ორი იოსების "ომი": სტალინი ტიტოს წინააღმდეგ - როგორ ცდილობდა "დიდი ბელადი" თავისი ყოფილი მეგობრის ლიკვიდაციას - კვირის პალიტრა

ორი იოსების "ომი": სტალინი ტიტოს წინააღმდეგ - როგორ ცდილობდა "დიდი ბელადი" თავისი ყოფილი მეგობრის ლიკვიდაციას

ყველა დიქტატორს ერთი აქვს საერთო: ისინი საოცრად დაუნდობელნი და „ცისისხლიანები“ არიან. ადამიანის სიცოცხლე მათთვის ჩალის ფასია. სხვანაირად ალბათ ვერც იბოგინებდნენ დიდხანს. საბჭოთა/რუსეთის იმპერიის შემოქმედზე, იოსებ სტალინზე ბევრ ტყუილ–მართალს წერენ, თუმცა მას თავისი ცოდვებიც ეყოფა სხვისი რომ არ მივაწეროთ. მისი ცხოვრებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები კვლავ რუსეთის არქივებშია ჩაკეტილი და მათზე გასაჯაროების ვადები ჯერ–ჯერობით, სამწუხაროდ, არ მოქმედებს. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის ამჟამინდელი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი არანაკლები დანაშაულებების მოთავეა და არ უნდა სტალინის ანალოგიური წერილობითი და სიტყვიერი ბრძანებების ამსახველი საარქივო დოკუმენტების გამომზეურება.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ისე მოხდა, რომ „დიდი სამეულიდან“ ხელისუფლებაში მხოლოდ სტალინი შემორჩა: აშშ–ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი 1945 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა, ხოლო უინსტონ ჩერჩილი 1945 წლის ივლისში დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში და დაკარგა დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის პოსტი. ასე რომ, ფაქტიურად იოსებ სტალინს ერგო „ფაშისტურ გერმანიაზე“ გამარჯვებულის მთელი დიდება. იმ პერიოდში სტალინის ავტორიტეტი და პოპულარობა ზენიტში იყო და არა მარტო „სოციალისტურ ქვეყნებში“. საბჭოთა დიქტატორის სიტყვა და გადაწყვეტილება ეჭვშეუტანელ შეჭმარიტებად აღიქმებოდა. სტალინი კი თანდათანობით, ნაბიჯ–ნაბიჯ ახორციელებდა „მსოფლიო ახალი წესრიგის“ მისეულ გეგმას. როგორც ყველა დიქტატორი, სტალინიც ვერ ეგუებოდა მის მიერ უკვე დალაგებული „პასიანსის“ არევას და „ამრევს“ სასტიკად სჯიდა. ერთ–ერთი ასეთი ამრევი იუგოსლავიის ლიდერი და „პატარა ბელადი“ იოსიპ ბროზი (ტიტო) იყო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პარტიზანული რაზმების მეთაურობით სახელი მთელ ბალკანეთზე გაითქვა.

1945 წლის 5 აპრილს ტიტო მოსკოვში ჩავიდა და ჟურნალისტებს განუცხადა: „დიდ სიხარულს ვგრძნობ, რომ დღეს აქ, დიდი საბჭოთა კავშირის დიდ დედაქალაქი, შემიძლია . . . ღრმა მადლიერება გამოვთქვა საბჭოთა კავშირის მიმართ იმ უზარმაზარი მორალური და მატერიალური დახმარებისთვის, რომელსაც ის უწევს იუგოსლავიის ხალხებს გერმანელ ოკუპანტებთან მძიმე ბრძოლაში. გაუმარჯოს დიდ საბჭოთა კავშირს! გაუმარჯოს დიდ და უძლეველ წითელ არმიას და მის გენიალურ ბელადს ბატონ საბჭოთა კავშირის მარშალ სტალინს!“

საბჭოთა კავშირი იუგოსლავიას აწვდიდა მარცვლეულს, ნავთობპროდუქტებს, ტრაქტორებს, აძლევდა კრედიტებს, გზავნიდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს და ა.შ. სტალინი ყურადღებას არ აკლებდა პირადად ტიტოსაც: 1945 წლის წლის 8 სექტემბერს სსრკ-ის უმაღლესი სამხედრო ჯილდო - „გამარჯვების ორდენი“ უბოძა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ საჩუქრად დაჯავშნილი ავტომობილი „პაკარდიც“ უფეშქაშა და თან შეუთვალა – ბრიტანელებსა და ამერიკელებს უფრთხილდი შენზე თავდასხმას გეგმავენო!

picture5-1729577960.jpg

1946 წელს სწორედ ასეთი დაჯავშნილი „პაკარდი“ გაუგზავნა საჩუქრად სტალინმა ტიტოს

ომის დასრულების შემდეგ იუგოსლავიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა და გუშინდელი მოკავშირეები, ერთი მხრივ საბჭოთა კავშირი და მეორე მხრივ: აშშ და დიდი ბრიტანეთი, ტიტოს საკუთარ ბანაკში გადაყვანას ცდილობდნენ. სტალინი ყველანაირად ცდილობდა შეემცირებინა იუგოსლავიის კონტაქტები დასავლეთის ქვეყნებთან და მთლიანად საკუთარი კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა ტიტო. ამიტომ საბჭოთა სპეცსამსახურების ხელმძღვანელები არწმუნებდნენ იუგოსლაველ კოლეგებს: ტიტოს გარემოცვაში ბრიტანეთისა და აშშ–ის ჯაშუშები ტრიალებენ და რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშიაო.

picture4-1729577960.jpg

ტიტო ჯერ კიდევ სტალინის ერთგულია, ბელგრადი 1946 წელი.

