მთელი მსოფლიოსთვის გადამწყვეტი არჩევნები აშშ-ში
5 ნოემბერს აშშ-ში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც იმაზე ბევრად მეტს განსაზღვრავს, ვიდრე აშშ-ის შიდა პოლიტიკაა. შედეგები აისახება გლობალურ უსაფრთხოებაზე, უკრაინა-რუსეთის ომის განვითარებაზე, საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლეთის კოალიციების მომავალზე. ეს არჩევნები განაპირობებს ამერიკის პოზიციას გლობალურ ლიდერობაში და განსაზღვრავს, როგორ გაგრძელდება მისი პარტნიორობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა და ჩვენთვის რაც მთავარია, საქართველო.
ისტორიული პრეცედენტები ცხადყოფს, რომ ამერიკული არჩევნების შედეგი ხშირად ცვლიდა საერთაშორისო წესრიგს. მაგალითად, 1940 წელს რუზველტის მესამე ვადით არჩევამ და მეორე მსოფლიო ომში ჩართულობამ მნიშვნელოვნად გარდაქმნა გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიები. დღესაც ითვლება, რომ დემოკრატიული ქვეყნებისთვის უსაფრთხოების გარანტი სწორედ ამერიკაა. თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ბევრი კითხვა გააჩინა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიო დარწმუნდა ობამას გადატვირთვის პოლიტიკის უშედეგობაში, მით უმეტეს, ტრამპის განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომის წლის ბოლომდე დამთავრების შესახებ ბევრ კითხვას ბადებს.
ამიტომაც ახლა არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი, რადგან ამაზეა დამოკიდებული, თუ შეიძლება ითქვას, მსოფლიოს ბედი. ამერიკელ ამომრჩეველს დღეს აქვს ორი, ფაქტობრივად, რადიკალურად განსხვავებული ხედვა - ბაიდენისა და ჰარისის საერთაშორისო ჩართულობასა და დემოკრატიის მხარდაჭერაზე დაფუძნებული პოლიტიკა და ტრამპის იზოლაციონისტური მიდგომა, რომელიც რესურსების შიდა პრობლემებზე მიმართვას გულისხმობს. ამიტომაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, შეინარჩუნებს თუ არა ამერიკა გლობალურ ლიდერობასა და აქტიურობას საერთაშორისო არენაზე, თუ გადაიტანს ყურადღებას მხოლოდ შიდა პრიორიტეტებზე, როგორც 1920-იან წლებში იზოლაციონისტური პოლიტიკის არჩევისას.
ეკონომიკური პოლიტიკა
აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ეკონომიკური პოლიტიკა ერთ-ერთი ცენტრალური თემაა, რადგან ქვეყანა ებრძვის ინფლაციას, ნელი ზრდის ტემპს და ცხოვრების დონის გაუარესებას. ამომრჩევლების წინაშე დგას ორი რადიკალურად განსხვავებული ეკონომიკური ხედვა - ბაიდენის, რომელსაც ახლა ჰარისი წარმოადგენს, და ტრამპის. ორივე კანდიდატის სტრატეგია ასახავს სხვადასხვა პრიორიტეტს, რაც მიანიშნებს ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტურად განსხვავებულ გზებზე. ბაიდენის ეკონომიკური პოლიტიკა ფოკუსირებულია გრძელვადიან სტაბილურობასა და მდგრად განვითარებაზე. ინფლაციის შემცირების აქტი (IRA) ერთ-ერთი მასშტაბური ეკონომიკური ინიციატივაა, რომელიც გულისხმობს 369 მილიარდი დოლარის ინვესტირებას მწვანე ენერგიის პროექტებსა და ინფრასტრუქტურის განახლებაში. ამ ინიციატივას აქვს ორი მიზანი: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და ეკონომიკური სტიმულირება ახალი სამუშაო ადგილების შექმნით.
