"აქ ერთადერთი არბიტრი საქართველოს მოსახლეობაა“ - კვირის პალიტრა

"აქ ერთადერთი არბიტრი საქართველოს მოსახლეობაა“

მწერალთა სახლში პოეტ დათო მაღრაძის­ შემოქმედებითი საღამო გაიმართა. პოეტმა დამსწრე საზოგადოებას ლექსების ახალი კრებული, სახელწოდებით "ობიანი ყველი" წარუდგინა. წიგნი "პალიტრა L"-მა გამოსცა. დაინტერესებული­ მკითხველი კრებულზე არსებული QR-კოდით წიგნის აუდიოვერსიასაც მოისმენს.­ "კრებულში შესული ლექსები­ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დავწერე. პირველი პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ფესტივალზე. შემდეგ ეს ლექსები წარვადგინე სტამბოლში­ თურქულად, პარმაში - იტალიურად და ახლა ვარ სამშობლოში. ქვესათაურად დავარქვი "თხუთმეტ-ნახევარი", ფედერიკო ფელინის "რვა-ნახევრის" მიხედვით, რადგან მე-16 ლექსი სრული არ გამოვიდა", - ამბობს პოეტი. სწორედ ამ საღამოზე შედგა ჩვენი შეხვედრა ბატონ დათოსთან. ქართული ჰიმნის ტექსტის ავტორს რამდენიმე კითხვა დავუსვით ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო განწყობების შესახებ.

- იმაზე მეტად, თუ რა მოხდება 26 ოქტომბერს, ხალხს აღელვებს, რა პროცესები დაიწყება 27 ოქტომბერს. ხედავთ თუ არა სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებას?

- მე რასაც ვხედავ, ჩემი შთაბეჭდილება ასეთია - მოსახლეობაში არანაირი წინასაარჩევნო შეშფოთება არ არის. არჩევნების მოახლოებას მშვიდად ხვდებიან. მღელვარებას ვერ ვამჩნევ.

მთავარია, არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ, ზედმიწევნით სუფთად, რისი საფუძვლიანი იმედიც არსებობს. ამის საფუძველს ეუთო/ოდირის წინასაარჩევნო დასკვნები მაძლევს, რომელიც აბსოლუტურად დადებითია გამჭვირვალობის მხრივ, ასევე ცესკოს თანამშრომლობა იმ უცხოურ მისიებსა და სადამკვირვებლო წარმომადგენლობასთან, რომელზეც ცესკომ ერთმნიშვნელოვნად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ასე რომ, საფუძვლიანი იმედია, რომ არჩევნები ჩაივლის გამჭვირვალედ. ეს კი ყველანაირი დაპირისპირების საბაბს ხსნის. მღელვარება ისადგურებს მაშინ, როდესაც ხალხს უსამართლობის განცდა ეუფლება, ანუ, როცა უყალბებენ არჩევნებს, ხოლო როდესაც არაფერი გაყალბდება, მაშინ მიზეზი ეცლებათ. რაც არ უნდა მოწადინებული იყოს ევრობიუროკრატიის ნაწილი ხელისუფლების ცვლილებით, თუ ყველაფერმა სუფთად ჩაიარა, ვერანაირი გარედან წაქეზება ვერ უშველის. მოსახლეობა ყველაზე კარგად გრძნობს, არჩევნებმა სუფთად ჩაიარა თუ გააყალბეს. ჩემი აზრით, ცდაც არ იქნება გაყალბების, იმიტომ, რომ არ სჭირდებათ, ხელისუფლებას მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს. ამდენად, ვარაუდი იმისა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს არჩევნებისშემდგომი პერიოდი - ხელმოსაკიდი საბაბი არ არსებობს.

- ოპოზიცია აცხადებს, რომ ის არის გამარჯვებული, აქეთ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ტექნიკურ მთავრობასა და პრემიერობის­ კანდიდატებზე, "ოცნება" ამბობს, რომ 60%-ს აიღებს... რომელიმეს გამარჯვების შემთხვევაში, ერთმა­ რომ მეორე არ ცნოს, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?

