სკანდალური და გაუხმაურებელი ამბები ზვიად გამსახურდიას რწმუნებულისგან: "87%-ით მხარდაჭერილი პრეზიდენტი რატომ დარბოდა ტყე-ტყე, ოჯახ-ოჯახ? მას ყოველდღიურად კლავდნენ!"
"რუსებმა დაგვაპირისპირეს და ეს კონფლიქტი მანამდე არ ამოიწურება, ვიდრე საქართველოში რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი ხელისუფლება იქნება. არც დღეს არ არის საქართველო რუსული გავლენისგან თავისუფალი და არც არასდროს ყოფილა, ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების შემდეგ..."
"ჩვენ, დაუმორჩილებლობის კომიტეტმა სომხური ეშელონი, ერევანი-მოსკოვი და როსტოვი-მოსკოვი ზუგდიდში დავაკავეთ, დაახლოებით 6 000 კაცი ავიყვანეთ ტყვეობაში და სომხეთის პრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანს მოვთხოვეთ, არჯევანში მყოფი ზვიად გამსახურდიას გაყვანის საშუალება მოეცა. მისგან უარი მივიღეთ. საბოლოოდ ჯოჰარ დუდაევის მუქარამ გაჭრა", - ამ ამბავს ზვიად გამსახურდიას საგანგებო პოლიტიკური რწმუნებული საქართველოში (1994-1995 წლებში) მერაბ ჩუხუა იხსენებს. პროფესორი, ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, ქართველური, ნახური, აფხაზურ-ადიღეური, ბასკური და დაღესტნური ენების სპეციალისტი მერაბ ჩუხუა ორიდან ერთ-ერთია, ვინც საქართველოს პირველ პრეზიდენტსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველ პრეზიდენტ ჯოჰარ დუდაევს შორის საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ის ტერორისტად გამოაცხადა. ბატონი მერაბი ათი წლის განმავლობაში უკრაინას პოლიტიკური დევნილის სტატუსით აფარებდა თავს. საქართველოში დაბრუნება მხოლოდ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ შეძლო. ის ბევრ საინტერესო და კულუარულ ამბავს გვიყვება.
- 17 წლის ვიყავი, თბილისში რომ ჩამოვედი, 24 წლისამ ხარისხი დავიცავი. პროფესიული თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო, აქტიური ცხოვრება მქონდა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს მაღალი თანამდებობა მეკავა. მერე მეც მასთან ერთად, ტერორისტად გამომაცხადეს. ნომერი პირველი ტერორისტი ზვიად გამსახურდია იყო, მეორე - გურამ აბსნაძე, მესამე კი მე. ქვეყნიდან გამაქციეს და სახლში 2003 წლამდე ვეღარ დავბრუნდი. ყველაზე კარგად ის პერიოდი მახსენდება, როდესაც სახელმწიფო ენის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი. იმ საბჭოს ვხელმძღვანელობდი, სადაც თამაზ გამყრელიძე და მზექალა შანიძე იყვნენ. ჩემით გადავდექი, რადგან სიყალბეში ცხოვრება არ შემიძლია. კულტურის სამინისტროში ჩერქეზული კულტურის ცენტრი დავაფუძნე და 12 წელი ვხელმძღვანელობდი. ყველაფერი დავტოვე... ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვარ.
- ათწლიანი დევნილობის შემდეგ, შინ დაბრუნებამ როგორ იმოქმედა თქვენზე?
- ძალიან გამიჭირდა, არ ვიცოდი ვისთვის ჩამომერთმია ხელი და ვისთვის არა. არ ვიცოდი, ვის ჰქონდა ხელი გასვრილი კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერების, ახალგაზრდების სისხლში. პირველი ორი წელი ჯოჯოხეთი გამოვიარე, მერე ნელ-ნელა შევეგუე...
- თქვენი პირველი პოლიტიკური აქტივობა რა იყო?