ტიტო თავის მხრივ დიდ მადლობას უთვლიდა სტალინს და თითქოსდა არაფერი ემუქრებოდა მათ ურთიერთობას, თუმცა 1946 წლის ბოლოსთვის მათ შორის მდგომარეობა დაიძაბა. ამის პირველი მიზეზი საბჭოთა არმიის მიერ იუგოსლავიაში შესვლისას მოსახლეობის ძარცვისა და ძალადობის ათასობით შემთხვევა გახდა, რაც სრულიად მოულოდნელი იყო „სლაველი ძმებისგან“. ამ ფაქტების შესახებ ტიტომ იუგოსლავიაში საბჭოთა სამხედრო მისიის უფროსს, გენერალ ნიკოლაი კორნეევს აცნობა, მან კი ყველაფერი იუარა და იუგოსლავიის ხელმძღვანელებს ცილისმწამებლები ეძახა. კორნეევმა სასწრაფოდ შეატყობინა მოსკოვს ტიტოს „უმადურობის“ შესახებ. სტალინი არაფერს არ ივიწყებდა, მით უფრო „წითელ არმიაზე ცილისწამებას“.

ამას ბალკანეთზე ტიტოს სამხედრო–პოლიტიკური აქტიურობაც დაემატა. სტალინი იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ ტიტო ალბანეთს „ეპოტინებოდა“ და განზრახული ჰქონდა სამხედრო ბაზის გახსნა ალბანეთის ტერიტორიაზე, ამ ქვეყნის ჩართვა იუგოსლავიის ხუთწლიან გეგმაში და რაც მთავარია: ალბანეთის არმიის დაფინანსება უნდა მომხდარიყო იუგოსლავიის ბიუჯეტიდან. ეს ყველაფერი ალბანეთის „მშვიდობიან შემოერთებას“ ნიშნავდა. იყო სხვა ფაქტებიც, როდესაც იუგოსლავიის ხელმძღვანელი ტიტო, სტალინთან შეუთანხმებლად იღებდა გადაწყვეტილებებს.

უკვე 1948 წლის დასაწყისში „დიდი დიქტატორის“ დავალებით საბჭოთა სპეცსამსახურებმა დაიწყეს ტიტოზე კომპრომატების ძიება. ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ჯერ კიდევ 1944 წლის დასაწყისში ადოლფ ჰიტლერის წარმომადგენლებს ჰქონდათ საიდუმლო კონტაქტები იუგოსლავიის წინააღმდეგობის მოძრაობის მეთაურ ტიტოსთან და მას „დამოუკიდებელ იუგოსლავიაში“ პრემიერ–მინისტრის პოსტს პირდებოდნენ.

1948 წლის 18 მარტს სტალინის ბრძანებით იუგოსლავიიდან გაიწვიეს საბჭოთა სპეციალისტები და სამხედრო მრჩევლები, ხოლო აპრილში ტიტოს მოსკოვიდან აცნობეს, რომ საბჭოთა კავშირი იუგოსლავიასთან ახალი სავაჭრო–ეკონომიკური ხელშეკრულების ხელმოწერისგან თავს იკავებდა .

picture3-1729577960.jpg

იოსიპ ბროზი (ტიტო) : უკვე სტალინის წინააღმდეგ

თავიდან სტალინს სურდა ტიტო თავად მის გარემოცვას ჩამოეშორებინა ხელისუფლებიდან. 1948 წლის 29 ივნისს გამოქვეყნდა „კომინტერნის“ მემკვიდრის, „კომინფორმბიუროს“ რეზოლუცია (რომელიც თავად სტალინის მიერ იყო რედაქტირებული), სადაც იუგოსლავიის კომუნისტებისადმი ამგვარი მოწოდებები იყო : „აიძულეთ ამჟამინდელი ლიდერები ღიად და გულწრფელად აღიარონ თავიანთი შეცდომები და გამოასწორონ ისინი, უარი თქვან ნაციონალიზმზე და დაუბრუნდნენ ინტერნაციონალიზმს. ყოველმხრივ გააძლიერონ გაერთიანებული სოციალისტური ფრონტი იმპერიალიზმის წინააღმდეგ, თუ იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის ამჟამინდელი ლიდერები ამას ვერ ახერხებენ, შეცვალეთ ისინი და წამოაყენეთ იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის ახალი ინტერნაციონალისტური ხელმძღვანელობა“.

