მოდელირებული გეოპოლიტიკური კატასტროფა ანუ პუტინის შავბნელი სცენარი - რა მოხდება, თუ რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვა?!
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპი მეორედ - ევროპის სამხედრო მუქარა“ (ავტორი - საიმონ კუპერი). პუბლიკაციაში გაანალიზებული ევროპის დღევანდელი სამხედრო მდგომარეობა, აშშ-ზე მისი დამოკიდებულება და მოცემულია პროგნოზი, თუ რას გააკეთებს ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე სავარაუდო გამარჯვების შემდეგ.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
80-წლიანი Pax Americana ანუ „ამერიკული მშვიდობა“ (ისტორიული Pax Romana-ს - „რომაული მშვიდობის“ მსგავსად, რომელიც რომის იმპერიის ფარგლებში დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა), ევროპაში შეიძლება უკვე მომავალ თვეში დასრულდეს. არის ალბათობა 50:50-ზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტად შეიძლება დონალდ ტრამპი იქნას არჩეული, რომელიც, ასევე 50%-იანი ალბათობით, ევროპას ამერიკული დაცვის გარანტიებით აღარ უზრუნველყოფს. უკრაინასაც სწორედ მაშინ ამოეწურება ცოცხალი ძალა. კაცმა რომ თქვას, ამერიკას აღარც დაჭირდება ნატოდან გამოსვლა - საკმარისია გულხელდაკრეფილი იჯდეს და მოვლენებს უყუროს. ამრიგად, რჩება იმის საფრთხე, რომ ევროპა ყველაზე დიდი სამხედრო მუქარის წინაშე დადგება, პირველად 1945 წლის შემდეგ.
დიახ, ეს ჰიპოთეტური ვარიანტია, მაგრამ ის შეიძლება ცხოვრებაში განხორცილდეს მომავალი წლის დასაწყისში. საინტერესოა, როგორ შეიძლება გამოიხატებოდეს სცენარი „ევროპა გარედან დახმარების გარეშე“?
ანალიტიკური ცენტრები უკვე მრავალია წელია თავიანთ მოხსენებეში მოუწოდებენ ევროპულ ქვეყნებს, რომ აუცილებელია მოემზადნონ იმ დროისთვის, როცა მარტონი დარჩებიან და საკუთარი თავის დაცვა თვითონვე მოუწევთ, მაგრამ მათ გაფრთხილებებს არავინ დღემდე ყურადღებას არ აქცევდა. მათ დასკვნები არ გაუკეთებიათ დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლის პერსპექტივის საფუძველზეც. პრობლემა იმაშია, რომ ნატოს წევრები, უბრალოდ, უუნარონი არიან თავიანთი მომავალი აშშ-ის გარეშე დაგეგმონ, რადგან ალიანსი ამერიკის გარეშე, პრინციპში, ვერ იარსებებს. ევროპული მთავრობები და ბრიუსელი აცხადებენ, რომ მათ ისტორიულად დიდი თანხები ჩადეს თავიანთ სამხედრო ბიუჯეტებში, რაც 2021 წელს წარმოუდგენელი იყო. ანუ ევროკავშირი ამჟამად ისეთი ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით, როგორიც არასოდეს არ ყოფილა. ბრიუსელი უკრაინასაც ათობით მილიარდი ევროს იარაღს აძლევს. თვით გერმანიაც კი ცდილობს სერიოზული არმიის შექმნას... მაგრამ ეს ძალისხმევა არასაკმარისია.
ევროპის ორი მთავარი სამხედრო ძალა - დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი - საბიუჯეტო კრიზისს ებრძვიან, გერმანიის ეკონომიკური პერსპექტივა კი შიშის მომგვრელია.
ევროპელი თანამდებობის პირები გაოგნებულები არიან: ისინი კრიზისებს ძლივ-ძლივობით უძლებენ, რომლებიც თითქმის უკვე ყოველკვირეულად ხდება. მათ არ ჰყოფნით რესურსები, რომ სავარაუდო მოსალოდნელი კატასტროფებისათვის მომზადნონ.
არსებობს იმედი, რომ დონალდ ტრამპი ევროპას, საბოლოო ჯამში, მაინც არ მიატოვებს, მაგრამ როგორც გიომ ლაგანი, პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი, ამბობს, „ჩვენ ოპტიმიზმისათვის მაინდამაინც ბევრი ალტერნატივა არ გვაქვს“. მართლაცდა, თუ დონალდ ტრამპს დავაკვირდებით, იგი თანმიმდევრულად მოქმედებს: არის იზოლაციონისტი, არაერთხელ მსჯელობდა ნატოდან გასვლაზე, ხშირად ამბობს, რომ უპირატესობას ანიჭებს ვლადიმერ პუტინთან მეგობრობას... დიდი ალბათობა არსებობს, რომ დონალდ ტრამპი თავის მიერ ინიცირებული „სამშვიდონო შეთანხმებით“ რუსეთს უკრაინის ტერიტორიებს აჩუქებს.
რას გააკეთებს კამალა ჰარისი? ბევრს არაფერს. „სავარაუდო დემოკრატი პრეზიდენტის გადაწყვეტილება უკრაინისათვის შეიძლება ოდნავ უკეთესი იყოს. არავის არ აქვს იმის იმედი, რომ აშშ-ის რომელიმე მომავალი პრეზიდენტი ისეთი ატლანტისტი იქნება, როგორც ჯო ბაიდენია“, - აღნიშნავს ულრიკ ფრანკე, ევროპის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს თანამშრომელი.