- მე ჩემს შთაბეჭდილებას ვამბობ - ტექნიკური მთავრობა საბავშვო ზღაპრებიდან არის. ოპოზიცია რას ამბობს მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს, ისე რა დიდი ფასი აქვს?! ევრობიუროკრატიის მნიშვნელოვან ნაწილს აქვს აშკარა სურვილი, წადილი და ცდაც, რომ აქ ხელისუფლება შეიცვალოს, თუ არჩევნებით არა, სხვა გზით მაინც. მაგრამ ეს არის სურვილი, რომელიც საქართველოს მოსახლეობისას არ ემთხვევა. თუ შემეკითხებით, მერე რას ვფიქრობ, გიპასუხებთ - იმდენად დიდია სურვილი გარედან და ეს სურვილიც შემიძლია ვივარაუდო საიდან მოდის (ევრობიუროკრატიის იმ ნაწილისგან, რომელმაც დაუფარავად გამოთქვა ეს სურვილი), შემიძლია ასევე ვივარაუდო, საიდან გაუჩნდათ... ეს სურვილები არასოდეს გამოუთქვამთ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იყო, ვინაიდან აქ მათი მმართველობა ხორციელდებოდა. ადრე თქვენი გაზეთის ფურცლებზე პოლიტიკაში ჩართულთა ერთ ნაწილს პროექტის მოქალაქეები ვუწოდე. პროექტის მოქალაქეობა არა თანამედროვე ქართული, არამედ საერთაშორისო მოვლენაა. ეპოქის პირმშოა პროექტის მოქალაქეობა, პოლიტკონიუნქტურული.

პროექტის მოქალაქეები ყველგან არიან. ეს ის ხალხია, ვისაც ხელეწიფება ერთ ქვეყანაში არჩევნებში დამარცხებული ხელისუფლება გადააპორტიროს სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში. ვგულისხმობ 2012 წელს საქართველო-უკრაინის შემთხვევას, როდესაც არჩევნებში დამარცხებული "ნაციონალური მოძრაობა" უკრაინის გამარჯვებულ ხელისუფლებაში აღმოჩნდა. სხვადასხვა ქვეყნის პროექტის მოქალაქეების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, როდესაც ერთ პოლიტიკურ კონიუნქტურაში არიან გამოწრთობილნი, მათ ასე ასწავლეს. ეს არის მიზეზი აქ ხელისუფლების ცვლილების სურვილისა.

როდესაც გამუდმებით ისმოდა, თქვენ და უკრაინა ხელჩაკიდებული უნდა იყოთ ახლა, ისე, როგორც არასდროსო, რაღაცა ნიშნით ხომ დაგვაწყვილეს უკრაინა და საქართველო? ხომ არავის უთქვამს, თქვენ და სომხეთი უნდა იყოთ ხელჩაკიდებული, ან თქვენ და აზერბაიჯანიო? მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულადაც უფრო მეტი საერთო გვქონდა სომხებთან. აი, მაგალითად, ჰაოსისა და ქართლოსის მითოლოგიიდან რომ მოვდივართ, გეოგრაფიულადაც მეტი საერთო გვაქვს, მეზობლები­ ვართ. აზერბაიჯანთანაც უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვთქვათ, ერეკლე მეორის დროს რეგულარულ არმიას აზერბაიჯანელების ბორჩალოელი წინაპრები შეადგენდნენ. რამხელა ისტორია გვაქვს, მაგრამ არავის უთქვამს, თქვენ და აზერბაიჯანი, ან თქვენ და სომხეთი უნდა იყოთ ხელჩაკიდებულიო, არამედ თქვენ და უკრაინაო! - ანუ რუსეთთან საომარ წინააღმდეგობაში უნდა იყოს ეს ორი ქვეყანა.

ამ ფუნქციაზე უარი რომ თქვა ჩვენმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, იმ პოლიტკონიუნქტურაში არსებული პოლიტიკოსების გულისწყრომა გამოიწვია, რომელთა ჩანაფიქრით ჩვენ და უკრაინას საომარი მოქმედებები უნდა გვეწარმოებინა. მამაპაპურად რომ ვთქვა, ომში უნდა ჩავბმულიყავით. ამ ხელისუფლებამ მშვიდობა არჩია, და ამით, რა თქმა უნდა, ასცდა იმ პოლიტკონიუნქტურის მიმართულებას, რომელსაც ევროპარლამენტის ერთი ნაწილი გვთავაზობდა.

თუმცა არსებობს სხვა ნაწილიც, იმ ევროპარლამენტშიც არაა ერთგვარი დამოკიდებულება, არც ამ პრობლემის მიმართ და არც ზოგადად. იქაც არის კონსერვატორული თუ ლიბერალური ნაწილი და ა.შ. თუმცა, თუ ნებას მომცემთ, გავაგრძელებ, ჩვენში როგორ ირეკლება ეს ყველაფერი.

- გისმენთ ყურადღებით.

- მე როგორც ვხედავ, პროვინციული იერი ახლავს ჩვენს აფიშირებულ ევროპელობასაც, რუსეთუმეობასაც. რუსეთუმეობაში არ ირეკლება დიდი რუსული კულტურა და არც ჩვენს ევროპელობას ატყვია ევროპა საუკეთესო მხრიდან. უფრო ცერეუ-ეფესბეს წინააღმდეგობას ჰგავს, ვიდრე ცივილიზაციურ დაპირისპირებას. ეს ჩვენი ევროპელობაც პროვინციულ შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი ცნობილი შეძახილით "ევროპა, მოვდივარ!". ასევე პროვინციულ იერს ატარებს რუსეთის მიმართ ლოიალური განწყობა და რუსეთში მხსნელის ძებნა.

- 27 ოქტომბრიდან რას უნდა ველოდოთ?

- ეგ ქალბატონ კაკულიას ეცოდინება, მე არ მაქვს სამაგისო ნიჭი და არეულობის საბაბსაც ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ არ აპირებს ეს ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას, რადგანაც ეს არ სჭირდება. ეს გამოიკვეთა, დადიან რეგიონებში და აქვთ მოსახლეობის მხარდაჭერა... მეორე პრობლემაა, თუ ზოგადად რა მდგომარეობაში ვართ, მარტო არჩევნების დღე ხომ არაა და მისი შემდგომი 1 კვირა.

არ არის კარგი, როდესაც ერთი პარტია ათწლეულობით ხელისუფლებაშია, ეს ქვეყნის განვითარებას ხელს არ უწყობს და პიროვნების გაფეტიშებას იწვევს. ეს არის რეალობა. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, ზოგადად ასეა. ეს კლასიკაა. როდესაც ერთი პარტია დიდი ხნით არის ხელისუფლებაში, ქვეყანა ვერ ვითარდება, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ "ნაცმოძრაობა" თუ არ მოვიცილეთ პოლიტიკური ასპარეზიდან, "ოცნების" ოპონირების ნიშა არ გათავისუფლდება, "ქართული ოცნების" შეცვლა შეუძლებელი იქნება.

ადრე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - "ქართული ოცნება" პრობლემაა თავისი­ ერთპარტიული მრავალწლიანი მმართველო­ბით, ხოლო "ნაცმოძრაობა" ტრაგ­ედია. პრობლემა გვარდება და ტრაგედია უნდა გადაიტანო. პრობლემას ვერ მოაგვარებ, თუ მუდმივად ტრაგედიის მოლოდინში იქნები. ჩვენი საზოგადოება უნდა მოემზადოს, რომ შეცვალოს ერთპარტიული მრავალწლიანი­ მმართველობა. "ქართული ოცნების" შესაცვლელად უნდა მოემზადოს ღირსეული­ ალტერნატივის შექმნით, მშვიდობიანი ფორმით, საარჩევნო გზით და საქართველოს მოსახლეობის ნების გამოხატვით და არა ზოგიერთი ევროპარლამენტარის მითითებით და ზოგიერთი ელჩის დაჟინებით. აქ არის გაჭედილი ქართველი საზოგადოების განვითარება.

ამასობაში ზრდილობიანი საქართველო დაიკარგა, ეპოქამ რედაქტორი დაკარგა. პერიფერიულ სახეს ატარებს ჩვენი პროგრესულობაც და კონსერვატორობაც, რადგანაც ჩვენებური პროგრესულები წარსულს უარყოფენ, ჩვენებური კონსერვატორები - მომავალს. ასეთი ვითარებაა... ქრისტიანობაც არ ვიცი, რა პრინციპით იყო შემოთავაზებული სახელმწიფო რელიგიად. ჩემთვის გაუგებარია ხელისუფლების ეს შემოთავაზება, ქრისტიანობის მიმართ რაღაცნაირი ემოციური დამოკიდებულება, ცოტა გაუაზრებელი, ლამის აფთიაქის ჯვართან პირჯვრის წერაში რომ გამოიხატება. მეორე მხარე, მცირე ნაწილის ნეგატიური განწყობა ქრისტიანობის მიმართ შეიძლება იმით აიხსნას, რომ გაღიზიანებული არიან ღმერთზე, იმიტომ, რომ მათი შესაძლებლობა ვერ ეწევა მათ ამბიციასა და ამაში ღმერთს ადანაშაულებენ.

- სალომე ზურაბიშვილს "ოცნება" მოღალატეს, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ლიდერს უწოდებს. ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ "ოცნებამ" უღალატა იმ პრინციპებს, რაც მათ ადრე ჰქონდათ, პროდასავლურობას... ვინ არის ამ დავაში მართალი?

- მე არა ვარ მათი მომრიგებელი მოსამართლე. ერთადერთი შემიძლია ვისურვო­ - სავარაუდოდ, "ოცნება" გაიმარჯვებს და, ალბათ, პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევისას ამჯერად მაინც დაფიქრდება. ნუ ეძებს პრეზიდენტობის კანდიდატს სრულიად ურეიტინგო პირებში, საზოგადოებას მეტი პატივი სცენ, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევას იწყებენ...

- რას ფიქრობთ "ოცნების" იდეაზე, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" უნდა აიკრძალოს?

- როგორ უნდა აკრძალოს? თუ მოსახლეობამ დაკარგა ინტერესი "ნაცმოძ­რაობის" მიმართ, თავისით გაქრება პოლი­ტიკური ასპარეზიდან. ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს. თუ საზოგადოებამ ერთი საფეხურით მაღლა აიწია განვითარების გზაზე, "ნაცმოძრაობა" გაქრება...

- ეს კარგია თუ ცუდი? როგორ მიიღებს ამას დასავლეთი?

- რა თქმა უნდა, კარგი იქნება. ჩვენ გაგვიჩნდება დიდი ნიშა, რომელსაც დაიკავებს ახალი ენერგიული თაობა, რომელიც "ქართულ ოცნებას" ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს და შეცვლის ხელისუფლებას. ვიმეორებ, თუ "ნაცმოძრაობა" არ წავიდა პოლიტიკური ასპარეზიდან, "ქართულ ოცნებას" ვერ შევცვლით!

- წინა არჩევნებზე, როდესაც სიტუაცია­ იძაბებოდა, ყოველთვის იყო ვიღაც არბიტრი,­ ამერიკელები, ევროპელები ჩამოდიოდნენ და ცდილობდნენ შერიგებას. ახლა ეს არბიტრი აღარაა, იმიტომ, რომ "ოცნება" თვითონაა დაპირისპირებული მათთან. ისინი "ოცნებას" ადანაშაულებენ, რომ გადაუხვია ევროკავშირის გზას, "ოცნება" კი ამბობს, რომ ესენი ომის პარტიაა. შესაბამისად, არბიტრი, როგორც საერთაშორისო საზოგადოება, უკვე აღარაა. ასეთ შემთხვევაში, ვინ შეიძლება იყოს არბიტრი?

- არა მგონია, ისეთი არბიტრი არსე­ბო­­ბდეს გარე სამყაროში, რომელსაც­ ჩვენი­ ქვეყნის ინტერესები უფრო მეტად აინტ­ერესებდეს, ვიდრე თავისი. ყველა "არბიტრი" ყოველთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ჩადებს არბიტრობაში. აქ ერთადერთი არბიტრი საქართველოს მოსახლეობაა. არანაირი გარე არბიტრი არ სჭირდება ქვეყნის განვითარებას, რომელიც იდეაშიც არ არსებობს. არბიტრი ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების მიმართ კეთილგანწყობილი. ამ კრიტერიუმებით არ აზროვნებენ პოლიტიკაში. კატეგორიები: კეთილი, მეგობარი, პატიოსანი, არ არსებობს საერთაშორისო პოლიტიკაში. მხოლოდ ორი კატეგორია მუშაობს - ვის რა ინტერესი და შესაძლებლობები აქვს. ჩვენი არბიტრია ჩვენი ხალხი.

- გაუგებრობა რომ მოხდეს არჩევნების შედეგის გამო, შუაში ვინ ჩადგება?

- გაუგებრობა წუთისოფელია და გაუგებრობა ბევრი შეიძლება არსებობდეს, უამისოდ არ იქნება ცხოვრება. წუთისოფელი ასე მიედინება, ბევრი გაუგებრობითა და განსაცდელით, მაგრამ

მე ვერ ვხედავ ქარტეხილის საბაბს, იმიტომ, რომ კმაყოფილია ეუთო/ოდირი, კმაყოფილი არიან ცესკოთი, წინასაარჩევნო გარემოთი. მხარდამჭერები და კვლევები ადასტურებს, რომ არ სჭირდება ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება, მის მხარესაა მოსახლეობის დიდი ნაწილი. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, იყოს დაუფარავი პროვოკაცია, ისეთი პირისგან, როგორიცაა მიხაელ როთი, მაგრამ ეს დიდ ქარტეხილის მიზეზად ვერ გადაიქცევა. ალბათ, იქნება მცდელობები, შესაძლოა ვიზუალურად მძაფრიც, მაგრამ ვფიქრობ, დიდ ქარტეხილში არ გადაიზრდება, იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მშვიდობას უჭერს მხარს, რომელსაც მართლაც საბედისწეროდ დიდი ფასი აქვს. …

