"მთავარია, 26 ოქტომბერს საქართველო არ დამარცხდეს!" - კვირის პალიტრა

"მთავარია, 26 ოქტომბერს საქართველო არ დამარცხდეს!"

20 ოქტომბერს თბილისში გაიმართა აქცია-მარში "საქართველო ირჩევს ევროკავშირს", რომლის მონაწილეებიც სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. ათიათასობით მოქალაქეს სცენიდან მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. "დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბ­რიელი. ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავა­ლი და ახალი საქართველო მოდის,­ ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემ წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ არავინ არის ძალით მოსული, არავინ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს, თუ არადა, სამსახურს დაკარგავო. არც ერთი სტუდენტი არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს, თუ არადა, სტიპენდია არ გექნებაო. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში. მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს: ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ!".

ამგვარი ხალხმრავალი აქციის მნიშვნელობაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო­ თვალჭრელიძესთან:­

tvalchrelidze-sandro.jpg

- ამ აქციამ გამახსენა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი აქცია, რომელზეც დაახლოებით 200 000 ათასამდე კაცი მივიდა, გვახსოვს, ის არჩევნები როგორ დასრულდა "ნაციონალური მოძრაობისთვის". 20 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე კიდევ უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე შეიკრიბა. ხალხის ნება თვალნათლივ გამოჩნდა, ხალხს სურს ევროპა, სურს ცვლილებები და აღარ სურს არჩევნებზე ოთხჯერ ზედიზედ ერთი და იმავე პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვოს. ეს აქცია არის ამის ცხადი გზავნილი. ჩემი აზრით, ხალხის ამ ნებას ვეღარავინ დაუდგება წინ. აქციაზე მივიდა და სიტყვითაც გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი. ვნახეთ ის ოვაცია, რითაც შეხვდა საზოგადოება. შეიძლება ითქვას, ის ერთადერთი ფიგურაა ხელისუფლებიდან, რომელსაც ენდობიან ქვეყნის გარეთ და უსმენენ საქართველოში. ჩემი შეფასებით, მისი როლი არჩევნების შემდეგ უფრო გაიზრდება. მას ექნება დაძაბულობის შემცირებისა და გამაერთიანებლის როლი.

- არჩევნებამდე კვირაზე ნაკრები დარჩა. როგორ შეიძლება შეფასდეს წინასაარჩევნო პერიოდი და რას შეიძლება ველოდოთ?

- მთავარია, 26 ოქტომბერს საქართველო არ დამარცხდეს!“ზოგადად თუ მიმოვიხილავთ, ამ წინასაარჩევნო პერიოდმაც აჩვენა, რომ ევროპისგან კიდევ ბევრი რამ გვაშორებს. ჯერ კიდევ აშკარაა, რომ ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრციდან მოვდივართ და ეს უპირველესად ვლინდება ჩვენს მენტალიტეტსა და მსოფლმხედველობაში. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მოქიშპე პარტიები ერთმანეთს პატივს სცემენ და მზად არიან თანამშრომლობისთვის. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში აღარ არის ერთპარტიული მმართველობის სისტემა. წამყვან ევროპულ სახელმწიფოებს კოალიციური მთავრობები მართავენ, ჩვენთან კი კოალიციური მთავრობა მმართველი პარტიისთვის უბედურების ტოლფასია. კიდევ ერთი, რაც ახასიათებს ქართულ საარჩევნო კამპანიას, არის უკომპრომისობა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება და მუქარა. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ამ არჩევნებით დასრულდება, ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს გადამწყვეტ უმრავლესობას და იძულებული იქნება ეძებოს გამოსავალი კოალიციაში, მაგრამ ეს ლანძღვა-გინება და უკიდურესად ნეგატიური მუხტი ამას ხელს უშლის. ოპოზიციაში თითქოს მეტ-ნაკლებად მიხვდნენ, რომ არც ერთ მათგანს არა აქვს გამარჯვების შანსი და ამიტომ აშკარად მზად არიან კომპრომისისა და თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, იგივე უნდა გაეკეთებინა მმართველ პარტიასაც, ეძებნა პარტნიორები. "ქართული ოცნება", ფაქტობრივად, ძალით აგებს­ ამ არჩევნებს. 6 თვის წინ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ, მეტიც, ვფიქრობდით, რა გვეშველება კიდევ­ ოთხი წელიწადი ესენი რჩებიან ხელისუფ­ლებაშიო... მაგრამ ე.წ. აგენტების კანონის მიღებამ, დასავლეთის დაუსრულებელმა ლანძღვა-გინებამ და ა.შ. ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა. რისთვის გააკეთეს, ჩემთვის დღემდე გაუგებარია.

კიდევ ერთი ნიშან-თვისება, რაც ახასიათებს ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, სრული დილეტანტიზმია. პოლიტიკური აქტორები ხშირად ისეთ რაღაცას ამბობენ, რისი გაკეთებაც, აბსოლუტურად შეუძლებელია. ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს მოვერიდები. არ შეიძლება ისეთი რამეების თქმა და დაპირება, რაც პირდაპირ ააშკარავებს შენს უცოდინარობას და რისი გაკეთებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამასთან, დღემდე ჩვენი მთავრობები კომპლექტდებოდა პოლიტიკურად და არა პროფესიული ნიშნით. საბოლოოდ, პოლიტიკური ნიშნით დანიშნული მინისტრები ამ პოსტზე, ლორენს პიტერის პრინციპის თანახმად, საკუთარი არაკომპეტენტურობის მაქსიმუმს აღწევენ, რაც საქმეს აზიანებს.

ამიტომ ტექნიკური მთავრობის იდეა არასწორად სულაც არ მიმაჩნია. მე ბოლო 30 წელიწადია ამაზე ვლაპარაკობ, რომ გვჭირდება სწორედ პროფესიული ნიშნით შედგენილი მინისტრთა კაბინეტი. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყანაში დაძაბულობასა და პოლარიზაციას. მოკლედ, იდეა ჯანსაღია, მაგრამ მისი ფორმა და ხორცშესხმა როგორი იქნება, ეს სხვა საკითხია.

იმედია, საარჩევნო გარემო თანდათან­ ნაკლებად ხისტი და დაძაბული იქნება. ჩვენ ნელ-ნელა ვიძენთ სამოქალაქო საზოგადოების თვისებებს, რაც აუცილებლად აისახება პოლიტიკურ პროცესებზე. ვფიქრობ, ვინც არ უნდა გავიდეს არჩევნების შედეგების მიხედვით პირველ ადგილზე, ვერ შეძლებს გადამწყვეტი უმრავლესობის მოგროვებას და აუცილებლად დასჭირდება კოალიციური მთავრობის შექმნა, რაც დიდი ნახტომი იქნება დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში. ბოლოს და ბოლოს, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი, თანამშრომლობა და შეთანხმება...

- კიდევ ერთი საკითხი, რაც გამოარჩევს ამ საარჩევნო კამპანიას, არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ დისკუსია, რაც უპრეცედენტოა ჩვენს უახლეს ისტორიაში. გასულ კვირას გაიმართა ევროსაბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველოზეც იმსჯელეს. სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ "ევროსაბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერთიანებისთვის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე". ამავე დროს, იმეორებს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის კურსის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა: "საქართველოში არსებული­ ვითარების გამო შეშფოთებული ვართ - მთავრობის ნაბიჯები, ფაქტობრივად, ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს". ამ განცხადების კომენტირებისას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამგვარი განცხადებები დროებითია­ და მისი მიზანია გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. მისი მტკიცებით, არჩევნების შემდეგ ეს განცხადებები შეიცვლება და ურთიერთობებიც გადაიტვირთება.

- თუ ოპოზიციური კოალიცია მოვიდა ქვეყნის სათავეში, მაშინ გადატვირთვა მომენტალურად დაიწყება, თუმცა "ქართული ოცნების" გამარჯვების ან მისი შექმნილი კოალიციის პირობებში ეს გართულდება. ყველაფერი, რაც ითქვა დასავლეთზე და გაკეთდა, მარტივად ვერ ჩაივლის. ეს იყო ჩემთვის და ბევრისთვის სრულიად გაუგებარი წინასაარჩევნო ხრიკი. რაში დასჭირდა "ქართულ ოცნებას" დასავლეთთან ამ ენით ლაპარაკი,­ არ ვიცი. ერთი შეხედვით, მათ სურდათ მკვეთრად შეემცირებინათ არასამთავრობო სექტორის გავლენა არჩევნებზე, რაც სრული სიბრიყვე იყო. თუ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში დარჩნენ, მაინც მგონია, თანდათან შეეცდებიან ევროპულ გზაზე დაბრუნებას, რადგან საქართველოს სხვა გამოსავალი არა აქვს - ან უნდა მოხდეს ქვეყნის ბელარუსიზაცია, რაც ყოვლად გამორიცხულია, ან საქართველო უნდა დაუბრუნდეს განვითარების ბუნებრივ გზას. "ქართული ოცნების" პოლიტიკა კი ბოლო თვეებში, ჩემი შეფასებით, აბსოლუტური სიბეცეა. ზუსტად ამან დააყენა ეჭვქვეშ მათი გამარჯვება. "ოცნების" მარცხი, რაც 6 თვის წინ არარეალური ჩანდა, სრულიად რეალური გახდა დღეს.

