სკანდალი: ტრამპის საიდუმლო ზარები პუტინთან - "დიდ დონალდს" ისე მოსწონს პუტინის ძალაუფლება, რომ მისი შურს კიდეც" - კვირის პალიტრა

სკანდალი: ტრამპის საიდუმლო ზარები პუტინთან - "დიდ დონალდს" ისე მოსწონს პუტინის ძალაუფლება, რომ მისი შურს კიდეც"

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 21 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „როგორ გრძნობები აქვთ ერთმანეთის მიმართ დონალდ ტრამპს და ვლადიმერ პუტინს? გაურკვეველია, არის თუ არა ტრამპის დევიზი - „მეგობრები ახლოს უნდა გყავდეს, მტრები კი მეგობრებზე უფრო ახლოს“ (ავტორი - ჯორ ბარნსი, ამერიკელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როცა 2018 წლის ზაფხულში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ჰელსინკში შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინს ჰკითხეს - აქვს თუ არა მას რაიმე კომპრომატი დონალდ ტრამპის შესახებ, ტრამპმა პუტინს ღიმილით შეხედა. ორმა ძლიერმა მამაკაცმა - რუსმა და ამერიკელმა - ის-ის იყო მოლაპარაკება დაასრულეს დახურულ კარს მიღმა: დარბაზიდან თანაშემწეებიც კი გაუშვეს, მხოლოდ თარჯიმნები დარჩნენ.

დონალდ ტრამპსაც ჰკითხეს - „სჯერა თუ არა მას, რომ არჩევნებში რუსეთის სპეცსამსახურები ჩაერიენ?“.. ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ მას ეჭვი არ შეაქვს იმ ვერსიაში, რომელიც მისმა რუსმა კოლეგამ გააჟღერა: „პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ რუსეთი არჩევნებში არ ჩარეულა, მე ვერ ვხედავ ვერავითარ მიზეზს, რომ მისი ნათქვამი საეჭვო იყოს“

2016 წელს აშშ-ის სპეცსამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთმა გავლენა მოახდინა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესზე, რის შედეგადაც გაიმარჯვა რესპუბლიკელთა კანდიდატმა დონალდ ტრაპმა, დამარცხდა დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი.

პუტინ-ტრამპის „მეგობრობის“ სათავეებთან...

ჰელსინკში მომხდარი ფაქტი პირველი შემთხვევა არ იყო იმისა, როცა დონალდ ტრამპი მიანიშნებდა - იგი უფრო მეტად პუტინს უჯერებდა, ვიდრე საკუთარ სპეცსამსახურებს. ამ დროიდან იწყება ორი პრეზიდენტის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდა, ანუ მანამდე, სანამ დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი არ დატოვა.

თუმცა დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის დაცვაში ადრეც იყო შემჩნეული: როცა 2014 წელს მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინის იმ ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, რომელსაც დონბასელი სეპარატისტები აკონტროლებდნენ, მოსკოვისაგან მიცემული სარაკეტო სისტემით, დონალდ ტრამპმა მაშინ თქვა: „სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება საშინელებაა და სამარცხვინო, მაგრამ პუტინი და რუსეთი აცხადებენ, რომ ეს მათ არ გაუკეთებიათ“.

და როცა პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 2016 წელს, ვლადიმერ პუტინი მისი ყველაზე აქტიური და გავლენიანი მხარდამჭერი გახდა საზღვარგარეთელ მომხრეთა შორის: „პუტინმა მე გენიოსი მიწოდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 2026 წლის დასაწყისში გამართულ მიტინგზე. წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მან ეს ფრაზა რვაჯერ გაიმეორა. პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ გამართულ მიტინგებზე პირველ რიგში ხშირად იჯდა ხოლმე რუსეთის იმდროინდელი ელში აშშ-ში სერგეი კისლიაკი.

2016 წლის ივლისში რესპუბლიკელმა კანდიდატმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიის - ყირიმის ნახევარკუნძულის მოსახლეობას, რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს განახორციელა, როგორც ჩანს, რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა სურთ. მან ასევე აღნიშნა, რომ როცა იგი აშშ-ის პრეზიდენტი იქნება, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებაო. ასეთი ტენდენცია შენარჩუნებული იქნა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდშიც.

თეთრ სახლში მისი ყოფნის პერიოდში ავი ენები ამბობდნენ, რომ დონალდ ტრამპი ყველაფერს აკეთებდა, რომ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრის დეტალები არავის გაეგო.

როგორც ამბობენ, ერთხელ მან თავის თარჯიმანს ერთ-ერთი შეხვედრის ოქმი გამოართვა და მას მკაცრი დამატებითი ინსტრუქტაჟი ჩაუტარა: კვლავ შეახსენა, რომ რაც პუტინთან შეხვედრის დრო გაიგო, არავისთვის არ უნდა ეთქვა.

რასაკვირველია, იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთთან ახლოს იყვნენ, პრეზიდენტობის პერიოდში ტრამპი მაინც თავის პოლიტიკურ კურსს ატარებდა და იმის ნაცვლად, რომ კრემლის ბინადარის მოქმედებისთვის მხარი დაეჭირა, პირიქით აკეთებდა. მაგალითად, 2018 წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნიდან გააძევა 60 რუსი დიპლომატი და დახურა რუსეთის საკონსულო სიეტლში - ამით დონალდ ტრამპმა „შური იძია“ დიდ ბრიტანეთში მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლის გამო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. აშშ-ის რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დააკმაყოფილა უკრაინის თხოვნა ლეტალური იარაღის მიწოდების თაობაზე, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების „ჯაველინების“ კიევისათვის გადაცემას ეხებოდა და რომელიც ადრე, 2014 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაბლოკა.

