"ევროკავშირი იძულებული გახდება შესაბამისი ზომები მიიღოს, თუ..." - ვრცელი ინტერვიუ მიხაილ როთთან
"ახლა ძალიან ბევრს საუბრობენ "დროის გარდატეხაზე", რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო.
თუმცა, ის რომ დროულად, 2008 წელს მომხდარიყო, ბევრ რამეს შეცვლიდა. ახლა უკვე დაგვიანებული მგონია და ამაზე პასუხისმგებლობა ბევრ ჩვენგანს ეკისრება... ეს გარდატეხა მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც რუსულმა იმპერიალიზმმა დამოუკიდებელ საქართველოს დაარტყა და მისი რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა... არაერთხელ მითქვამს მე კოლეგებისთვის, თუ მათ მართლა სურთ ევროპის ბირთვი ნახონ, ეწვიონ საქართველოს", - ამ სიტყვებით წარდგა გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი რამდენიმე დღის წინ ბუნდესტაგის წინაშე, სადაც საქართველოზე ისაუბრა.
ჟურნალი "გზა" მას გერმანიაში დაუკავშირდა და წინასაარჩევნოდ, საქართველოში მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე ინტერვიუ სთხოვა.
- ითვლება, რომ თქვენ ქართველი ხალხის მეგობარი ხართ. როდესაც ე.წ. აგენტების კანონი მიიღეს, თქვენი მოსაზრება მკაფიოდ დააფიქსირეთ - მოვა ოქტომბერი და ქართველ ხალხს მოუწევს არჩევანი გააკეთოს, სურს თუ არა ევროპისკენ მიმავალ ბილიკზე დარჩესო. არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა, მის შედეგებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. როგორია თქვენი მოლოდინი?
- დიახ, სწორად აღნიშნეს, ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძალზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, მის შედეგებზე კი ქვეყნის ევროპული მომავალია დამოკიდებული. კერძოდ, ეს არის არჩევანი დემოკრატიასა და ავტოკრატიზმს, ასევე ევროკავშირსა და იზოლაციას შორის. ასევე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ობიექტურად და სამართლიანად ჩატარდეს. თუ ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრებას, ევროპულ კეთილდღეობას, ევროპის გულში ცხოვრებას მისცემს ხმას.
- და მაინც, იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში, რა "ზომებს" უნდა ელოდოს ევროპისგან, დასავლეთისგან?.. როგორი შეიძლება იყოს მათი სამოქმედო გეგმა?
- ევროპისგან პასუხი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად თავისუფალი და სამართლიანი იქნება არჩევნები. თუ "ქართული ოცნება" გამჭვირვალე და კანონის ფარგლებში ჩატარებული არჩევნების შედეგად გაიმარჯვებს, ევროკავშირი პატივს სცემს დემოკრატიული გზებით მიღებულ შედეგებს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს ნიშნავს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესის დასრულებას. ასეთი არჩევანით ქართველი საზოგადოება ნებას რთავს რუსეთს და ჩინეთს, თავიანთი გავლენები გააფართოონ ქვეყანაში. მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" გამარჯვებას თაღლითური გზებით მოიპოვებს, ევროკავშირი იძულებული გახდება შესაბამისი ზომები მიიღოს. შესაძლოა, ეს იყოს პასუხისმგებელი პირების მიმართ პერსონალური სანქციები.
- ქართველ საზოგადოებას ყველაზე მეტად ეშინია ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის. არსებობს ამის საფრთხე?
- ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად იყო მიღებული. ასევე იმისთვის, რომ ქართველ ახალგაზრდებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, ესწავლათ და ემუშავათ ევროპაში... იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებში გაიმარჯვებს და ავტორიტარული გზით სვლას გააგრძელებს, ნამდვილად არსებობს რისკი, რომ ევროკავშირში საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაცია შეიზღუდოს ან სულაც, გაუქმდეს... თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არ არის კარგი იდეა. მე არ ვარ მომხრე, პოლიტიკოსების შეცდომების გამო, ახალგაზრდა თაობა დაიჩაგროს. მათ არ მიუძღვით მომხდარში ბრალი, პირიქით, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ევროპაში ცხოვრებას ახლოდან გაეცნონ, ნახონ მისი სიკეთეები და განსხვავება დაინახონ რუსეთსა და ევროპას შორის.
- საინტერესოა, თქვენი მოსაზრება ოპოზიციასთან დაკავშირებით - როგორ შეაფასებდით მათ პოლიტიკურ ბრძოლას, მოქმედებას; რამდენად საიმედო და გამარჯვების მომტანი შეიძლება იყოს მათ მიერ არჩეული გზა?
