"რა თქმა უნდა, ბევრი რამ მეშლება და აი, პირველად მინდა მოვუხადო მამუკა ხაზარაძეს ბოდიში, არ მომიხდია მანამდე ბოდიში" - კვირის პალიტრა

"რა თქმა უნდა, ბევრი რამ მეშლება და აი, პირველად მინდა მოვუხადო მამუკა ხაზარაძეს ბოდიში, არ მომიხდია მანამდე ბოდიში"

რა თქმა უნდა, ბევრი რამ მეშლება და აი, პირველად მინდა მოვუხადო მამუკა ხაზარაძეს ბოდიში, არ მომიხდია მანამდე ბოდიში - ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა ძალიან, - ამ სიტყვებით მიმართა “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ამავე კოალიციის ლიდერს მამუკა ხაზარაძეს პარტიის დასკვნით ღონისძიებაზე.

გარდა ამისა, ელისაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოქმედი ხელისუფლების შეუსრულებელ დაპირებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოალიცია “ძლიერი საქართველო” ერთ მუშტად შეკრული მოემსახურება ქვეყანას.

“12 წლის წინ ყველას ყელში გვქონდა ამოსული ის ძალადობა, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. არ გვინდოდა, იმ ჩაგვრას შევგუებოდით და მაშინ გამოჩნდა ის კაცი. გამოჩნდა და მხსნელი გვეგონა. უფასო ფულზე ტაში რამ მაკვრევინა, ვერ მომინელებია. ჩემს თავს ვეუბნებოდი, შე ოხერო, კითხვა როგორ ვერ დასვი, ფული და უფასო ვის გაუგიაო?!. ას ქარხანას ვუკარი მხურვალედ ტაში, ხუთი მილიონი თითო სოფელსო და მაგასაც ვუკარი ტაში… სოლარიუმი თითო სოფელსო - მაგაზეც რამ მაკვრევინა ტაში, მაგრამ დაკრული მაქვს და… „ცოდვა გამხელილი ჯობიაო"…

სამჯერ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, სამჯერვე მოგვატყუა. ყველაფერი ჰქონდა, რომ შეესრულებინა, აბსოლუტური ძალაუფლება და შესაძლებლობა, ყველა სოფელში “ქართული ოცნება” იყო ხელისუფლებაში. რატომ არ შეასრულა, იცით? არ ვადარდებთ და იმიტომ, ადამიანებად არ მივაჩნივართ, ელექტორალური რესურსი ვართ. ესეც არ გვაკმარა, იმდენად არაფრად მივაჩნივართ, გამოვიდა და თქვა, რომ პირველი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოშიო. შეურაცხყოფას გვაყენებს. დაცლილია სოფლები, გული გაგისკდება, რომ შეხედო ეკალ-ბარდებად ქცეულ ეზოებს, ჩამტვრეულ შუშებს, ჩამონგრეულ სახლებს. ნახევარი საქართველო გადახვეწილია ლუკმა-პურის საშოვნელად, სხვების მოხუცების მოსავლელად. ამის ფონზე იმდენად არაფრად მივაჩნივართ, გვატყუებს, ყველა დავასაქმეო, 700 ქარხანა მუშაობსო, უფასო ფულიც დავარიგეო. დაარიგა, აბა რა ქნა - ხუნდაძე რომ ჰყავს, 1 ლარად მისცა ასი ათასიანი ქონება, უფასოა მისთვის, აბა რა არის.

ესეც არ გვაკმარა, გორში, დაბომბილ და აწიოკებულ ქალაქში დადგა და ჩვენი ქვეყნის მტრებს, ხალხი რომ სახლებიდან გამოგვიყარა და დაგვიხოცა, იმ ადამიანებს ბოდიში მოუხადა.

მიიღო ისეთი კანონი, რომლითაც ქვეყანას პერსპექტივას უსპობს და ერთადერთი გაახარა რუსები იმიტომ, რომ მათ უქიცინებს კუდს.

ჩემი ნატვრა იყო, რომ გავმხდარიყავი სამხედრო. ჩემს ოჯახს უჭირდა, ისევე, როგორც ყველა ოჯახს და მეორე კურსიდან დავიწყე მუშაობა, რომ ოჯახს შევხიდებოდი, ამიტომ ვერ გავხდი სამხედრო, მაგრამ ვარ ამ ქვეყნის ჯარისკაცი. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მეშლება და აი, პირველად მინდა მოვუხადო მამუკა ხაზარაძეს ბოდიში, არ მომიხდია მანამდე ბოდიში - ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა ძალიან. ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად. აქ, “ძლიერ საქართველოში” ვდგავარ იმიტომ, რომ ვემსახურები საქართველოს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ერთ მუშტად შეკრულები”, - განაცხადა ელისაშვილმა თავის გამოსვლაში.

"ინტერპრესნიუსი"