ამასთანავე, ბოლო თვეებში დავინახეთ, რომ "ქართულ ოცნებაში" პიროვნებები არ არსებობენ. უკაცრავად და, ამ პარტიაში, ძირითადად, არიან კლონები, რომლებიც ერთი კაცის ნათქვამის მიხედვით მოქმედებენ. თუმცა ამ კლონების ნაკადშიც გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დადუმდნენ. მაგალითად, სად გაქრა არჩილ თალაკვაძე? რატომ წავიდა პოლიტიკიდან დავით სერგეენკო? სწორედ იმიტომ, რომ არ სურდათ ამ მარაზმში მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, არჩევნების წაგების შემთხვევაში, "ქართული ოცნების" ე.წ. მოლაპარაკე თავები როგორ გავლენ ქუჩაში, არ ვიცი. ეს ხალხი ლაპარაკობს იმას, რასაც ავალებენ, და არა იმას, რასაც ფიქრობენ. ეს მლიქვნელობა­ ზუსტად ლორენს პიტერის პრინციპს შეესაბამება. ეს არის ხალხი, რომელსაც კომპეტენცია არ გააჩნია, რასაც ეტყვის ერთი ე.წ. წინამძღოლი, იმას იმეორებენ.

ასეთი პარტია განწირულია ნგრევისთვის. ამ ხალხს აერთიანებს არა მსოფლმხედველობრივი იდეა, არამედ პოლიტიკური ოკეანის ზედაპირზე ტივტივის სურვილი. როგორც კი დაბრკოლება შეხვდებათ, ჩაიძირებიან და ისევე დაინგრევა "ქართული ოცნება", როგორც თავის დროზე "მოქალაქეთა კავშირი". ისინი წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ ევროკავშირში გაწევრებაზე, ვიზალიბერალიზაციას ამათ მოაწერეს ხელი... ახლა კი 180 გრადუსით შებრუნდნენ და უკან მიდიან. ესეც აჩვენებს, რაოდენ უპრინციპო ხალხი გვყავს ამჟამად ხელისუფლებაში.

- როგორც ფიქრობთ, რამდენად მზად არიან, ერთი მხრივ, "ქართული ოცნება" და, მეორე მხრივ, ოპოზიციური ძალები მათთვის არასასურველი შედეგის მისაღებად?

- რთული სათქმელია. ჩემი აზრით, სულაც არ არის გამორიცხული, კოალიციური მთავრობის შექმნა "ქართულმა ოცნებამაც" შეძლოს. კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამის პატარა შანსი ნამდვილად არის. კანონის თანახმად, თუ გადამწყვეტ უმრავლესობას ვერც ერთი პარტია ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტმა პირველად სწორედ პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა შესთავაზოს კოალიციის შექმნა. ეს კი, დიდი ალბათობით, "ქართული ოცნება" იქნება. რაც შეეხება ოპოზიციის მარცხს, სავსებით შესაძლებელია პოლიტიკური კრიზისის გამწვავება. ჩვენი უახლესი ისტორია ამას აჩვენებს. თუმცა ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა, ჩემი აზრით, უფრო სანდოსა­ და მდგრადს ხდის ვითარებას. ვნახოთ, საარჩევნო დღე როგორ ჩაივლის. კითხვას­ უფრო ასე დავსვამდი - რამდენად მზად არის "ქართული ოცნება" წაგებისთვის? ეს პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევთ.

- მოგეხსენებათ, ტექნიკური მთავრობის­ იდეა, რომელიც ბოლო კვირებში განხილვის­ თემად იქცა, პრეზიდენტის ინიცირებულია. სალომე ზურაბიშვილმა 19 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა. ბევრი ელოდა, რომ ის დაასახელებდა ტექნიკური მთავრობის სავარაუდო შემადგენლობას, თუნდაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს... ამ კანდიდა­ტებად უკვე დასახელდა არაერთი ადამიანი, მაგალითად, ნიკა გილაური, ვიქტორ ყიფიანი, გელა ბეჟუაშვილი და ა.შ. თუმცა პრეზიდენტს ჯერ ამაზე არაფერი უთქვამს.

- ძალიან კარგი, რომ სალომე ზურაბიშვილს არ დაუსახელებია "ტექნიკური მთავრობა". დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნებამდეც არ იტყვის. ეს პოლიტიკური შეცდომა იქნება. საქმე ის არის, თუ პრემიერობის კანდიდატს ან მთელ შემადგენლობას დაასახელებს, ის ყველასთვის მისაღები ვერ იქნება. არ არის საჭირო ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაბნევა.

მთავარია, ოპოზიციამ მიიღოს სასურველი შედეგი, დანარჩენზე მოლაპარაკება და კანდიდატების შერჩევა არჩევნების შემდეგ უნდა დაიწყოს. თქვენ მიერ ნახსენები კანდიდატურებიდან ზოგიერთს ვიცნობ, პატივსაც ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველასთვის მისაღები ფიგურა მათგან არც ერთი არ არის, ყველას აქვს დადებითი მხარეც და უარყოფითიც.