ამრიგად, ვლადიმერ პუტინის ფსონები შეიძლება გამართლდეს და მოგება მოიტანოს. მან კარგად იცის, რომ დასავლელი ქვეყნები, ჩვეულებრივად, ომებს იწყებენ (ერაყი, ავღანეთი...), შემდეგ ჩერდებიან. რამდენადაც ცნობილია, რუსეთმა კარგად გაუძლო დასავლურ სანქციებს. რუსულ ელიტას და მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი პრაქტიკულად არ აქვს. მით უმეტეს, რომ რუსეთს სამხედრო მოკავშირე გამოუჩნდა - ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები კურსკის ოლქიდან უკრაინელებს გააძევებენ.
რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას ერთი უპირატესობა ნამდვილად აქვთ - ისინი არ ზრუნავენ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეზე და ისეთ მსხვერპლზე მიდიან, რომელიც წარმოუდგენელია დასავლელი ქვეყნებისათვის. არის მოსაზრება, რომ რუსეთმა იმდენი ჯარისკაცი გაწირა ქალაქ ავდეევკის ბრძოლებში, რამდენიც აშშ-ის არმიამ და დასავლეთმა ევროპამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ერთად აღებული.
რას მოიმოქმედებს რუსეთი უკრაინაზე გამარჯვების შემდეგ?
როგორც ევროკავშირის უსაფრთხოების კველევის ინსტიტუტის დირექტორი სტივენ ევერსტი თვლის, ვლადიმერ პუტინს შეუძლია „რუსეთის საგარეო პოლიტიკის წმინდა გრაალის“ მოპოვებას შეეცადოს და ნატოს კოლექტიური ურთიერთდახმარების საიმედოობა და ბლოკის ძლიერება შეამოწმოს. ვლადიმერ პუტინს შეუძლია თავს დაესხას ალიანსს - შეიძლება ერთ-ერთ ბალტიისპირელ სახელმწიფოს - იმ საბაბით, რომ კრემლმა იქ მცხოვრები ეთნიკურ რუსები უნდა დაიცვას (ისე, როგორც ეს ადრე გააკეთა საქართველოში და უკრაინაში).
თუ ეს დონალდ ტრამპის სავარაუდო პრეზიდენტობის დროს მოხდება, ევროპელები მსხვერპლის დასახმარებლად ჯარებს გაგზავნიან, მაგრამ ვლადიმერ პუტინი დაელოდება, ბრძოლას მანამ გააგრძელებს, სანამ ევროპელები არ დაიღლებიან და უკან არ დაიხევენ. ბოლოსდაბოლოს, გერმანული საზოგადოება არ შეურიგდა 20 წლის განმავლობაში თავისი 59 ჯარისკაცის დაღუპვას ავღანეთში და უკმაყოფილებას ამჟღავნებდა ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გამო. და რამდენი გერმანელი დაიღუპება, ვთქვათ, ბალტიის რესპუბლიკების დახმარების ომში, რუსეთთან პირისპირ, ერთსაათიან ბრძოლაში? უფრო მეტი, ვიდრე ავღანეთში 20 წლის განმავლობაში.
და კიდევ, ევროპაში არიან უკიდურესად მემარჯვენე ლიდერები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინთან მშვიდობიანი ურთიერთობა სურთ. დასავლეთის ქვეყნებმა იციან, რომ რუსეთი საკუთრივ მათ არ დაემუქრება - ლონდონი და პარიზი ბირთვული ქოლგით არიან დაცულნი. განა დასავლეთი პოლონეთს დაეხმარა მაშინ, როცა ჰიტლერმა დანციგი მოითხოვა? არცერთი ფრანგი და ინგლისელი არ იბრძოდა დანციგისათვის 1939 წელს, არც ბუდაპეშტისათვის 1956 წელს და არც პრაღისათვის 1968 წელს. ჰოდა, ისინი არ დაიწყებენ ბრძოლას ტალინის, რიგისა და ვილნიუსის დასაცავად 2025 წელს...
როგორც უკრიკ ფრანკე ამბობს, ვლადიმერ პუტინის მოქმედების შავბნელი სცენარი განსაკუთრებით ძლიერი თავის ტკივილი იქნება ცენტრალური ევროპისათვის: გერმანიისათვის კოშმარულია რუსეთის ბირთვული შეტევის შესაძლებლობა. ბერლინს და ვარშავას შეუძლიათ დახმარება სთხოვონ საფრანგეთს ბირთვული ქოლგის გაზიარების მიზნით. რასაკვირველია, პოლონეთიც უქმად არ არის და თავის არმიას ისე აძლიერებს, რომ მალე ამ მხრივ დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს გადაუსწრებს. თუ ასე გაგრძელდება, პოლონეთი თავისი ბალტიისპირელი მეზობლების დახმარებასაც შეძლებს.
მოკლედ, ევროპელებს ერთობლივი ძალებით შეუძლიათ იმ დიდ სახელმწიფოზე გამარჯვება, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა პატარა იტალიაზე ნაკლებია... მაგრამ ნებისმიერი თანამედროვე ომი ხომ ყველასთვის საზარალოა. თუმცა რას იზამ იმ დროს, როცა ევროპამ თავისი ბედი ვისკონსინელ და პენსილვანიელ ამომრჩეველს მიანდო...