ვინ არის ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმისთვის დაკავებული და რას აცხადებს ანა დოლიძის პარტია? - კვირის პალიტრა

ვინ არის ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმისთვის დაკავებული და რას აცხადებს ანა დოლიძის პარტია?

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ტრანსგენდერ ქალზე, ნატა ტალიკიშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით ფერაძესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, ფერაძემ პარტია ერთი თვის წინ, მისი სურვილით დატოვა, თუმცა, „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ფერაძესთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას იქამდე წყვეტს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.

„ქართული ოცნება“ დიდი ხანია საფრთხეს ხედავს ,,ძლიერი საქართველოს“ კოალიციაში, რომელიც ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს შემდეგ, ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო ცხადი გახდა. შესაბამისად, გასაგებია რომ სწორედ ,,ძლიერი საქართველოა’’ უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან წნეხის სამიზნე.

ამ ფონზე მნიშვნელოვნად ვთვლით გავაკეთოთ განმარტება, რომ დავით ფერაძემ ერთი თვის წინ, მისი ნებით დატოვა პარტია და არ წარმოადგენს პარტია ,,ხალხისთვის“ წევრს. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო მგრძნობიარე პერიოდში უსაფრთხოების სამსახურს მსგავსი სცენარების განხორციელების მცდელობები ექნება.

შესაბამისი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ პარტია ,,ხალხისთვის“ ვწყვეტთ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას დავით ფერაძესთან, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და სიმართლე არ დადგინდება.

პარტია ,,ხალხისთვის“ კოალიციის მიზნების მხარდაჭერას აგრძელებს და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისში ტრანსგენდერ ქალ ნატა ტალიკაშვილზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი - დავით ფერაძე დააკავეს.

ტალიკიშვილის განცხადებით, შემთხვევა თბილისში, 20 ოქტომბრის ღამით მოხდა. დაზარალებულის თქმით, მას კაცმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი აგურის ნატეხი ჩაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

IPN