„27 ოქტომბრისთვის სამი სცენარი იკვეთება და პირველი ყველაზე უარესია...“ - კვირის პალიტრა

„27 ოქტომბრისთვის სამი სცენარი იკვეთება და პირველი ყველაზე უარესია...“

რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და რა საფრთხეები არსებობს, ამის შესახებ ანალიტიკოს ლევან ლორთქიფანიძეს­ ვესაუბრეთ:

- სამი სცენარი იკვეთება 27 ოქტომბ­რისთვის: პირველი - "ქართული ოცნება" ახერხებს 50%-ზე­­ მეტის აღებას, რასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება­ მიაღწიონ, თუ ძალიან ბევრ ფულს დახარჯავენ არჩევნების დღეს. საარჩევნო უბნებზე უამრავ ადამიანს მიიყვანენ სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის დაშინებით, და მათ სასარგებლოდ მიაცემინებენ ხმას. ამას ოპოზიციის რეაქცია მოჰყვება, გამოვლენ ქუჩაში და დაიწყება ძალიან დაძაბული, ხანგრძლივი, მიტინგებითა და საპროტესტო ღონისძიებებით დახუნძლული პერიოდი. ბეწვის ხიდზე გავლა მოგვიწევს, ეს იქნება პერიოდი, როდესაც­ "დენთის კასრი" იდგება ჩვენი საზოგადოების შუაგულში და ირგვლივ უამრავი ადამიანი ივლის ჩირაღდნებით ხელში, რაც შეიძლება საშინელებად გადაიქცეს...

მეორე: ოპოზიცია იცავს "ქართულ ქარტიას", შესაბამისად, ახერხებს პარლამენტში 76 ან/და მეტი მანდატის მოპოვებას, თვითონ უარს ამბობენ პოლიტიკური თანამდებობების დაკავებაზე და მინისტრთა კაბინეტში ადგილს უთმობენ ტექნიკურ პირებს, ექსპერტებს, პროფესიონალებს. ამას დასჭირდება დრო, მოლაპარაკებები, მაგრამ ეს არის ყველაზე მშვიდობიანი და, ჩემი აზრით, ნორმალური სცენარი. ოპოზიციაში იქნება ერთადერთი პარტია "ქართული­ ოცნების" სახით, ყველაზე დიდი ფრაქცია პარლამენტში, ძალიან მყარი პოზიციით.

მესამე: ოპოზიცია უარს იტყვის "ქართული ქარტიის" შესრულებაზე და თავად შევლენ მთავრობის კაბინეტის შემადგენლობაში. მათი სიტყვის გატეხა გამოიწვევს პროტესტს და წინააღმდეგობას, შესაძლოა მყარი კოალიცია ვერ ჩამოაყალიბონ და ამ ვნებათაღელვით მივიდეთ ხელახალ არჩევნებამდე.

- იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ მოაგროვა ხმების საკმარისი რაოდენობა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, როგორ ფიქრობთ, ვის წარადგენენ პრემიერ-მინისტრად?

- ძნელი სათქმელია, თუმცა, როგორც წესი, ევროპაში მაღალი რანგის საერთაშორისო ორგანიზაციაში მომუშავე პირს, ან ცენტრალურ ბანკში, ან მთავარ ძალოვან სტრუქტურაში მოქმედ ნეიტრალურ პირს იძახებენ ტექნიკური მთავრობის ლიდერად. როცა იტალიას ტექნიკური მთავრობა დასჭირდა, პრემიერ-მინისტრად მიიყვანეს ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, ხოლო საფრანგეთში მთავრობის მეთაურად ევროკომისიის მაღალჩინოსანი დანიშნეს, ჰოლანდიაში­ - უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გამოიძახეს პენსიიდან. ჩვენ ასეთი გავლენიანი პირები არა გვყავს, არცერთ დიდ საერთაშორისო ორგანიზაციაში გავლენიან ქართველს არ უჭირავს მაღალი თანამდებობა. მხოლოდ ცენტრალურ ბანკში გვყავს ნათია თურნავა და ფიზიკურად ვერ გამოვიძახებთ, უშიშროების სამსახური კი "ქართული ოცნების" ხელშია. როცა გამოვიდა ხმები ტექნიკური მთავრობის კანდიდატების შესახებ, ერთ-ერთი კანდიდატურა ნატა საბანაძე იყო. ის ნეიტრალური პირია, მაღალპროფესიონალური კადრი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი. წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. ნატა საბანაძე მისაღები ფიგურაა დასავლეთისთვისაც და მისაღები იქნება ძალიან ბევრ პოლიტიკურ კლასშიც. საზოგადოებაც დადებითად მოეკიდება მის დასახელებას პრემიერობის პოსტზე. ასე რომ, თუ დაასახელეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად გვყავს კადრი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფიგურა და მაღალი რანგის პროფესიონალია. რა თქმა უნდა, თუ თანახმა იქნება.

