აფხაზებს გალში ჯარი შეჰყავთ - რისი ეშინიათ მოსკოვის მარიონეტებს?! - კვირის პალიტრა

აფხაზებს გალში ჯარი შეჰყავთ - რისი ეშინიათ მოსკოვის მარიონეტებს?!

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, რაულ ლოლუას განცხადებით, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების გასაძლიერებლად გალის რაიონში უშიშროების ძალების დამატებითი ნაწილებს შეიყვანენ.

„ზუსტად ეს არის ის ამოცანა, რომელიც პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უსაფრთხოების ძალებს დაუსვა“, - აღნიშნა ლოლუამ.

ის მდინარე ენგურის ე.წ. საზღვარზე ვითარების შესაძლო გაუარესებას საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და აფხაზეთთან მიმართებაში „მეორე ფრონტის გახსნის“ შესაძლებლობის შესახებ განცხადებებს უკავშირებს.

ლოლუას თქმით, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ჯარის მაქსიმალური მობილიზაციის მოწოდებით გამოდის და გამოთქვამს სურვილს, „უკრაინაზე ნაკლებად არ იბრძოლონ“.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში და სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტებს ვპროგნოზირებთ“, - აღნიშნა ლოლუამ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 23 ოქტომბრიდან მდინარე ენგურის გასწვრივ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დაკეტვის შესახებ ყველასთვის, ენგურჰესის თანამშრომლებისა და ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეების გარდა.

"ინტერპრესნიუსი"