"ეს არის გამოძიება და პროკურატურა? ეს გამოიძიეთ, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები? რატომ უნდა გამიშვან ციხეში?" - რა ხდება ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სასამართლოზე
უაზრო ბრალდებაა, საერთოდ აქ არ უნდა ვისხდეთ, - ამის შესახებ ფიროსმანის ქუჩაზე ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა დავით მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა მათგანი ტყუილადაა დაკავებული.
„ნასამართლევიაო რომ ამბობს პროკურორი, დანა არასდროს მქონია, იარაღზე გამართლებული ვარ. ეს არის გამოძიება და პროკურატურა? ეს გამოიძიეთ, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები? რატომ უნდა გამიშვან ციხეში?” - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი ადვოკატის განმარტებით, მაჭარაშვილმა შემთხვევის ადგილზე თავზე 4 ჭრილობა აქვს მიღებული, თავადაც სისხლი მოსდიოდა და ვერაფერს დაინახავდა.
ბრალს არ აღიარებს არც მკვლელობაში ბრალდებული და არც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები აღიარებენ.
ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, თბილისში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ 37 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს, იოსებ ბალარჯიშვილი კი დაიჭრა. მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა ბალარჯიშვილი მკვლელობის ბრალდებით, მისი თანმხლები პირები კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, მკვლელობა წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების ნიადაგზე მოხდა. შემთხვევის დღეს ჩხუბში მონაწილე მხარეები ერთმანეთს თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდნენ.
პროკურატურა დამნაშავე პირთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს, ვინაიდან დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დასადგენად გამოძიებას აგრძელებს.
იოსებ ბალარჯიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სამ ბრალდებულს - დავით მაჭარაშვილს, ჯემალ ფირანიშვილს, გიორგი ბუბუტეიშვილს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ინტერპრესნიუსი"