- არის მოსაზრება, რომ პრემიერობის კანდიდატი შესაძლოა თავად სალომე ზურაბიშვილი იყოს.

- სალომე ზურაბიშვილს ძალიან სერიოზული ფუნქცია აქვს შესასრულებელი - პრეზიდენტის. ბედნიერი ვიქნები, თუ კიდევ ერთი ვადით დარჩება პოსტზე. ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ამ არჩევნების და სხვადასხვა კენჭისყრის შედეგად, როგორი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს, ჩვენ გვეყოლება სახელმწიფოს მეთაური, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც "დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას" შეეხება, კბილებით დაიცავს. ჩემი აზრით, ის პრეზიდენტის პოსტზე უფრო საჭიროა.

- თუ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა არჩევნებში, თქვენი აზრით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების როგორი რეაქცია მოჰყვება?

- რადიკალურს არაფერს იზამენ. ცოტა ხნის წინ გერმანიის საელჩოს მიღებაზე გახლდით და გერმანიის ელჩმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკან არავინ გამოგვეკიდება და არ გვთხოვს ევროპისკენ შეტრიალებას, რომ ევროკავშირში ისედაც­ ჰყავთ ჭირვეული წევრები. მას ზუსტად არ დაუსახელებია ქვეყნები, თუმცა იგულისხმა უნგრეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, რომლებიც ცდილობენ ვეტო დაადონ საერთოევროპულ გადაწყვეტილებებს. მათ ახალი უნგრეთი ევროკავშირში არ სჭირდებათ. ასე რომ, არავინ შეგვეხვეწება და არავინ გვთხოვს, ევროკავშირში შემოდითო. ევროპა არ ჩაერევა ქვეყნის შიდა მოვლენებში ან არც ძალისმიერ მეთოდს გამოიყენებს. მათი მეთოდია კავშირის გაწყვეტა, დაფინანსების შემცირება/შეჩერება, პარტნიორობის გაუქმება და ა.შ. აი, ეს იქნება რეაქცია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საქართველო ძალიან ბევრ დარგში პირდაპირ არის დაკავშირებული და დამოკიდებული ევროპის მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებაზე. ეს ყველაფერი გაქრება, შეიძლება ერთ დღეში ვერ ვიგრძნოთ ეს, მაგრამ ნელ-ნელა ყველა სამინისტრო, ყველა მუნიციპალიტეტი, თითოეული ჩვენგანი იგრძნობს.

- თუ "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოაგროვა უმრავლესობა, აღიარებს დამარცხებას და მშვიდობიანად დატოვებს ხელისუფლებას?

- რა თქმა უნდა, შეეცდება ძალაუფლებას ჩაებღაუჭოს. სამწუხაროდ, მათთვის არანაირი ავტორიტეტი არ არსებობს, ვის ნათქვამსაც ისინი გაითვალისწინებენ. დასავლეთის აზრი მათთვის უმნიშვნელოა. ჩინეთი, ირანი, თურქეთი და რუსეთი დემოკრატიული არჩევნების შესახებ განცხადებებს არ აკეთებენ. მათთვის სულერთია, როგორი არჩევნებია ქვეყნებში დემოკრატიული საზომების თვალსაზრისით. ძალიან რთული ვითარება იქნება, გამოსავალი ისევ არის პროტესტი და მშვიდობიანი წინააღმდეგობა.

