„სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ საგზაო შემთხვევების გახშირება უკვე უმწვავესი პრობლემაა“
გასულ კვირას დღე არ გასულა უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის გარეშე. არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, რომ მძღოლებმა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, შედეგი არ ჩანს. რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის გადასაჭრელად, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი გვესაუბრა.
- საქართველოში ყოველ წელს ავტოსაგზაო შემთხვევით 450 კაცი იღუპება, რაც 3-4-ჯერ აღემატება საშუალოევროპულ მაჩვენებელს. წლებია ეს პრობლემაა, მაგრამ მისი აღმოფხვრა ვერ ხერხდება. თითოეულ ავტოსაგზაო შემთხვევას შესწავლა სჭირდება. მიზეზები კომბინირებულია, თუმცა დაზუსტებული სტატისტიკა არ არსებობს. მაგალითად, მოხდა ავტოავარია და დასკვნაში მიზეზად მითითებულია არასწორი მანევრირება. არადა, ავტოსაგზაო შემთხვევა ისედაც გულისხმობს არასწორ მანევრირებას. დიდი ხანია არასამთავრობო ორგანიზაციები ვითხოვთ, რომ გადავიდეთ საგზაო შემთხვევების აღრიცხვიანობის თანამედროვე მეთოდებზე, რათა ვიცოდეთ კონკრეტულ მონაკვეთზე მიზეზი რა იყო. ხშირად ავტოავარიის პირველი მიზეზის დადგენაზე მუშაობს გამოძიება. მაგალითად, თუ დადგინდება, რომ ნასვამია, ეს იწერება მთავარ მიზეზად. კი, მძღოლი ნასვამი იყო, მაგრამ ხომ შეიძლება არც მანქანის სამუხრუჭე სისტემა იყო გამართული, ან საერთოდ, მანქანა. აი, ასეთი სიღრმისეული, კომპლექსური შესწავლა არ ხდება. ამიტომ ჭირს საგზაო კონკრეტული მიზეზების დადგენა. მსოფლიოში აღიარებულია, რომ გზებზე სიკვდილიანობას, ძირითადად, გადაჭარბებული სიჩქარე იწვევს. საერთაშორისო ტერმინიც არის - "სიჩქარე კლავს", რომელიც პირდაპირ ასახავს მთავარ მიზეზს.
- გასულ კვირას 6 თვის ორსული, რომელსაც შინ 10 თვის შვილი ელოდებოდა, მთვრალმა მძღოლმა გაიტანა... მძღოლის სიმთვრალე და გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება ქობულეთში მომხდარი უმძიმესი ავარიის მიზეზადაც - მაშინაც 6 თვის ფეხმძიმე გოგონა იჯდა მანქანაში, რომელსაც მისი მეუღლე მართავდა. გოგონა დაიღუპა, მისი მეუღლე კი სიცოცხლისთვის იბრძვის. ასევე გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალმა მანქანამ გაიტანა ქუჩაში ბავშვი... გურჯაანში ავტოავარიას შეეწირა პარტია "ახლის" აქტიური წევრი ელენე მეგრელიშვილი, სიკვდილს ებრძვის მისი მეგობარი... როგორ შეიძლება ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები? ალბათ, კანონის გამკაცრებაა საჭირო.
- მხოლოდ კანონის გამკაცრება და ჯარიმის ოდენობის გაზრდა არ არის საკმარისი. მთავარია კანონის აღსრულება, აღმასრულებელი კი არის არა პოლიცია, არამედ თავად მძღოლი. ბევრი მძღოლი ფიქრობს, ვერავინ დამინახავს, სიჩქარეს რომ ვაჭარბებ, ან ვინ გაიგებს, ნასვამი რომ ვარო. ცდილობენ თავი აარიდონ კამერებსა და პოლიციას, არ ფიქრობენ იმაზე, რომ სიჩქარე ფატალური შედეგის მომცემია. გააზრების, განათლების პრობლემაა. ბევრმა როგორ აიღო მართვის მოწმობა, ესეც საკითხავია. აქვთ მოწმობა, მაგრამ არ იციან საგზაო მოძრაობის წესები. ბევრ მძღოლს არა აქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ტექინსპექტირებაც, რათა დაადგინონ, ავტომობილში ხომ არ არის ხარვეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტოსაგზაო შემთხვევა, ადამიანის დაშავება და თვით სიკვდილიც. ზოგიერთი უპასუხისმგებლო მძღოლი ტექინსპექტირების გასავლელად ავტონაწილს ქირაობს. პრობლემაა თუნდაც საბავშვო სავარძლების მოხმარება, როდესაც ბავშვი ჰყავთ ავტომანქანაში. ის ხომ 70 პროცენტით იცავს ბავშვის სიცოცხლეს. ამასაც არ აქცევს ბევრი ყურადღებას. ამიტომაც საჭიროა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები. მაგალითად, ისეთ კანონმორჩილ ქვეყნებშიც კი, როგორიც არიან ბრიტანეთის სამეფო, ნიდერლანდები, ავსტრალია, მაინც მუდმივად მიდის კამპანიები და ხალხს შეახსენებენ, რა შეიძლება მოჰყვეს საგზაო წესების დარღვევას.
