ფიროსმანის ქუჩაზე მოკლულ ტატო ფირცხალაიშვილის თანმხლებ პირს, რომელიც დაიჭრა, კლინიკაში პოლიციელები იცავენ - რას ამბობს ექიმი
ფიროსმანის ქუჩაზე მოკლულ ტატო ფირცხალაიშვილის თანმხლებ პირს, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაიჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც კლინიკა „ჰელისკორის“ ქირურგიული განყოფილების უფროსმა, გიორგი გოგოლაძემ განმარტა, დაჭრილია ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იმ შემთხვევაში, თუკი, მდგომარეობა არ გართულდება, მას კლინიკიდან 2-3 დღეში გაწერენ.
„პაციენტი გუშინ საღამოს შემოიყვანეს, ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდა მარცხენა წვივის და ქუსლის არეში. ორივე სეგმენტზე ოპერაციული ჩარევა ჩაუტარდა წარმატებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცავები მუდმივად არიან, 4-5 კაცია პალატაში",- აცხადებს გოგოლაძე.
ცნობისთვის, შემთხვევა წუხელ, 20 ოქტომბერს, ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს. სროლის შედეგად დაჭრილია მისი თანმხლები პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით, ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება.