ორი კორეის ახალი ორთაბრძოლა 71 წლის შემდეგ - ოღონდ ამჯერად უკრაინის მიწაზე: კურსკს კიმ ჩენ ინის ჯარისკაცები შეესევიან - კვირის პალიტრა

ორი კორეის ახალი ორთაბრძოლა 71 წლის შემდეგ - ოღონდ ამჯერად უკრაინის მიწაზე: კურსკს კიმ ჩენ ინის ჯარისკაცები შეესევიან

პირველი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში ხვალ ჩავლენ, ხოლო ოქტომბრის ბოლომდე კურსკის ოლქში 2 600 კაციან ჩრდილოკორეულ შენაერთს გადაისვრიან - აცხადებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი გენერალი ბუდანოვი...

ის, რომ ჩრდილოკორეული სამხედრო დანაყოფების გადასროლა 8 ოქტომბრიდან დაიწყო რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, სამხრეთ კორეის დაზვერვამ მალევე გაასაჯაროვა თანამგზავრული ფოტოების თანდართვით, ხოლო თავად რუსმა სამხედროებმა ვლადივოსტოკის ოლქის სამხედრო ნაწილებსა და პოლიგონებზე გადაიღეს და ინტერნეტით გაავრცელეს არაერთი ვიდეოკადრი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ იღებენ რუსული არმიის კამუფლირებულ სამხედრო ფორმას ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები და შემდეგ ამ ფორმაში გამოწყობილები, როგორ გადიან საბრძოლო მომზადებას...

უკვე აღარანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ კიმ ჩენ ინი პუტინს მილიონობით საარტილერიო ჭურვისა და ათეულობით ბალისტიკური რაკეტის გადაცემის შემდეგ ათასობით ჩრდილოეთკორეელ ჯარისკაცს მიახმარს უკრაინის წინააღმდეგ ომში...

აქამდე იბადებოდა კითხვა იმ 12 ათასი ჩრდილოეთკორეელი სამხედროსთან დაკავშირებით, რომლებიც პირველ ეტაპზე იგზავნებიან რუსეთის არმიის დასახმარებლად - რამდენს და რომელი მიმართულებით გადაისროდნენ უკრაინის ფრონტზე.

ახლა ეს საკითხიც გარკვეულია - ჩრდილოეთკორეელი სამხედროები კურსკის ოლქში იგზავნებიან, რათა კრემლმა საერთაშორისო ასპარეზზე იდეოლოგიურად გაამართლოს ჩრდილოეთკორეელების სამხედრო დახმარება ცოცხალი ძალით- უკრაინელი ოკუპანტები შემოჭრილი არიან რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, ეს სამამულო ომია და რუსული მიწების გასანთავისუფლებლად ჩვენი ჩრდილოეთკორეელი მოკავშირეები ყველანაირად გვეხმარებიანო...

1-kor-1729667753.jfif
ჩრდილოეთკორეელი სამხედროების ჩარევა რუსეთ-უკრაინის ომში დღე-დღეზე მოხდება...

2 600 სამხედრო მოსამსახურე დაახლოებით ერთი ქვეითი ბრიგადაა, 12 ათასი კაცი კი დივიზიის დასაკომპლექტებლადაც ეყოფა, მაგრამ მარტო ეს რაოდენობა არ იქნება საკმარისი, რომ ჩრდილოეთკორეულმა ფაქტორმა რუსეთ-უკრაინის ამ გახანგრძლივებულ ომში სერიოზული გარდატეხა შეიტანოს.

თუმცა ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ამ 12 ათასიან სამხედრო კონტინგენტს უახლოეს მომავალში უკან არ მოჰყვება ერთი ან სულაც ათი ამდენი კიმ ჩენ ინის ჯარისკაცი ?

უკრაინის არმია ამ ეტაპზე სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო საჭურვლის გარდა, ყველაზე მეტ დეფიციტს სწორედ პირადი შემადგენლობის კატასტროფული ნაკლებობის სახით განიცდის, რადგან ოფიციალური კიევი ვერ ახორციელებს ეფექტიან მობილიზაციას.

ამის ფონზე, თუკი რუსი ოკუპანტების რიგებს შეემატება რამდენიმე ათეული ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო, თანაც ისინი, ვისაც აღარ სჭირდება საწყისი საბრძოლო მომზადების გავლა, რადგან წლებია მსახურობენ ჩრდილოეთ კორეეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში, მაშინ უკრაინის დამცველების მდგომარეობა ფრონტის ხაზზე კიდევ უფრო გართულდება...

დასავლეთი, რომელიც ისედაც მუდამ „აწუწუნებს“ კიევს, უგვიანებს რა შეპირებული სამხედრო დახმარების გადაცემას, თავისი ჯარისკაცების გაგზავნას უკრაინის ფრონტზე სულაც არ აპირებს - უკრაინელებს თავად მოუწევთ მომავალი ჯარისკაცების დიდი რაოდენობის შეკრება, სულაც იმ ჯანღონიანი მამაკაცების ხარჯზე, რომლებიც მრავლად და დაუფარავად „გულაობენ“ თავად უკრაინის ქალაქებში და ემალებიან მობილიზაციას, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში.

ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების გამოჩენა უკრაინის ფრონტზე ალბათ, აამოქმედებს ცნობილ ქართულ ხალხურ ანდაზას-ზოგი ჭირი მარგებელიაო და უკრაინისთვის სერიოზული სამხედრო დახმარების დაწყებას ბოლოს და ბოლოს გაბედავს...სამხრეთ კორეა...

38 პარალელზე, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას 1953 წლიდან, ომის დამთავრებიდან 71 წელია ჰყოფს, ფხენიანისა და სეულის სერიოზული სამხედრო დაპირისპირება პრინციპში ყოველთვისაა მოსალოდნელი, მაგრამ ამჯერად ორი კორეა ერთმანეთს ჯერ შეიძლება მათთვის შორეული უკრაინის მიწაზე შეეჯახოს...

სამხრეთ კორეა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მუდამ თავს იკავებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე, რაც ბუნებრივია, გამოწვეული იყო კრემლის არგაღიზიანების პოლიტიკით, არადა სეულს კიევისთვის აქამდეც შეეძლო მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების სამხედრო ტექნიკის გაგზავნა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აიარაღებს იგივე სეული უკრაინის მეზობელ ნატოს წევრ პოლონეთსა და რუმინეთს.

2-kor-1729667829.jpg
სამხრეთ კორეა, რომელიც აქამდე თავს იკავებდა რუსეთ-უკრაინის ომში ჩარევაზე,იძულებული ხდება თუნდაც კიმ ჩენ ინის ჯინაზე დაიწყოს კიევის სამხედრო დახმარება, მაგალითად, ამ საბჭოთადროინდელი Т-80 ტიპის ტანკების გადაცემით...

მაგრამ მას შემდეგ,რაც კითხვები აღარ დარჩა რუსეთისთვის ჩრდილოეთკორეული მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების დაწყების თაობაზე, სამხრეთ კორეაც აქტიურდება და კიევს უკვე ახალ-ახალ წინადადებებს სთავაზობს...

სამხრეთ კორეა მზადაა უკრაინაში გააგზავნოს დაზვერვის ოფიცრები და თარჯიმნები, რომლებიც უკრაინელ სამხედროებს გაუადვილებენ ტყვედ აყვანილი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების დაკითხვას.

ეს უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის მისაღები უნდა იყოს, მაგრამ კიევს უფრო მეტი და სწრაფი სამხედრო დახმარება უფრო სჭირდება სეულიდან, მათ შორის მაგალითად იმ 40-მდე Т-80 ტიპის ტანკისა და 70-მდე БМП-3 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანის გადაცემა, რომლებიც 1990-იან წლებში კრემლმა სამხრეთ კორეის არმიას გადასცა საბჭოთადროინდელი 1,5 მრდ დოლარის ვალის სანაცვლოდ.

ეს საბჭოთა წარმოების ჯავშანტექნიკა სამხრეთ კორეის არმიაში გამოიყენება სასწავლო მიზნებისთვის, პოტენციური მოწინააღმდეგის-ჩრდილოეთკორეის ტანკებთან და ჯავშანმანქანაებთან ბრძოლის მეთოდების დასახვეწად და სამხრეთ კორეის საბრძოლო მზადყოფნა დიდად არაფრით დაზარალდებოდა, თუკი ამ ტექნიკას სასწრაფოდ გაუგზავნიდნენ უკრაინელებს, რომლებსაც მათი საბრძოლო გამოყენების დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, მათ შორის ნაალაფარი ანალოგიური ტიპის რუსული ჯავშანტექნიკის გამოყენებისას.

თუმცა, სამხრეთ კორეას, რომლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში, ბევრად უფრო მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების სამხედრო ტექნიკა შეუძლია შესთავაზოს კიევს, მათ შორის შორი მოქმედების სარაკეტო სისტემები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები თუ თვითმავალი საარტილერიო დანადგარები...სულაც ჩრდილოეთკორეელი ლიდერის-კიმ ჩენ ინის ჯინაზე...