ვის უფრო მეტი ფული აქვს „ჯიბეში“: კამალას თუ დონალდს?! - არაპროგნოზირებადი არჩევნები, რომელმაც შესაძლოა, მსოფლიოს ბედი შეცვალოს - კვირის პალიტრა

ვის უფრო მეტი ფული აქვს „ჯიბეში“: კამალას თუ დონალდს?! - არაპროგნოზირებადი არჩევნები, რომელმაც შესაძლოა, მსოფლიოს ბედი შეცვალოს

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს (BBC) რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირაღა რჩება. საკვანძო შტატებში დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის მხარდამჭერთა რაოდენობა გათანასწორდა“, რომელშიც ამჟამინდელი საარჩევნო სიტუაციაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირაღა თუ რჩება და ახალი გამოკითხვების თანახმად, დონალდ ტრამპი, პოპულარობით, პრაქტიკულად მთლიანად გაუთანასწორდა კამალა ჰარისს იმ საკვანძო შტატებში, რომლებშიც თეთრი სახლის მომავალი ბინადარის საკითხი გადაწყდება.

რთმანეთის მხარდამხარ - წინ, თეთრი სახლისკენ...

ორშაბათს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, რომელიც Washington Post-Schar School-მა ჩაატარა, ორივე კანდიდატის პოპულარობა თითქმის ერთმანეთს გაუთანაბრდა არიზონაში, ჯორჯიაში, მიჩიგანში, ნევადაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიასა და ვისკონსინში, ანუ იმ შტატებში, სადაც, ტრადიციულად გამარჯვებული კანდიდატი გამოვლინდება ხოლმე.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი, ამომრჩეველთა მხარდაჭერის მიხედვით, ერთმანეთს გაუთანაბრდნენ მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების დონეზე - თითოეულს მხარს უჭერს 47-47%. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირეებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგთა უმეტესობა კამალა ჰარისს მეტ უპირატესობას ანიჭებდა.

Washington Post-Schar School-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები პრაქტიკულად ემთხვევა იმ გამოკითხვების შედეგებს, რომელიც ბრიტანულმა გაზეთმა „ფაინენშელ თაიმსმა“ (Financial Times) ჩაატარა.

Financial Times-ის მონაცემებით, საკვანძო შტატებშიც და მთლიანობაში ეროვნულ დონეზეც, საშუალო მაჩვენებელი ისეთია, რომ ორივე კანდიდატი მხარდამხარ მიდიან. ოთხ მნიშვნელოვან რეგიონში კანდიდატებს შორის სხვაობა ნახევარ პროცენტზე ნაკლებია, ანუ რაც ცდომილების ჩარჩოებში თავსდება.

ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიაში და მიჩიგანში ერთმანეთს ვერცერთი კანდიდატი ვერ უსწრებს. ასე რომ, მხოლოდ რომელიმე შტატში მიღებული ხმების უმეტესობა უზრუნველყოფს კანდიდატის გამარჯვებას.

აქვს თუ არა მნიშვნელობა მიზერულ განსხვავებას?

როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს შექმნილ სიტუაციაში ტერმინი „ლიდერი“ ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ: განსხვავება „ლიდერსა“ და „ჩამორჩენილს“ შორის მხოლოდ 1,2 პროცენტია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიძლება მოგვეჩვენოს. მაგრამ რადგანაც გამარჯვებული მაინც არჩევნებით გამოვლინდება და არა გამოკითხვებით, 1,2%-იანი სხვაობა სერიოზულ ინდიკატორად არ უნდა ჩაითვალოს.

გასულ არჩევნებში გამოკითხვების დროს, კანდიდატთა შანსების შეფასებისას, მცირეპროცენტიანი პუნქტებს ხშირად არ აქცევდნენ ყურადღებას. „რაღაც ამის მგავსი შეიძლება ახლაც მოხდეს“, - ამბობენ სოციოლოგები.

მიმდინარე წლის დასაწყისში და განსაკუტრებით ივლისში, როცა დონალდ ტრამპზე პენსილვანიის შტატში გამოსვლის დროს თავდასხმა განხორციელდა, რესპუბლიკელი კანდიდატი დემოკრატ ჯო ბაიდენს (რომელიც იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო) მნიშვნელოვნად წინ უსწრებდა, მაგრამ როგორც კი ჯო ბაიდენი კამალა ჰარისმა ჩაანაცვლა, სხვაობა მკვეთრად შემცირდა და ბოლო დრომდე იგი დონალდ ტრამპს „მოყოყმანე“ შტატებში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მეტი პოპულარობით სარგებლობდა. მაგრამ ბოლო დროს რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ისევ წინ გავიდა. რა არის ამ წინსვლის მიზეზი?

როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ თვლის, ამომრჩევლები თანდათან ანგარიშს აღარ უწევენ კანდიდატის ნასამართლეობას და მის უხეშ ქცევას და მზად არიან მიიღონ მისი პოპულისტური ეკონომიკური პოლიტიკა.

ვის უფრო მეტი ფული აქვს „ჯიბეში“ - კამალას თუ დონალდს?

მნიშვნელოვანი განსხვავება კანდიდატებს შორის შეინიშნება წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში: ამ მიმართებით კამალა ჰარისი კვლავ უსწრებს დონალდ ტრამპს

რესპუბლიკელმა კანდიდატმა 2023 წლის იანვრის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე მხოლოდ 894 მილიონი დოლარის მოგროვება მოახერხა, მაშინ როცა კამალა ჰარისს, ბოლო ფედერალური დეკლარაციების თანახმად, სექტემბრის ბოლოსათვის, „საარჩევნო ჯიბე“ 971 მილიონი დოლარით „სქელი აღმოაჩნდა“.

და თუ ამას მივამატებთ იმ შეწირულობებს, რომელიც კამალა ჰარისმა ჯო ბაიდენისაგან „მემკვიდრეობით“ მიიღო, მაშინ, დემოკრატი კანდიდატის „ჯიბეში“, მთლიანობაში, 1,58 მილიარდი დოლარი აღმოჩნდა.

მნიშვნელოვანია ისიც, კამალა ჰარისსს მხარს უჭერენ ზოგიერთი მილიარდერები, რომლებიც ფულს სწირავენ ე.წ. „პოლიტიკური მოქმედების კომიტეტებს“ (Political action committee, PAC), რომლებიც გადასახადებისაგან გათავისუფლებულნი არიან და ამ თანხებს ისინი წინასაარჩევნო კამპანიისათვის იყენებენ. უშუალოდ კანდიდატებისაგან განსხვავებით, კომტეტებს შეუძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობის თანხები შეაგროვონ.

კამალა ჰარისის მხარდამჭერმა კომიტეტმა Future Forward-მა ილინოისის შტატის გუბერნატორისაგან ჯეი პრიცკერისაგან 5 მილიონი დოლარი მიიღო, პლუს 10 მილიონიც „ფეისბუქის“ თანადამფუძნებელ ჯასტინ მოსკოვიცისაგან, რომელმაც ადრე სამი მილიონიც მისცა. აღსანიშნავია, რომ დემოკრატები, რესპუბლიკელებთან შედარებით, ნაკლებად ეყრდნობიან მსხვილ ფინანსურ შემოწირულებებს და უპირატესობას უფრო წვრილ დონორებს ანიჭებენ.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპს ფინანსურად მხარს უჭერს დედამიწის უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი, აგრეთვე ცნობილი მილიარდერები ტიმოთი მელონი, მირიამ ადელსონი და რიჩარდ უიხლიანი, რომლებმაც საერთო ჯამში კომიტეტებს (ანუ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას) 395 მილიონი დოლარი შესწირეს, ანუ მთლიანად მოგროვებული თანხის თითქმის ნახევარი.

თუ აღნიშნული „პოლიტიკური მოქმედების კომიტეტების“ მიერ დაგროვებული თანხებს დავითვლით, ბაიდენ-ჰარისის მხარდამჭერებმა დაახლოებით 370 მილიონი დოლარით მეტი მოაგროვეს, ვიდრე დონალდ ტრამპის მომხრეებმა: კამალას „ჯიბეში“ 1,89 მილიარდი დოლარია დაგროვებული (ცხადია, თანხა ყოველდღიურად იხარჯება), ხოლო დონალდის „ჯიბეში“ – 1,52 მილიარდი.

მოსალოდნელია, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი კიდევ ერთხელ „შემოივლიან აშშ-ის მთებს და ველებს“ და თავიანთი ელექტორატის მობილიზებას შეეცდებიან. რა თქმა უნდა, ამ დროს მათთვის მთავარია იმ ამერიკელების მიზიდვა-გადაბირება, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ, მხარი ვის დაუჭირონ და, საერთოდ, მიიღონ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში.

წყარო: