"მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს, თბილისში ძალით ჩამოიყვანენ და მინდა ვუთხრა მათ, რომ..."
მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს, თბილისში ძალით ჩამოიყვანენ და მინდა ვუთხრა მათ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად მოუწევთ დღეს მათ დგომა, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც თავისუფლების მოედანზე, მმართველი გუნდის მიერ დღეს დაგეგმილ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საჯარო მოხელეები არიან სახელმწიფოს საყრდენი და არა რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის ან ადამიანის პირადი ინტერესების განმახორციელებელი ინსტრუმენტი.
„ჩვენი პარტიის, 25 ნომრის საპარლამენტო სიის 25 წარმომადგენლიდან 22 არის საჯარეო მოხელე. სპეციალურად ვამბობ არა ყოფილს, არამედ საჯარო მოხელეს. ეს ადამიანები წლებია ქართულ სახელმწიფოს ემსახურებიან. ზუსტად ეს ადამიანები არიან, რომლებსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ორი დღის წინ გასამართლებით დაემუქრა. დღეს იგივე ბიძინა ივანიშვილი ჩემდა სამწუხაროდ, ათობით ათას საჯარო მოხელეს თბილისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან პარტიული აქციის ჩასატარებლად ჩამოიყვანს, ზუსტად ისე, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და პერსონალურად, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საჯარო მოხელეებს ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში დაატარებდა და მხოლოდ პარტიული ინტერესებისთვის იყენებდა. საჯარო მოხელეები არიან ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი და არა რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ინსტრუმენტი ან ცალკე აღებული ადამიანის პირადი ინტერესების განმახორციელებელი ინსტრუმენტი. ამიტომ მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს თბილისში ძალით ჩამოიყვანენ და მინდა ვუთხრა მათ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად მოუწევთ დღეს მათ დგომა, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი 26 ოქტომბერს“, - განაცხადა გახარიამ.
გარდა ამისა, ექსპრემიერმა საჯარო მოხელეებს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს, არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა არ მისცენ.
„მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ ისტორიაში ძალიან ბევრჯერ შეასრულეს ამ ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი როლი - 2008 წელს, 2012 წელს. ბოლოს ჩვენ ერთად ვებრძოდით პანდემიას და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ვიცავდით. მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენ ნაწყენებიც და გაბრაზებულებიც ხართ, იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებამ თქვენ გამოგიყენათ, არა სახელმწიფოს, არამედ პარტიულ ინტერესებში, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ არ გვჭირდება ახსნა, როგორი მნიშვნელობა აქვს საჯარო მოხელეს სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვეყოლება სრულად პროპორციულად არჩეული პარლამენტი და მაშინ, როდესაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება კოალიციური მთავრობა შევქმნათ. ამ დროს პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი საჯარო სექტორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის და სახელმწიფოს განვითარებისთვის. ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, კიდევ ერთხელ გავუწიოთ სამსახური ჩვენს სახელმწიფოს და ქვეყანას, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე, არ უნდა მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, რომელიც დღეს თქვენ გიყენებთ თავისი პარტიული ინტერესებისთვის და უბრალოდ, გეუბნებათ, რომ „რახან ხელფასს ბიუჯეტიდან გიხდი, ამიტომ მე უნდა მომცე ხმა ან უნდა წამოხვიდე და აქციაზე უნდა დადგე“. ასევე, ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა მისცეთ, რომელიც ზუსტად ასევე იქცეოდა და ვერაფერი ვერ ისწავლა. ხმა ნებისმიერ სხვას მიეცით, რომელსაც თქვენი გონება და გული გიკარნახებთ. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ არ გვჭირდება ახსნა, რა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარებისთვის დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალური საჯარო სექტორი და ჩვენ გპირდებით, რომ ჩვენ ვიქნებით, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მისცემს საჯარო სექტორს იმას, რასაც ათწლეულებია უკვე იმსახურებს და ეს არის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა. ისეთ საჯარო მოხელეებს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებიც და ქვეყანაც იამაყებს“, - განაცხადა გახარიამ.
IPN