- ტრანსკავკასიური რკინიგზის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობა. ეს საშინელი კანონპროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მთიან ნაწილში, ასევე ჩეჩნეთსა და ინგუშეთში რკინიგზის გატარებას. ამბავი ასე დაიწყო: 1986 წლის ზაფხულში ინგუშეთში ვიყავი, როგორც კავკასიოლოგი. იქიდან რომ დავბრუნდი, ძალიან მალე ინგუში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ცნობილი მწერლისა და ჰუმანისტის - ისა კოძოევის წერილი მივიღე. მწერდა, რომ თავად ლენინგრადელი არქეოლოგებიც კი აპროტესტებდნენ ტრანსკავკასიური რკინიგზის ველურ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, მთელი ფშავ-ხევსურეთისა და ხევის, ასევე ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ეკოლოგია განადგურდებოდა, გზად გაივლიდა ისტორიულ ძეგლებსა და სამაროვნებზე. მას ძალიან უკვირდა, რომ ამ ამბავს ქართველი საზოგადოება არ აპროტესტებდა და ჩვენგან თანადგომას მოითხოვდა. მე ეს წერილი რამდენიმე მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს გავაცანი, მათ შორის მუხრან მაჭავარიანს და გივი ღამბაშიძეს ვაჩვენე. საბოლოოდ, აღმოვჩნდი მეცნიერებათა აკადემიის ჯერ 4030-ე, მერე 5030-ე ოთახში - ეს ორი ოთახი მეცნიერებათა აკადემიაში კა-გე-ბეს რეზიდენცია ყოფილა. უმძიმესი დაკითხვები გრძელდებოდა თვეების განმავლობაში და მერე სამეცნიერო ექსპედიციებში აღარ მიშვებდნენ. იყო მუდმივი თვალთვალი და დევნა, ბოლოს თანამშრომლობა შემომთავაზეს. ამ წინადადებას კონკრეტული ნაბიჯით ვუპასუხე - აქტიურად ჩავერთე ეროვნულ მოძრაობაში. სხვათა შორის, 9 აპრილის ერთ-ერთი მონაწილეც გახლავართ.
- თუ შეიძლება, ზვიად გამსახურდიასთან პირველი შეხვედრა გაიხსენეთ.
- ზვიად გამსახურდიას პირველად სწორედ ამ წერილის გამო შევხვდი. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მერაბ კოსტავა ციხიდან ახალი გამოსული გახლდათ. შეიქმნა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, გააქტიურდა "ჰელსინკის კავშირი", რომლის წევრიც მალევე გავხდი. როდესაც ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მოვიდა, საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი მდივნის პოზიცია დავიკავე, ასევე გახლდით ბატონი ზვიადის ელჩი ჩრდილოეთ კავკასიაში. ბატონ ჯოჰარ დუდაევთან საიდუმლო შეხვედრებს ვაორგანიზებდი. სხვათა შორის, ეს ორი კავკასიელი ლიდერი ჩემი და პანკისელი ქისტის, ისტორიკოსი მათე ციხესაშვილის მეცადინეობით დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ალბათ იცით, რომ 1992 წლის სამხედრო, კრიმინალური გადატრიალების დროს, ბატონი ზვიადი ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი სომხეთში გადავიდა. საბოლოოდ ის იჯევანში გაჩერდა, საიდანაც 9 კაცს გამოუგზავნა საგანგებო პოლიტიკური რწმუნებულის საბუთი. მათ შორის ვიყავი მეც. ჩვენ ზუგდიდში შევქმენით დაუმორჩილებლობის კომიტეტი, რომლის სახელითაც ჯოჰარ დუდაევს მივმართე თხოვნით, საკუთარ თავზე აეღო ზვიად გამსახურდიას გრონზოში გადაყვანა და მიეღო პოლიტიკურად დევნილი პრეზიდენტის სტატუსით. ბატონ ზვიადს სხვაგან წასასვლელი არსად ჰქონდა, ევროპული სახელმწიფოები არ იღებდნენ, ედუარდ შევარდნაძეს უჭერდნენ მხარს. სამჯერ თუ ოთხჯერ მომიწია გროზნოში ჩასვლამ. გავავრცელეთ ამბავი, რომ გამსახურდია სოხუმში ჩავიდა, სინამდვილეში კი გროზნოში გადავიყვანეთ. დუდაევის ერთადერთი მოთხოვნა იყო ქართული თვითმფრინავი და ქართველი პილოტი, უსაფრთხოება მთლიანად მან უზრუნველყო. პილოტი, რომელიც ამ ძალიან კარგ საქმეზე დაგვთანხმდა, ჩემი მეგობარი, ძალიან კარგი ადამიანი, მრავლის სიცოცხლის გადამრჩენელი ზურაბ ბედია გახლავთ.
- სამჯერ თუ ოთხჯერ რატომ მოგიწიათ ჩასვლამ?