თუმცა ტიტო ფხიზლად იყო და სპეცსამსახურების ერთგულების იმედი ჰქონდა. იუგოსლავიის კონტრდაზვერვა მართლაც ეფექტიანად მუშაობდა: მათ 1948-1953 წლებში გამოაშკარავეს და გაანეიტრალეს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი საბჭოთა დაზვერვის მთელი აგენტურა, რითაც სტალინს იუგოსლავიაში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების გეგმები სრულად ჩაეშალა.

1949 წელს საბჭოთა კავშირმა გაწყვიტა იუგოსლავიასთან „მეგობრობის, ურთიერთდახმარების და ომისშემდგომი თანამშრომლობის ხელშეკრულება“ და დაიწყო პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა იუგოსლავიის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას. ტიტოს ხელისუფლებას „ფაშიტურ ხროვად“ მოიხსენიებდნენ და ათას ტყუილს აბრალებდნენ. ტიტომ ამის საპასუხოდ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარება დაიწყო. 1951 წლის 14 ნოემბერს ხელი მოეწერა იუგოსლავიისთვის აშშ-ს სამხედრო დახმარების შესახებ ხელშეკრულებას. აშშ-ს მთავრობამ იუგოსლავიას ფინანსურ– ეკონომიკური დახმარებაც აღუთქვა და 1952 წლის 8 იანვარს ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობის შეთანხმებას.

„დიდი დიქტატორი“ აღშფოთებას ვერ მალავდა: წლები გადიოდა ტიტო კი კვლავ იუგოსლავიის ლიდერად რჩებოდა, სახეზე იყო სტალინის, როგორც „დიდი ბელადისა“ და „სოციალისტური ბანაკის“ ლიდერის ავტორიტეტის სრული კრახი. ტიტო სამუდამოდ უნდა „გამქრალიყო“ პოლიტიკიდან, ამიტომ მისი ლიკვიდაციის გეგმის მომზადება სტალინმა სახელმწიფო უშიშროების მინისტრს, ვიქტორ აბაკუმოვს (1908–1954) დაავალა.

picture2-1729577960.jpg

ვიქტორ აბაკუმოვი

ვ. აბაკუმოვმა ტიტოზე თავდასხმის რამდენიმე ოპერატიული გეგმა მოამზადა, თუმცა მთავარი პრობლემა იუგოსლავიის ლიდერთან ახლო მანძილზე მიახლოებაა იყო. მის გარემოცვაში მოქმედი საბჭოთა აგენტურის განეიტრალების შემდეგ აღარ დარჩა სანდო „კილერი“, რომელიც ამ დავალებას შეასრულებდა. თავად აბაკუმოვი 1951 წლის 12 ივლისს დააპატიმრეს : ის უკვე ხუთი წელი იყო უშიშროების მინისტრი და უკვე ძალზე ბევრი იცოდა, მათ შორის სტალინის მიერ გაცემული ლიკვიდაციის ბრძანებების შესახებ. „მავრმა თავისი საქმე შეასრულა, მავრს შეუძლია წავიდეს"– აბაკუმოვისთვის, ისევე, როგორც სხვა საბჭოთა „ჩეკისტებისთვის“ , – „წასვლა“ სიკვდილის სინონიმი იყო.

picture1-1729577960.jpg

იტალიის პრეზიდენტი და კოსტა–რიკის ელჩი იტალიაში, რომი, 1952 წლის 14 მაისი.

სტალინმა „სმერშელი“ აბაკუმოვის მაგივრად უშიშროების მინისტრად პარტიული ფუნქციონერი სემიონ იგნატიევი (1904–1983) დანიშნა. ტიტოს ლიკვიდაციის ბრძანება კი კვლავ ძალაში იყო. სტალინი პერიოდულად მკაცრად შეახსებნებდა ხოლმე იგნატიევს ამ დავალების „უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის “ შესახებ, თუმცა ახალ მინისტრსაც ძველი პრობლემები ჰქონდა: ტიტოს ლიკვიდაციის საიმედო გეგმა კვლავ არ არსებობდა. თუმცა მოულოდნელად ყველაფერი 1952 წლის 14 მაისს შეიცვალა, როდესაც კოსტა–რიკელმა ბიზნესმენმა და ახლად დანიშნულმა ელჩმა იტალიაში ვინმე თეოდორო კასტრომ იტალიის პრეზიდენტს, ლუიჯი ეინაუდის რწმუნებათა სიგელები გადასცა. ალბათ გაინტერესებთ: რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა კოსტა–რიკელ ბიზნესმენს ტიტოს ლიკვიდაციის გეგმასთან? თეოდორო კასტრო სინამდვილეში საბჭოთა არალეგალური აგენტი „მაქსი“ იყო, რომელიც ჯერ კიდევ 1940 წლის აგვისტოში ლევ ტროცკის მკვლელობის დაგეგმვაში და განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა, რისთვისაც სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საიდუმლო ბრძანებით „წითელი ვარსკვლავის ორდენით“ დააჯილდოვეს.

(მეხუთ ე ნაწილის დასასრული)