ფიროსმანის ქუჩაზე მკვლელობის საქმე - პროკურორის განცხადებით, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობის საქმეში მონაწილე პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს - კვირის პალიტრა

ფიროსმანის ქუჩაზე მკვლელობის საქმე - პროკურორის განცხადებით, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობის საქმეში მონაწილე პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს

ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობის საქმეში მონაწილე პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს.

როგორც საქმის პროკურორი როინ ხინთიბიძე განმარტავს, შემთხვევის ადგილზე, კონფლიქტში არაერთი პირი მონაწილეობდა, მათ დასადგენად კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, თანმხლები პირები მკვლელობაში ბრალდებულის გარდა მოკლულ ტატო ფირცხალაიშვილსაც ახლდა.

როინ ხინთიბიხის განმარტებით, ყველა პირი, ვისი მონაწილეობაც საქმეში დადგინდება, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცემა.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში ედება ბრალი, მეორე მხარესთან შეხვედრა დააორგანიზა, სამივე ბრალდებული წაიყოლა, რომელთაც ბრალი ედებათ, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ჩაიდინეს, ფიროსმანის ქუჩაზე მივიდნენ, იქ მყოფ პირებს, მათ შორის, ტატო ფირცხალაიშვილს და მასთან ერთად მყოფ სხვა პირებსაც შეხვდნენ, იქ კონფლიქტი დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და საბოლოო ჯამში, ბრალდებულის მხრიდან გასროლა მოხდა, ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულ კონფლიქტში არაერთი პირი მონაწილეობდა, მათი დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს, ყველა ის პირი, ვისაც დანაშაულის ჩადენაში გარკვეული წვლილი მიუძღვის, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში იქნება მიცემული",- განაცხადა ხინთიბიძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, ჰყავდა თუ არა მოკლულ ტატო ფირცხალაიშვილს წარსულში ბრალდებული იოსებ ბალარჯიშვილი დაჭრილი, პროკურორი პასუხობს, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვა საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოძიება მიმდინარეობს, კონკრეტული პირი ბრალდებულად არ არის ცნობილი, შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, თუმცა, იმ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები მოცემულ სისხლის სამართლის საქმესაც ერთვის",- განაცხადა ხინთიბიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილს, ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულებს - გიორგი ბუბუტეიშვილს, დავით მაჭარაშვილსა და ჯემალ ფირანიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული პირებიდან დანაშაულს არც ერთი პირი არ აღიარებს.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, თბილისში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ 37 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს, იოსებ ბალარჯიშვილი კი დაიჭრა. მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა ბალარჯიშვილი მკვლელობის ბრალდებით, მისი თანმხლები პირები კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, მკვლელობა წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების ნიადაგზე მოხდა. შემთხვევის დღეს ჩხუბში მონაწილე მხარეები ერთმანეთს თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდნენ.

პროკურატურა დამნაშავე პირთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს, ვინაიდან დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დასადგენად გამოძიებას აგრძელებს.

იოსებ ბალარჯიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სამ ბრალდებულს - დავით მაჭარაშვილს, ჯემალ ფირანიშვილს, გიორგი ბუბუტეიშვილს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"