- ბატონი ზვიადის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დეტალები იყო დასაზუსტებელი და მოსაგვარებელი. სერიოზული დაბრკოლება გვექმნებოდა სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანისგან, რომელიც რუსეთის კაცი იყო, ისევე როგორც შევარდნაძე. ტერ-პეტროსიანი ცოცხალი თავით არ გვაძლევდა უფლებას, გამსახურდიას თვითმფრინავისთვის დაეთმო აეროპორტი. მასსა და ჯოჰარ დუდაევს შორის საკმაოდ არასასიამოვნო საუბარი შედგა, საბოლოოდ კი მუქარამ გაჭრა. როგორც გითხარით, შედეგი არ გამოიღო ჩვენ მიერ სომხური ეშელონების დაპატიმრებამ. დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობდა, თბილისში მოკალათებული ხუნტა წერილს წერილზე გზავნიდა სომხეთში, მოთხოვნით - გადაეცათ ზვიად გამსახურდია და მისი ოჯახი. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ჯოჰარ დუდაევმა პეტროსიანს უთხრა, რომ თუ კიდევ გაჯიუტდებოდა, საკუთარი ოჯახის წევრები მას გროზნოდან დაელაპარაკებოდნენ; რომ ისევე აიყვანდა მძევლად მის ცოლ-შვილს, როგორც გამსახურდია და მისი ოჯახი ჰყავდა გამოკეტილი. პეტროსიანი არ შეეპუა, - ჩემი ოჯახის წევრები გროზნოში ვერ იქნებიანო. დუდაევმა კი უპასუხა: ახლა, როცა მე თქვენთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას, ჩემი წარმომადგენლები იქ არიან, სადაც თქვენი ოჯახია. მოსაფიქრებლად ხუთ წუთს გაძლევთ, მერე ოჯახის წევრებს დაგალაპარაკებთო. ორ წუთში გადმოურეკა პეტროსიანმა, - თქვენს პირობაზე თანახმა ვარ, ოღონდ არსად გამთქვათ, თანაც ტრაპს ვერ მოგცემთ, კიბე მიადგით და ისე წაიყვანეთო. ასეც მოხდა, ხის კიბით აიყვანეს ზვიადი და მისი ოჯახი თვითმფრინავში, დაცვის თანამშრომლობის უმრავლესობამ ვერ მოასწრო ასვლა, თუმცა ეს არ იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი. მე ამ დროს ზუგდიდში ვიყავი, დეტალების შესახებ ბატონი ზვიადისა და ჯოჰარისგან ვიცი. ზვიადთან ჩემი ურთიერთობის შესახებ უკვე იცით, რაც შეეხება ჯოჰარ დუდაევს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე 20 წლით უფროსი იყო, მეგობრად მიმიჩნევდა.
- როგორც ვიცი, თქვენ ჩეჩნების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაშიც მონაწილეობდით.
- დიახ, მე ბატონი დუდაევის გვერდით ვიდექი, მის მიერ დაწყებული განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველივე დღეებიდან. გროზნოში 9 აპრილის შემდეგ ჩავედი და ჩეჩნებს რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოვუწოდე. იმ პერიოდში, პროცესების სათავეში ჯერ კიდევ "სახალხო ფრონტი" იყო, ბისულთანოვის მეთაურობით და ყველაფერი მდორედ მიმდინარეობდა. რამდენიმე თვეში, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ჯოჰარ დუდაევმა ჩეჩნური კონგრესი დააარსა, სწორუპოვარი ლიდერი გახდა და როგორც ნამდვილ ჩეჩენს შეეფერებოდა, შეურიგებელი, ვაჟკაცური ბრძოლა დაიწყო რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ.
- რაიმე განსაკუთრებულად საინტერესო ამბავს ან თუნდაც დეტალს ხომ ვერ გაიხსენებთ ამ ორი ლიდერის ურთიერთობიდან?
