შოკი! გაეროს გენმდივანი პუტინის თამაშში მონაწილეობს?! - რატომ მიდის ანტონიო გუტერეში ყაზანში - კვირის პალიტრა

შოკი! გაეროს გენმდივანი პუტინის თამაშში მონაწილეობს?! - რატომ მიდის ანტონიო გუტერეში ყაზანში

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 22 ოქტომბრის ნომერში რუბრიკით „ტელეგრაფის თვალსაზრისი“ გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „გაეროს გენერალური მდივანი პუტინის თამაშში მონაწილეობს - ანტონიო გუტერეშის ყოფნა რუსულ კონფერენციაზე შოკისმომგვრელი უკან გადადგმული ნაბიჯია კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე“. პუბლიკაციაში მკაცრად არის გაკრიტიკებული გაეროს ხელმძღვანელის მიერ გადადგმული ნაბიჯი, გამოხატული „ბრიკს“-ის (BRICS) წევრი ქვეყნების ლიდერთა ორდღიან სამიტში მონაწილეობით, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში დღეს, 22 ოქტომბერს, იწყებს მუშაობას.

BRICS-ის გაერთიანების ძირითადი წევრები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები. BRICS-ის წევრობა სურთ კიდევ ათამდე სახელმწიფოს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

22 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ ყაზანში ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ოცზე მეტი სახელმწიფოს ლიდერს უმასპინძლებს - იმ ქვეყნებისას, რომლებშიც პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს. მოსალოდნელია, რომ მათ შორის იქნება ჩინეთისა და ინდოეთის ხელმძღვანელები სი ძინპინი და ნარენდრა მოდი და თვით გაეროს გენერალური მდივანი ანტონო გუტერეშიც.

მათთვის, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეოდა და მსოფლიოს ქვეყნებისაგან გარიყული იქნებოდა, BRICS-ის ფორუმში მონაწილე ლიდერთა სიმრავლე, რბილად რომ ვთქვათ, დიდი იმედგაცრუებას წარმოადგენს.

უკრაინელებისათვის ეს ფაქტი, დიდი ალბათობით, უკიდურესად გამაოგნებელი იქნება და აღმაშფოთებელიც, რომ ყაზანში, ვლადიმერ პუტინის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე, ანტონიო გუტერეშიც იქნება - გაეროს გენერალური მდივანი, რომელმაც თავის დროზე რუსეთის შეჭრა უკრაინაში, როგორც უკანონო მოქმედება, მკაცრად დაგმო. გავიხსენოთ, რომ 2022 წლის მარტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოითხოვა, რომ „რუსეთის ფედერაციამ დაუყონებლივ შეწყვიტოს ძალის უკანონო გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ“.

როგორ შეუძლია ანტონიო გუტერეშს ყაზანში ყოფნა და ამით ვლადიმერ პუტინისათვის მხარდაჭერის გამოხატვა? თავისი ნაბიჯით იგი ხომ პრესტიჟს და მნიშვნელობას მატებს ფორუმს, ანუ იმას აკეთებს, რაც სწორედ ვლადიმერ პუტინს სურს.

BRICS-ის სამიტის მონაწილეთა შორის იქნება თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოს მეთაური, რომელიც ყაზანში ჩასვლით კრემლს მხარდაჭერას უცხადებს, თანაც იმ დროს, როცა ნატოს სხვა წევრები უკრაინას ფულით და იარაღით ეხმარებიან...

BRICS-ის სამიტი ყველაზე მსხვილი ღონისძიებაა კრემლის ჯარების უკრაინაში შეჭრის დროიდან და, რასაკვირველია პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვენივრად ისარგებლებს ამ მოვლენით, რათა ყველას აჩვენოს - დასავლეთის მცდელობა რუსეთის იზოლირების მიზნით ჩაიშალა. მას ხომ საზღვარგარეთის უმრავლეს ქვეყნებში გამართულ მსგავს ფორუმებში მონაწილეობა არ შეუძლია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის გამო. პუტინი არ იქნება ბრაზილიაში, მომავალ თვეში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზეც... და ამ დროს იმავე „ოცეულის“ ქვეყნების ხელმძღვანელები ბრალდებულ ვლადიმერ პუტინს ეახლებიან. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც დიპლომატიურ გადატრიალება.

თითქმის სამი წლის წინათ მომხდარი სამხედრო შეჭრის შემდეგ დასავლელი ლიდერები უკრაინელებს არწმუნებდნენ, რომ მსოფლიო მათ მხარეზეა. სამწუხაროდ, აშკარაა, რომ ეს ასე არ არის და, ალბათ, არასდროს არ ყოფილა.

წყარო