- ბევრი მართლაც ნათხოვარი ავტონაწილით გაივლის ტექდათვალიერებას და მერე ისევ გაუმართავი მანქანით დადის. რა უნდა გაკეთდეს ამის აღმოსაფხვრელად?
- სხვათა შორის, ჩვენ გვქონდა კონფერენცია "ინსპექტირება უსაფრთხოებისთვის", სადაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ წარმოადგინა გეგმა, მათ შორის ჩვენმა ასოციაციამაც. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მძღოლები ცდილობენ თავი აარიდონ ინსპექტირებას, ან როგორც მოგახსენეთ, ინსპექტირებას გადიან ნათხოვარი ავტონაწილებით. ეს რომ დაშვებულია, აი, ეს არის დიდზე დიდი პრობლემა. ეს უნდა აიკრძალოს, გამოცხადდეს სამართალდარღვევად და მასზე ხდებოდეს რეაგირება. ამ მხრივ ძალზე პრობლემურია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი - ინსპექტირების ცენტრში მიდის სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგებული ტრანსპორტი, გამოდის იქიდან და მძღოლი მანქანაში ისევ აჭედებს ტაბურეტებს და ამით კეტავს ავარიულ გასასვლელს. ტექინსპექციაგავლილი ტრანსპორტი კვლავ კუსტარულია, ფაქტობრივად, გადაკეთებულია სატვირთო ტრანსპორტად.
ინსპექტირებიდან ინსპექტირებამდე მიკროავტობუსებისა და ავტობუსების სადგურებს რატომ არ აკონტროლებენ, რამდენად გამართულია ამა თუ იმ რაიონში მიმავალი ტრანსპორტი, დაცულია თუ არა ინსპექტირების შემდგომ უსაფრთხოების სტანდარტები? მაგალითად, როცა პოლიცია ხედავს, რომ ტრანსპორტი ტექნიკურად იმდენად გაუმართავია, რომ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რატომ არ რეაგირებს?
აქვე ვთქვათ დადებითიც - 2023 წლის სექტემბრიდან გარემოს დაცვის დეპარტამენტმა დაიწყო გამონაბოლქვის გაკონტროლება. ეკიპაჟებიც სათანადოდ არიან აღჭურვილი, ამას მივესალმებით - ახლა კვამლიანი ავტომობილები არც ისე ხშირად გვხვდება, მაგრამ კანონის აღსრულება სათანადო დონეზე ჯერ ვერ არის.
- საქალაქთაშორისო მიმართულებისთვის ახალი ავტობუსების შემოყვანა აღმოფხვრის ამ პრობლემას?
- იმედია, გატარდება ავტოსადგურების რეფორმა, რათა თავად ავტოსადგურები იყვნენ თავიანთი სადგურებიდან გასულ ტრანსპორტზე პასუხისმგებელი. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მიიღო თამამი გადაწყვეტილება, რომ ავტოსადგურები იყვნენ პასუხისმგებლები უსაფრთხოებაზე.
- დავუბრუნდეთ ავტოავარიის მიზეზებს: გადაჭარბებული სიჩქარე, სიმთვრალე, უწყვეტი ზოლის გადაკვეთა, გასწრება, ამაზე ჯარიმებიც არ არის ცოტა, მაგრამ ფაქტია, არ შველის.
- ეფექტიანობა დამოკიდებულია არა ჯარიმების ოდენობაზე, არამედ კანონის აღსრულებასა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზე. მძღოლი 180 კმ სიჩქარით რომ მიქრის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, ესე იგი, მას არა აქვს გააზრებული, რასაც სჩადის. ეს არის პრობლემა. მას რომ ჰქონდეს გააზრებული, რომ შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს, სადაც დაღუპავს სხვებსაც, თავის თავსაც და შეიძლება ოჯახის წევრებსაც, ასე არ მოიქცეოდა. როცა მთვრალი ხარ, ფეხით სიარულიც რომ გიჭირს და მაინც ჯდები საჭესთან, როგორ შეიძლება გქონდეს ანალიზის უნარი, როგორ დაიცავ საგზაო მოძრაობის წესებს? ეს ხომ წარმოუდგენელია.
თავის დროზე, მართვის მოწმობის მისაღებად ქულათა სისტემას მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ათანაბრებს ერთმანეთთან, მათ შორის ფინანსურადაც. ყველა ცდილობს თავიდან აირიდოს დაჯარიმება.
სხვათა შორის, უმთავრესი დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, რაც მძიმე და უარეს შემთხვევაში სიკვდილიანობით მთავრდება, არ არის მიბმული ქულათა სისტემაზე. მაგისტრალი ჩქაროსნულია და დღემდე ვერ მოიძებნა გამოსავალი, სიჩქარის გადაჭარბებაზე რომ ქულები აკლდებოდეს მართვის მოწმობას. კანონის აღსრულება ეფექტიანი არ არის, კანონმა ვერ გაუკეთა პრევენცია ამ "მკვლელ" დარღვევას.
- რატომ არ მიაბეს ქულათა სისტემასთან?
- საუბარი იყო იმაზე, საჭესთან ვინც ზის, როგორ უნდა მოხდეს მისი იდენტიფიცირებაო, მაგრამ არსებობს საერთაშორისო მაგალითები და შეიძლებოდა გამოყენება... ბევრს არ აწყობს ამ კანონის მიღება.
ჩვენს გზებზე არცთუ ცოტა "პრივილეგირებული", ე.წ. დარღვევისუფლებიანი ავტომობილი დადის. მაგისტრალებზე საფრთხეს ქმნიან უცხო სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებიც, რომლებზეც ან ნაკლებად, ან საერთოდ არ ვრცელდება ადმინისტრირება. ე.ი. ყველა მძღოლისთვის კანონი ერთი არ არის.
- დიდი პრობლემაა მოტოციკლეტებიც.
- ქვეყანაში მოტოტრანსპორტი ვითარდება და ეს ცუდი არ არის. რაც ნაკლები იქნება დიდი ზომის ტრანსპორტი ქუჩაში, ეს საგზაო მიმოსვლისთვის შვება იქნება, მით უფრო მოტოტრანსპორტი ნაკლებად აბინძურებს გარემოს. თუმცა მოტოტრანსპორტის მომხმარებელსაც სათანადო განათლების მიღება სჭირდება. ბევრმა არ იცის წესები, არ იცის, როგორი უნდა იყოს ურთიერდამოკიდებულება ავტო- და მოტოტრანსპორტს შორის, ამიტომაც არ არის იშვიათი საგზაო შემთხვევები. პრობლემაა მოტოტრანსპორტის ხმაურიც, გაუსაძლისია. ის აზიანებს ბავშვების, მოხუცების ჯანმრთელობას. არ აძინებენ ადამიანებს ღამის საათებში. უახლოეს პერიოდში ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საგზაო შემთხვევების მესამედი ქვეითად მოსიარულეთა ბრალია. ეს პრობლემა ყველა დიდ ქალაქშია. ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება გურჯაანის გზაზეც, იმიტომ, რომ იქ არ არის საფეხმავლო ბილიკები, გზები პირდაპირ დასახლებულ პუნქტებში შედის. ამის გამო მოსახლეობა გადაადგილდება ცენტრალურ გზაზე, რომელიც ავტომობილების სავალი ნაწილია და ეს ზოგჯერ მსხვერპლით მთავრდება.
კანონი, ადმინისტრირება დასახვეწია. საჭიროა ავტოსკოლების რეფორმა. მოქალაქეებმა ცოდნის წყალობით უნდა აიღონ მართვის მოწმობა. სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ საგზაო შემთხვევების გახშირება უკვე უმწვავესი პრობლემაა. კარგია, რომ შეიქმნა საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი, იმედია, ბევრი რამ შეიცვლება. არჩევნები მოდის, რამდენი პოლიტიკური პარტიაა ჩართული და არც ერთი მათგანის საარჩევნო პროგრამაში არ მომისმენია საუბარი ეკოლოგიაზე, საგზაო უსაფრთხოებაზე. არადა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ავტოავარიებს 5000-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა და დასახიჩრდა 100 000-ზე მეტი. ეს წარმოუდგენელი სტატისტიკაა. ამიტომ პარტიებმა და პოლიტიკოსებმა პრიორიტეტად უნდა აქციონ ეს საკითხი და პრობლემის გადაჭრის გზები უნდა მოიძებნოს. ვფიქრობ, ქულათა სისტემას უნდა მიებას სიჩქარის გადაჭარბების გამო ჯარიმები და იმედია, ეს შეამცირებს ავტოავარიების მაჩვენებელს. ყველას ახსოვდეს, რომ გადაჭარბებული სიჩქარე კლავს!