- საინტერესო ამბავს გეტყვით, რაც ბატონი ჯოჰარის ნამდვილ კავკასიელობას, ტრადიციებისადმი პატივისცემას უსვამს ხაზს. პრეზიდენტის ერთადერთი რეზიდენცია ზვიად გამსახურდიას და მის ოჯახს დაუთმო, თავად კი იქ სტუმრად დადიოდა, ძირითადად ქრისტიანული დღესასწაულების მისალოცად. 1992 წელი იყო, აღდგომა, შემოვიდა რეზიდენციაში ჯოჰარ დუდაევი და ხმამაღლა განაცხადა: "ქრისტე აღდგა!" მეტსაც გეტყვით, მან ეს დღე, ბატონი ზვიადის პატივსაცემად, დასვენების დღედ გამოაცხადა. ეს ღირსეული ჟესტი იყო. მაშინ გროზნოში ერთადერთი ნორმალური სასტუმრო "კავკასია" გახლდათ. ეს სასტუმრო დუდაევმა გამსახურდიას დაუთმო, სპეციალურად ქართველი სტუმრებისთვის. რამდენიმე სესია გაიმართა გროზნოში და შესაბამისად, ჩვენც გვიწევდა ჩასვლა. ჩვენი საერთო რაოდენობა, ზოგჯერ ორ ასეულსაც კი აჭარბებდა. მაშინ პარლამენტს სულ 400 წევრი ჰყავდა, მათ შორის ბევრი იყო პატრიოტი და ბატონი ზვიადის მიერ ჩატარებულ სხდომებზე რეგულარულად დადიოდნენ.
- მაგრამ მერე დაიწყო აფხაზეთის ომი... თქვენ ჩეჩნებს კარგად იცნობთ, საუბრობთ მათ ენაზე. შესაბამისად, საინტერესოა როგორ ახსნით მათ მონაწილეობას საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებულ ავანტიურისტულ აფხაზეთის ომში?
- სწორად შენიშნეთ, ეს იყო პროვოკაციული ომი, რომელიც შევარდნაძემ დაგეგმა კრემლთან შეთანხმებით. დიახ, შევარდნაძე იყო უზურპატორი, რომელმაც ხელისუფლება სამხედრო, კრიმინალური გზით მიისაკუთრა, მაგრამ ძირითადად თბილისს აკონტროლებდა. ამიტომ საქართველოს ტერიტორიის გაკონტროლება ამ ომის საშუალებით გადაწყვიტა.
- ეს როგორ?
- ნახეთ, აფხაზეთის ომმა შევარდნაძეს შესაძლებლობა მისცა, საქართველო თბილისიდან ლესელიძემდე ეკონტროლებინა. თანაც "პატრიოტული" მუხტი შემოიტანა. გამსახურდიას შეთანხმებას აფხაზებთან კი კაპიტულანტურ გადაწყვეტილებას უწოდებდნენ. ამაზე არავინ საუბრობს, არადა, 1991 წლის 25 სექტემბერს აფხაზეთში არჩევნები სწორედ ზვიად გამსახურდიას საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით ჩატარდა. ამ არჩევნების შედეგად არჩეული იქნა 26 ქართველი, 28 აფხაზი და 17 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი დეპუტატი. ეს ნამდვილი დემოკრატიული ქართულ-აფხაზური არჩევნები გახლდათ, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. შევარდნაძის ხუნტამ ერთი ამბავი ატეხა, რას ჰქვია 26 ქართველი და 28 აფხაზიო? პატრიოტიზმის საფარქვეშ დაიწყო ომის პროვოცირება. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმ გარიგების შესახებ, რომელიც ელცინსა და შევარდნაძეს შორის შედგა და რომლის მიხედვითაც, გერმანიიდან გამოყვანილი რუსული ელიტური ჯარის ოფიცრები აფხაზეთში უნდა ჩასახლებულიყო. ე.ი. ფოტოები ჰქონდათ გადაღებული ქართველების იმ სახლებისთვის, სადაც რუს ოფიცრებს უნდა ეცხოვრათ. გერმანულ კომფორტს მიჩვეულებს რუსეთში ცხოვრება აღარ მოუნდათ და პირდაპირ აფხაზეთი მოითხოვეს. სამწუხაროდ, ასეც მოხდა და დღეს ბიჭვინთსა და გაგრაში სანაპიროებზე რუსული სამხედრო ელიტის წარმომადგენლები არიან დასახლებულები... რაც შეეხება ჩეჩნების მონაწილეობას აფხაზეთის ომში, როგორც კი პირველი ათეული ჩეჩენი გამოჩნდა ამ ომში, დუდაევმა სპეციალური საკანონმდებლო აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთში წასული ჩეჩნები მოღალატეებად ცხადდებოდნენ. ეს დოკუმენტი ბატონმა ხასო ხანგოშვილმაც გამოაქვეყნა თავის ერთ-ერთ ნაშრომში - "ქისტები". ეს მხოლოდ ჩემი