New York Times-ის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაციის აზრით, გრძელვადიანი ინვესტიციები აუცილებელია აშშ-ის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის. ამ მიდგომამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება შეამციროს ენერგეტიკული ხარჯები და შეამციროს ქვეყნის დამოკიდებულება ნავთობსა და გაზზე. საინტერესოა, რომ ეს სტრატეგია ძალიან ჰგავს რუზველტის "ახალი კურსის" პოლიტიკას, რომელიც 1930-იან წლებში სახელმწიფო ხარჯების ზრდით ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას ისახავდა მიზნად. თუმცა ამ სტრატეგიას მოწინააღმდეგენიც ჰყავს. ბაიდენის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ IRA და სხვა სამთავრობო ინიციატივები ვალს გაზრდის და მოკლევადიან პერიოდში მაღალი ინფლაციის რისკს შექმნის. ამის საპასუხოდ კამალა ჰარისმა განაცხადა: "ეს არის ინვესტიცია მომავლისთვის. ჩვენ ვაშენებთ ეკონომიკას, რომელიც მდგრადი იქნება და კონკურენციას გაუწევს დანარჩენ მსოფლიოს". მეორე მხრივ, დონალდ ტრამპის ეკონომიკური ხედვა ემყარება გადასახადების შემცირებასა და ბაზრის დერეგულაციას, რათა ბიზნესს მეტი თავისუფლება მიეცეს. 2017 წელს მისმა საგადასახადო რეფორმამ, რომელმაც კორპორაციული გადასახადი 35-დან 21%-მდე შეამცირა, მასშტაბურ ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა, როგორც Wall Street Journal-ი აღნიშნავს, ამ რეფორმამ სოციალური უთანასწორობაც გააღრმავა. სხვათა შორის, 1980-იან წლებში რეიგანმაც მიმართა ამ სტრატეგიას, რომელიც გადასახადების შემცირებასა და თავისუფალ ბაზრებზე იყო ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ რეიგანის კონკრეტულად ამ პოლიტიკაზე ეკონომისტებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ და ის ცალსახად დადებითად არ არის მიჩნეული, ფაქტია, ქვეყნისთვის მყისიერი შედეგი ჰქონდა. როგორც ჩანს, ტრამპიც სწრაფი შედეგის მიღებას ცდილობს დღეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკის გამო. მთელი კამპანიის დროს მოსახლეობას ის სწორედ ამას ეუბნება: "ჩვენ კვლავ დავუბრუნებთ ამერიკას ეკონომიკურ დიდებას. გადასახადების შემცირებით და რეგულაციების მოხსნით ჩვენ განვავითარებთ ბიზნესს". თუმცა ტრამპის პოლიტიკას აქვს თავისი გამოწვევები. ეკონომისტების აზრით, მოკლევადიანი ზრდა შეიძლება შეიცვალოს ფისკალური დისბალანსით, რაც ეკონომიკის მეტისმეტად სწრაფ ზრდასა და შემდეგ რეცესიას გამოიწვევს. ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს 2008 წლის ფინანსური კრიზისი, როდესაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის შემდეგ ბაზრებმა ძლიერი ვარდნა განიცადეს. შესაბამისად, ეს არჩევნები წარმოადგენს არჩევანს გრძელვადიან სტაბილურობასა და მოკლევადიან ეკონომიკურ სარგებელს შორის. ამას ემატება მიგრაციის საკითხი, რაც დღეს ამერიკელი ამომრჩევლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება და მათ არჩევანი უნდა გააკეთონ, ერთი მხრივ, უსაფრთხოებას, რაც ტრამპის ამოსავალი წერტილია, ხოლო, მეორე მხრივ, ჰარისის ჰუმანურ მიდგომას შორის. დებატებშიც გამოჩნდა, რომ მიგრაცია აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მწვავე საკითხია. ამერიკის საზღვრებთან არსებული კრიზისი და არალეგალური მიგრაციის ზრდა წარმოშობს დილემას, როგორ დაბალანსდეს საზღვრის უსაფრთხოება და ჰუმანური მიდგომა. ამ თემაზე ჰარისისა და ტრამპის პოლიტიკა მკვეთრად განსხვავდება. ჰარისის ხედვა გულისხმობს ლეგალური მიგრაციის წახალისებასა და ადამიანის უფლებების დაცვას, ხოლო ტრამპი უპირატესობას ანიჭებს უსაფრთხოების მკაცრ ზომებსა და საზღვრების გამკაცრებას... მიუხედავად იმისა, რომ მიგრაცია აშშ-ის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ლეგალური მიგრანტები ხელს უწყობენ შრომის ბაზრის ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას, ამომრჩევლების აზრით, ეს სოციალური სერვისების გადატვირთვასა და კრიმინალის ზრდას იწვევს. შესაბამისად, მიგრაციის საკითხი ძალზე მგრძნობიარე თემაა. როგორც ამერიკული მედია წერს, მას შემდეგ, რაც დემოკრატების კანდიდატი შეიცვალა, მოსახლეობას იმედი ჰქონდა, რომ ჰარისი "რაღაც ახალ თავის ხედვას" წარმოადგენდა, მაგრამ მან ეს დღემდე ვერ მოახერხა და აგრძელებს ბაიდენის პოლიტიკას, რაც მის რეიტინგებზე ნეგატიურადაც აისახა. სწორედ ამიტომ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბაიდენისა და ჰარისის პოლიტიკა მიზნად ისახავს მიგრანტებისთვის უსაფრთხო და ლეგალური გზების შექმნას, მაგრამ მიგრანტთა ნაკადის ზრდა და რესურსების დეფიციტი კვლავაც პრობლემად დარჩება. ტრამპის პოლიტიკა მოკლევადიან პერიოდში უფრო ეფექტურად შეიძლება გამოჩნდეს, რადგან მკაცრი კონტროლი სწრაფად შეამცირებს მიგრანტების რაოდენობას, თუმცა სოციალური და ეკონომიკური ხარჯები გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემებს შექმნის.
გლობალური უსაფრთხოება
უკრაინის მხარდაჭერა დღემდე რუსეთ-უკრაინის ომის ბედის განმსაზღვრელია, რაც, ცხადია, გლობალურ უსაფრთხოებაზეც აისახება. ამიტომაც ენიჭება არსებითი მნიშვნელობა ამ საკითხს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებშიც, რადგან ეს ომი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაცია ხაზს უსვამს უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ისე ფინანსური დახმარებით მხარდაჭერის მნიშვნელობას. "ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება", - განაცხადა ბაიდენმა, რაც აჩვენებს მის ნებას, დაიცვას დასავლური ღირებულებები და უზრუნველყოს რუსეთის აგრესიის შეკავება. ამ ხაზს აგრძელებს ჰარისიც.
სხვათა შორის, ბაიდენ-ჰარისის ამ პოლიტიკას ადარებენ მარშალის გეგმასაც, რომლის მეშვეობითაც მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული ევროპა აღდგა. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაცემული მილიარდობით დოლარის დახმარება, შეიარაღებისა და ჰუმანიტარული დახმარების სახით, უკრაინას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს წინააღმდეგობის უნარი. როგორც Washington Post-ი წერს, მხარდაჭერა არა მარტო უკრაინისთვის არის გადამწყვეტი, არამედ დასავლური კოალიციის სიმტკიცის დემონსტრაციაც არის. ბაიდენის პოლიტიკა ხაზს უსვამს, რომ უკრაინის დამარცხება არ უნდა დაუშვას, რადგან ეს დემოკრატიული ქვეყნების ერთიანობას დაასუსტებს და ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ტრამპი კი მოითხოვს, რომ უკრაინის ომში ჩართულობა შემცირდეს და ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს. "ამ ომის დასრულება მოლაპარაკების გზით შესაძლებელია", - აცხადებს ტრამპი. ამ ხაზს ობამას "გადატვირთვის პოლიტიკის" ჩავარდნის შემდეგ წარმატება არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რეალურად მისი პოლიტიკა ობამას პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავებულია, რადგან მასში არ არის ლაპარაკი არანაირ გადატვირთვაზე. საუბარია დიპლომატიურ მოლაპარაკებაზე, რაც, ერთი მხრივ, მტერთანაც შეიძლება გაიმართოს და, მეორე მხრივ, ყველა ომი ბოლოს მაინც მოლაპარაკებით მთავრდება. საქმე ის არის, რუსეთთან დღეს მოლაპარაკების რა შანსია და რის ფასად. სხვათა შორის, ამ მხრივ ტრამპის ხედვა - ომის დიპლომატიური გზით შეწყვეტა და რესურსების შიდა პრობლემებზე მიმართვა, ჰგავს ნიქსონის "დეტენტეს" პოლიტიკას, რაც საბჭოთა კავშირთან დაძაბულობის შემცირებას ისახავდა მიზნად.
