"საერთაშორისო გამჭვირვალობა" განცხადებას ავრცელებს - რაში ადანაშაულებს ორგანიზაცია ხელისუფლებას?! - კვირის პალიტრა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" განცხადებას ავრცელებს - რაში ადანაშაულებს ორგანიზაცია ხელისუფლებას?!

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა.

„მთავარ გამოწვევებს შორისაა: გაუარესებული კანონმდებლობა, მათ შორის საარჩევნო გარემოზე “რუსული კანონის” ნეგატიური გავლენა; ანტიკორუფციული ბიუროსა და კომუნიკაციების კომისიის სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მაუწყებლების შევიწროებისთვის გამოყენება; ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები და მათი არაეფექტური გამოძიება; ამომრჩევლების, მათ შორის საჯარო მოხელეების ნებაზე მუქარით, დაშინებით, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით ზემოქმედება; მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება, საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება და სხვა მანკიერი ტენდენციები.

ასევე, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბრამდე დაკვირვებამ შემდეგი მიგნებები გამოკვეთა: სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება, რაც გულისხმობს “რუსული კანონის” მიღებას. ქვეყნის შიგნით მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკიდურესად მწვავე რეაქციების მიუხედავად, ხელისუფლებამ კანონი მაინც მიიღო. კანონის მიღებასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა დაღი დაასვა საარჩევნო პროცესებსაც. ასევე, ცესკოს დაკომპლექტების წესის შეცვლა. 2024 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომლითაც ცესკოს დაკომპლექტების წესი შეიცვალა. ასევე, გენდერული კვოტის გაუქმება; ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებების გაფართოება; “დელეგატების” ინსტიტუტის შემოღება; საუბნო კომისიის წევრების ფუნქციების განაწილების კენჭისყრა; საარჩევნო კანონმდებლობის არასტაბილურობა.

ამასთან, გამოიკვეთა აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება, რაც გამოიკვეთა ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტების უკანონო გადაწყვეტილებებში. ანტიკორუფციულმა ბიურომ და კომუნიკაციების კომისიამ, მიიღეს გადაწყვეტილებები, რომელიც სავარაუდოდ ხელისუფლების დავალებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლების შევიწროებისკენ იყო მიმართული. ასევე, ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო გადაწყვეტილება “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მიმართ; კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიის შევიწროება; მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფების ძალადობა ოპოზიციური პარტიების მიმართ; ამომრჩევლის ნებაზე დანაშაულებრივი ზემოქმედება; საჯარო მოსამსახურეებისგან პერსონალური მონაცემების შეგროვების უკანონო სქემა; აჭარის ათიათასობით მკვიდრის პერსონალური მონაცემების შეგროვების უკანონო სქემა; ცილისმწამებლური კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ასევე გამოიკვეთა ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში: მმართველი პარტიის კანდიდატების მონაწილეობა საბიუჯეტო ღონისძიებებში; საჯარო მოხელეების მობილიზება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეკრებებში და გამოიკვეთა ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებისათვის“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ორგანიზაცია ხელისუფლებას და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს რეკომენდაციით მიმართავს.

მათი თქმით, აუცილებელია ხელისუფლებამ უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობა და თავი შეიკავოს საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანისაგან, განსაკუთრებით არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში.

„ამასთანავე, აუცილებელია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში აისახოს ყველა ის შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელსაც წლიდან წლამდე იმეორებენ თავიანთ დასკვნებში ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია; ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც შეიძლება შეტანილ იქნეს საარჩევნო კანონმდებლობაში, წინ უნდა უძღოდეს ფართო კონსულტაციები პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან და უნდა ეფუძნებოდეს ფართო კონსენსუსს; წინასაარჩევნო პერიოდში საგამოძიებო ორგანოებმა მაქსიმალურად სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ არჩევნებში ჩართული მხარეების წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ძალადობის, ზეწოლის და სხვა დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმეები; ხელისუფლებამ გააუქმოს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ახლახან მინიჭებული ანტიკონსტიტუციური უფლებამოსილება, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რაიმე საფუძვლით პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე მიმართვის შესახებ;

ცესკომ არ დაუშვას ისეთი ადმინისტრაციული აქტების მიღება, და გააუქმოს უკვე მიღებული ისეთი აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს საკანონმდებლო აქტებს; შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ხელისუფლების სხვა ორგანოებმა არ დაუშვან არჩევნების პროცესში საქართველოს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული პირების, მათ შორის, ზვიად ხარაზიშვილის ჩართულობა; სასამართლოებმა განახორციელონ რეალური სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე;

ანტიკორუფციულმა ბიურომ თავი შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტებისათვის “განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე” სუბიექტის სტატუსის უსაფუძვლოდ, კანონის თვითნებურად განმარტების გზით, მინიჭებისაგან;

კომუნიკაციების კომისიამ თავი შეიკავოს, დაუსაბუთებელი და მიკერძოებული გადაწყვეტილებებით, კრიტიკული მედიის შევიწროებისაგან და რეალური კონტროლი განახორციელოს პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით მმართველი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებასა და არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი საარჩევნო რგოლების გავრცელებაზე; შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად გამოიძიონ ამომრჩევლის მოსყიდვის, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვების, ამომრჩევლების ნებაზე სხვა მხრივ ზეგავლენის განხორციელების, არჩევნების პროცესში პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელშეშლის, განსაკუთრებით მათ წარმომადგენლებთან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, სხვა ძალადობრივი ქმედებები, და ნებისმიერი სხვა სამართალდარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე და არჩევნების შედეგებზე;

ხელისუფლების ორგანოებმა და უწყებებმა თავი შეიკავონ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეკრებებზე საჯარო მოსამსახურეებისა და სხვა საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომელთა მათი ნების გარეშე მობილიზებისაგან, მათი იძულებისგან, დაესწრონ ასეთ შეკრებებს;

ხელისუფლებამ თავი შეიკავოს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მასშტაბური სოციალური პროგრამების ინიციირებისგან, რაც ზიანს აყენებს საარჩევნო სუბიექტებს შორის ჯანსაღ კონკურენციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"