მოგონება კი არა, ოფიციალური დოკუმენტია. ასეთი იყო აფხაზეთის ომის მიმართ ჯოჰარ დუდაევის დამოკიდებულება. სხვა ყველაფერი გამოგონილი სიცრუეა. ერთხანს ტელევიზიით ავრცელებდნენ დამონტაჟებულ ვიდეოს, სადაც დუდაევი აფხაზეთში მებრძოლ ჩეჩნებს ხვდება. დიახ, ის მათ შეხვდა, მაგრამ იცით, რა უთხრა? - თქვენ მეომრები კი არა, ტურისტები ხართო. პირადად მე შემსწრე ვარ მისი და ბასაევის შეხვედრისა. ბასაევი იჯდა დუდაევის მისაღებში განცხადებით ხელში. რომ შევედი, ფეხზე წამოდგა, მაინც კავკასიელი კაცი იყო, ზრდილობა არ ეშლებოდა. ვკითხე, რატომ ხარ გაბრაზებული-მეთქი? - ჯოჰარმა არმიიდან წასვლის განცხადების დაწერა მომთხოვაო. - რატომ-მეთქი? - ვუთხარი, აფხაზეთში მივდივარ და მიპასუხა, მაშინ იარაღი ჩააბარე და გათავისუფლების განცხადება დაწერეო. ე.ი. ჯოჰარ დუდაევი ოფიციალური სტრუქტურებიდან აფხაზეთის ომში წასვლის უფლებას არავის აძლევდა და თუ ვინმე მაინც წავიდოდა, ერის მოღალატედ აცხადებდა. ის ძალიან დიდი ადამიანი და ქართველთმოყვარე იყო. დუდაევმა ახალი ეპოქა შექმნა კავკასიის ისტორიაში. რაინდული მოძრაობის საუკეთესო წარმომადგენელი გახლდათ.
- დუდაევი გასაგებია, მაგრამ ბასაევს და მის მსგავსებს რა ამოძრავებდათ?
- ვერ იგებდნენ, ებრძვის 5-მილიონიანი საქართველო 80000-იან საქართველოს. თქვენც ხომ კარგად იცით, რასაც აკეთებდნენ კიტოვანი, იოსელიანი და ყარყარაშვილი. რვაჯერ გადაწვეს სამეგრელო. ამას ჩეჩნები კი არა, ქართველებიც ვერ იგებდნენ, საერთოდ რა ხდებოდა, რა ქაოსი შექმნეს, განსაჯა ეს ვინმემ დღემდე? კრემლში კარგად იცოდნენ, რომ ქართული სახელმწიფოს ძლიერება აფხაზურ-ქართულ ალიანსზე იდგა და სწორედ ეს ალიანსი მოიშალა შევარდნაძის დახმარებით.
- თქვენი ვერსია როგორია ზვიად გამსახურდიას გროზნოდან წამოსვლის შესახებ?
- სულ ტყუილია საუბრები იმის შესახებ, თითქოს ზვიად გამსახურდია ვინმემ შეაცდინა და იმიტომ წამოვიდა გროზნოდან. აგვისტოს თვეში გაიმართა საპარლამენტო სესია, სადაც მიიღეს დადგენილება - კანონიერი ხელისუფლების აღდგენის და გამსახურდიას სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობის შესახებ. ბატონი ზვიადი თავად დირიჟორობდა ამ ყველაფერს, მან წინმსწრებად საქართველოში მისი პრემიერი, ბესარიონ გუგუშვილი გამოუშვა, რომელიც ზუგდიდში დარჩა და საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილში მუშაობდა, რომელსაც კანონიერი ხელისუფლება აკონტროლებდა. ანუ ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლის დღე იყო უცნობი, თუმცა, რომ მოდიოდა, ეს ყველამ იცოდა. პირადად ვეუბნებოდი, რომ მისი ჩამოსვლა არ იყო აუცილებელი, ჩვენც შეგვეძლო კანონიერი ხელისუფლების აღდგენისთვის ბრძოლის დაწყება, მას კი მოგვიანებით შეეძლო ჩამოსულიყო. თითქოს დაგვთანხმდა, მაგრამ მერე იცით, რა მოხდა? შევარდნაძემ დაიწყო აფხაზეთის ჩაბარების ოპერაცია. თქვენ შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ ფსოუსა და ტყვარჩელში ჩასული ქართული საჯარისო ნაწილები უკან გამოვიდნენ. რუსებს გუდაუთაში შტაბის შექმნის საშუალება მიეცათ და ა.შ. გარიგების შემდეგი ეტაპი იყო 1993 წლის სოჭის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქართულ და რუსულ-აფხაზურ მხარეებს კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა უნდა გაეყვანათ და უნდა გასულიყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ძალებიც. ქართულმა მხარემ შეთანხმება შეასრულა - კონფლიქტის ზონიდან გაიყვანა მძიმე ტექნიკა.