დღეს ოპოზიცია, კლასიკური გაგებით, არ არსებობს. არაფერზე დავობენ ხელისუფ­ლების გარდა. მეტი არგუმენტი არ აქვთ. სისულელეს, ხვალიდან ყველა მილიონერი გახდებით, თუ მე მოვალ ხელისუფლებაში, საბავშვო ბაღშიც არ აჰყვებიან. სერიოზული ნაფიქრი არ ჩანს, მაგრამ სერიოზულ ნაფიქრს სერიოზული ხალხი უნდა ახლდეს, მთქმელი უნდა ჰგავდეს ნათქვამს. მარტო პროექტი, მარტო პროგრამა არ შველის, მათ უკან ადამიანს უნდა ხედავდეს მოსა­ხლეობა, მისთვის მისაღებს და სანდოს, პასუხისმგებლიანს. თუ მთქმელი ნათქვამს არ ჰგავს, არანაირი ფასი არ აქვს პროგრამას. აქ კი არც პროგრამა ჩანს და არც მთქმელი­. მხოლოდ ჩანს დიდი სურვილი, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ნიშა გავათავისუფლოთ არა სასამართლოს აკრძალვებით, არამედ მოსახლეობის შეგნებითა და საზოგადოების განვითარებით, მაშინ შესაძლებელი გახდება "ქართული ოცნების" შეცვლა. რაღაც ახალია საჭირო. ერთი საინტერესო მოვლენაა, განსხვავებული ოპოზიციისგან და ხელისუფლებისგანაც - აზროვნების კატეგორიას ვგულისხმობ, საპარლამენტო "გირჩის" პოზიცია საინტერესოა. მგონი, არა აქვთ ისეთი გავლენა, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშონ ამ არჩევნებში, მაგრამ საინტერესო შთაბეჭდილება დატოვეს, სახელისუფლებოსგანაც და ოპოზიციისგანაც განსხვავებული. რადგან უკვე გაჩნდა საინტერესო პრეცედენტი, ვფიქრობ, ხვალ უფრო საინტერესო რაიმე შეიძლება გამოჩნდეს, საინტერესო, მისაღები მოსახლეობისთვის.

- თქვენი აზრით, რა შეიძლება მოხდეს, თუ "ოცნება" გაიმარჯვებს? ან ოპოზიცია? ორივე ვარიანტი განვიხილოთ.

- ორივეს ვერ განვიხილავთ, იმიტომ, რომ ვერ გაიმარჯვებს ოპოზიცია და ამიტომ არ განვიხილავ. "ოცნება" გაიმარჯვებს იმიტომ, რომ მოსახლეობაში მშვიდობა მასთან არის გაიგივებული. მშვიდობას მართლაც დიდი ფასი აქვს, იმიტომ, რომ ახალგაზრდები ასწრებენ განათლების მიღებას.

მე ომსაც მოვესწარი, იმდენი ახალგაზრდა შეეწირა სამშობლოს, ამ უბედურების მნახველმა ნაწილმა სულიერი სიჯანსაღე ვერ შეინარჩუნა. ბევრი ტკივილი და ჭრილობა ახლავს ომს, რაც ჩვენს საზოგადოებას ნანახი აქვს. ბევრს ახსოვს უდენობა, უგაზობა, დიდი გაჭირვება. ამდენად, მშვიდობას, როდესაც­ ადამიანს შეუძლია მოიცალოს განათლებისთვის, ყურადღებისთვის, ერთმანეთის მოკითხვისთვის, მართლაც დიდი ფასი აქვს.

ამ ხელისუფლებამ მშვიდობა აირჩია. წინა ხელისუფლებასავით ხომ შეეძლო ეფიქრა ევრობიუროკრატიის დიდი ნაწილის სიმპათიის მოხვეჭაზე და ჩართულიყვნენ ომში, გაერთობოდა კიდეც წინა ხელისუფლება, რომ ყოფილიყო, მაგრამ ამით ჩვენ მხოლოდ ტკივილს მოგვიტანდნენ, იმათ კი - ტაშს. ამათ აქ მშვიდობა და იმათი გულისწყრომა არჩიეს.