ტრამპის კამპანია ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ აშშ-ის რესურსები შიდა ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკურ პრობლემებს მოხმარდება. მისი ხედვა გულისხმობს, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარება უნდა უზრუნველყონ უკრაინისთვის. Fox News-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკა ტრამპის ბაზის ამომრჩევლებს უფრო აჯადოებს, რადგან ისინი მხარს უჭერენ იზოლაციონიზმსა და შიდა პრობლემებზე ფოკუსს. სწორედ ამიტომ, თუ ჰარისი გახდება პრეზიდენტი, მოსალოდნელია, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. ეს პოლიტიკა ხელს შეუწყობს არა მარტო ომის წარმატებით დასრულებას, არამედ გლობალური წესრიგის განმტკიცებას, რაც ემყარება საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიის პრინციპებს. უკრაინის გამარჯვება იქნება სიგნალი, რომ დასავლეთი კვლავ ერთიანია და შეუძლია ავტორიტარული რეჟიმების შეკავება. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ უკრაინას მხარდაჭერა შეეზღუდება, რაც რუსეთის პოზიციას უფრო გააძლიერებს. ასეთი ცვლილება საფრთხეს შეუქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და დაასუსტებს გლობალური უსაფრთხოების სტრუქტურას. ცხადია, დიპლომატიური შეთანხმება რუსეთთან შეიძლება, მაგრამ ეს დასავლური კოალიციის დასუსტების საფრთხეს შეიცავს და აქ უკვე ჩნდება კითხვა - ასეთ შემთხვევაში ტრამპი ამერიკას დაპირებულ "ძველ დიდებას" როგორ დაუბრუნებს? თუმცა ეს მომენტი ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია იმ მთავარ ანკესად, რაც ტრამპს რუსეთთან დათმობის საშუალებას არ მისცემს. მთავარი კი ის არის, რომ ორივე სცენარში აშშ-ის როლი დარჩება კრიტიკულად მნიშვნელოვანი უკრაინის გამარჯვებისა და გლობალური უსაფრთხოების სტაბილურობისთვის.
საქართველოსთან პარტნიორობის მომავალი
საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის არჩევნებს, რადგან საქართველოს ხელისუფლებას, მას შემდეგ, რაც აშშ-თან 30-წლიანი პარტნიორობა კითხვის ქვეშ დააყენა, იმედი აქვს, რომ ურთიერთობა ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში გამოსწორდება. თუმცა ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაშიც მოსალოდნელია, რომ აშშ-ის იზოლაციონისტური პოლიტიკა საქართველოს სირთულეებს შეუქმნის. ტრამპის ხედვა მრავალწლიან საერთაშორისო ჩართულობას აკრიტიკებს და რესურსების შიდა გამოყენება ურჩევნია. მისი ადმინისტრაციის მიდგომამ 2016-2020 წლებში აჩვენა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ნაკლებად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ ემორჩილებიან ამერიკის პოლიტიკურ მოთხოვნებს. საქართველოსთვის ეს სცენარი სერიოზული გამოწვევა იქნება, რადგან ამერიკის მხარდაჭერის გარეშე რუსულ ზეწოლაზე წინააღმდეგობა უფრო გართულდება.
ტრამპის "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" პოლიტიკა მიანიშნებს, რომ დახმარება საქართველოსთვის მინიმუმამდე შემცირდება. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ საქართველო მოექცეს გეოპოლიტიკურ ვაკუუმში, რადგან აშშ ნაკლებად იქნება დაინტერესებული შავი ზღვის რეგიონითა და რუსეთის შეკავებით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოუწევს პოლიტიკური კურსის რევიზია და ახალი მოკავშირეების მოძიება. ჰარისის პრეზიდენტობის შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ დასავლური მხარდაჭერა გაგრძელდება, თუმცა შესაძლოა პოლიტიკურად უფრო პრაგმატული გახდეს, თუ თბილისი არ შეეცდება დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ამას შეიძლება მოჰყვეს დასავლური ინვესტიციების შეზღუდვა, თუ საქართველო არ შეინარჩუნებს პროგრესს დემოკრატიის განვითარებაში და ამის შესახებ „ქართული "ოცნება" არაერთხელ გააფრთხილეს - ანუ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა საქართველოში პარლამენტის არჩევნებზეც არის დამოკიდებული.
საერთო ჯამში, მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული ხედვებისა, ტრამპისა და ჰარისის მხარდაჭერა თითქმის თანაბარია. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეიძლება ითქვას, რომ ტრამპს მცირე უპირატესობა აქვს ზოგიერთ გადამწყვეტ შტატში, თუმცა ჰარისის უპირატესობა ეროვნულ დონეზე მცირედით მაინც იგრძნობა. შედეგად ჯერ ისევ არავინ იცის, რა მოხდება და მსოფლიო წესრიგს რა ელოდება.
რუსა მაჩაიძე