"ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს ვადაში, მოლაპარაკებებს გავხსნით ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. საქართველოს მიეცემა წვდომა 14 მილიარდ ევროზე" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს ვადაში, მოლაპარაკებებს გავხსნით ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. საქართველოს მიეცემა წვდომა 14 მილიარდ ევროზე"

ბიძინა ივანიშვილის დრო ამოიწურა და 5 დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს , - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და ამას 5 დღეში საქართველო დაამტკიცებს.

"გუშინ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, როდესაც თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი, თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს და ბიძინა ივანიშვილს ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და ამას ჩვენ, ზუსტად 5 დღეში დავამტკიცებთ.

ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მასშტაბით აკვარიუმით გადაადგილდება და საკუთარი ხალხისთვის ხელის ჩამორთმევის ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ 12 წლის განმავლობაში არაფერი მოუტანა ზიზღის პოლიტიკის, შიშზე დაფუძნებული პოლიტიკის, რომელიც სიცრუეზე არის აგებული, სიღატაკე, უმუშევრობის და საერთაშორისო იზოლაციის გარდა. ამიტომ, ივანიშვილმა იცის, რომ მისი დრო ამოიწურა. დიახ, ივანიშვილის დრო ამოიწურა და 5 დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავამ შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამა.

"ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს ვადაში, მოლაპარაკებებს გავხსნით ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. საქართველოს მიეცემა წვდომა 14 მილიარდ ევროზე. ჩვენი პროგრამა აგებულია - თავისუფალი, კონკურენტული ბაზრის პირობებზე, სადაც ხელისუფლება ხელშემწყობ როლს თამაშობს და არა ხელშემშლელ, როგორც ახლა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებშია.

ჩვენი შემდეგ დაპირებაა საპენსიო სესხების განულება.

კიდევ ერთი დაპირება, რომელიც მინდა საზოგადოებას შევახსენო, ეს არის „ფასების მაფიის“ დასრულება. „ფასების მაფია“ ხელოვნურად არის შექმნილო , სწორედ ივანიშვილის კლანური მმართველობის შედებად. რაც განაპირობებს კატასტროფულად გაზრდილი ფასებს.

ჩვენ შევქმნით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მილიარდიან ფონდს იმისთვის, რომ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები საქართველოში დავაბრუნოთ.

5 დღეში გავაფერადოთ ხუთიანი! ერთიანობით ვიმარჯვებთ! ერთიანობით ვამარცხებთ "ქართულ ოცნებას“! როდესაც ვერთიანდებით, ყოველთვის ვიმარჯვებთ . "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ იქნება გამარჯვების მთავარი ლოკომოტივი! ერთიანობით ვიმარჯვებთ!“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ინტერპრესნიუსი"