის წინაშე.

ასე რომ, თუ ამომრჩეველმა გადაწყვიტა, "ოცნება" ოპოზიციაში გაუშვას, ძალაუფლების გადაბარება მოხდება. ეს ზოგადად. თუმცა,

თუ ოპოზიციამ ჯამურად მეტი მანდატი აიღო, ეს თამაშის დასასრული არ იქნება. "ოცნება"“ ისეთ დაბალ პროცენტს არ აიღებს, რომ 76 ხმის (ეს ხმები საჭიროა მთავრობის დაკომპლექტებისთვის) შესავსებად 20-30 მანდატი დასჭირდეს - ალბათ, სულ რამდენიმე (შესაძლოა ათამდე) ხმაზე იქნება საუბარი. ჰოდა, ოპოზიციას დიდი გამოცდა ელოდება სწორედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. უნდა ჰკითხონ თავის თავს, რომელი მათგანი იქნება სუსტი რგოლი.

რა თქმა უნდა, საინტერესოა, პოსტსაარჩევნო პერიოდში (თუ ოპოზიციამ შეძლო წარმატების მიღწევა), რა როლის შესრულება მოუწევს სალომე ზურაბიშვილს. იდეაში, ოპოზიციურ პარტიებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის შეთანხმება ასეთია - თუ გაიმარჯვებს ოპოზიცია, ზურაბიშვილს მხარს უჭერენ მეორე ვადით პრეზიდენტის პოსტზე არჩევისთვის.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტს მარტო პარლამენტი არ ირჩევს. მას ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის უზენაესი საბჭოები და შესაბამისი პროპორციით (სიდიდის მიხედვით) საკრებულოს წევრები. თუ "ოცნებამ" არჩევნების მარცხის შემთხვევაში, მდგრადობა შეინარჩუნა, ეს გაჭირდება, რადგან ზემოხსენებულ ორგანოებში მმართველი პარტია უმცირესობაში სულაც არ არის, ხოლო თუ გაგრძელდა ქართული პოლიტიკური ტრადიცია და დამარცხებული პოლიტიკური ძალიდან გამარჯვებულებში დიდი მიგრაცია დაიწყო, მაშინ, რა თქმა უნდა, ზურაბიშვილს მწვანე შუქი აენთება.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს "ნაცმოძრაობისა"“ და მიხეილ სააკაშვილის ფაქტორიც. „"ნაცმოძრაობამ"“ ცოტა ხნით თაროზე კი შემოდო სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეუწყალებლობის თემა, მაგრამ ასე მუდმივად არ გაგრძელდება. ეს პარტია ამ თემას ყველაზე გადამწყვეტ მომენტში გადმოიღებს თაროდან. აბა, წარმოიდგინეთ - "ნაცმოძრაობა" ზურაბიშვილს მხარს უჭერს, მაგრამ ის სააკაშვილის შეწყალებაზე უარს ამბობს. ეს დიდხანს არ გაგრძელდება და თუ ზურაბიშვილმა კვლავ უარი განაცხადა მიშას შეწყალებაზე, „"ნაცმოძრაობა" გამოეცლება მისი მხარდაჭერის ერთიან პლატფორმას და ზურაბიშვილს მეორე ვადით პრეზიდენტობაზე შეუძლია მხოლოდ იოცნებოს.

მეორე მხრივ, ასევე საკითხავია, ოპოზიციის წარმატების შემთხვევაში, რეალურად განხორციელდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის "ქართული ქარტია". თავად ხედავთ, რამხელა წინააღმდეგობაა ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატურის გამო. სავარაუდოდ, წინააღმდეგობა უფრო გაძლიერდება, თუ საქმე საქმეზე მივა. პროგნოზების გაკეთება მკითხაობას ემსგავსება.

თუმცა მთავარი „განხეთქილების ვაშლი“ შესაძლოა "ქართული ქარტიის" ის პუნქტი აღმოჩნდეს, რომლის მიხედვითაც, ერთ წელიწადში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიციის ლიდერები ხშირად კულუარულად და უფრო ნაკლებად საჯაროდ, სვამენ კითხვას - თუ 26 ოქტომბერს ოპოზიცია მიაღწევს წარმატებას, რაღა საჭიროა ერთ წელიწადში რიგგარეშე არჩევნები? ოპოზიციის ლიდერები შიშობენ, რატომ არის გამოსარიცხი, რომ ერთი წლის შემდეგ ძალთა ბალანსი შეიცვალოს და "ოცნებამ"“ აიღოს ის ხმები, რაც 26 ოქტომბერს დააკლდა? არის წმინდა პრაგმატული მომენტიც - არჩევნებში მონაწილეობა დიდი ფული ჯდება, შავი თუ თეთრი. გამოდის, ერთხელ დახარჯავს პარტია მილიონებს და ეს მეორეჯერაც მოუწევს.

ოპოზიციის ნაწილს კიდევ ერთი გამოწვევა ექნება 26 ოქტომბერს გამარჯვების შემთხვევაში - "ნაცმოძრაობასა"“ და სააკაშვილთან ურთიერთობა. ვინმე თუ ფიქრობს გახარიას პარტიაში ან ხაზარაძის გუნდში, რომ მიშა 26 ოქტომბრის შემდეგ მეორე როლებს შეეგუება და ხელს ჩაიქნევს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ძალიან ცდება. სააკაშვილის მიზანია ერთპიროვნულად ხელისუფლებაში მოსვლა და მისთვის სხვა ვარიანტი არ განიხილება. მიშასთვის გადამწყვეტ მომენტში რა პოზიციას დაიკავებენ ნიკა გვარამია და ნიკა მელია, ალბათ, ამასაც დიდი პროგნოზი არ სჭირდება. ასე რომ, ოპოზიციის ნაწილს შესაძლოა ორ ცეცხლს შუა მოუწიოს აღმოჩენამ.

რა მოხდება, თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს?!

ზოგიერთი ქართველი ექსპერტი ამტკიცებს, რომ თუ „"ქართული ოცნება"“ გაიმარჯვებს, ქვეყანას პოლიტიკური აპოკალიფსი ელის - დასავლეთი დააწესებს უფრო მძიმე სანქციებს, გაწყვეტს ურთიერთობას თბილისთან და ა.შ. თუმცა მთლად ასე სწორხაზოვნად არ არის საქმე.

ის, რაც ხდება დღეს ოფიციალურ თბილისსა და ბრიუსელსა თუ ვაშინგტონს შორის, ძალიან სამწუხაროა. ამ ყველაფერს მოგვარება სჭირდება - საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არა აქვს არც აღმოსავლეთით, არც ჩრდილოეთით და არც სამხრეთით. საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, სხვა არჩევანს ამ ქვეყანაში არავინ მიიღებს. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - როგორც საქართველოს სჭირდება ევროინტეგრაცია, ისე დასავლურ ქვეყნებს აქვთ თავისი გეოპოლიტიკური თუ გეოეკონომიკური ინტერესები საქართველოში.

სიმართლე უნდა ვთქვათ - დიახ, ალბათ, დასავლელ პოლიტიკურ წრეებს (თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 5 ნოემბერს ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებია და ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, დიდი კითხვის ნიშანია, როგორ შეიცვლება ვაშინგტონის დამოკიდებულება არა მხოლოდ თბილისისადმი, არამედ პლანეტაზე მიმდინარე ყველაზე მწვავე პრობლემებისადმი) აწყობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების სათავეში სხვა პოლიტიკური ძალა იხილონ. თუმცა გადაწყვეტილებას იღებს ამომრჩეველი და არა დასავლელი პოლიტიკური წრეები.

პოლიტიკური გულუბრყვილობაა იმის თქმა, რომ თუ „"ოცნება"“ არჩევნებში გაიმარჯვებს, დასავლეთი ყველა კარს ჩარაზავს და ქვეყანას ხელს ჰკრავს. ამით დასავლეთი საბოლოოდ იტყვის უარს კავკასიაში გეოპოლიტიკურ დასაყრდენზე. ზოგიერთი ექსპერტი და ოპოზიციონერი კი „ბერავს“ ძალით თემას, თითქოს რუსული ბაზებით გაძეძგილი სომხეთი დასავლეთისთვის საქართველოს ალტერნატივა ხდება, მაგრამ ესეც დიდი პოლიტიკური გულუბრყვილობა ან მცდარი თეორიების სპეციალურად გავრცელებაა.

თუ „"ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვა, დასავლეთი აუცილებლად მოეკიდება პატივისცემით ქართველი ამომრჩევლის ნებას (ეს მოსკოვი არ არის, რომელსაც სულ ფეხებზე ჰკიდია ხალხის ნება და თავად ქმნის ალტერნატიულ რეალობას) და მას მოუწევს მმართველ პარტიასთან ურთიერთობა - ან ისე, ან ასე. დასავლეთი ქვეყანაზე, როგორც თავის გეოპოლიტიკურ საყრდენზე, უარს ვერ იტყვის. შესაბამისად, ურთიერთობების დალაგებას ალტერნატივა არა აქვს.

ალბათ, „"ქართული ოცნების"“ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია შეეცდება საპროტესტო აქციების ორგანიზებას, თუმცა, თუ არჩევნების შედეგებზე კითხვის ნიშნები არ იქნება, აქციებიც მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში ამოწურავს საკუთარ თავს.

და პოლიტიკური სპექტრი დაიწყებს მზადებას 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

პ.ს. რა თქმა უნდა, თეორიულად ქვეყანაში უფრო მძიმე სცენარების განვითარებაც არის მოსალოდნელი. ჩვენ ამაზე წინა სტატიებში არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა იმედია, ყველას ესმის, რომ კატასტროფის შემთხვევაში (სამოქალაქო დაპირისპირება) ევროინტეგრაცია კი არა, ის უნდა გვედარდებოდეს, რომ სახელმწიფოებრიობა არ ჩამოგვენგრეს თავზე.

გიორგი კვიტაშვილი