ე.ი. 27 სექტემბერს გახიზნული მშვიდობიანი მოსახლეობაც კი დაბრუნდა, ბავშვები სკოლაში მივიდნენ და სწორედ მაშინ, როდესაც ქართველებმა იფიქრეს, რომ ომი დასრულდა, რუსებმა და აფხაზებმა შტურმი მიიტანეს სოხუმზე. სოხუმი არავის აუღია, სოხუმი ჩააბარეს... ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ჟიული შარტავა და ის 50 ქართველი, რომლებმაც არ დაიჩოქეს. მე ყველაფერი გამოვიძიე და გავარკვიე, რომ ამ 50 კაცის დახოცვას აფხაზები არ აპირებდნენ, მათ ყაბარდოელები იცავდნენ, მაგრამ გუდაუთისკენ მიმავალ გზაზე წაართვეს და ხიდქვეშ დახვრიტეს. ვინც დახვრიტა, ისინიც იქვე მიახვრიტეს.
- რასაც თქვენ ამბობთ, სკანდალური ამბავი...
- კი ბატონო და ამის თქმის, დამტკიცების დრო აუცილებლად დადგება. სხვათა შორის, იმ დახვრეტილი ხალხიდან, ვისაც ამ 50 გმირი ქართველის დახოცვა ჰქონდა დავალებული, რამდენიმე კაცი გადარჩა.
- ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, მართლა მოიკლა თავი?
- რა მნიშვნელობა აქვს, ზვიად გამსახურდიამ თავად გამოჰკრა ჩახმახს ხელი თუ სხვები მიეხმარნენ? 87%-ით მხარდაჭერილი პრეზიდენტი რატომ დარბოდა ტყე-ტყე, ოჯახ-ოჯახ?.. მას ყოველდღიურად კლავდნენ!.. 24 სექტემბერს ჩამოვიდა საქართველოში, 25 სექტემბერს ოჩამჩირის შტაბში გადავიდა, მთელი ქართველობა გააერთიანა, ამ დროს შევარდნაძემ სოხუმში მოხსნა ფრონტი. პირადად ვარ მომსწრე ჟიული შარტავასა და ზვიად გამსახურდიას სატელეფონო საუბრის, - ეს ვირიშვილი (შევარდნაძეზე ამბობდა) აბარებს სოხუმს, ჩვენ არ ჩავაბაროთო. ამ საუბრის მერე ჩავიდა ზვიადი ოჩამჩირის შტაბში. ზურაბ შანიძეს გადაღებული აქვს ვიდეო, როგორ აწარმოებდა ზვიადი აფხაზებთან მოლაპარაკებას, რომ ჩვენს მხარეს გადმოსულიყვნენ. მოდიოდნენ ამაზე აფხაზები, მაგალითად, ზურაბ აჩბა, რომელიც რუსებმა საკუთარ სახლთან დახვრიტეს. აფხაზების დიდ ნაწილსაც არ ესმოდა, რატომ იყო საჭირო ეს ომი. რატომ იყო და იმიტომ, რომ რუსებს უნდოდათ და დღემდე ასე უნდათ! საქართველოსა და აფხაზეთს შორის არასდროს, არც ერთ საუკუნეში არ ყოფილა ეთნიკური კონფლიქტი. რუსებმა დაგვაპირისპირეს და ეს კონფლიქტი მანამდე არ ამოიწურება, ვიდრე საქართველოში რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი ხელისუფლება იქნება. არც დღეს არ არის საქართველო რუსული გავლენისგან თავისუფალი და არც არასდროს ყოფილა, ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების შემდეგ...
ხათუნა ბახტურიძე
ჟურნალი "გზა"