სკანდალური წიგნი: საიდუმლო ზარები პუტინთან

2020 წელს, როცა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, მისი კავშირები ვლადიმერ პუტინთან შესუსტდა. ასე გრძელდებოდა მანამდე, სანამ ახალმა წიგნმა, რომელიც გასული კვირის სამშაბათს გამოვიდა, სახელწოდებით „ომი (ავტორი - ბობ ვუდვორდი), არ გამოაღვიძა ინტერესი ამ ორი ძლიერი პოლიტიკოსის ურთიერთობის მიმართ - სულ რაღაც ორიოდე კვირით ადრე არჩევნებამდე.

რვა წლის შემდეგ იმ დროიდან, როცა 2016 წელს აშშ-ის სპეცსამსახურებმა ამერიკულ არჩევნებში რუსეთის სპეცსამსახურების ჩარევაზე განაცხადეს, ვეტერანი ჟურნალისტი ბობ ვუდვორდმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთთან კონტაქტებს ბოლო დრომდე ინარჩუნებენ.

წიგნის ავტორი, რომელმაც უოტერგეიტის სკანდალი გააშუქა, წერს, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სულ ცოტამ შვიდჯერ მაინც ისაუბრა საიდუმლოდ ტელეფონით თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ. ამ საუბრების ზოგიერთი შედეგი გამოვლინდა იმაში, რომ რესპუბლიკელებმა უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაწევა დააყოვნეს. ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს კორონავირუსის ამერიკული ტესტები გაუგზავნა პირადი სარგებლობისთვის პანდემიის პერიოდში.

რასაკვირველია, ტრამპის საარჩევნო შტაბმა ბობ ვუდვორდის ყველა ყველა ბრალდება უარყო და ავტორს „ზნედაცემული“ უწოდა, თუმცა კრემლმა დაადასტურა, რომ „კოვიდის ტესტებთან“ დაკავშირებული ისტორია მართალიაო. თავის მხრივ, დონალდ ტრამპი აგრძელებს ვლადიმერ პუტინის მოხსენიებას წინასაარჩევნო კამპანიის დროს - ათჯერ და მეტჯერაც.

ტრაბახი „კარგი ურთიერთობებით“

ამას წინათ გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ დაწერა, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს თავის გამოსვლებში ყველაზე უფრო მეტად მოიხსენიებს, ვიდრე სხვა პოლიტიკოსებს მას შემდეგ, რაც იგი პირველად გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი (2015 წლიდან). ბოლო თვეების განმავლობაში ტრამპი აცხადებდა, რომ „რუსეთს ნებას მისცემს, რაც უნდა ის გაუკეთოს ნატოს იმ წევრებს, რომლებიც სამხედრო სფეროში ფულს არ ხარჯავენო“.

დონალდ ტრამპი ასევე ტრაბახობდა, რომ მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ვლადიმერ პუტინთან, რომელთანაც შეუძლია ზავის საკითხი განიხილოს უკრაინის ომთან დაკავშირებით - უფრო მეტიც, თუ იგი არჩევნებში გაიმარჯვებს, კრემლის ბინადარს ომის შეწყვეტაზე დაითანხმებს.

რესპუბლიკელი კანდიდატის „პროპუტინურმა“ განცხადებებმა გამოიწვია ის, რომ მას დემოკრატმა კანდიდატმა კამალა ჰარისმა ბრალი დასდო - კიევზე ზეწოლას ცდილობს, რათა ვოლოდიმირ ზელენსკი დათახმდეს მშვიდობის სანაცვლოდ რუსეთს ტერიტორიები გადასცესო.

როგორც კამალა ჰარისმა აღნიშნა გასულ კვირას, დონალდ ტრამპის „ასეთი გატაცება პუტინით მისი სისუსტის ნიშანია“. გარდა ამისა, იგივე პოზიცია აქვს მის მეწყვილესაც (ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს) ტიმ უოლცს: „გარანტიას გაძლევთ, რომ კამალა ჰარისს დიქტატორთა შორის მხარდამჭერები არ ჰყავს“.

უმჯობესია მტრები ახლოს გყავდეს!?...“

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ხელმძღვანელობს თუ არა დონალდ ტრამპი დევიზით - „მეგობრები ახლოს უნდა გყავდეს, მაგრამ მტრები უფრო ახლოს“. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, მილიარდერს მოსწონს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც ვლადიმერ პუტინი ფლობს. ბობ ვუდვორდის აზრით კი, „ტრამპი ავტოკრატული მმართველობის მოტრფიალეა“.

„ვაშინგტონ პოსტის“ მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე, რომელზეც წიგნის პრეზენტაცია განხორციელდა, ბობ ვუდვორდმა თქვა: „[ტრამპს] იმდენად მოსწონს ვლადიმერ პუტინის უფლებამოსილება, რომ მის მიმართ თითქმის შურს ამჟღავნებს“.

არის თუ არა მათი ურთიერთობა მეგობრული თუ ის უფრო ე.წ. „გარიგებით ქორწინებას“ წარმოადგენს, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი საკუთარ თავს ვლადიმერ პუტინის ერთადერთ შემჩერებლად თვლის: გაავებული მხეცის - რუსული დათვის მომთვინიერებლად... მაგრამ დასავლელი ლიდერები ასეთ აზრს მისი ოცნების ნაყოფად თვლიან, რომელიც მხოლოდ ამერიკელის თავში შეიძლება არსებობდეს. მათ თვალში დონალდ ტრამპი, დიდი ალბათობით, ვლადიმერ პუტინისათვის „სასარგებლო იდიოტს“ წარმოადგენს და ეს ხდება იმ დროს, როცა ბოროტების ღერძი - „ჩინეთი-რუსეთი-ირანი“ - დემოკრატიული დასავლეთის სისუსტით სარგებლობს.

წყარო