ახალი დეტალები ისანში მომხდარი მკვლელობის შესახებ - "იტალიიდან ჩამოსულ 37 წლის მამაკაცს მანქანიდან ესროლეს და..." - კვირის პალიტრა

ახალი დეტალები ისანში მომხდარი მკვლელობის შესახებ - "იტალიიდან ჩამოსულ 37 წლის მამაკაცს მანქანიდან ესროლეს და..."

თბილისში, ისნის რაიონში, კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, 37 წლის თემურ აივაზიანი და მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი ერთმანეთს იცნობდნენ. მომხდარს კი ერთი კვირის წინ მათ შორის დაწყებული კონფლიქტი უძღოდა.

როგორც მეზობლები აცხადებენ, აივაზიანი იტალიაში, ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.

ადგილობრივების თქმითვე, ის კლდიაშვილის ქუჩაზე ბიძასთან იმყოფებოდა სტუმრად, შემთხვევის დროს კი, უბნელ ბიჭებთან და ბიძაშვილებთან ერთად გარეთ იდგა, რა დროსაც მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მამაკაცმა მას ავტომანქანიდან ცეცხლი გაუხსნა.

„ძალიან კარგი ბიჭი იყო. თუ არ ვცდები, „ოცნებაში“ იყო დასაქმებული, ყველას უყვარდა და პატივს სცემდა. ის დამნაშავე, ვინც მანქანიდან ესროლა, ძალიან ცუდი ადამიანია”,- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, შემთხვევა 21 ოქტომბერს, თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე მოხდა. მოკლულია 37 წლის თემურ აივაზიანი.

სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებმა მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"