ცოტა ნორმალური ვითარება რომ იყოს ქვეყანაში, "ქართული ოცნებისთვის" მისწრება უნდა იყოს ოპოზიციაში გადასვლა. წარმოიდგინეთ, არის ტექნიკური მთავრობა, რომელსაც ხმა მისცა ოთხმა პარტიამ, ვგულისხმობ ახლა არსებულ ოთხ მთავარ ოპოზიციურ პარტიას - ანუ გვეყოლება მთავრობა, რომლის უკანაც დგას ოთხი პარტია, რომლებსაც ეზიზღებათ ერთმანეთი, ადვილად აალებადი კოალიცია, რომლის წევრებმაც ნებისმიერ დროს შეიძლება დახოცონ ერთმანეთი. ამ დროს "ქართულ ოცნებას" ექნება ყველაზე დიდი ფრაქცია პარლამენტში და იქნება ერთადერთი ოპოზიციური პარტია. უდიდესი ბერკეტია - გადადიხარ დროებით ოპოზიციაში, უმრავლესობაში მყოფი პარტიები დახოცავენ ერთმანეთს, შენ კი ხალხს ეუბნები, ნახეთ, როგორ ხოცავენ ერთმანეთსო, და დაბრუნდები ხელისუფლებაში. ასე ხდება ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ არა საქართველოში.

ჩვენთან მმართველი პარტიები ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ან აორთქლდებიან ხოლმე და აღარ არსებობენ, ან წვრილ-წვრილ ჯგუფებად იშლებიან. მაგალითად, "მოქალაქეთა კავშირი" გაქრა, "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე პარტიად დაიშალა. "ქართულ ოცნებასაც" ეშინია ოპოზიციაში გადასვლის, იმიტომ, რომ შეიძლება მეორე დღეს ის სპორტსმენები და ბიზნესმენები, რომლებითაც გაძეძგილია მათი სია, სხვა ტიპის უმრავლესობაში გადავიდნენ­. "ქართული ოცნებისთვის" ძალიან საშიშია ოპოზიციაში გადასვლა იმიტომაც, ბევრი ცოდვა აქვთ ჩადენილი - კორუფცია, ფულის კეთება/გათეთრება, ტენდერები - მათ ეს ყველაფერი მოეკითხებათ თუ ოპოზიციაში აღმოჩნდებიან და ობიექტური და დამოუკიდებელი პროკურატურა გვეყოლება. ამიტომაც ძალიან ბევრზე არიან წამსვლელები ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

მათი ხელისუფლებიდან წასვლა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გონივრულად იმოქმედებენ ოპოზიციონერები­ და რამდენად მოტივირებული და დარაზმული იქნება მოსახლეობა. თუ ხალხი ორგანიზებულად და ინტენსიურად გამოვა ქუჩაში, მაშინ როგორც არ უნდა უნდოდეთ დარჩენა, იძულებული იქნებიან აღასრულონ ხალხის ნება, რომელსაც მოსახლეობა არჩევნებზეც დააფიქსირებს.

- წინასაარჩევნო პერიოდი მეტ-ნაკლებად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. რას შეიძლება­ ველოდოთ არჩევნების ბოლო კვირას და თვითონ არჩევნების დღეს?

- აგურებს არ ისვრიან, თორემ, ჩემი აზრით, წინასაარჩევნო პერიოდი ძალიან ემოციური და შფოთიანია. ყოველ კვირას­ ვისმენთ ახალ-ახალ "მარგალიტებს", რომ თურმე ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, ლავროვმა აფხაზეთი, ოსეთი და საქართველო მეზობელ ქვეყნებად მოიხსენია.­ ჟურნალი­სტი მივიდა ოპოზიციონერ ლიდერთან და უთხრა, თქვენ ხომ სომეხი ხართ და რატომ მალავთო? აქცენტს აკეთებენ პირის სომხურ წარმომავლობაზე. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ამომრჩეველში გულის სიღრმეში დამალული არმენოფობია გააცოცხლონ და გააღვივონ ეთნიკური შუღლი. მე თუ მკითხავთ, ძალიან ხმაურიანი წინასაარჩევნო პერიოდი გვაქვს, უბრალოდ, ჩვენ სხვა ტიპის ხმაურს ვართ მიჩვეული... არჩევნების დღე იქნება ისეთი, როგორიც არის "ოცნების" პირობებში - ქალები და კაცები სიებით ხელში, მობილიზება საარჩევნო უბნებთან, დარეკვები საბიუჯეტო სტრუქტურების თანამშრომლებთან,­ რომ მივიდნენ არჩევნებზე, ძველი ბიჭების­ მობილიზება.

ბოლოს მაინც დადებითი მოვლენაა ის, რომ იქნება ელექტრონული არჩევნები და მალე გავიგებთ შედეგებს. ელექტრონულად ჩატარებულ არჩევნებში გაყალბების შანსი ნაკლებია. არსებობს ხვრელები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება მანიპულაციისთვის, თუმცა უფრო მეტად დაცულია პროცესი.

სოფო კაჭარავა