- ოპოზიციური პარტიები ცნობილია შიდა განხეთქილებებით, რომელიც აზიანებს და ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას. ბოლო დრომდე ეჭვი მეპარებოდა მათი ერთად მუშაობის შესაძლებლობაში, მაგრამ ჩემი ბოლო ვიზიტის დროს ვიგრძენი, რომ ყველაფერი შეიცვალა - ამ პროგრესის დიდი ნაწილი განპირობებულია პრეზიდენტ ზურაბიშვილის დიდი ძალისხმევით, რომელიც დაუღალავად მუშაობდა, რათა ყველა ოპოზიციურ პარტიას მოეწერა ხელი იმ გეგმისთვის, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური ოპონენტები არ განიხილება როგორც მტრები, არამედ როგორც განსხვავებული ხედვის, სხვადასხვა იდეისა და მიზნის მქონე ადამიანებად, რომლებმაც ქვეყნის სასიკეთოდ უნდა იმუშაონ. ასეთ აზროვნებას საკვანძო მნიშვნელობა ექნება, თუ საქართველოს სურს ევროპულ გზას დაუბრუნდეს.
- პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ტექნიკური ხელისუფლების შექმნაზე, რაც საპარლამენტო დემოკრატიებში არცთუ იშვიათად გვხვდება. მსგავს შესაძლებლობას ქართულ პოლიტიკაშიც ხედავთ?
- სწორად ბრძანეთ, ტექნიკური პარლამენტი არ არის იშვიათი საპარლამენტო დემოკრატიების მქონე ქვეყნებში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იყო მსგავსი ფაქტები - მაგალითად, იტალიაში, საბერძნეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამას მხოლოდ დროებითი ხასიათი ჰქონდეს, რათა ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნდეს. ყველა ოპოზიციური პარტია დაეთანხმა ამ წინადადებას და იმედი მაქვს, ისინი თავიანთ პირობას კეთილსინდისიერად შეასრულებენ. ხშირად მიწოდებენ მე ქართველი ხალხის მეგობარს, რასაც სიამაყით დავეთანხმები და გავიმეორებ, საქართველო ერთი კონკრეტული პარტია, მთავრობა ან სულაც, მისი მხარდამჭერები არ არის. ქართველი საზოგადოება, ახალგაზრდობა, რომელსაც მე რეგულარულად ვესაუბრები, როდესაც მანდ ჩავდივარ, გულწრფელად იმსახურებს ნათელ, თავისუფალ, ევროპულ მომავალს.
- არაერთხელ ყოფილხართ თბილისში. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
- დიახ, ორჯერ ვიყავი და დიდი იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ ჩავალ... დიდი ხანია საგარეო პოლიტიკაში ჩართული ვარ, ევროპული პოლიტიკა ჩემთვის უცხო არ არის, უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, ვხვდები სხვადასხვა ქვეყნის პირებს, მთავრობებს, დეპუტატებს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას. თუმცა, საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც არც მთავრობის წევრები შემხვდნენ, არც მმართველი პარტიიდან გამოუხატავს ჩემთან შეხვედრის სურვილი ვინმეს. გასაგებია, ერთი პოლიტიკა აქვთ, მაგრამ ამის გამო არ ღირს ხელების ჩამოყრა - საქართველო ბევრად მეტია, ვიდრე ისინი.
ხელისუფლებამ მეორედაც უარი თქვა ჩემთან შეხვედრაზე, სამაგიეროდ, შევხვდი პროევროპელ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რაც ჩემთვის პატივია, რადგან ის თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე დგას, ძალიან მამაცი ადამიანია და ევროპაშიც კარგად იცნობენ. იმედი მაქვს, ის შეძლებს ოზოციასთან ერთად სასურველი შედეგის მიღწევას. ეს ახლა ძალიან სჭირდება საქართველოს, ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებას. ასე რომ, სულაც არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ იზოლირებული ვიყავი. უფრო მართებული იქნებოდა იმის თქმა, რომ მთავრობა და მმართველი პარტია ცდილობენ ამ მშვენიერი ქვეყნის იზოლირებას.
ასევე, არაერთ დიდებულ გონიერ და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს შევხვდი, რომლებმაც ძალიან კეთილად მიმიღეს. შევხვდი ხალხს ქუჩაში, სხვადასხვა ადგილას და მესაუბრებოდნენ, კეთილგანწყობას გამოხატავდნენ. ასე რომ, გპირდებით, კიდევ ჩამოვალ თბილისში.
ზოგჯერ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ავტოკრატიულ მმართველობებს არ ესმით, რომ კრიტიკა აუცილებელია; არ ესმით იმიტომ, რომ ის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია, მათთვის კი, დემოკრატიული ღირებულებები მიუღებელია. საქმე ის არის, რომ საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესები მხოლოდ რუსული გავლენების ზრდით კი არა, ოლიგარქის და მისი მმართველი პარტიის ძალისხმევის შედეგია. საქართველოს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია რუსეთსა და ევროკავშირს შორის "რყევის" პოლიტიკას ატარებს და შედეგიც სახეზეა - მთავრობა სულ უფრო და უფრო იზიარებს, ითვისებს რუსეთის იდეოლოგიას. ამის ერთ-ერთი დასტურია ის, რომ ქვეყანას "გლობალური ომის პარტიის" ხელქვეითად წარმოაჩენს, რომელიც თურმე დასავლეთის მიერ იმართება და სადაც ვიღაცებს სურთ, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ბოლო თვეების განმავლობაში, ივანიშვილმა აშკარად აირჩია რუსეთის გზა. მაგალითად, მიიღო ე.წ. აგენტებისა და ასევე, "ოfშორების" კანონი, რაც საქართველოში დემოკრატიას ურტყამს. ერთი რამ აშკარაა, რუსეთის გავლენა იზრდება, რაც პირველ რიგში, ივანიშვილის თავისსავე პარტიაში მიწვევაშიც გამოიხატება.
- როგორ ფიქრობთ, გერმანიას, ევროკავშირს შეუძლია საქართველოს ხელისუფლება დაარწმუნოს, რომ ევროპული ღირებულებები, დემოკრატიული მმართველობა ადამიანის უფლებების დაცვას გულისხმობს?
- როგორც საქართველოს მეგობარი, მე მხარს ვუჭერ მის ევროპულ მომავალს. თუმცა, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ახლა უარს ამბობს ყველა შანსზე, რომელსაც მას ევროკავშირი სთავაზობს. მათ წარმოებულ პოლიტიკაში, რომელიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბალანსის პოვნას გულისხმობს, საკმაოდ შორს წავიდნენ. ევროკავშირს ახლა უკვე აღარ შეუძლია, ურთიერთობა ჩვეულებრივად გააგრძელოს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები ვერ გაგრძელდება. პროგრესი დამოკიდებულია შემდეგ პროცესებზე - თუ საკამათო კანონები შეიცვლება, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება შეწყდება და საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებასა და ოპოზიციასთან კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდება. თუ "ქართული ოცნების" მიერ აღებული გეზი არ შეიცვლება, სამწუხაროდ, "უსიამოვნო პერსპექტივები" არ დააყოვნებს. საბოლოოდ, დასავლეთი განზე გადგება რუსეთისა და ჩინეთის გავლენები გაიზრდება, შედეგად კი უამრავი ქართველი ახალგაზრდა დატოვებს ქვეყანას უპერსპექტივობის გამო, უკეთესი მომავლის და თავისუფალი სამყაროს ძიების სურვილით. სიმდიდრე კონცენტრირებული იქნება რამდენიმე ოლიგარქის ხელში, რომელთაც შეეძლებათ აკონტროლონ პოლიტიკური ხელისუფლება.
ამიტომაც გადაუჭარბებლად ვამბობთ, რომ ეს არჩევნები, დემოკრატიული საქართველოს მომავლისთვის ერთადერთი ხსნაა, რადგან ეს არის ევროკავშირში შესასვლელი კარი, რომელიც ამ მომენტისთვის დახურულია. თუმცა, ქართველი ამომრჩევლისთვის ფართოდაა გაღებული. მე ძალიან ვწუხვარ, იქნება თუ არა ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი...
საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთთან ყველა ხიდი დაწვა. ის უარს ამბობს მიიღოს დასავლელი პოლიტიკოსი და ადანაშაულებს მას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფონტის გახსნაში. ამავდროულად, ქვეყანაში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა დემოკრატიული ფასეულობები, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება... არ მინდა ამის დაშვება, მაგრამ თუ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, უკვე ჩანს ნიშნები, რომ ისინი აკრძალავენ ნამდვილ ოპოზიციას.
- რას გულისხმობთ?
- თუ ახლანდელმა მმართველმა გუნდმა ამ არჩევნებში გაიმარჯვა, ეს იქნება განაცხადი, რომ ისინი მხოლოდ იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს მისცემენ არსებობის საშუალებას, რომელიც თავად აწყობთ. ასეთი პოლიტიკურi გზა კი არ შეესაბამება ევროკავშირის პარტნიორობის კურსს. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, რადგან თბილისში ყოფნისას ვნახე, ადამიანები ყოველდღე იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, მედიის დამოუკიდებლობისთვის და რაც მთავარია, ასევე ყოველდღე იხდიან ამის საფასურს. ახალგაზრდა თაობა გადის ქუჩებში, რათა მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ თავიანთი ევროპული ოცნების ვინმესთვის დათმობას არ აპირებენ - ეს მუხტი, ეს სულისკვეთება არ უნდა დაიკარგოს და იმედი მაქვს, რომ არც დაიკარგება.
ლალი პაპასკირი