რა მოხდება თუ "ოცნება" ან ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს?! - "სავარაუდოდ, დაიწყება არეულობა, საქართველო მოექცევა იზოლაციაში" - კვირის პალიტრა

რა მოხდება თუ "ოცნება" ან ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს?! - "სავარაუდოდ, დაიწყება არეულობა, საქართველო მოექცევა იზოლაციაში"

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ ვახტანგ ხმალაძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 21 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა.

ვახტანგ ხმალაძე: - ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ არჩევნებზე უნდა გადაწყდეს, საქართველოს საგარეო ორიენტაციის საკითხია - ანუ საქართველოს ექნება დემოკრატიულ დასავლეთთან ინტეგრირების შესაძლებლობა, ეს კარი დარჩება ღია და ჩვენი სწორი მოქმედების შემთხვევაში, მოხდება საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირთან, თუ კარი დაიხურება ძალიან დიდი ხნით და ფაქტობრივად, სხვა არაფერი დარჩება, გარდა რუსეთთან, რუსულ სამყაროსთან ინტეგრირებისა. ამის ორსაუკუნოვანი მწარე გამოცდილება კი გვაქვს და კარგი არაფერი მოუტანია. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საკითხი, რომელიც ამ არჩევნებზე უნდა გადაწყდეს. ამაში არ იგულისხმება მხოლოდ საგარეო ურთიერთობები, არჩევნების შედეგზე არის დამოკიდებული, საქართველოს ექნება თუ არა განვითარების შესაძლებლობა, თუ იქნება რეგრესი.

ასეთი მნიშვნელობის 1990 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნები იყო, რითაც, ფაქტობრივად, გადაწყდა საკითხი, საბჭოთა კავშირთან ერთად თუ დამოუკიდებლად.

1990 წელსაც დარწმუნებული ვიყავი, რომ კომუნისტები არჩევნებს ვერ მოიგებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იყო მხოლოდ ერთი, სახელმწიფო ტელევიზია, რომელსაც მაშინდელი კომუნისტური ხელისუფლება აკონტროლებდა. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი კომუნისტური იყო, მაგრამ საზოგადოების განწყობა აშკარად დამოუკიდებლობის მხარეს იყო და ამიტომ ვიყავი დარწმუნებული, რომ კომუნისტები ვერ მოიგებდნენ არჩევნებს. ახლა რასაც ვუყურებ, რასაც ვისმენ, რასაც ვკითხულობ, საქართველოში არიან რუსეთუმეები, ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი, მაგრამ არის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი პირებისა, რომლებიც "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერენ შიშის გამო, რუსეთი დაგვარტყამსო.

არავისგან არასოდეს მომისმენია, რომ ან ამერიკის, ან გერმანიის, ან საფრანგეთის, საერთოდ, ევროპის რომელიმე ქვეყნის დარტყმის ეშინოდეთ, რუსეთის შიში კი არის. ამიტომ ფიქრობენ, თუკი "ოცნებას"“დაუჭერენ მხარს და ის დარჩება ხელისუფლებაში, ჩვენ გადავრჩებით.

ასეთი ნაწილი, ჩემი აზრით, მაინც მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ საფრთხე სწორედ რუსეთთან დაახლოებით გველის და არა ევროპასთან ბევრი მიზეზის გამო.

კიდევ ერთსაც დავამატებდი - გავითვალისწინოთ, რომ "ოცნების" ძველი მხარდამჭერების ძალიან დიდ ნაწილს ისევე უნდა ევროპასთან დაახლოება, როგორც "ოცნების"“ოპოზიციაში მყოფ საზოგადოების ნაწილს. შესაბამისად, მმართველმა პარტიამ თავისი ამომრჩევლების ნაწილი უკვე დაკარგა პრორუსული პოზიციის გამო. ახლა რამდენიც არ უნდა იძახოს "ევროპისკენ ღირსებითო" და კიდევ რაღაცები, ჟარგონის ენაზე ვიტყვი, ბევრი ამას უკვე აღარ ჭამს.

- "ოცნება" შეეგუება წაგებას? და რა შეიძლება გააკეთოს?

- ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და ბევრი ჩვენგანი იყო მოწმე იმისა, თუ რა მოხდა მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. მხედველობაში მაქვს 2003 წლის არჩევნები, რომელიც დამთავრდა იმით, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ არა მარტო ხელისუფლება დაკარგა, არამედ ეს პარტია დაიშალა და დღეს ბევრს აღარც ახსოვს, რომ "მოქალაქეთა კავშირი" არსებობდა და დიდი ხნის განმავლობაში მმართველი პარტია იყო. რაც შეეხება იმას,

აღიარებს თუ არა "ოცნება" არჩევნების შედეგებს, თუკი წააგებს, ვფიქრობ, თუ აპირებს საქართველოში არა მარტო ცხოვრების, არამედ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებასაც, მაშინ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე.

მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა "ქართული ოცნება", მისი წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და მათაც არ ვუსურვებ ცუდ პერსპექტივას, ისევე, როგორც საქართველოს არც ერთ მოქალაქეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უმეტესობა ასე ფიქრობს. ჩვენს ბუნებაში არ არის გაბატონებული შურისძიების მოთხოვნა. საკმარისია, ის, ვინც ზიანი მოგაყენა, წესიერად მოექცეს და მაშინვე გული ულბება დაზიანებულს. ამიტომ სწორი იქნება, თუ დღევანდელი ხელისუფლება არჩევნების შედეგებს აღიარებს. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ შეიძლება დაიწყოს არეულობა - ეს ერთი ვარიანტია. მეორე ვარიანტი კი ის არის, რომ არ დაიწყოს არეულობა, მაგრამ გაძლიერდეს ქვეყნიდან ემიგრაცია, რადგან აქ პერსპექტივას ვეღარ დაინახავენ. თუ წარმოვიდგენთ, რომ არეულობაც დაიწყება და თან გაძლიერდება ემიგრაციის ტალღა, ეს უფრო მძიმე შედეგებს მოუტანს ქვეყანასაც, დღევანდელ ხელისუფლებასაც და თითოეულ ჩვენგანსაც. ამიტომ, როდესაც ასეთი არჩევანი უდგას ხელისუფლებას და თითოეულ ჩვენგანს, ყველა კარგად უნდა დავფიქრდეთ, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ, და უნდა შევეცადოთ, ეს ნაბიჯი იყოს ისეთი, რაც ქვეყანას პროგრესს თუ არ მოუტანს, ზიანი მინიმალური მაინც იქნება.

- თეორიულად რომ დავუშვათ, თუ "ოცნებამ" გაყალბების გარეშე მოახერხა უმრავლესობის მოპოვება, ოპოზიცია და საზოგადოების ოპოზიციური ნაწილი, რომელთაც ხელისუფლების შეცვლის მოლოდინი აქვს, შეეგუება ამას და აღიარებს?

- თუკი არჩევნები ჩატარდა კანონის დაცვით და შესაბამისად, არჩევნების ოფიციალური შედეგები შესაბამისობაში იქნება ამომრჩეველთა ხმებთან, მაშინ ოპოზიციამ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მოქმედება გასცდა განცხადებებს, ეს არა მარტო უკანონობა იქნება, არამედ მძიმე შედეგს მოიტანს და საქართველო ძალიან დიდი ხნით მოექცევა დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაში.

წაიკითხე ვრცლად: 26.10.24 - „ოცნება“, ოპოზიცია, „ტექნიკური მთავრობა“, დასავლეთი და რუსეთი